GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რუკა- ”მულტიკულტურული საქართველო” 

2011 წლის 2 დეკემბერს, საერთო-სამოქალაქო მოძრაობამ “მრავალეროვანმა საქართველომ” გამართა, საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოსა და უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით გამოცემული, რუკის - “მულტიკულტურული საქართველო” პრეზენტაცია, რომელზეც დატანილია საქართველოში ისტორიულად მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის კულტურული, ისტორიული და არქიტექტორული ძეგლები; უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენები და ბრძოლები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს მონაწილეობით; ხელოვნების ნიმუშები და ტრადიციული გამოხატვის ფორმები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 2011 – საქართველოს სახალხო დამცველის სიტყვა 

ძვირფასო მეგობრებო,

უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, რადგან ჩვენს დღევანდელ შეკრებას  სწორედ ამ დღის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნის სურვილი უდევს საფუძვლად. 

დღეს ყველას  ღია, გლობალიზებულ, ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება. ამ თვალსაზრისით, თითოეული ჩვენგანისთვის გამორჩეულ მნიშვნელობას იძენს ერებს, ეთნოსებს, რელიგიებს, კულტურებს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობა.  

მსოფლიო მშვიდობა  თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია;  და პირიქით, მსოფლიო ვეღარ იქნება უსაფრთხო და მშვიდობიანი, თუკი რომელიმე ერთი, თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყნის შიგნით, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი, კულტურული, გენდერული კუთვნილების,  სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული შესაძლებლობებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების ან რაიმე სხვა საფუძვლით, ხორციელდება ჩაგვრა და დისკრიმინაცია.

ჩვენი  რეალობა ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებულ, ვიტყოდი, უნივერსალურ პასუხისმგებლობას  აკისრებს არამარტო  მთავრობებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, არამედ  თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მოქალაქეს. ეს პასუხისმგებლობა, სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთად,   უმცირესობათა პატივისცემაზე, გაგებაზე, მათთან დიალოგზე, თანამონაწილეობასა და სამართლიან დამოკიდებულებაზე, მათ მხარდაჭერაზე დამყარებული ურთიერთობების  ცოდნა და გამოცდილებაა.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

2011 წლის 24  ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიება გახსნეს საქართველოს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა. 
სახალხო დამცველმა მიმოიხილა 2011 წლის განმავლობაში საქართველოში ტოლერანტობის სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები. 
  
სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა დააჯილდოეს ჟურნალისტური კონკურსის ”ტოლერანტობა და მრავალფეროვნება” გამარჯვებულები. პირველი ადგილის მფლობელი გახდა ლელა დუმბაძე (გაზეთი „ბათუმელები“) – სტატია „რა არის ნაციონალური ფუნდამენტალიზმი“; მეორე ადგილი წილად ხვდა ლევან სუთიძეს („ტაბულა“) – სტატია „ნახევარმთვარის მოტაცება“, ხოლო  მესამე ადგილის მფლობელი გახდნენ  –  სალომე უგულავა და ლევან სუთიძე („ტაბულა“) – სტატია “დეპორტირებული მესხები: ფერგანამდე და უკან”. საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტისთვის პრიზი გადაეცა ახალციხის ტელეკომპანია მე–9 არხის ჟურნალისტებს: რუსუდან გვარამაძეს და სერგეი ფიდანიანს, სიუჟეტისთვის მუსლიმი მესხების შესახებ. 

საქართველოს აზერბაიჯანლების სამოქალაქო ინტეგრაცია 

2011 წლის 18 ნოემბერს, სასტუმრო „ვერე პალასში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე: „საქართველოს აზერბაიჯანლების სამოქალაქო ინტეგრაცია  – არსებული ვითარება და მომავლის პერსპექტივები“.

შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრისა და  ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი მუბარის კარაევი, დეპუტატი რამინ ბაირამოვი, აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენელი შოვგი მეჰდიზადე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე კობა კობიაშვილი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსი ნინო ბასილაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და ადგილობრივი რესურს–ცენტრების წარმომადგენლები.

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - სახალხო დამცველის მიმართვა 

2011 წლის 16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა მიმართვა გაავრცელა.

ტოლერანტობა ყველა დიდი რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრების ოქროს წესიდან იღებს სათავეს: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გსურს, რომ მოგექცნენ.
 
უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა, რომელსაც დაცვა და განვითარება სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს უმცირესობათა და უმრავლესობის ჯგუფებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული  პოლიტიკის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, კულტურული და  სამართლებრივი მიდგომების შემუშავებასა და განხორციელებას გულისხმობს.
 
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ეფექტური დაცვა, დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის გამოვლინებათა წინააღმდეგ ბრძოლა,  სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა,  ჩემი, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია. მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, უმცირესობების უფლებებით, მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება.

სამოქალაქო აქტიურობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის თეატრალური ფესტივალი 

2011 წლის 15 და 16 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს „სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამის“ თეატრალური ფესტივალი. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სპექტაკლები შემდეგი ნაწარმოებების მიხედვით: • ჯეკ ლონდონი ,, გზების გასაყართან“ – შაუმიანში მცხოვრები სომეხი და თემში ჩასახლებული ლიახვის ხეობიდან დევნილი მოზარდების მონაწილეობით. • ოსკარ უაილდი ,,ვარსკვლავბიჭუნა“ ქ. დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლისა და მიმდებარე თემში (ჭოეთში) მცხოვრები ბოშა მოზარდების მონაწილეობით. • ო. ჰენრი „უკანასკნელი ფოთოლი“– დაბა ნასაკირალში მცხოვრები აჭარიდან ეკომიგრანტებისა და რეპატრირებული მესხი მოზარდების მონაწილეობით. • გოდერძი ჩოხელი ,,ცასწავალა“ – ბავშვთა დღის ცენტრის ,,აისი“, თბილისის N55 საჯარო სკოლის მოზარდებისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით. • იაკობ გოგებაშვილი ,,კეთილი ქვრივი“ – წყნეთის ბავშვთა სახლისა და N137 საჯარო სკოლის მოზარდების მონაწილეობით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადება ტოლერანტობის დღესთან დაკავშირებით 

დღეს 16 ნოემბერია, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე. საია ყველა განსხვავებულ სოციალურ ჯგუფს ულოცავს ამ თარიღს. ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ყოველწლიურ აღნიშვნას საფუძველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1996 წლის 51/95 რეზოლუციამ დაუდო. აღნიშნულ დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ტოლერანტობა წარმოადგენს გაეროს წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევის, ომის თავიდან აცილებისა და მშვიდობის შენარჩუნების საშუალებას. ტოლერანტობის პრინციპის უზრუნველყოფა სახელმწიფოს ავალდებულებს, ყველა პირი ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით უზრუნველყოს რასობრივი, გენდერული, ენობრივი და რელიგიური განსხვავების მიუხედავად. საქართველოს კონსტიტუცის მე-14 მუხლი კრძალავს დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, სქესის, რელიგიური და ეთნიკური, ასევე ისეთი ნიშნით ადამიანის დისკრიმინაციას, რომელიც კონსტიტუციაში პირდაპირ არ არის მოხსენიებული.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შეხვედრა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან 

2011 წლის 2 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნული უმცირესობების საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა. 2011 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და განათლების სამინისტროს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ერთ–ერთ პუნქტი სამინისტროსა და საბჭოს შორის ინფორმაციის ურთიერთგაცვლას ითვალისწინებს. შეხვედრა, რომელზეც ღია და გულწრფელი საუბარი გაიმართა საქართველოს ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარ სხვადასხვა საკითხებზე, ამ მემორანდუმის ფარგლებში მიმდინარეობდა.

ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების ვიზიტი საქართველოს სახალხო დამცველთან 

2011 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა უმასპინძლა ეზიდთა უმაღლეს სასულიერო პირებს ერაყიდან. დელაგაციას ხელმძღვანელობდა შეიხანის და მსოფლიო ეზიდთა ემირი, თასინ ბეგი. ეზიდთა სულიერმა ლიდერმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საქართველოში ეზიდთა თემის უფლებები და მდგომარეობა დაცულია. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს სახალხო დამცველსა და სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებების მხარდაჭერისათვის. ამ ცვლილებების შედეგად, ეზიდთა რელიგიურმა გაერთიანებამ რეგისტრაცია გაიარა. ეზიდთა უმაღლესი სასულიერო პირების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს პოლიტიკა უმცირესობათა მიმართ სამაგალითო უნდა გახდეს იმ ქვეყნებისათვის, სადაც ეზიდები ცხოვრობენ.

მემორანდუმი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან 

2011 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს სახალხო დამცველს, მასთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა. მემორანდუმის მიზანია სისტემური გახადოს უწყებებს შორის ურთიერთობა; ხელი შეუწყოს სამოქალაქო ინტეგრაციასა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას. მემორანდუმის გაფორმება გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის 8 მაისს მიღებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციითა და ხუთწლიანი სამოქმედო გეგმით. გეგმის განხორციელებისა და შესრულების მონიტორინგში ჩაერთვება სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და შესაბამისად საქართველოს ეროვნული უმცირესობები. მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ანა ქებაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: “ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის”.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group