GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველმა სურბ ნშანის ტაძარი მოინახულა

2012 წლის 13 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველმა, გიორგი ტუღუშმა მოინახულა სურბ ნშანის უმოქმედო ტაძარი და  სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსს, ვაზგენ მირზახანიანს შეხვდა.

სურბ ნშანი თბილისის ცენტრში, აკოფიანისა და ვერცხლის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. 1763 წ. იგი თბილისის შვიდ უმნიშვნელოვანეს ეკლესიათა შორის ირიცხებოდა. საბჭოთა პერიოდში ტაძარი ჯერ მაკარონების საწყობად, შემდეგ კი ეროვნული ბიბლიოთეკის სომხურენოვანი წიგნების ფონდის არქივად გამოიყენებოდა. 2002 წელს მას ხანძარი გაუჩნდა. დღესდღეობით სურბ ნშანის იატაკი ერთ მეტრამდე ნაგვითაა მოფენილი. ბოლო წლებია, ტაძარს უსახლკაროები და უპატრონო ძაღლები აფარებენ თავს. 2012 წლის 6 იანვარს სურბ ნშანში ისევ ხანძარი გაჩნდა, ხოლო 10 იანვარს გუმბათის საყრდენი ოთხი სვეტიდან ერთერთი ჩამოიქცა.

ამჟამად ტაძარში მერიის კეთილმოწყობის და დასუფთავების სამსახური გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს, რის შედეგადაც ტაძარი მთლიანად გასუფთავდება ნაგვისგან. ამის შემდეგ კულტურის სამინისტრო ჩამოქცეული სვეტის აღდგენასა და ტაძრის გამაგრებაზე იზრუნებს, თუმცა დანგრევის პირას მისული სურბ ნშანი მასშტაბურ და გადაუდებელ რეკონსტრუქციას მოითხოვს.

ეპისკოპოს ვაზგენ მირზახანიანთან შეხვედრისას საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ თავის ანგარიშებში იგი მუდმივად საუბრობს  ე.წ. სადავო ტაძრების პრობლემის სასწრაფო გადაწყვეტის აუცილებლობაზე. ეპისკოპოსმა მადლობა გადაუხადა გიორგი ტუღუშს ყურადღებისათვის და იმ მზრუნველობისათვის, რომელსაც სახალხო დამცველი და მისი აპარატი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისა და, კონკრეტულად, სომეხთა სამოციქულო ეკლესიისა და სომხური თემის პრობლემებისადმი იჩენს. მან გამოთქვა იმედი, რომ ახლო მომავალში, ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, ამ და სხვა ე.წ. სადავო ტაძრების საკითხი სამართლიანად გადაწყდება.


ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group