GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა განცხადება თავდაცვის ახალ კოდექსთან დაკავშირებით

გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებულ თავდაცვის რეფორმას, რომელიც სასულიერო პირების არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევას ითვალისწინებს.

 

დაგეგმილი რეფორმის ამოქმედების შემთხვევაში მღვდელმსახურად ყოფნა აღარ იქნება სავალდებულო სამსახურის გადავადების საფუძველი და სასულიერო პირებს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაიწვევენ. ჩვენთვის სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამსახურის გავლის იდეა მისაღებია, თუმცა შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილება პრობლემურია.

 

მიგვაჩნია, რომ თავდაცვის რეფორმა მოცემული სახით ლახავს თანასწორობის პრინციპს, რადგან მართლმადიდებელ სასულიერო პირებს საკანონმდებლო დონეზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.

 

კონსტიტუციური შეთანხმება, რომელიც არსებული რეფორმის ფარგლებში უცვლელად რჩება, მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებს სამხედრო ვალდებულებისგან, მათ შორის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურისგან, ათავისუფლებს. შესაბამისად, ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემთხვევაში ყველა რელიგიური გაერთიანების სასულიერო პირი კანონით ვალდებული იქნება სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულება მოიხადოს, გარდა მართლმადიდებელი მღვდლებისა.

 

2023 წლის 17 იანვარს, თავდაცვის სამინისტროში შეხვედრაზე რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებს, სახალხო დამცველის თანამშრომლებსა და სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრს დაგეგმილი რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარმოგვიდგინეს.

 

სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების გათავისუფლებისთვის კონსტიტუციური შეთანხმება მანამდე არ გამოყენებულა. მათი თქმით, საქართველოს მთავრობა ამ პრაქტიკის გაგრძელებას აპირებს. შესაბამისად, მიუხედავად კონსტიტუციური შეთანხმებით გარანტირებული პრივილეგიისა, მართლმადიდებელ მღვდელმსახურებს ახალი კანონმდებლობის ამოქმედების შემდეგ სხვა სასულიერო პირების მსგავსად გაიწვევენ, რაზეც, მათი თქმით, თავად საპატრიარქოც თანახმაა.

 

საგულისხმოა, რომ კონსტიტუციური შეთანხმების არაერთი მუხლი პრაქტიკაში გამოიყენება და საპატრიარქოს პრივილეგირებულ მდგომარეობას უზრუნველყოფს. შესაბამისად, არ გვაქვს საკმარისი სამართლებრივი საფუძველი, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის ჩანაწერი, რომელიც მართლმადიდებელ სასულიერო პირებს სამხედრო ვალდებულებისგან ათავისუფლებს, არასდროს იქნება გამოყენებული.

 

მიგვაჩნია, რომ თანასწორობის პრინციპი კანონის დონეზე უნდა იყოს გარანტირებული და არა ერთი რომელიმე მხარის კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

 

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, კანონპროექტი წარმოდგენილი სახით არ მიიღოს. აუცილებელია, გაიმართოს ფართო მსჯელობა, რომელშიც როგორც რელიგიური გაერთიანებები, ისე დაინტერესებული პირები იქნებიან ჩართული. სწორედ ამ გზით შევძლებთ ისეთი კონსენსუსის პოვნას, რომელიც ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას დისკრიმინაციის თვალსაზრისით პრობლემური კანონმდებლობის ამოქმედების გარეშე გაზრდის.

 

 

  1. საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  2. საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესია
  3. წმინდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  4. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  5. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  6. სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
  7. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  8. საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია
  9. საქართველოს სომხური კათოლიკური ეკლესია
  10. აღდგენილი სამოციქულო ეკლესია
  11. მეგობართა საზოგადოება - კვაკერები
  12. ბაჰაის საზოგადოება

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group