GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 2011 – საქართველოს სახალხო დამცველის სიტყვა

ძვირფასო მეგობრებო,

უპირველეს ყოვლისა, მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღე, რადგან ჩვენს დღევანდელ შეკრებას  სწორედ ამ დღის საზეიმო ვითარებაში აღნიშვნის სურვილი უდევს საფუძვლად. 

დღეს ყველას  ღია, გლობალიზებულ, ურთიერთდაკავშირებულ მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება. ამ თვალსაზრისით, თითოეული ჩვენგანისთვის გამორჩეულ მნიშვნელობას იძენს ერებს, ეთნოსებს, რელიგიებს, კულტურებს შორის მშვიდობიანი და ჰარმონიული თანაარსებობა.  

მსოფლიო მშვიდობა  თითოეული ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია;  და პირიქით, მსოფლიო ვეღარ იქნება უსაფრთხო და მშვიდობიანი, თუკი რომელიმე ერთი, თუნდაც ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყნის შიგნით, ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი, კულტურული, გენდერული კუთვნილების,  სექსუალური ორიენტაციის, განსხვავებული შესაძლებლობებისა თუ პოლიტიკური შეხედულებების ან რაიმე სხვა საფუძვლით, ხორციელდება ჩაგვრა და დისკრიმინაცია.

ჩვენი  რეალობა ადამიანის უფლებების დაცვის განსაკუთრებულ, ვიტყოდი, უნივერსალურ პასუხისმგებლობას  აკისრებს არამარტო  მთავრობებს, პოლიტიკოსებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს, არამედ  თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ მოქალაქეს. ეს პასუხისმგებლობა, სხვა დემოკრატიულ ღირებულებებთან ერთად,   უმცირესობათა პატივისცემაზე, გაგებაზე, მათთან დიალოგზე, თანამონაწილეობასა და სამართლიან დამოკიდებულებაზე, მათ მხარდაჭერაზე დამყარებული ურთიერთობების  ცოდნა და გამოცდილებაა.

დღეს ამ ცოდნას, გამოცდილების ამ მარაგს, მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარების ამ მექანიზმს, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ტოლერანტობა. 

მჯერა, რომ ჩვენ მივისწრაფვით  დავიმკვიდროთ  ჩვენი ადგილი იმ პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში, რომლის ღირებულებათა ერთ–ერთ ქვაკუთხედს  სწორედ ტოლერანტობა – განსხვავებულისადმი პატივისცემა წარმოადგენს.  

ჩვენს შემთხვევაში ეს მისწრაფება სახელმწიფოსა და საზოგადოების მხრიდან, უპირველეს ყოვლისა, თანასწორუფლებიანობის განმტკიცებაზე ზრუნვითა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობით  უნდა იყოს გამოხატული.

ამჯერად, ჩემს მოხსენებაში  შევეცდები მოკლედ მიმოვიხილო  2011 წლის განმავლობაში რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების რეალიზაციისა და ქსენოფობიის გამოვლინების პრობლემებთან დაკავშირებული  საკითხები..  ვისაუბრებ იმაზე, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესის გასაღრმავებლად. რა ნაბიჯები გადაიდგა შეუწყნარებლობლობასა და დისკრიმანიციასთან  ბრძოლის კუთხით; რომელმა საკითხებმა შეიძინა მეტი აქტუალობა და  რა პრობლემები დარჩა გადაუჭრელი.

ალბათ არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ფართო  რეზონანსის გამო, განსახილველ კონტექსტში, მთავარი მოვლენა, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საქართველოს პარლამენტის მიერ სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილება იყო, რომლითაც  რელიგიურმა გაერთიანებებმა  საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების შესაძლებლობა მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ექვსი რელიგიური გაერთიანება სახელმწიფოსგან მოითხოვდა, რომ რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა მიცემოდათ როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რადგან მათთვის მიუღებელი იყო არაკომერციული, არსამერწარმეო იურიდიული პირის სტატუსით სარგებლობა.

სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, საქართველოს  პარლამენტმა გზა გაუხსნა რელიგიურ გაერთიანებებს აირჩიონ, რომელი სამართლებრივი ფორმაა  მათთვის უფრო მისაღები – კერძო თუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად  დარეგისტრირება ან დაურეგისტრირებლად არსებობა.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა  ინტენსიური დისკუსიები რელიგიურ გაერთიანებათა სტატუსის შესახებ სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოში და სხვა, მათ შორის საპატრიარქოს კოორდინაციით გამართულ  ფორუმებზეც. მაგრამ,   საკანონმდებლო ცვლილებას პირველ ეტაპზე შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის ესკალაცია მაინც მოჰყვა. როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირების, ასევე პოლიტიკოსებისა და საზოგადოების წარმომადგენლების მიერ უხვად გაკეთდა  ქსენოფობური, კონკრეტულად კი არმენოფობური განცხადებები.

სამწუხაროდ ამ ფონზე უმცირესობათა ინტერესების დაცვა ან გათვალისწინება უცხო აღმოჩნდა როგორც პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების დიდი ნაწილისთვის.

ყურადსაღები და დასაფიქრებელი ფაქტია, რომ  უფლებადაცვითი ორგანიზაციების მხრიდან შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის  ამ გამოვლინებებს თითქმის არ მოყოლია  მკვეთრი, მასშტაბური და ორგანიზებული პროტესტი.

ჩვენ მუდმივად უნდა ვიყოთ მზად დავიცვათ უმცირესობათა წარმომადგენელი თანამოქლაქეების ინტერესები და მათი უფლებები;  დავიცვათ იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება ამაზე უმრავლესობის რეაქცია – ეს არის უფლებადამცველობის ერთ-ერთი მთავარი ტესტი, ეს არის ჩვენი ღირსებაც და შეიძლება ითქვას – პრივილეგიაც.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, შეუწყნარებლობის, ქსენოფობური განწყობების ესკალაციის შეჩერებაში უმნიშვნელოვანესი  როლი  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ მიღებულმა დადგენილებამ შეასრულა. ამ მართლაც ისტორიული დადგენილებით,  წმინდა სინოდმა მრევლს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღიარა,  რომ ადამიანები  და რელიგიური გაერთიანებები თანასწორნი უნდა იყვნენ კანონის წინაშე.

ვფიქრობ, რომ სამომავლოდ უფლებადამცველებმა, ზოგადად სამოქალაქო სექტორმა, მედიამ, რელიგიურმა გაერთიანებებმა თუ პოლიტიკოსებმა  პოზიტიური თანამშრომლობისკენ უნდა გადავგათ ნაბიჯები და მეტი გავაკეთოთ, რომ კონფესიების წინაშე არსებული სხვა პრობლემების გადაჭრაზეც მოვახერხოთ ზრუნვა.

ჩამოვთვლი რამდენიმე ძირითად საკითხს,  რომლებიც რელიგიის თავისუფლების დაცვისა და თანასწორუფლებიანობის მიღწევის თვალსაზრისით, წლებია არ კარგავს  აქტუალობას:

რამდენიმე რელიგიური გაერთიანება საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას ისევ ვერ ახერხებს  – ამ თემაზე მუდმივად ვამახვილებთ ყურადღებას, მათ შორის სახალხო დამცველის ყველა ბოლოდროინდელ საპარლამენტო ანგარიშში. პრობლემაზე საუბრობს ასევე რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო  ანგარიში, შემუშავებულია არაერთი  რეკომენდაციაც, მაგრამ საკითხის  ოპტიმალური გადაწყვეტა ჯერაც ვერ მოხერხდა.

გარდა ამისა, ისევ ძალაში რჩება უთანასწორო საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ნაწილობრივ, დომინანტური რელიგიური გაერთიანებისგან განსხვავებულ საგადასახადო მოთხოვნებს უწესებს დანარჩენ რელიგიურ გაერთიანებებს.

რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების განცხადებით, პრობლემატურია საჯარო სკოლებში ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვა, ისევ აქვს ადგილი პროზელიტიზმსა და ინდოქტრინაციას, მოსწავლეების რელიგიურ რიტუალებში ჩაბმას, რელიგიური სიმბოლოების არააკადემიური მიზნით გამოფენას.

მაგრამ რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენელი მშობლები და  მოსწავლეები  ღიად ამ საკითებზე საუბარს გაურბიან, რაც აბრკოლებს პრობლემის  ზუსტ იდენტიფიკაციას და გადაწყვეტას. 

მიმდინარე წელს ჩვენი განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველი გახდა  ასევე ის გარემოება,  რომ მედიის დიდი ნაწილი არამარტო სიძულვილისა და ქსენოფობიის ტირაჟირებას ახდენდა, არამედ ხშირად თავად გვევლინებოდა შეუწყნარებლობის გამოხატვისა და გავრცელების წყარო.  

ამ პრობლემამ ყველაზე მწვავედ ისევ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ მიღებული საკანონმდებლო ცვლილების განხილვისას იჩინა თავი.

ყოველივე ამის მიუხედავად, 2011 წელს, წინა წლებთან შედარებით, იკლო შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი კანონდარღვევების – ძალადობის, რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის შემთხვევებმა. მიმდინარე წელს სახალხო დამცველის სახელზე ამ შინაარსის შემცველი 6 განცხადება შემოვიდა.

გასულ წლებში ჩვენ ვსაუბრობდით იმის შესახებ, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი სასულიერო პირების შესვლა საპატრიარქოს  ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო, რაც დისკრიმინაციულ პრაქტიკას წარმოადგენდა. 2010-2011 წლებში დაიწყო პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებზე მუშაობა.

ამ მიზნით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მიერ 2010 წლის 30 დეკემბერს ხელი მოეწერა ბრძანებას, რომელმაც დაარეგულირა სხვადასხვა რელიგიურ გაერთიანებათა სასულიერო პირების შეხვედრა მათი მრევლის წევრ ბრალდებულებსა და მრჯავდებულებთან. .

მისასალმებელია,  რომ ბოლო პერიოდში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების  რიტორიკასა და სიმბოლური მნიშვნელობის ქმედებებში ეთნიკურთან  ერთად უფრო მეტად გამოიკვეთა რელიგიური უმცირესობების თემატიკაც.  პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ტრადიციულად ულოცავენ რელიგიურ დღესასწაულებს მუსლიმთა და იუდაურ თემებს, ხოლო გასული წლის მიწურულს და 2011 წლის დამდეგს პირველად ეწვივნენ სომხურ, კათოლიკურ და ბაპტისტურ ეკლესიებს.  

რაც შეეხება ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობისა და ინტეგრაციის საკითხებს, უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წელს გაგრძელდა და განხორციელდა 2009–2010 წლებში შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში წამოწყებული მნიშვნელოვანი ინიციატივები.

2009 წელს „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებით   აზერბაიჯანულენოვანი, სომხურენოვანი, ოსურენოვანი და აფხაზურენოვანი აბიტურიენტებისთვის გამარტივდა ეროვნული გამოცდების ჩაბარების წესი, რითაც

მნიშვნელოვნად გაიზარდა ეთნიკური უმცირესობებისთვის  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა. მიმდინარე წელს საგამოცდო ბარიერი  250 –მა აზერბაიჯანულენოვანმა  და 179 – სომხურენოვანმა მოქალაქემ გადალახა.

პოზიტიური ცვლილებათა ნუსხაში შეგვიძლია შევიტანოთ არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენისთვის გამოყოფილი საათების გაზრდა და ცალკეულ საჯარო სკოლაში  ბილინგვური სწავლების დანერგვა-განვითარება.

უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამაღლდა სახელმწიფო ენის შესწავლის მოტივაცია.

ხაზგასასმელია ინფრასტრუქტურის განვითარებისაკენ მიმართული მასშტაბური ღონისძიებები. მიმდინარე წელს გაიხსნა ახალქალაქი–წალკა–თბილისის რეაბილიტირებული გზა, რომელიც უკვე  მნიშვნელოვან  როლს ასრულებს რეგიონების სოციალურ–ეკონომიკური განვითარებისა და  ინტეგრაციის საქმეში.

2010 წლიდან საზოგადოებრივი მაუწყებლით  უმცირესობათა ენებზე  ყოველდღიური საინფორმაციო პროგრამები გადაიცემა,  რომლებიც  პირველი და მეორე არხის გარდა,  ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ტელევიზიების მეშვეობითაც ტრანსლირდება.  თუმცა,  საინფორმაციო პროგრამების ფორმატით ვერ ხერხდება ეთნიკურ უმცირესობებთან  დაკავშირებული მოვლენების სრულფასოვანი გაშუქება, რაც  მოსაგვარებელი პრობლემების რიგს განეკუთვება.

პრეზიდენტი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები საჯარო გამოსვლებისას მუდმივად  ხაზს უსვამენ  ეთნიკური მრავალფოროვნების დაცვის, სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის, თანასწორუფლებიანი გარემოს დამკვიდრების აუცილებლობას. ინტეგრაციის პროცესის წარმართვაში აქტიურად არიან ჩართული  რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და სხვა ცენტრალური თუ რეგიონული სახელმწიფო უწყებები. ცალკე  უნდა აღინიშნოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არსებული ტოლერანტობის და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს ეფექტური საქმიანობა. უმცირესობათა საკითხებისადმი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენს საქართველოს უშიშროების საბჭო.

დღესდღეობით  შეიძლება ითქვას, რომ  საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო კვლავ ცენტრალურ საკონსულტაციო ფუნქციას ასრულებს, როგორც სახალხო დამცველის, ასევე ინტეგრაციის პროცესში ჩართული სახელმწიფო უწყებებისთვისაც.

თუმცა ცხადია, რომ  დადებითი ტენდენციების მიუხედავად,   სამოქალაქო ინტეგრაციისა და უმცირესობების უფლებების დაცვის მხრივ  კვლავ არაერთი კონკრეტული და სისტემური პრობლემაა გადასაჭრელი. 

ამ თვალსაზრისით ერთ–ერთი ყველაზე რთულად დასაძლევი გამოწვევა  ეთნიკური უმცირესობების  პოლიტიკურ, კულტურულ, საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბალი მონაწილეობის ხარისხი აღმოჩნდა. უმცირესობები  მცირე რაოდენობით არიან წარმოდგენილი ცენტრალური ხელისუფლების დონეზე – პარლამენტში და აღმასრულებელი ხელისუფლების უწყებებში.

პრობლემატური და აქტუალურია უმრავლესობისა და უმცირესობების ჯგუფებს შორის არსებული ურთიერთგაუცხოება და ნეგატიური სტერეოტიპებით გაჯერებული განწყობები.

მიმდინარე წელს კვლავ იყო შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ამა თუ იმ პოლიტიკოსის ეთნიკური წარმომავლობის საბაბით დისკრედიტაციის მცდელობას.  

უნდა აღინიშნოს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ხშირად  ყურადღებას ამახვილებენ მათი ისტორიულ ძეგლებისა და, ზოგადად, კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნების საკითხებზე.  ძეგლების რეაბილიტაცია მატერიალური რესურსების სიმწირის გამო ვერ ხერხდება. ავარიულ მდგომაროებაშია აზერბაიჯანული და სომხური თეატრები, დავით ბააზოვის სახელობის ებრაული მუზეუმი და სხვა ისტორიული ნაგებობები.

გამორჩეულ  ყურადღებას საჭიროებს მცირერიცხოვანი ეთნიკური  ჯგუფების პრობლემატიკა, მათი ენის, იდენტობისა და კულტურის  შენარჩუნების საკითხები.

ყველაფერი ეს  იმაზე მიგვანიშნებს, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ უმცირესობების დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის ეფექტური წარმართვისკენ.

ამ თვალსაზრისით, ხელისუფლებასთან ერთად, აუცილებელია რომ განსაკუთრებული როლი  შეასრულონ პოლიტიკურმა პარტიებმა და საზოგადოებრივმა მოძრაობებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მედიამ . სასურველია, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ თავად ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები. საზოგადოებას მუდმივად უნდა ესმოდეს უმცირესობების ხმა.  

ჩვენ ყველანი ერთად აქტიურად უნდა დავინტერესდეთ უმცირესობების წინაშე არსებული სირთულეებით, მათთან ერთად უნდა ვიფიქროთ პრობლემების გადაწყევტის გზებზე. რეალური თანასწორუფლებიანობისა და  ტოლერანტული გარემოს დამკვიდრება შესაძლებელია მხოლოდ  ერთიანი ძალისხმევით. ამ ღირებულებების გარშემო ფართო კონსესუსის გარეშე წარმოუდგენელია  ლიბერალური დემოკრატიის, პლურალიზმის, წარმატებული სახელმწიფოსა და ძლიერი საზოგადოების განვითარება. 

მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისათვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო  დღეს!

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

მუსლიმური, 25 ივნისი

რამაზან ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group