ერაყელ და სირიელ ლტოლვილებთან შეხვედრა სახალხო დამცველის ოფის

2016 წლის 26 სექტემბერს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლები და ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოების წევრები სახალხო დამცველის ოფისში უკრაინიდან, ერაყიდან და სირიიდან ლტოლვილებს შეხვდნენ.
შეხვედრა ინიცირებული იყო საქართველოს გაეროს ასოციაციის „საქართველოში ლტოლვილთა, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებელთა დაცვის, ინტეგრაციისა და გაძლიერების პროგრამის” ფარგლებში, რომელსაც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი აფინანსებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს ინტეგრაციის ცენტრი „ღია სახლი“, რომელშიც ბენეფიციარები, ლტოლვილები, ჰუმანიტარული სტატუსის მქონე და თავშესაფრის მაძიებლები უფასოდ სწავლობენ ქართულ და ინგლისურ ენებს, იმართება კულტურული ღონისძიებები, დისკუსიები, შეხვედრები, მუშაობს არაბ ქალთა და ახალგაზრდული კლუბები, იმართება საინფორმაციო შეხვედრები სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებთან განათლების, იურიდიულ და ჯანდაცვის საკითხებზე.
26 სექტემბერს სახალხო დამცველის ოფისს სწორედ ამ ცენტრის ბენეფიციარები სტუმრობდნენ, პროგრამის ხელმძღვანელ მაკა ჩიჩუასთან და პროექტის სხვა თანამშრომლებთან ერთად; მათ საქართველოში მყოფ ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობების უფლებებთან დაკავშირდებით სახალხო დამცველისა და ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობა აინტერესებდათ.
შეხვედრაზე ტოლერანტობის ცენტრის თანამშრომლებმა ბელა ოსიპოვამ და მარიამ ღავთაძემ სახალხო დამცველის აპარატის ფუნქციებსა და ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრეს. რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლებმა სტუმრებს საბჭოების მუშაობის წესი და საბჭოში გაწევრიანების პრინციპები გააცნეს. სტუმრებმა იმ სირთულეებზე ისაუბრეს, რასაც ლტოლვილები და თავშესაფრის სტასუსის მაძიებელი პირები აწყდებიან საქართველოში, იქნება ეს სტატუსის მინიჭების დროში გახანგრძლივება, დაუსაბუთებელი უარი, მინიმალური ფინანსური დახმარება თუ სხვა.