GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ბოშების დღევანდელობა საქართველოში

2016 წლის 26 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა „ბოშების დღევანდელობა საქართველოში“.


„მნიშვნელოვანია, ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებით, ხელი შევუწყოთ ქსელურ ინიციატივებს, რომელიც გაზრდის ბოშათა თემის ხელმისაწვდომობას განათლებაზე, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სისტემებზე, დასაქმებაზე; ეს ინიციატივები კოორდინირებული უნდა იყოს და, პირველ რიგში, ხელს უწყობდეს ბოშათა თემის ინფორმირებას თავიანთი უფლებების შესახებ“ - განაცხადა სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ პაატა ბელთაძემ ღონისძიების გახსნაზე.


სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორმა კობა ჩოფლიანმა ბოშების  უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის პრობლემატიკაზე მოხსენება წარმოადგინა. მან ისაუბრა ბოშური თემის პრობლემათა ფართო სპექტრზე და ამ რთული ვითარების დასაძლევად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისა და თემის ექსპერტების ერთიანი ძალისხმევის საჭიროებაზე.


ელენა პროშიკიანმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბოშა ბავშვების საგანმანათლებლო სისტემაში ჩართულობის წარმატებული და წარუმატებელი მაგალითები წარმოადგინა. მათ შორის, ქობულეთის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორის დამსახურებაზე, რომელმაც სკოლაში 64 ბოშა ბავშვის ჩართვა მოახერხა. აღნიშნა, რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც საბავშვო ბაღებში ბავშვს ეროვნული კუთვნილების გამო არ იღებენ.


საქართველოში ბოშა ქალების უფლებების მდგომარეობის შესახებ  ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია განიარაღება და არაძალადობის წარმომადგენელმა რიმა გელენავამ. მან მიმოიხილა ის პროექტები და აქტივობები, რომელიც ბოშათა თემში რეპროდუქციული ჯანმრთელობის და ქალთა უფლებების მიმართულებით ჩატარდა.


სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა იზაბელა ოსიპოვამ ბოშათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო უწყებების მიმართ გაგზავნილი საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები წარმოადგინა.


რეკომენდაციები ეხებოდა: 1. ბოშების მხარდაჭერის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის (2015-2020) სახელმწიფო სტრატეგიის ფარგლებში სპეციალური მიდგომებისა და ქვეპროგრამების შემუშავება/ამოქმედებას; 2. სასკოლო და პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რაც ამავდროულად იქნება ერთგვარი დასაქმების ხელშეწყობა; 3. სახელმწიფო ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში მოქალაქეთათვის განკუთვნილი სერვისების და პროგრამების შესახებ, ასევე ქალთა უფლებებისა და ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი სისტემის შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბოშებისთვის შესაბამისი დახმარებების გამოყოფის ხელშეწყობა/სტიმულირებას; 4. ბოშებისთვის სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობას ადგილობრივი თვითმართველობების ფონდებიდან; ბოშა თემის წარმომადგენლების რეგისტრაციის ხელშეწყობას; 5. საქართველოში ბოშათა ეთნოკულტურის შენარჩუნებისა და პოპულარიზების ხელშეწყობას; 6. ბოშათა ჩართვას სპორტულ წრეებში; 7. ნეგატიური სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად სოციალური კამპანიის და ტელე/რადიო გადაცემების მომზადება.


შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა, საქართველოს ბოშა თემის წარმომადგენლებმა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრებმა.


განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ეკა დგებუაძემ ისაუბრა სოციალური ინკლუზიის პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც უკვე წლებია ბოშა თემთან და ამ თემის ბავშვებთან მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა მათი ინტეგრაციისა და საგანმანათლებლო სისტემებში ჩართვის მიზნით.


შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ამირან დათეშიძემ სამინისტროს, ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის – ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დახმარების ერთობლივი სახელმწიფო პროგრამის დეტალებზე ისაუბრა, რომელშიც 600 ბავშვია ჩართული და მათ შორის 25% ბოშაა.


საქართველოს გაეროს ასოციაციის წარმომადგენელმა რუსუდან ჭანტურიამ სახელმწიფო უწყებათა მხრიდან პროექტების კოორდინირებულად წარმართვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.


პასპორტიზაციისა და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების ხელმისაწვდომობის არსებულ პრაქტიკაზე მცირე მოხსენება წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელმა მირანდა არაბიძემ.


ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველი, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭო და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა“ (PITA).

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ყველა ქრისტიანული ეკლესია, 16 აპრილი

აღდგომა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group