GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე

2016 წლის 27 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა და საერთაშორისო ფონდმა „ლეამ“ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.


შეხვედრის გახსნისას სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოების წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი სცეს ჰოლოკოსტის მსხვერპლთ.


„ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ჩვენთვის უკვე მყარ ტრადიციად იქცა, რაც ხსოვნის გარდა, შეხსენებისა და ღრმა დაფიქრების მიზანსაც ემსახურება.


საუბედუროდ, დღესაც კი, უაღრესად სახიფათო, ომისა და შეუწყნარებლობის სულით დამუხტულ მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება; მსოფლიოში, რომელიც ტერორიზმის, რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების მასობრივი განადგურებისა და დევნის ყოველდღიურობას შეეჩვია; მსოფლიოში, სადაც ისევ ითელება ადამიანის სიცოცხლე და ღირსება!


ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, ტოლერანტობისა და მშვიდობის პრინციპების დასაცავად ბრძოლა სწორედ ის უმთავრესი იარაღია, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძელით, და შეგვწევს ძალა, გადავარჩინოთ ადამიანური ღირსება, გადავარჩინოთ ადამიანის მარადიული სწრაფვა იცხოვროს თავისუფალმა და იცხოვროს ღირსეულად“, – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა თავის გამოსვლაში.


ჰოლოკოსტის მსხვერპლები გაიხსენეს საერთაშორისო ფონდ ლეას ხელმძღვანელმა მარინე სოლომონიშვილმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში იანოშ ჰერმანმა, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა ნილს სკოტმა, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იუვალ ფუქსმა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ანდრჟეი ჩიეშკოვსკიმ, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა იან კროუფორდ კელიმ.


საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ჰოლოკოსტის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი პრეზიდენტის სიტყვა წაიკითხა. „ჰოლოკოსტამდე სხვისმა სიძულვილმა, საკუთარი გამორჩეულობისა და უპირატესობის უპირობო, აბსოლუტურმა რწმენამ მიგვიყვანა. ჩვენ წამით არ უნდა მოვადუნოთ ყურადღება ბოროტების, ჩაგვრის, თავისუფლების ხელყოფის უმცირესი გამოვლინებებისადმი და საფუძვლებშივე წინ აღვუდგეთ მათ სიყვარულით, თანადგომით, ურთიერთპატივისცემით. დღეს ჩვენ ვერაფრით მივაგებთ უფრო დიდ პატივს ჰოლოკოსტის გმირთა ნათელ ხსოვნას, თუ არა ისეთი მომავლის შენებით, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თაობა მშვიდობის, კეთილდღეობისა და განვითარების გარემოში, ისეთ სამყაროში იცხოვრებს, სადაც ჰოლოკოსტი შეუძლებელია, – ნათქვამია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.


ღონისძიების მონაწილეებმა მენორაზე სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 6 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშას და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას. დასასრულს, რაბი ავიმელეხ როზენბლატმა მოსახსენიებელი ლოცვა წაიკითხა.


ღონისძიებაზე ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, წარმოდგენილი იყო ფოტო-გამოფენა ჰოლოკოსტის თემაზე.


ჰოლოკოსტის ხსოვნის დღედ 27 იანვარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ, 2005 წლის 42-ე პლენარულ სხდომაზე გამოაცხადა, რადგან 1945 წლის ამ დღეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა.


ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილს ღონისძიებას მხარი დაუჭირა აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებულმა, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) “ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამამ (PITA) და საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

მუსლიმური, 25 ივნისი

რამაზან ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group