GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2015 წლის 13  ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.


ღონისძიებაზე დამსწრეებს საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუშვილი და ამერიკის ელჩის მოადგილე საქართველოში ნიკოლას ბერლინერი  მიესალმნენ. სახალხო დამცველმა ტოლერანტობის კუთხით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა მიმოიხილა და იმ საქმეებს გაუსვა ხაზი, რომლის გამოძიებაც წლებია ჭიანურდება.


„მიმდინარე წელს, გარკვეულწილად შემცირდა ინციდენტები, თუმცა რეალობაა ის, რომ არ არის ბოლომდე გამოძიებული ძველი საქმეები, მათ შორის წინა წლებში მომხდარი არაერთი ინციდენტი, ხოლო ინციდენტში მონაწილე მოძალადეები არ არიან დასჯილნი. სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულისადმი სახელმწიფო უწყებები ხშირად იჩენენ გულგრილობას, რაც ყველაზე მეტად ახდენს გავლენას დისრკრიმინაციისა და ძალადობის ფაქტების გამრავლებაზე.“ –განაცხადა სახალხო დამცველმა.


სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ ტოლერანტობის ქომაგებს: მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს - რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას.


წელსაც საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს 2015 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“.


რელიგიათა საბჭოს მხრიდან დაჯილდოვდა: ნომინაციაში საჯარო მოხელე - საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი; ნომინაციაში პიროვნება - სოფელ ჭელას ბიბლიოთეკის თანამშრომელი ფრიდონ აბაშიძე; ნომინაციაში ორგანიზაცია - თავისუფალი უნივერსიტეტი; ნომინაციაში მედია საშუალება - „სტუდია რეს“ ტელედისკუსიათა ციკლი.


ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ დააჯილდოვა: ნომინაციაში საჯარო მოხელე - საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რამინა (რიმა) ბერაძე; ნომინაციაში პიროვნება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ყოფილი წევრი თამაზ ავდალიანი; ნომინაციაში ორგანიზაცია - მირზა-ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული კულტურის თეატრი და კულტურის ცენტრი; ნომინაციაში მედია საშუალება - საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი „ვრასტანი“.


გამარჯვებულებს გადაეცათ ტოლერანტობის ქომაგის საპატიო ჯილდო და სიგელი.


ღონისძების ორგანიზატორი იყო საქართველოს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი.


ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. 1995 წლის 16 ნოემბერს იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 15 დეკემბერი

აიდა ეზიდი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group