GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ტოლერანტობის საერთაშორისო დღე - სახალხო დამცველის მიმართვა

ტოლერანტობა ყველა დიდი რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრების ოქროს წესიდან იღებს სათავეს: მოექეცი სხვას ისე, როგორც შენ გსურს, რომ მოგექცნენ.
 
უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება საქართველოს სიმდიდრეა, რომელსაც დაცვა და განვითარება სჭირდება, მაგრამ უპირველეს ყოვლისა, ეს უმცირესობათა და უმრავლესობის ჯგუფებს შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობის დამყარებას, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და სამოქალაქო ინტეგრაციაზე ორიენტირებული  პოლიტიკის, საგანმანათლებლო, ეკონომიკური, კულტურული და  სამართლებრივი მიდგომების შემუშავებასა და განხორციელებას გულისხმობს.
 
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ეფექტური დაცვა, დისკრიმინაციისა და ქსენოფობიის გამოვლინებათა წინააღმდეგ ბრძოლა,  სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა,  ჩემი, როგორც საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებებია. მაგრამ მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვისაც უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, უმცირესობების უფლებებით, მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება.
 
 
ამ ასპექტზე ყურადღების გამახვილება იმ გარემოებამ გადამაწყვეტინა, რომ პოლიტიკური პარტიებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა თუ საექსპერტო ჯგუფების დიდი ნაწილი წლების განმავლობაში გამოწვევის, დილემის წინაშე დგას – ღირს თუ არა უმცირესობების უფლებების დაცვა, საჭიროა თუ არა ღიად, საჯაროდ აღიარო და პატივი სცე განსხვავებული რასის, მრწამსისა და ეთნიკური იდენტობის მქონე ადამიანებს მაშინ, როდესაც ამან უარყოფითი გავლენა შეიძლება იქონიოს პოპულარობის რეიტინგზე.
 
თვალი რომ გადავავლოთ ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიას, ვნახავთ, რომ მაშინ, როცა სხვადასხვა ტიპის შეუწყნარებლობისა და ქსენოფობიის მეთოდურ, სისტემატურ გამოვლინებებს ჰქონდა ადგილი,  თავს იჩენდა არამარტო ადამიანებს შორის  უკიდურესი გაუცხოება და სიძულვილი, არამედ  ფერხდებოდა პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური განვითარება, ქვეყანა კონფლიქტებში ეფლობოდა და მკაცრი საერთაშორისო გაკიცხვის ობიექტი ხდებოდა.
 
დღეს უკვე აღარ არის საკამათო, რომ ტოლერანტობის დამკვიდრებისა და გაღრმავების გარეშე საზოგადოება, სახელმწიფო, ეკონომიკა და კულტურა ვერ ვითარდება. ხოლო შეუწყნარებლობის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციის, სიძულვილის წახალისება და გაღვივება დეჰუმანიზაციის, იზოლაციის, საომარი  კონფლიქტების პროვოცირებისა და, თამამად შეიძლება ითქვას, თვითგანადგურების წინაპირობა, არსაით მიმავალი გზაა.
 
ამიტომ მე კი არ მჯერა, არამედ დაზუსტებით ვიცი, რომ  რაც უფრო მეტად ვიქნებით ტოლერანტულები, რაც უფრო მეტად მოვახერხებთ პატივი ვცეთ და გავუგოთ განსხვავებულს, დავიცვათ მისი უფლებები, მით უფრო მეტად წარმატებულები ვიქნებით როგორც პიროვნულად, ისე საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისითაც!  
 
ჩვენ ყველამ  ერთად უნდა მივიღოთ მონაწილეობა ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ერთი მხრივ, ადამიანს საკუთარი განსხვავებულობის, რელიგიური თუ კულტურული არჩევანის  თავისუფლად განხორციელება  შეეძლება, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელობას იქნება მოკლებული, რომელი ეთნიკური, რელიგიური, კულტურული თუ რასობრივი ჯგუფის წარმომადგენელია  ესა თუ ის მოქალაქე, ესა თუ ის პიროვნება!
 
ჩვენ  ყველანი  განსხვავებულნი  და ამავე დროს,  ყველანი თანასწორნი ვართ!  დარწმუნებული ვარ, რომ  საერთო ძალისხმევის შედეგად  ეს ცნობილი პრინციპი ჩვენს საზოგადოებაში რეალობად იქცევა!
 
გილოცავთ ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს!

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group