GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

მცირერიცხოვან ეროვნულ უმცირესობათათვის მშობლიური ენის სწავლების საკითხი

2015 წლის 5 თებერვალს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ „საქართველოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებისა და სწავლების მდგომარეობის“ შესახებ შეხვედრა გამართა. შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.


„სამწუხაროდ, საქართველოში ეროვნულ უმცირესობათა ენების სწავლებას ნაკლები ყურადღება ეთმობა, რაც შესაძლოა დამღუპველი აღმოჩნდეს საქართველოში მცხოვრები ისეთი მცირერიცხოვანი ერებისათვის, როგორიც არიან ქისტები, დაღესტნელები, ქურთები, ასურელები, ოსები და უდიები. აქედან განსაკუთრებით საგანგაშო ვითარებაშია უდიური ენა, რომელიც პრაქტიკულად მსოფლიო მასშტაბით დგას გაქრობის საშიშროების წინაშე. უდიები ცხოვრობენ საქართველოსა და აზერბაიჯანში და ახალი თაობის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი ფლობს მშობლიურ ენას,“ – განაცხადა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა.


განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა ეროვნულ უმცირესობათა ენების სწავლების საკითხში პრობლემის გამოკვეთაზე, სტანდარტის შემუშავებასა და დაფინანსების საკითხებზე ისაუბრა.


საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდიმ აღნიშნა, რომ დღემდე  ეროვნულ უმცირესობათა ენების სწავლება მხოლოდ კერძო ინიციატივებითა და სპონტანურად ხორციელდება, რაც თავისთავად მოითხოვს მის ასახვას სახელმწიფო გეგმაში.


საქართველოში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვისა და საკუთარი ეთნიკური იდენტიფიკაციის შენარჩუნების თვალსაზრისით, პრობლემად რჩება მშობლიური ენის შესწავლის საკითხი. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლების განცხადებით, ამით ირიბად ხელი ეწყობა მათ ასიმილაციას.


ამ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ წლების  განმავლობაში არაერთხელ მიმართა შესაბამის უწყებებს. მიღებული დაპირებების მიუხედავად, მცირერიცხოვანი ერების კომპაქტური დასახლების სოფლებისა და ქალაქების სკოლებში კვლავ ვერ მოხერხდა ამ ერების მშობლიური ენის სწავლება.


სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭომ რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელი შეუწყოს მცირერიცხოვან ეროვნულ უმცირესობებს, რათა მათი კომპაქტური დასახლების ადგილებში, იქ სადაც არსებობს შესაბამისი მოთხოვნა, სასკოლო განათლების ფარგლებში დაინერგოს ამ ენების სწავლება (კვირაში ორი აკადემიური საათი).

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group