GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

2015 წლის 27 იანვარს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“-ში საქართველოს სახალხო დამცველისა და საერთაშორისო ფონდ „ლეა“-ს ორგანიზებით, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ დიპლომატიური კორპუსის, სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოების წევრები.

 

შეხვედრის გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა სტუმრებს მოუწოდა წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ ჰოლოკოსტის მსხვერპლთათვის. „აუცილებელია ეს საზარელი დანაშაული სამუდამოდ აღიბეჭდოს კაცობრიობის მეხსიერებაში, როგორც სრულიად განსაკუთრებული შეტყობინება მსოფლიოსთვის, როგორც განსაკუთრებული გაფრთხილება თითოეული ჩვენგანისთვის, რომ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, აღარასოდეს დავუშვათ ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმის, გენოციდის, სხვა მომაკვდინებელი ანტიადამიანური იდეოლოგიებისა და პრაქტიკების აღზევება!“ – განაცხადა სახალხო დამცველმა.

 

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საერთაშორისო ფონდ „ლეა“-ს ხელმძღვანელი მარინე სოლომონიშვილი,  გაეროს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ნილს სკოტი, ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იუვალ ფუქსი, პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანდრჟეი ჩიეშკოვსკი, ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, საქართველოს პარლამენტის ვიცე–სპიკერი მანანა კობახიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი.

 

ღონისძიების მონაწილეებმა მენორაზე სანთლები დაანთეს და პატივი მიაგეს ჰოლოკოსტის დროს დაღუპული 7 მილიონი ებრაელის, 2 მილიონი ბოშას და ნაცისტური რეჟიმის ყველა სხვა მსხვერპლის ხსოვნას.

 

შეხვედრა ნაცისტური გერმანიის მსხვერპლთა სულის მოსახსენიებელი ლოცვით დაასრულეს რაბი ავიმელეხ როზენბლატმა, რაბი მეერ კოზლოვსკიმ და ქოენმა რაფიელ მესინგისერმა.

 

***

 

27 იანვარი, გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2005 წელს მიღებული რეზოლუციის თანახმად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოცხადდა. 1945 წლის 27 იანვარს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკის, აუშვიცის, ათასობით ტყვე გაათავისუფლეს.

 

ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ. ღონისძიების მხარდამჭერია აშშ-ის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დაფინანსებული (USAID) საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტი „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“ (ANI) და საქართველოში ისრაელის საელჩო.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group