GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში

2011 წლის 12 ოქტომბერს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში”.

მრგვალი მაგიდა ორგანიზებული იყო რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღნდეგ ევროპული კომისიის (ECRI) და საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
 
მრგვალი მაგიდის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის თავმჯდომარე ნილს მუჟნიეკსი, საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ჯეიმი მაქგოლდრიკი.
 
მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოს შესახებ ECRI–ს 2010 წლის მოხსენებაში მოცემულ რეკომენდაციებზე, რომლებიც შემდეგ საკითხებს უკავშირდება:
 
·         რასიზმისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური მექანიზმები
·         სისხლის სამართლის მართლმსაჯულება და რასობრივი დისკრიმინაცია
·         პოლიცია და რასობრივი დისკრიმინაცია
·         განათლების სისტემა რასობრივი დისკრიმინაციის გარეშე
·         უმცირესობების მხარდასაჭერად მიმართული ადგილობრივი ინიციატივები
·         რასიზმი და ქსენოფობია საჯარო დისკურსში
 
რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მოხსენების ძირითადი დასკვნები წარმოადგინა კომისიის წევრმა ქალბატონმა ევა სმიტ ასმუსენმა. მან აღნიშნა ის დადებითი ძვრები, რაც საქართველოში განხორციელდა ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ხაზი გაუსვა ის ფაქტს, რომ 2008 წლის ომის შემდეგ, საქართველოსი მცხოვრებ არც ერთ ეთნიკურ რუსს არ უჩივლია ძალადობის ან დისკრიმინაციის გამო. „რასიზმისაგან სრულიად თავისუფალი ქვეყანა არ არსებობს – თქვა ევა ასმუსენმა – მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თქვენი სახელმწიფო მის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და მიღწეული შედეგებით ამაყობს, თუმცა მიღწეული შედეგების გვერდით, რა თქმა უნდა რჩება პრობლემებიც, მათ შორისაა მესხთა საკითხი, ზოგიერთ იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საკითხი, ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლის გაძლიერებისა და ზურაბ ჟვანიას სახელობის სკოლის რეფორმირების საკითხი“.

ECRI-ს რეკომენდაციები შეეხებოდა სახალხო დამცველის უფლებების გაფართოებასაც, კერძოდ ევა ასმუსენის რეკომენდაციით, სახალხო დამცველს უნდა მიეცეს უფლება განიხილოს მოქალაქეთაშორისი დავებიც და სამასხურეობრივი დავებიც, რომლებსაც მოქალაქეები არასახელმწიფო უწყებებთან აწარმოებენ.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ქალბატონმა თამარ კინწურაშვილმა რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაციების შესასრულებლად მისაღებ ზომებზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობას და ასევე საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზიაციის საჭიროებას ევროპულ კანონმდებლობასთან, რათა საქართველოშიც რასობრივი მოტივით ჩადენილი დანაშაული დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვალოს.
 
საქართველოს სახალხო დამცველმა, ბატონმა გიორგი ტუღუშმა წარმოადგინა მოხსენება სახალხო დამცველის როლზე რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) რეკომენდაციების შესრულების პროცესში.
 
შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის განხორციელებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და განხორციელებულ პროგრამებზე მოხსენება წარადგინა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა ბატონმა ნოდარ ტანგიაშვილმა.


საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, ქალბატონმა ბაია პატარაიამ წარმოადგინა მოხსენება თემაზე სისხლის სამართლის მართლმსაჯულება და რასობრივი დისკრიმინაცია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს საერთაშორისო სამართლებრივი განყოფილების უფროსმა, ქალბატონმა ნინო გახარიამ ისაუბრა პოლიციის როლზე რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საქმეში, პოლიციის მიერ ძალადობის ფაქტებზე რეაგირების გაუმჯობესების საშუალებებზე, იმ ტრენინგებსა და  პროგრამებზე, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს პოლიცლიელთა ცნობიერების ასამაღლებლად რასიზმისა და დისკრიმინაციის წინაარმდეგ ბრძოლის სფეროში.

  
განათლების სამინისტროს პროგრამებზე, რომელიც ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, მოხსენება წარადგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა  ანა ქებაძემ. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიში ქართული ენის სახლების რაოდენობის გაზრდასთან და ბილინგვური სწავლების  პროგრამის გაძლიერებასთან დაკავშირებით; ასევე არაქრთულენოვანი ბავშვებისათვის ქართული ენის სასწავლო სახელმძღვანელოს შექმნის, პედაგოგთა გადამზადების შესახებ. ანა ქებაძემ ასევე ისაუბრა იმ პროგრამაზეც, რომელიც არაქართულენოვან რეგიონებში ქართულის ენის მასწავლებლების გაგზავნას შეეხება.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს აღმასრულებელმა მდივანმა, უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის წარმომადგენელმა ქალბატონმა ბელა ოსიპოვამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით მეტი ყურადღება დაეთმოს ბილინგვურ სახელმძღვანელოებში თარგმანის ხარისხს.

საქართველოს ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრმა ქალბატონმა რუსუდან გოცირიძემ წარმოადგინა მოხსენება, სადაც სკოლებში რელიგიური დისკრიმინაციის ფაქტები იყო აღწერილი. განათლების სამინისტროს წარმომოადგენელმა მოუწოდა ქალბატონ რუსუდანს, ამგვარი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, აუცილებლად მიმართონ განათლებისა და მეცნიერების სამინისტეროს გენერალურ ინსპექციას.


დასასრულს გაიმართა დისკუსია შემდეგ თემებზე: ეთნიკურ ბოშათა რეგისტრაცია, სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეთა  ინტეგრაციის ხელისშემშლელი ბარიერების დაძლევა, უმცირესობების მხარდასაჭერად მიმართული ადგილობრივი ინიციატივები და რასიზმი საჯარო დისკუსიაში.
მრგვალი მაგიდა შეაჯამეს საქართველოს სახალხო დამცველმა ბატონმა გიორგი ტუღუშმა  და რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის თავმჯდომარე ბატონმა ნილს მუჟნიეკსმა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 15 დეკემბერი

აიდა ეზიდი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group