GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის მიმართვა ეკლესიის ყოველწლიურ მიღებაზე

ეს მიღება საშუალებას გვაძლევს, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ჩვენი ეკლესიის საქმიანობას გასულ წელს, მოვიხსენიოთ სიახლეები, რომლებიც არა მარტო ჩვენს ევანგელიურ-ლუთერულ ეკლესიას ეხება, არამედ ყველა ეკლესიას სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან მიმართებაში.

 

აქტუალურია ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის სახელმწიფო დოტაციის გაცემის საკითხი. რწმენისა და რელიგიის, ანუ ეკლესიის სახელმწიფოსთან დამოკიდებულების შესახებ იესოს სიტყვები სამ სახარებაში გვხვდება: “მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა!” (აქ მათე 22, 21). იესო ამ სიტყვებით ფარისეველთა ორაზროვან შეკითხვას პასუხობს, არის თუ არა იესოს აზრით შეთავსებადი ღვთის შიში სახელმწიფოსადმი მორჩილებასთან, კერძოდ კი გადასახადების გადახდასთან. “მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს ღვთისა!” კარგად ორგანიზებული სახელმწიფო ადამიანის არსებობისთვის ღვთის მიერ ამქვეყნად დადგენილი წესრიგის ნაწილია, ისევე როგორც რელიგია და სარწმუნოება ადამიანის ცხოვრების, თუმცა ადამიანებს ღმერთთან პირდაპირი კავშირი აქვთ და სახელმწიფოს ან საზოგადოებას შუამავლებად არ საჭიროებენ. კარგი სახელმწიფო ათვითცნობიერებს, რომ ყველაფერი “კეისრის” არ არის. ეკლესიამ ან რელიგიურმა გაერთიანებამაც, თავის მხრივ, იცის, რომ ის სახელმწიფო არ არის. ასე რომ არ იყოს, ეკლესია იესო ქრისტეში ამქვეყნად მოსულ ღვთის სიტყვას ეჭვქვეშ დააყენებდა.

 

ცალკეული ადამიანები სახელმწიფო წესრიგს უნდა ემორჩილებოდნენ. მორწმუნე ადამიანი ნდობას, პატივისცემასა და ლოცვას ღმერთს ჩუქნის, ისევე როგორც მოყვასის სიყვარულს და კეთილ საქმეებს. ამას ისინი მორწმუნეთა ერთობლიობაში აკეთებენ, რომელსაც ეკლესია ჰქვია. სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად ურთიერთკავშირი არსებობს, არა მარტო იმიტომ, რომ ორივეს ერთსა და იმავე ადამაინებთან აქვს საქმე; ქრისტიანული გაგებით ისინი ერთმანეთს უზრუნველყოფენ. ისინი სხვადასხვა სფეროებში ღმერთის ნებას ატარებენ – სამყაროს შენარჩუნებისა და ხსნის ნებას. ეკლესია სახელმწიფოსთვის ლოცვას აღავლენს, რათა სახელმწიფოს მოქმედებებში თავი იჩინოს ღვთის ნებამ. სახელმწიფო მორწმუნეებს, ეკლესიას და რელიგიურ გაერთიანებებს ღმერთთან ურთიერთობის, ლოცვის, მოყვასის სიყვარულის და სიკეთის ქმნის – კარიტასის - თავისუფლებას ანიჭებს. ეს ურთიერთობა კონსტრუქტიულ ხასიათს უნდა ატარებდეს და ერთმანეთისადმი სულიერ დამოკიდებულებაში უნდა პოულობდეს გამოხატულებას. სახელმწიფო არ არის ვალდებული, მატერიალურად ეხმარებოდეს ეკლესიებსა და რელიგიურ გაერთიანებებს.

 


ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია, რომელიც თითქმის 200 წელია, საქართველოში არსებობს და რომელიც საბჭოთა მმართველობის ქვეშ ყველანაირად დაზარალდა და რომელსაც მოძრავი და უძრავი ქონება ჩამოართვეს, არ მიაკუთვნეს იმ ეკლესიათა რიცხვს, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებენ, როგორც რელიგიური გაერთიანება. არ მინდა, ბოროტად გამოვიყენო დღევანდელი მიღება, რომელზეც ღვთით კურთხეული წლის დადგომა მინდა გისურვოთ. ეს იქნებოდა იმ კეთილი ნების ბოროტად გამოყენებაც, რომლისთვისაც ყველას დიდი მადლობა მინდა გითხრათ. სახელმწიფოსა და ეკლესიის დამოკიდებულება, სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების დამოკიდებულება და სახელმწიფოს მიერ მათი ნაწილის დაფინანსების გადაწყვეტილება ხაზს უსვამს საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ სირთულეებს.

 

ეს თემა მრავალ კითხვას ბადებს: სწორია სახელმწიფოს დიფერენცირებული დამოკიდებულება ეკლესიებთან და რელიგიურ გაერთიანებებთან? ეკლესიებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის დაფინანსების გამოყოფით კონკრეტულად რაში იხდის სახელმწიფო? ცოდვების მონანიებასთან გვაქვს საქმე (მაგ. საბჭოთა კავშირის დროს მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან), თუ ქვეყნის მოსახლეობისათვის განათლებისა და სოციალური მომსახურების სფეროში შეტანილი წვლილისათვის? იქნებ ეს ერთგვარი “გამოსასყიდია”, რათა ეკლესიებმა და რელიგიურმა გაერთიანებებმა სახელმწიფოს საქმეებში არასასურველი ჩარევისგან თავი შეიკავონ? რადგან საქმე გადასახადების თანხებს ეხება, რომელსაც პრინციპში ყველა იხდის, როგორ მოხდება პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა? მგონია, რომ ამ საკითხებზე ჯერ ჯეროვნად არ უმსჯელიათ და პასუხი არ მოუძებნიათ.

 

მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩვენს პატარა ლუთერულ ეკლესიას საქართველოში მხოლოდ 200-წლოვანი ისტორია გააჩნია, რომელიც გერმანელების ჩამოსახლებას უკავშირდება. მუდამ გვჭირდება საკუთარ თავში გათვითცნობიერება, რომ საქართველოში ჩვენც დავიმკვიდრეთ ჩვენი ადგილი. ლუთერული გაგებით ამისათვის მნიშვნელოვანია არა ეკლესიისთვის, სამრევლოებისა და მრევლის წევრებისთვის, არამედ ქვეყნის და მისი მოსახლეობის წინაშე ღვაწლი, რაც, პირველ რიგში, ჩვენი ეკლესიის სახელმწიფოსთან და საზოგადოებასთან კარგ დამოკიდებულებას გულისხმობს. გასული წლის ნოემბერში მე-5 სინოდის საზეიმო გახსნა ეკლესიების, სახელმწიფოს და საზოგადოების წარმომადგენლებს შორის სულიერ და სასულიერო ურთიერთგაცვლას ემსახურებოდა. ამიტომ გამორჩეულად სასიხარულო იყო ამ ცერემონიაზე თქვენი დასწრება. ეკლესიის მიღმა თეოლოგიური დისკუსიის გაფართოებას ემსახურება ჩვენი ყოველწლიური „ლუთერის სემინარები“, რომელთა მორიგი გამოშვება შემდეგ კვირაში ჩატარდება.

 

განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ ადვენტისტურ ეკლესიასთან ერთად ქალაქ თბილისის მხარდაჭერით და დამეგობრებული არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციებითა და თანადგომით გასული წლის ივლისში საძირკველი ჩავუყარეთ ახალ, თბილისის მოსახლეობის შინ მოვლის დიაკონურ სამსახურს (რომელიც მალე, იმედია, რეგიონებშიც ამუშავდება).

 

დარჩით ჩვენს გვერდით! ღვთით კურთხეულ 2014 წელს გისურვებთ!


2014 წლის 31 იანვარს

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group