GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახარებისეული რწმენის ეკლესიის ოლეგ ხუბაშვილის გამოხმაურება მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით

პირველ რიგში, მინდა დადებითად გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის განცხადებას რელიგიური მიმართულებების დაფინანსებასთან დაკავირებით, რადგან ამ დრომდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ მარლმადიდებელი ეკლესია ფინანსდებოდა. პრემიერმა განაცხადა, რომ დამატებით კიდევ ოთხი რელიგიური გაერთიანება მიიღებს დაფინანსებას, თუმცა საქართველოში რელიგიები გაცილებით უფრო დიდი სპექტრით არიან წარმოდგენილნი.

 

როგორც ბატონმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრძანა, ოთხი რელიგიური გაერთიანების გამორჩევა მათი საბჭოთა პერიოდში დევნის გამო მოხდა. რამდენადაც ვიცი, საქართველოში ათზე მეტი ეკლესია არსებობს, რომელსაც აქ არსებობის ასწლიანი ისტორია მაინც აქვს და საბჭოთა პერიოდი გაიარეს.

 

ისტორიული ფაქტების მოყვანას უფრო თამამად საკუთარ რელიგიაზე შევძლებ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა რელიგიურ მიმდინარეობასთან შედარებით პრივილეგირებული უნდა ვიყოთ.

 

საქართველოში სახარების რწმენის (ორმოცდაათიანულ) ეკლესიას ას წლიანი ისტორია აქვს. საბჭოთა პერიოდში ეკლესიას რეპრესიების ტალღამ რამდენჯერმე გადაუარა. 1932 წელს ფოთის პორტიდან 300-მდე პროტესტანტი ქრისტიანი მორწმუნე გაიყვანეს და არცეთი მათგანი სამშობლოში აღარ დაბრუნებულა; მათი ბედი დღემდე უცნობია. 1951 წელს, ღვთისმსახურების დრო,ს ეკლესია დაარბიეს და მორწმუნეები დააპატიმრეს. მათი თავისუფლების აღკვეთა 10, 15 და 25 წლით განისაზღვრებოდა. აპატიმრებდნენ ყველას, როგორც სულიერ ლიდერებს, ისე რიგით მორწმუნეებს. ოთხი შვილის დედას, რომელიც ამავდროულად ფეხმძიმედაც იყო, რწმენის გამო დედობა ჩამოართვეს და თავის მეუღლესთან ერთად ციხეში უკრეს თავი. ხუთი შვილის მამას ჯერ საჩუქრად მისცეს მწყობრიდან გამოსული თვითმფრინავის ავზი, რომელსაც სახლში წყლის მოსაგროვებლად იყენებდა და შემდეგ, ამის გამო, დააპატიმრეს და ამერიკის ჯაშუშობა დასდეს ბრალად (თვითმფრინავის ნაწილებს აგროვებდი, რომ ახალი აგეწყო და ამერიკაში გადაფრენილიყავიო). იგი იმ რიგში დააყენეს, სადაც ტომარაში ჩაგდებულ ადამიანებს წნევით ხეთქავდნენ. საკვებად მიწას ჭამდნენ და ქრისტეს რწმენას მაინც არ უარყოფდნენ. საქართველოდან ინვალიდის ეტლით გაჰყავდათ მძიმედ დაავადებული მორწმუნეებიც კი. ღვთის მადლით გადარჩენილნი და უკან დაბრუნებულები შემზარავ ისტორიებს ჰყვებოდნენ.  მაშინ ქონების კონფისკაცია ცალკეულ მორწმუნეებზე ხორციელდებოდა, რადგან საერთო ქონება არ გაგვაჩნდა. ჩვენთვის, ეკლესიისთვის მაშინ შეუძლებელი იყო საკუთრებაში შენობა-ნაგებობა გვქონოდა. არასოდს გვქონია ერთი შესაკრებელი; უფრო მეტიც, შეხვედრის ბოლოს ვამბობდით, სად ჩატარდებოდა შემდეგი. მიგვაჩნდა, რომ КГВ-ს ზეწოლებისგან თავს ამით ვიცავდით. ვიკრიბებოდით დილით გამთერნისას, სხვენში ან სარდაფში. ყოველთვის ვეძებდით შედარებით უსაფრთხო ადგილს.

 

მეორე მასიური დაპატიმრება 1961 წელს მოხდა, თუმცა აქ არ დასრულებულა და 1964 წელს კიდევ რამდენიმე დააპატიმრეს. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით ასს ადამიანს აღწევს. ერთ ერთი მორწმუნე ხეაგა მელაძე, რომელმაც რწმენის გამო 5 წლიანი პატიმრობა მოიხადა, ამ ამბის ცოცხალი მოწმეა.

 

დაპატიმრების გარდა, ჩვენი ეკლესიის მორწმუნეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. კომუნისტმა შვილმა მამას თავში ნაჯახი იმიტომ ჩაარტყა და მოკლა, რომ მორწმუნე გახდა და მას არცხვენდა.

 

ჩვენი ეკლესიის მრევლიდან არასოდეს არავინ ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი. ჩვენი ეკლესიის მრევლის შვილები არც კომკავშირელთა და არც პიონერთა რიგებში შედიოდნენ. ამის გამო ბავშვებს მრავალი დაცინვის და დამცირების გადატანა უხდებოდათ, უფროსებს კი დიდი წინააღმდეგობის დაძლევა.

 

საქართველოში ორმოცდაათიანული  ეკლესიის ისტორია მრავალი ტრაგიკული და მძიმე ამბის მთქმელია, თუმცა მცირედის ჩამოთვლა იმიტომ დამჭირდა, რომ მეთქვა: საბჭოთა რეჟიმმა ჩვენც მძიმედ დაგვაზარალა.

 

ჩვენი ეკლესიის წინამორბედებმა განვლეს ისეთი ცხოვრება, რომ მათ თამამად შეუძლიათ გაიმეორონ პავლე მოციქულის სიტყვეები: ,,მდინარება დავასრულე, რწმენა შევინარჩუნე”.

 

როგორც მორწმუნეს და როგორც ამ ქვეყნის შვილს, მე მეამაყება მათი წარსული. დღეს, როდესაც იმ რელიგიური მიმდინარეობების, პიროვნებების, აღიარება ხდება, რომლებიც საბჭოთა პერიოდში რწმენის გამო იდევნებოდნენ, ასობით ჩვენგანის უგულვებელყოფა  კვლავ მეორდება. ამიტომ, ბატონი პრემიერის სიტყვებს ბოლოს კითხვის ნიშანი მინდა დავუსვა და ისე გავიმეორე: ,,ჩვენ ყველა რელიგიას თანაბრად ვცემთ პატივს?”

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group