GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტუსაქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიარი ეკლესიის განცხადება 17 მაისთან დაკავშირებით

როდესაც ადამიანის ღირსების შელახვა და შევიწროვება ხდება სექსუალური ორიენტაციის გამო, იქნება ეს პირდაპირ თუ ირიბად, ყველა მოქალაქის, ყველა რელიგიური ადამიანის წმიდათა წმიდა ვალია გვერდში დაუდგეს დაჩაგრულსა და დამცირებულ უმცირესობას სამართლიანობისა და თანასწორობისთვის ბრძოლის საქმეში.

 

დედამიწის ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ჰომოფობია ოფიციალურად დაგმობილია. ჩვენში კი ამ თემაზე ლაპარაკი დღემდე საჩოთიროდ ითვლება.

 

ჩემი თაობის ხალხი საბჭოთა კავშირის დანგრევას არ ველოდით, არადა ყველას გულით გვინდოდა, რომ ნანინანატრ თავისუფლებას მოვსწრებოდით. თავისუფლება რომ მოვიდა, ბევრი ამბობდა - ჩვენ ტოტალიტარული სახელმწიფოდან კი გამოვედით, მაგრამ ვინ იცის რამდენი დრო დაგვჭირდება, რომ ტოტალიტარული სახელმწიფო გამოვიდეს ჩვენგანო. როგორც ჩანს, ისინი მართლები იყვნენ. ჩვენში ტოტალიტარული აზროვნების ბასტიონები ჯერაც არ არის საბოლოოდ დანგრეული. ერთ-ერთი მათგანი ჰომოფობიაა.

 

მე კარგად მესმის, რომ ეს თემა ძალიან სათუთია, მაგრამ ამ საკითზე დუმილს გამართლება არ აქვს, რადგან ჩვენ გვერდით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ჩვენს შვილებს, ნათესავებს, ახლობლებს ამ ნიშნით დევნიან, აშანტაჟებენ და აიძულებენ აკეთონ ის, რაც მათ არ სურთ, აყენებენ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას.

 

ჰომოფობია, როგორც მოვლენა, ემოციურად რიყავს და მარგინალიზაციას უკეთებს სექუალურ უმცირესობას. ჰომოფობების ერთი ნაწილისთვის ჰომოფობია წარმოადგენს საკუთარ ლატენტურ ჰომოსექუალობასთან ბრძოლის ხერხს.

 

ჰომოფობიური სიძულვილი და მტრობა აიძულებს ჰომოსექსუალების ერთ ნაწილს გამოსავალი ეძიონ ან საკუთარი ორიენტაციის გასაიდუმლოებაში და მიჩქმალვაში, ან საკუთარი უფლებების დასაცავად გამართულ ექსტრავაგანტულ ბრძოლაში.

 

ქრისტიან თეოლოგებს შორისაც არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება ლგბტ ცხოვრების წესთან დაკავშირებით. ამ საკითზე მჯელობა ხშირად  არა მარტო რელიგიური, არამედ სოციალური და პოლიტიკური პოლარიზაციის მიზეზი ხდება.

 

ერთი ნაწილი თეოლოგებისა თვლის, რომ როგორც საღმრთო წერილი, ისე საეკლესიო ტრადიცია (ეკლესიის მამები, კრებები) ცალსახად გმობს ჰომოსექუალური ცხოვრების წესს და მას ცოდვად მოიაზრებს.

 

თანამედროვე  თეოლოგების მეორე ნაწილი თვლის, რომ ყველანაირი სექუალური ურთიერთობის საფუძველი არის ორ ადამიანს შორის სიყვარული და ამდენად მათთვის სრულებით მისაღებია ერთგულებაზე და სიყვარულზე დაფუძნებული მონოგამიური ურთიერთობა. მათთვის ერთნაირად მიუღებელია, როგორც ჰეტეროსექსუალური ისე ჰომოსექსუალური აღვირახსნილობა.

 

ჯერჯერობით არ არსებობს საერთო აზრი - რომელი დამოკიდებულებაა თეოლოგიაში უფრო სწორი. ალბათ, კარგა ხანს არც მოხდება ამ ორი პოზიციის შეჯერება.  მაგრამ ის, რაშიც ყველანი თანხმდებიან არის ის, რომ ჰომოფობია უნდა ამოიძირკვოს საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროდან - ოჯახიდან, სასწავლებლიდან, სამსახურიდან, ეკლესიიდან, მეჩეთიდან და სინაგოგიდან. ეს იმიტომ, რომ თავად ჰომოფობია, ანუ ადამიანის მიმართ ირაციონალური შიში, ზიზღი, სიძულივილი და დევნა, წარმოადგენს უმძიმეს ცოდვას.

 

ადამიანს უფლება აქვს თავისი აზრი ქონდეს ჰომოსექსუალებზე, გამომდინარე მისი კულტურიდან, აღზრდიდან, განათლებიდან თუ სხვა შეხედულებებიდან, მაგრამ, თუ იგი რელიგიურია, მაშინ ის ვალდებულია უყვარდეს და არ სძულდეს ადამიანი. იუდეო-ქრისტიანულსა და ისლამურ ტრადიციაში ღმერთისა და ადამიანის სიყვარული სარწმუნოების საძირკველს წარმოადგენს.

 

ჰომოსქსუალი ისეთივე ‘მოყვასია’ როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი და თუ ეს ასეა ჩვენი სარწმუნოებრივი იმპერატივია მისი სიყვარული მაშინაც კი, როცა ჩვენთვის მიუღებლია მისი ცხოვრების წესი.  ამ სიყვარულის გამო მორწმუნე ადამიანის რელიგიური მოვალეობაა დაიცვას და გამოესარჩლოს ადამიანს, რომელიც მსხვერპლია დისკრიმინაციისა, ფიზიკური და ემოციური  შეურაცხყოფისა, რათა მისი უფლებები ბოლომდე გაუთანაბრდეს ჰეტეროსექსუალი ადამიანების უფლებებს. მესმის, რომ ბევრი ჩვენგანისათვის ადვილი არ არის განსხვავებული ადამიანის მიღება და სიყვარული, თუნდაც ეს ჩვენი რელიგიიდან მომდინარე იპერატივი იყოს. მაგრამ ამ ეტაპზე სიყვარულს თუ ვერ შევძლებთ, სიძულვილისგან მაინც შევძლოთ გათავისუფლება და თავის შეკავება.

 

ჰომოსექუალიც და ჰეტეროსექსუალიც ღვთის სახედ და ხატად არის შექმნილი, ორივენი ღვთის შვილები არიან, და ღმერთს ორივე ერთნაირად უყვარს. ზოგი ვიბადებით ქალად, ზოგი კაცად, ზოგი ცაციად და ზოგი მემარჯვენედ, ზოგი შავკანიანად, ზოგი თეთრკანიანად, ზოგი ჰეტეროსექსუალად, ზოგი ჰომოსექსუალად, ზოგი ტრანსგენდერად. რად დავიბადებით, ამის არჩევანს ჩვენ არ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი ნაკლი კი არ არის კაცობრიობისა, არამედ ნიჭია ღმერთის მიერ ნაბოძვარი. ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა მოვიშველიოთ სულმნათი შოთა, რომლის მიხედვითაც ღმერთმა ‘კაცთა მოგვცა სამყარო, გვაქვს უთვალავის ფერითა.’ ჩვენს ცივილიზაციას დრო დასჭირდა, რომ მრავალფეროვნება გაეაზრებინა და დაეფასებინა. იყო დრო, როცა შავკანიანობაც ან ცოდვის შვილობად  ან გამოუსწორებელ ნაკლად მიაზრებოდა. საბედნიეროდ ბევრგან ამ მხრივ აზრი კარგა ხანია შეიცვალა. სამწუხაროდ, ზოგიერთ საზოგადოებაში, სადაც შავკანიანები უმცირესობაში არიან, დღესაც ხდება მათი მარგინალიზაცია და დისკრიმინაცია. იგივე ხდება სხვა უმცირესობებთან მიმართებაშიც.

 

იესო ქრისტე ყველაზე მეტ ყურადღებას საზოგადოების მიერ მარგინალიზირებულებსა და მოძულებულებს უთმობდა. ის თანალმობისა და სიყვარულის უფალი იყო და არის.

 

ეფრემ ასური თავის პოეზიაში ხოტბას ასხამს არჩევნის თავისუფლებას, რომლის წყალობითაც ადამიანს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს: თანაგრძნობის მხარეზე იდგეს თუ არაადამიანურობის. იქნებ საქართველოშიც მოვიდა დრო, რომ ყველამ განსხვავებული ადამიანის მიმართ თანაგძნობა ავირჩიოთ მეგზურად და საბოლოოდ გავემიჯნოთ არაადამიანურობას. თანაგრძნობა რომ ყოფილიყო ჩვენი მეგზური ვინ მოსთვლის აქამდე რამდენი უბედურების თავიდან აცილებას შევძლებდით.

 

კარგი ამბავი ის არის, რომ დაგვიანებული არც როდის არ არის აზრის შეცვლა და საღი დამოკიდებულების არჩევა.  იქნებ იმის დრო მოვიდა, რომ ბოლო მოვუღოთ ადამიანის დისკრიმინაციას სექსუალური ორიენტაციის გამო და გავთავისუფლდეთ ცრუ  აზრებისაგან და ცრუ წარმოდგენებისგან.

 

იქნებ იმის დროა, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ საკითხზე იყოს გულწრფელი საუბარი, რათა ლგბტ თემის წარმომადგენლებმა თავი დაცულად და საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ.

 

ჩვენმა ქვეყანამ თავისი განვითარების დემოკრატიულ და თანამედროვე მიმართულებაზე გააკეთა არჩევანი. თანამედროვე დემოკრატიაში შეუძლებალია ადგილი ჰქონდეს ადამიანის დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნითა და ფორმით.

 

ჩვენ გვჭირდება გავთავისუფლდეთ ცრუ წარმოდგენებისგან ლგბტ თემის წევრების მიმართ. სრულებით საფუძველმოკლებულია იმის შიში, რომ ისინი საზოგადოებისთვის რამე საფრთხეს წარმოადგენენ. ასეთი დამოკიდებულება მიუღებელია. ეს სირცხვილია და სიბნელე.

 

საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესია

15 მაისი 2013

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group