GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ქრისტიანულ–მუსლიმური საბჭოს ვიზიტი

2013 წლის 18 აპრილს სახალხო დამცველთნ არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა, სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, უმასპინძლა დიდი ბრიტანეთის ქალაქ ჰაი ვიკომბის მერს ჩანდრი შაფიკსა და ჰაი ვიკომბის ქრისტიანულ–მუსლიმური საბჭოს წარმომადგენლებს ლოურენს სმაისა და რანა საფრაზს. ქალაქის მერი, რომელიც მუსლიმური აღმსარებლობისაა, ამავდროულად, ხსენებული საბჭოს წევრიცაა.

 

დელაგაცია საქართველოში თბილისის მერიისა და ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, მალხაზ სონღულაშვილის მოწვევით იმყოფებოდა.

 

შეხვედრის მიზანი იყო ქრისტიანულ–მუსლიმური საბჭოს გამოცდილების გაზიარება რელიგიათა შორის დიალოგის ხელშეწყობისათვის საქართველოში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები, თბილისის ჯუმა–მეჩეთის იმამი იასინ ალიევი, საქართველოს მუფთის მოადგილე ადამ შანთაძე, ქართველ მუსლიმთა კავშირის თავჯდომარე ტარიელ ნაკაიძე,  ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი, ქორეპისკოპოსი ილია ოსეფაშვილი და ეპისკოპოსი მერაბ გაფრინდაშვილი, სომეხთა წმინდა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მთვდელმსახური ნარეკ კუშანი, სახარებისეული რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ოლეგ ხუბაშვილი, სახერებისეული რწმენის ეკლესიის წარმომადგენელი ლელა ხონელიძე, და ევნაგელურ–ლუთერული ეკლესიის პასტორი გარი აზიკოვი.

 

შეხვედრაზე ჩანდრი შაფიკმა და ლოურენს სმაიმ ისაუბრეს ქრისტანულ–მუსლიმური საბჭოს საქმიანობაზე, იმ მნიშვნელობასა და გავლენაზე, რასაც ამ საბჭოს საქმიანობა ახდენს მულტიკულტურული და მულტირელიგიური ქალაქის საზოგადოების ჰარმონიულ თანაცხოვრებაზე.

 

საუბარი გაიმართა იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რის წინაშეც მუსლიმური თემი დგას საქართველოში, განსაკუთრებით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. განხილული იქნა ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საკითხი და ბოლო დროს გახშირებული შეუწყნარებლობის შემთხვევები აჭარაში მცხოვრები მუსლიმების წინააღმდეგ.

 

შეხვედრის მონაწილეთა საერთო აზრი იყო, რომ საქართველოში ქრისტიანულ და მუსლიმურ თემებს შორის დიალოგის წახალისება დიდწილად განმუხტავდა არსებულ დაძაბულობას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე გამოთქვეს იმედი, რომ ამ დიალოგში აქტიურად ჩაერთვება საქართველოს მართლმადედებელი ეკლესია.

 

***

 

ძველი ინგლისური ქალაქი ჰაი ვიკომბი ინგლისთან ახლოს მდებარეობს. მისი მოსახლეობა დაახლოებით 100 000 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის დაახლოებით მესამედი მუსლიმური აღმსარებლობისაა – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950–იან წლებში ინგლისის ყოფილი კოლონიებიდან ემიგრირებული ადამიანების ნაწილი ამ ქალაქში დასახლდა, განსაკუთრებით დიდია პაკისტანური თემი, 1990–იანი წლების შემდეგ კი ქალაქს აღმოსავლეთ ევროპელი მიგრანტებიც შეემატნენ.

 

მულტიკულტურული და მულტირელიგიური ქალაქის მოსახლეობა ჰარმონიულად თანაცხოვრებს, თუმცა  2005 წელს ლონდონში მომხდარი ტერორისტული აქტის შემდეგ ამ ურთიერთობებს საფრთხე დაემუქრა. ინგლისის პოლიციის რეიდები ქალაქ ვიკომბში სამი თვის მანძილზე გრძელდებოდა. ამ ფაქტმა საკმაოდ დაძაბა ქალაქის სოციალური ურთიერთობები, იყო ძალადობის შემთხვევებიც და არსებობდა საშიშროება, რომ პროცესი უმართავ ძალადობაში გადაიზრდებოდა.

 

სწორედ ამ დროს, ინგლისის ანგლიკანური ეკლესიის წევთა ინიციატივით, მუსლიმური წარმოშობის სამოქალაო აქტივისტს, დღეს ჰაი ვიკომბის მერს, ჩანდრი შაფიკს დაუკავშირდა ანგლიკანური ეკლესიის ეპისკოპოსი დევიდ პიკერი და სიტუაციის მოსაგვარებლად თანამშრომლობა შესთავაზა. ქალაქ ჰაი ვიკომბის  ანგლიკანურ ეკლესიაში შეიკრიბნენ მუსლიმი სასულიერო პირები და საზოგადო მოღვაწეები. მათ, ქრისტიან სასულერო პირებთან და მრევლთან ერთად, შეიმუშავეს ერთობლივი მიმართვა. ამ განცხადებით დაიგმო ტერორისტული აქტები და ითქვა, რომ ერთი ადამიანის დანაშაულის გავრცელება მთელ თემზე და რელიგიაზე დაუშვებელია. „მიმართვამ არა მხოლოდ წარმატებით გადაგვალახინა კრიზისი  – განაცხადა მერმა – არამედ კიდევ უფრო შეკრა და გააერთიანა ჩვენი ქალაქის საზოგადოება“.

 

ამ მოვლენის შემდეგ დაფუძნდა ქალაქის ქრისტიანულ–მუსლიმური საბჭო, რომელშიც 6–6 ქრისტიანი და მუსლიმი სასულიერო პირი და სამოქალაო საზოგადოების წარმომადგენლები შედიან. ისინი დღემდე ყველა საკითხს მოლაპარაკებისა და დიალოგის გზით წყვეტენ, ერთობლივად სტუმრობენ სკოლებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებს, ესწრებიან ერთამენთის რელიგიურ დღესასწაულებს და თანამოქალაქეებს ტოლერანტობისა და ჰარმონიული თანაცხოვრების მაგალითს აძლევენ.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group