GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ვაცლავ ჰაველი

2011 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა ჩეხი პოლიტიკოსი; ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. ჰაველი ცნობილი დოკუმენტის  –  „პრაღის დეკლარაცია ევროპის ნებისა და კომუნიზმის შესახებ” ავტორია. იგი ევროპაში კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი დისიდენტია.

"ხავერდოვანი რევოლუციის შედეგად" ჰაველი პრეზიდენტი გახდა. ამ თანამდებობაზე ჰაველმა ჯერ ჩეხოსლოვაკია შემეგ კი ჩეხეთი მრავალპარტიულ დემოკრატიად აქცია. მისი მმართველობის 13 წელიწადში, ქვეყანამ რადიკალური ცვლილება განიცადა – გახდა ნატოს წევრი და დაიწყო ევროპის კავშირის წევრობაზე დიალოგი, რაც 2004 წელს, ჰაველის თანამდებობიდან წასვლის წლისთავზე, ჩეხეთის ევროკავშირში გაწევრიანებით დასრულდა.

ჰაველის სიტყვა "ვაცლავ ჰაველის სახელობის სამოქალაქო საზოგადოების სიმპოზიუმზე” 

თუ კომუნისტური ტიპის ტოტალიტარული სისტემის თანაარსებობა შესაძლებელია კერძო საკუთრებასა და, ზოგ შემთხვევაში, კერძო წარმოებასთანაც კი, გამორიცხულია ამგვარი სისტემის არსებობა განვითარებულ სამოქალაქო საზოგადოებაში. ჭეშმარიტი სამოქალაქო საზოგადოება - ნამდვილი დემოკრატიის საფუძველი - ვერასოდეს შეეთვისება ტოტალიტარულ მმართველობას. სწორედ ამიტომ შემთხვევითი არ ყოფილა, რომ კომუნისტური რეჟიმის დამყარებას თან მოჰყვა სამოქალაქო საზოგადოებაზე ყველაზე ძლიერი და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო იერიში.

 
სიტყვის თავისუფლება, რაც უმალ ჩაიხშო კომუნისტური სისტემის დამყარებისთანავე, ორმოცდაერთი წლის შემდეგ ასევე ერთ დღეში აღდგა. შესაძლებელი გახდა კომუნისტური პარტიის მმართველი როლის შესახებ კონსტიტუციაში არსებული დებულებების მყისიერად გაუქმება, სხვა პარტიების დაარსება და თავისუფალი არჩევნების ჩატარება. ჩვენ საკმაოდ მოკლე დროში შევძელით ნაციონალიზებული ეკონომიკის დიდი ნაწილი კონკრეტული მფლობელებისათვის გადაგვეცა.

 
რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოებას, აქ საქმე ბევრად უფრო რთულად გვაქვს. მის აღდგენას წლები დასჭირდება. მიზეზი ნათელია: სამოქალაქო საზოგადოების სტრუქტურა საკმაოდ რთული, ძალიან სათუთი და ხანდახან ამოუცნობი ორგანიზმია, რომლის ჩამოყალიბებას ათწლეულები, ზოგჯერ კი საუკუნეები სჭირდება. ის იზრდება ბუნებრივი განვითარების შედეგად და ასახავს ადამიანის აზროვნებისა და ზნეობის ევოლუციას, საზოგადოების თვითშემეცნებისა და ცოდნის დონეს და სამოქალაქო ცნობიერებასა და თვითშეგნებას. წლების განმავლობაში არარსებული სამოქალაქო საზოგადოების აღდგენა მმართველი პარტიის მიერ მიღებული კანონების, დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების საფუძველზე შეუძლებელია. სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების ერთადერთი გზა მისთვის ხელსაყრელი გარემოს მოთმინებით შენება და საზოგადოების სულისკვეთების იმ მახასიათებლების გაძლიერებაა, რაც ხელს უწყობს მის წინსვლას.

 
ნება მომეცით, ვისარგებლო შემთხვევით და მოგახსენოთ, თუ რას ვფიქრობ პოსტკომუნისტური გამოცდილების ფონზე სამოქალაქო საზოგადოების ძირითად ელემენტებსა და მის მნიშვნელობაზე.

 
უპირველეს ყოვლისა, რა არის სამოქალაქო საზოგადოება?

 
ზოგადად ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ ის, როგორც საზოგადოება, სადაც მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი _ მრავალი პარალელური, ურთიერთშემავსებელი გზით - საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მატერიალური დოვლათის მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში. მონაწილეობის ხარისხი, ხასიათი და ინსტიტუციური ფორმა ძირითადად დამოკიდებულია თავად მონაწილეებზე, მათ ინიციატივასა და წარმოსახვის უნარზე, თუმცა ეს, ბუნებრივია, გარკვეულ სამართლებრივ საფუძველს ემყარება. ამრიგად, ეს არის საზოგადოება, რომელიც არა მხოლოდ ინდივიდს და ჯგუფს აძლევს შემოქმედებით თავისუფლებას, როგორც საზოგადოებრივი მოღვაწეობის მნიშვნელოვან კომპონენტს, არამედ უშუალოდ ამ შემოქმედებით უნარს ეფუძნება. ასეთ საზოგადოებაში სახელმწიფოსა და სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციები შემოიფარგლება იმით, რასაც სხვა ვერავინ გააკეთებს – ეს არის კანონმდებლობის შემუშავება, ეროვნული თავდაცვა და უშიშროება, მართლმსაჯულების აღსრულება და ა.შ. 
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოება სამ ძირითად ბურჯს ეყრდნობა.

 
პირველი ბურჯია გაერთიანება, ამ სიტყვის ფართო გაგებით - ადამიანების თავისუფალი გაერთიანება სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში: კლუბებში, სათემო ჯგუფებში, სამოქალაქო ინიციატივებში, ფონდებსა და საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ეკლესიებსა და პოლიტიკურ პარტიებში. ადამიანები ერთიანდებიან ამ ორგანიზაციებში ისეთი მიზნებით, რომელთა მიღწევა ჯგუფურად უფრო იოლია, ვიდრე ინდივიდუალურად. ორი არსებითი საკითხია, რომელთა გამოც ამ სახის გაერთიანებისთვის – რომელსაც საზოგადოების თვითსტრუქტურიზაციამდე მივყავართ - ამოსავალი წერტილია უშუალოდ ბიზნესთან ან მატერიალურ სარგებელთან დაკავშირებული ინტერესებისგან განსხვავებული ინტერესები; და სახელმწიფო, როგორც მთელი საზოგადოების წარმომადგენელი, მხარს უჭერს ამგვარ გაერთიანებებს და გვთავაზობს მათი მოქმედებისთვის ხელსაყრელ პირობებს. სახელმწიფო ამას აკეთებს ორი მიზეზის გამო: პირველი - საზოგადოების სტაბილურობა, ჰარმონია და წარმატება დიდად არის დამოკიდებული იმაზე, აქვთ თუ არა მოქალაქეებსა და მათ დაჯგუფებებს სხვადასხვა ლეგიტიმური ინტერესის (ისეთი ინტერესის, რომელიც არ არის მოგებაზე ორიენტირებული) დაკმაყოფილების საკმარისი საშუალება, და მეორე _ იმიტომ, რომ ამ არასარფიანი საქმიანობის უმეტესი ნაწილი ემსახურება არა მხოლოდ იმ ადამიანებს, ვინც მათში მონაწილეობს, არამედ მოაქვს უფრო ფართო სარგებელი, რომლითაც ამა თუ იმ სახით ყველას შეუძლია ისარგებლოს. 
სამოქალაქო საზოგადოების მეორე ბურჯია სახელმწიფო მართვის სისტემაში არსებული ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა. ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეები ირჩევენ არა მხოლოდ ცენტრალური წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, არამედ თავიანთ წარმომადგენლებსაც მუნიციპალიტეტებისა და რეგიონების ადგილობრივ თვითმმართველობაში, და რომ ეს - უფრო დაბალი დონის - წარმომადგენლობითი ორგანოები სათანადო უფლებამოსილებასა და საკუთარ ფინანსურ სახსრებს ფლობენ. ყველაფერი ის, რაც არ არის აუცილებელი გადაწყდეს ცენტრალური ხელისუფლების ან მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანოების მიერ, უნდა გადაწყდეს ადგილობრივად არჩეული წარმომადგენლების მიერ უფრო დაბალ დონეზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი - და, ამავდროულად, მისი განვითარების ფორმა ან წინაპირობა - არის დეცენტრალიზებული სახელმწიფო.

 
რასაკვირველია, სახელმწიფოს კანონით განსაზღვრული სოციალური მოვალეობები აკისრია - შეიძლება ითქვას, რომ ეს მოვალეობები სახელმწიფოს არსებობის ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს. ეს მოვალეობები მოიცავს სოციალური უზრუნველყოფის, ჯანდაცვის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებს. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი ამ მოვალეობების შესრულებისა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი ერთადერთი უნდა იყოს, ვინც მათ განახორციელებს.

 
სახელმწიფო, ჩვეულებრივ, არც კარგი ექიმია და არც კარგი მასწავლებელი. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების მესამე ბურჯს უნდა წარმოადგენდეს სხვა ორგანიზაციებისათვის სახელმწიფოს მიერ გარანტირებული ზოგიერთი ფუნქციის გადაცემის მოქნილი სისტემა, რასაც თან უნდა ახლდეს ამ ორგანიზაციების კონტროლისა და მხარდაჭერის ასეთივე მოქნილი სისტემა. სკოლები, საავადმყოფოები, თეატრები და მსგავსი დაწესებულებები – თუკი ისინი კომერციული კომპანიების სახით არ მოქმედებენ _ არ უნდა წარმოადგენდნენ სახელმწიფოს ისეთ ნაწილს, როგორიც ჯარი და პოლიციაა. მათ უნდა ჰქონდეთ სტატუსი არაკომერციული ორგანიზაციებისა, რომელთა მიმართაც სახელმწიფოს, უბრალოდ, გარკვეული უფლებები აქვს და, ასევე, გარკვეული მოვალეობები აკისრია.

 
სამოქალაქო საზოგადოების სამივე ბურჯი – ადამიანების გაერთიანება სხვადასხვა ორგანიზაციებში, სახელმწიფოს დეცენტრალიზაცია და მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი ორგანიზაციებისათვის საკუთარი ფუნქციებიდან ზოგიერთის გადაცემა - არის ის სამი ძირითადი მიზანი, რომლებსაც უნდა მივაღწიოთ ჩემს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების აღდგენის პროცესში. 
ყოველივე ეს თქვენთვის ალბათ ისედაც ცხადია, შეიძლება გიკვირთ კიდეც, რატომ ვლაპარაკობ ამდენს ასეთ ბანალურ თემებზე. 
დიახ, მე ვიცი, რომ ამერიკაში _ ქვეყანაში, სადაც ალბათ მსოფლიოში ყველაზე უფრო განვითარებული სამოქალაქო საზოგადოებაა _ შეიძლება გასაკვირი იყოს, თუ რა საჭიროა ლაპარაკი იმაზე, რაც თავისთავად ცხადია.

 
აქ და ამ მომენტში ამ თემებზე მსჯელობა ერთ მიზანს ემსახურება: მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ამერიკა მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული როლის შესრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ სხვა ერების პრობლემებს გაიგებს. ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, ისევე, როგორც სხვა პოსტკომუნისტური ქვეყნებისათვის, სამოქალაქო საზოგადოების აღდგენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, თუმცა ამ მიზნის მიღწევისგან ჯერ კიდევ შორს ვართ.

 
აღარ გავიმეორებ, რომ ეს ძალიან რთული პროცესია – არა მარტო ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე, რაც უკვე აღვნიშნე, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენი ახალი პოლიტიკური ლიდერების ნაწილი ან გულგრილია სამოქალაქო საზოგადოების აღდგენის იდეის მიმართ, ან ეწინააღმდეგება კიდეც მას. როგორც კი იგდებენ ხელში ძალაუფლებას, მაშინვე ითავისებენ სახელმწიფოს ზოგად სურვილს, არაფერი დათმოს იქიდან, რაც მოუპოვებია. პარადოქსია, მაგრამ დღეს საკმაოდ ბევრი დემოკრატი თუ ანტიკომუნისტი პოლიტიკოსი იცავს სახელმწიფოს გადამეტებულ ძალაუფლებას, რაც კომუნისტური ეპოქის გადმონაშთია.

 
სწორედ ამიტომ არის, რომ ჩემს ქვეყანაში ბევრი სკოლა, საავადმყოფო, კულტურული დაწესებულება და სხვა ორგანიზაციები ჯერ კიდევ იმართება ცენტრალიზებული მმართველობის მოძველებული, ხშირად აბსურდული და ეკონომიკური თვალსაზრისით წამგებიანი წესებით, თუმცა მათ დიდი ხნის წინ შეეძლოთ გამხდარიყვნენ თანამედროვე არაკომერციული ორგანიზაციები, რომლებსაც სახელმწიფო ან შორიდან ადევნებდა თვალს, ან გამჭვირვალე პროცედურების მეშვეობით მხარს დაუჭერდა.

 
სწორედ ამიტომ არის, რომ დებატები სახელმწიფოს დეცენტრალიზაციის შესახებ უკვე ცხრა წელია უშედეგოდ მიმდინარეობს; არც ერთ სახელმწიფო დაწესებულებას არ სურს გადასცეს უფლებამოსილება რეგიონებს ან მუნიციპალიტეტებს. ამის გამოა, რომ _ გარდამავალი ეკონომიკის საჭიროებებიდან გამომდინარე – ჩემს ქვეყანაში გადასახადები ჯერ კიდევ ძალიან მაღალია: სახელმწიფოს რეალურად უწევს ათასი ისეთი ხარჯის გაწევა, რაც არ დასჭირდებოდა განვითარებული სამოქალაქო საზოგადოების არსებობის პირობებში, რადგან მოქალაქეები თავად გადაიხდიდნენ ამ ხარჯებს. 
კონსერვატიზმს არაფერი აქვს საერთო იდეოლოგიასთან. როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს იდეოლოგიური გამართლება უპოვოს საკუთარ სურვილს, არ დაუშვას სახელმწიფო ძალაუფლების შემცირება, ისინი, ჩვეულებრივ, ასეთ რამეს ამბობენ: `ხალხმა ჩვენ აგვირჩია; მათი სურვილი იყო, რომ ჩვენ გვემართა სახელმწიფო. ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი იერიშია წარმომადგენლობით დემოკრატიაზე, პოლიტიკურ პარტიებზე და ზოგადად პოლიტიკურ სისტემაზე. რესურსების სოციალური გადანაწილება სახელმწიფოს მოვალეობაა და ეს ფუნქცია არ უნდა დაეკისროს სხვებს. პარალელური სტრუქტურების ჩამოყალიბების და მხარდაჭერის ნებისმიერი მცდელობა, რაც პოლიტიკურად ცენტრიდან არ კონტროლდება, საპარლამენტო დემოკრატიის ეჭვქვეშ დაყენების ტოლფასია.~ სამოქალაქო საზოგადოებისადმი რწმენა ჩეხეთში ბევრი ადამიანის მიერ ჯერ კიდევ ითვლება მემარცხენეობად, ანარქიად; ზოგი მას ფაშიზმის წინამორბედადაც მოიხსენიებს.

 
რა თქმა უნდა, ეს უაზრობაა: სამოქალაქო საზოგადოება, როგორც უკვე აღვნიშნე, სინამდვილეში დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ერთადერთი მყარი საფუძველია. პოლიტიკური პარტიები და დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუტები სრულყოფილად მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებენ, როცა განვითარებულ და პლურალისტურ სამოქალაქო გარემოში ეძებენ ძალასა და შთაგონებას და მზად არიან მიიღონ ჯანსაღი კრიტიკა ამავე გარემოდან. ეს არ ისახავს მიზნად პარლამენტის, მთავრობის ან პოლიტიკური პარტიების გარიყვას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან ან მათ შეცდენას. პირიქით: ძირითადი მიზანია ამ ინსტიტუტებს ხელი შეეწყოთ ისე მუშაობაში, რომ გაამართლონ თავიანთი არსებობა, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი, რაც წარმოადგენს დემოკრატიული სისტემის კულმინაციას. ცოცხალი, მრავალფეროვანი სტრუქტურის მქონე სამოქალაქო საზოგადოების გარეშე სახელმწიფოში არსებული პოლიტიკური პარტიები და მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტიტუტები კვდებიან, აკლიათ ახალი სისხლი, კარგავენ მამოძრავებელ და შემოქმედებით ძალას და გადაიქცევიან პოლიტიკური პროფესიონალების დახურულ უუნარო ჯგუფებად, რომლებიც ძირითადად არავითარ საზრდოს არ ღებულობენ გარედან.

 
ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მტკიცება იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარება არის შეტევა არსებულ პოლიტიკურ სისტემაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ მათ არ სურთ გაუნაწილონ ძალაუფლება სხვებს. ეს იგივეა, რომ პარტიებმა გვითხრან: `ქვეყნის მართვა ჩვენი საქმეა, თქვენი კი - ჩვენს შორის არჩევანის გაკეთება და სხვა არაფერი.~ 
ღირს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების აღდგენისათვის ბრძოლა, მიუხედავად მის მიმართ მტრული დამოკიდებულებისა? რა არის მისი უპირატესობა და რა არის ის, რაც მის უმთავრეს აზრს წარმოადგენს? 
ნება მომეცით, განვიხილო რამდენიმე ძირითადი ფაქტი.

 
პირველი: სამოქალაქო საზოგადოება წარმოშობს ჭეშმარიტ პლურალიზმს, ხოლო პლურალიზმი, ბადებს რა კონკურენციას, ქმნის ხარისხს. ამ მხრივ საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკას შორის მსგავსებაა. რაც უფრო მრავალფეროვანი და დამოუკიდებელია ფართო მასებიდან წამოსული, ყველა სფეროში მოქმედი ინიციატივები, მით უფრო დიდია შანსი, თავისუფალი კონკურენციის პირობებში გამოვლინდეს ამ ინიციატივებს შორის საუკეთესო. მინდობა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლებისა თუ ცენტრალური პოლიტიკური ორგანოების უნარზე, მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის უკეთესი, რა და როგორ უნდა გაკეთდეს, ნიშნავს, რომ ძალაუფლება და ჭეშმარიტება გააიგივო ერთმანეთთან. ჩვენ ვიცით, ან უნდა ვიცოდეთ, ისტორიულად რა შედეგი მოჰყვება მსგავს დამოკიდებულებას. ეს რეგრესია. ვინც ანი თქვა, აუცილებლად უნდა თქვას ბანიც. თუ თავისუფლება გვინდა, არსებობის უფლება უნდა მივცეთ იმასაც, რაც მისი ბუნებრივი პროდუქტია, მისი გამოხატულება და მისი რეალური ხორცშესხმაა _ ანუ არსებობის უფლება უნდა მივცეთ სამოქალაქო საზოგადოებას.

 
მეორე აშკარა ფაქტი, დაკავშირებული პირველთან, არის ის, რომ რაც უფრო მრავალფეროვანი და წარმატებულია სამოქალაქო საზოგადოება, მით უფრო მყარია შიდა პოლიტიკური სიტუაცია. ეს გასაგებიც არის. სამოქალაქო საზოგადოება იცავს მოქალაქეებს პოლიტიკური ძალაუფლების შიგნით მომხდარი ცვლილებების ზემოქმედებისგან. შედარებით დაბალ დონეებზე ის ისრუტავს ასეთი ცვლილებების შედეგებს, გადაამუშავებს მათ და აწესრიგებს კიდეც. ამ გზით ის ამსუბუქებს პოლიტიკურ ცვლილებებს ან იმას მაინც უზრუნველყოფს, რომ ეს ცვლილებები არ იყოს საბედისწერო. მოქმედი სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები არ უნდა აღიქმებოდეს ქარიშხლად, რომელიც ყველაფერს მიწასთან ასწორებს. მაგრამ როდესაც სამოქალაქო საზოგადოება არ არის საკმარისად განვითარებული, პოლიტიკურ ცენტრში აღმოცენებული ყველა პრობლემა მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებაში ილექება, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები აღწევს ხელისუფლებამდე და ამიტომ მას (ხელისუფლებას) ისეთი საკითხების გადაწყვეტა უხდება, რომელთა მოგვარება სხვა შემთხვევაში არ მოუწევდა – და ეს იმ პრობლემების მოგვარების ხარჯზე ხდება, რომლებიც სწორედ რომ ხელისუფლების გადასაჭრელია, ვინაიდან ის არის მათზე პასუხისმგებელი. შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოება არა მხოლოდ პოლიტიკური ქაოსისგან დამცავი საუკეთესო საშუალებაა, არამედ ავტორიტარული ძალების აღზევებისგანაც გვაზღვევს – ეს ძალები ყოველთვის მაშინ იჩენს ხოლმე თავს, როდესაც საზოგადოებაში რაიმე ძვრები ხდება ან საზოგადოება თავს დაუცველად გრძნობს. რაც უფრო მეტი ძალაუფლება უპყრია ხელთ ცენტრალურ ხელისუფლებას, მით უფრო ხელსაყრელი პირობები ექმნება ასეთ ძალებს იმისათვის, რომ ქვეყანაზე კონტროლი დაამყარონ. კომუნისტებმა შესანიშნავად იცოდნენ, თუ რატომ უნდა ეკონტროლებინათ მეფუტკრეთა თითოეული ასოციაცია და რატომ უნდა მოეხდინათ მისით მანიპულირება.

 
მესამე: არა მგონია, ადამიანი მაინცდამაინც კარგი ეკონომისტი ან მათემატიკოსი უნდა იყოს, რომ მიხვდეს, რამდენს იხდის სამოქალაქო საზოგადოება. როდესაც ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება, მეტი თანხა უნდა შეგროვდეს გადასახადებიდან; მნიშვნელოვანი რაოდენობა ამ თანხისა იკარგება ზემოთ და ქვემოთ მოძრაობისას  იგი გადარიცხვებზე იხარჯება. სისტემაში, რომელიც საგადასახადო შეღავათებს უშვებს, საზოგადოებისთვის სასარგებლო ინიციატივები უკეთ ფინანსდებიან, ვიდრე იმ შემთხვევაში დაფინანსდებოდნენ, ეს თანხები გადასახადების სახით რომ გროვდებოდეს. გარდა ამისა, მოკლე და პირდაპირი კავშირი ფულის გადამხდელსა და იმ მიზანს შორის, რომელსაც ის აფინანსებს, საშუალებას აძლევს დამფინანსებელს უკეთესად გაიგოს როგორ იხარჯება ფული; ეს ცუდი მენეჯმენტის რისკის შემცირების კარგი საშუალებაა. აღარაფერს ვამბობ პლურალიზმის ფასდაუდებელ ეკონომიკურ ღირებულებაზე, რაც ძლიერდება გადანაწილების სისტემის დეცენტრალიზაციით. კიდევ იმას დავამატებდი, რომ კონკრეტული დონორი უკეთ ერკვევა საზოგადოების საჭიროებებში, რომლებიც დონორის ინტერესთა სფეროშია, ვიდრე საუკეთესო საჯარო მოხელე ნებისმიერ სამინისტროში.

 
მეოთხე: და მაინც, სამოქალაქო საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ასპექტი სხვა რამეა; ეს ის ფაქტია, რომ სამოქალაქო საზოგადოება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოახდინოს საკუთარი თავის – ანუ სახეობისა, რომელსაც ზოონ პოლიტიცონ, ანუ სოციალური ცხოველი, ეწოდება _ ნამდვილი და სრული რეალიზაცია. ადამიანები არ არიან მხოლოდ მწარმოებლები, მოგების მომხვეჭელნი ან მომხმარებლები. ისინი ასევე არიან (და ეს, შესაძლოა, მათი ყველაზე სიღრმისეული მახასიათებელია) არსებები, რომელთაც სხვებთან ყოფნის სურვილი აქვთ, ეძებენ თანაარსებობისა და თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმას, სურთ მონაწილეობა მიიღონ ცალკეული ჯგუფისა თუ საზოგადოების ცხოვრებაში და ზემოქმედება მოახდინონ იმაზე, რაც მათ გარშემო ხდება. თავისი არსიდან გამომდინარე ადამიანი მიდრეკილია იმისკენ, რომ არ იყოს გულგრილი სხვებისა და საზოგადოების მიმართ. ადამიანებს სურვილი აქვთ, რომ მათი საქმიანობა ფასდებოდეს. კაცობრიობა სინდისის, სხვებისადმი სიყვარულის მორალურ კოდექსს წარმოადგენს. სამოქალაქო საზოგადოება არის ერთ-ერთი ფორმა, რომელშიც მთლიანად უნდა გამოვლინდეს ჩვენი ადამიანური ბუნება, მისი ყველაზე სათუთი ელემენტები, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია. 

სამოქალაქო საზოგადოება, ყოველ შემთხვევაში, ჩემი აზრით, არის მსოფლიოსადმი ადამიანის პასუხისმგებლობის განხორციელების შესაძლებლობებიდან ერთ-ერთი. 

არა მგონია, აუცილებელი იყოს იმის აღნიშვნა, თუ რამდენად საჭიროა დღევანდელ მსოფლიოში, რომელსაც ესოდენ ბევრი საფრთხე ემუქრება, ამგვარი შესაძლებლობის გაფრთხილება და ხელშეწყობა. 

საბოლოოდ ამას მივყავარ საკითხამდე, რომელიც ალბათ თანაბრად ეხება როგორც ჩემს თანამოქალაქეებს, ისე თქვენ. დღევანდელ მსოფლიოში – თავისი გლობალური, მატერიალისტური და საკუთარი თავისთვის საფრთხის მატარებელი ცივილიზაციით – ერთ-ერთი საშუალება სულ უფრო მზარდ საშიშროებასთან საბრძოლველად არის უნივერსალური სამოქალაქო საზოგადოების მეთოდური შენება. ჩემი აზრით, მომავალი საუკუნის სახელმწიფომ – სწრაფად მზარდი კაცობრიობის არსებითი ინტერებიდან გამომდინარე – ეროვნული ამბიციების მისტიკური განსახიერებიდან და კერპიდან საკუთარი თავი სამოქალაქო მართვის ერთეულად უნდა გარდაქმნას; მან უნდა აღიაროს, რომ აუცილებელია ძალაუფლების საკმაოდ დიდი ნაწილის გადაცემა ან ქვედა დონეებისათვის, ანუ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზმებისათვის, ან მასზე მაღალი დონეებისთვის – ანუ ტრანსნაციონალური თუ გლობალური – და, შესაბამისად, ნამდვილად სამოქალაქო _ გაერთიანებებისა და ორგანიზაციებისათვის. 
მე ნამდვილად არა ვარ პატრიოტიზმის წინააღმდეგი. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა ისევე, როგორც ჩვენი ოჯახი, სოფელი თუ ქალაქი, ჩვენი პროფესია, პლანეტა, რომელზეც ვცხოვრობთ და რომელზეც ჩვენი სამშობლოა. მე მხოლოდ ნაციონალიზმის – ნაციონალური კუთვნილების ყველაფერზე ზემოთ ბრმად დაყენების - წინააღმდეგი ვარ.

 
მე არც რომელიმე რელიგიის, კულტურის ან ცივილიზიციის ცალკეული ტრადიციების წინააღმდეგი ვარ. ჩემთვის მიუღებელია ყველა სახის ფანატიზმი და ფუნდამენტალიზმი, რომელიც, ისევ და ისევ, გარკვეულ ადამიანებს სხვებზე მაღლა აყენებს. 
ვფიქრობ, რომ ყველაზე თავისუფალი წყობა – ანუ ის, რომელიც საუკეთესო საშუალებას აძლევს ადამიანის ყველა სახის თვითგამოხატვას განვითარდნენ ერთმანეთის გვერდით – არის წყობა, რომელიც ემყარება სამოქალაქო პრინციპს, წყობა, რომელსაც საფუძვლად უდევს რწმენა მოქალაქეობისა და ურთიერთპატივისცემისა.

 
ასეთი სამოქალაქო წყობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულება არის ის, რასაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოებას ვუწოდებთ. 
წარმატებას გისურვებთ ამ თემაზე დისკუსიაში და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც მიუკერძოებლად ფიქრობს ამ საკითხზე, გზას გვიკაფავს უკეთესი მომავლისაკენ.

მაკალესტერის კოლეჯი, მინეაპოლისი/სენტ პოლი, ამერიკის შეერთებული შტატები, 1999 წლის 26 აპრილი

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group