GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

“სოლიდარობა” 2010 წელი, N#2
გიორგი სორდია
მაჰმადიანი მესხები და მათი რეპატრიაციის საკითხები

მაჰმადიანი მესხების ან, უფრო გავრცელებული ტერმინით, “თურქი მესხების” სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში და მათი რეპატრიაციის პრობლემა ერთ-ერთი აქტუალური და მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია, რომლის წინაშეც საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია დგას, თუმცა პრობლემა დღემდე გადაუჭრელია. მიუხედავად იმისა, რომ 1999 წელს საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე აიღო ვალდებულება დაეწყო რეპატრიაციის პროცესი, სხვადასხვა მიზეზების გამო მუდმივად ხდებოდა ამ პროცესის ხელოვნურად შეფერხება ან ზოგიერთ შემთხვევაში პრობლემის იგნორირებაც. მხოლოდ 2007 წელს იქნა შესაძლებელი  რეპატრიაციის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება (გარკვეულწილად საერთაშორისო ორგანიზაციების ზეწოლით), კერძოდ, 2007 წლის 11 ივლისს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი `ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის  შესახებ”, რაც პრობლემის კომპლექსური გადაწყვეტისაკენ გადადგმული უდავოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ხელის შემშლელი ფაქტორები კვლავაც არსებობს, კერძოდ, საზოგადოებრივი აზრი ქვეყანაში მოუმზადებელია საიმისოდ, რომ წარმატებით განხორციელდეს რეპატრიაცია; ეს ეხება როგორც ეთნიკურად ქართულ საზოგადოებას, ასევე განსაკუთრებით მესხების ისტორიულ სამშობლოში, სამცხე-ჯავახეთში, ამჟამად მცხოვრებ სომხურ ეთნიკურ ჯგუფს. ზოგადად უარყოფითია პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულებაც რეპატრიაციისადმი. არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად კანონის ნაკლულოვანებაც, რაც, როგორც საერთაშორისო ექსპერტების, ასევე მესხთა წარმომადგენლების, კრიტიკის საგანია. წინამდებარე სტატიაში საუბარია მესხთა თანამედროვე განსახლების, დემოგრაფიული მდგომარეობის, სხვადასხვა ქვეყნაში, მათ შორის საქართველოში, მათი უფლებებისა რეპატრიაციის პერსპექტივების თაობაზე.

განსახლების არეალი და რაოდენობა
წლების მანძილზე გადასახლებების შედეგად ამჟამად მესხები ყოფილი საბჭოთა კავშირის შვიდ რესპუბლიკაში არიან მიმოფანტულნი. ისინი კომპაქტურად არიან ჩასახლებულნი უზბეკეთში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, უკრაინაში და მცირე რაოდენობით _ საქართველოში. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გარდა მესხები ცხოვრობენ თურქეთში, სადაც ძირითადი ნაწილი 1990-იანი წლების დამდეგს გადავიდა, და ამერიკის შეერთებულ შტატებში.
მაჰმადიანი მესხების ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად ძალიან ძნელია, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია. საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების პოლიტიკის ხშირი ცვალებადობის გამო მესხი მოსახლეობის უმრავლესობა რეგისტრირდებოდა როგორც თურქები, აზებაიჯანელები ან უზბეკები. გარდა ამისა, არ არსებობდა მათი აღწერისა და სტატისტიკური მონაცემების შეჯამების პრაქტიკა. 2004 წლის მონაცემებით, მკვლევარების უმეტესობას მიაჩნდა, რომ მესხების საერთო რაოდენობა ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე დაახლოებით 270-345 ათასს შეადგენდა. მათ შორის 90-110 ათასი აზერბაიჯანში ცხოვრობს, 90-100 ათასი _ ყაზახეთში, 50-70 ათასი _ რუსეთში, 25-30 ათასი _ ყირგიზეთში, 10-15 ათასი _ უზბეკეთში და 5-10 ათასი კი ¬_ უკრაინაში. რუსეთსა და უკრაინაში მცხოვრები მესხები ძირითადად ფერღანას ველიდან (უზბეკეთი) არიან ევაკუირებულნი. გარდა ამისა, 2004 წლის მონაცემებით, თურქეთში 25 000 მესხი ცხოვრობდა მათი ჩათვლით, ვინც ქვეყანაში ლეგალურად თუ არალეგალურად საბჭოთა კავშირის დაშლამდე თუ დაშლის შემდეგ გადასახლდა.
2004-2006 წლებში უმცირესობის საკითხთა ევროპულმა ცენტრმა კვლევა ჩაატარა (EჩMI) ყველა იმ ქვეყანაში, სადაც დღეს მესხები ცხოვრობენ. ამ კვლევის შედეგები უახლეს ინფორმაციას წარმოადგენს მესხთა ამჟამინდელი განსახლებისა და რაოდენობის შესახებ. კვლევების თანახმად, მესხების საერთო რაოდენობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 450-455 ათასს შეადგენდა, რაც აღემატებოდა ადრინდელი კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემს. ამ საერთო რაოდენობიდან 137 000 მესხი ცხოვრობდა ყაზახეთში, 33 000 – ყირგიზეთში, 20-25 ათასი – უზბეკეთში, დაახლოებით 130 000 – აზერბაიჯანში, დაახლოებით 75 000 – რუსეთში, 9 000 – უკრაინაში და დაახლოებით 600 სული _ საქართველოში. მესხთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ცხოვრობდა თურქეთში – დაახლოებით 35 000 სული. 2006 წლის სექტემბრის მონაცემებით დაახლოებით 10 000 მესხი კრასნოდარიდან აშშ-ში გადასახლდა.
       დეპორტირებული მესხი მოსახლეობის ამჟამინდელი ცხოვრების პირობები მათი დასახლების ადგილთა მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. განსაკუთრებით უჭირთ მათ რუსეთში, კრასნოდარის მხარეში, სადაც ისინი დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან. კრასნოდარში მცხოვრებ მესხთა უმრავლესობა ოფიციალური სტატუსის გარეშეა დარჩენილი, რის გამოც ვერ ახერხებს საკუთარი უფლებების დაცვას.
რუსეთის სხვა მხარეში, კერძოდ ბელგოროდში, როსტოვსა და სტავროპოლში მცხოვრები მესხებიც გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან როგორც მხარის ხელისუფლებასთან, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობისას, თუმცა მათი ცხოვრების პირობები კრასნოდარში დასახლებულებთან შედარებით გაცილებით უკეთესია.
ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესია, ვიდრე მათი, ვინც რუსეთში ცხოვრობს. საერთო ლინგვისტური და კულტურული კავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციის ფაქტების არარსებობის გამო აზერბაიჯანში მცხოვრები მესხები შედარებით ნაკლები პრობლემების წინაშე დგანან. ცენტრალური აზიის რესპუბლიკებშიც, ყაზახეთსა და ყირგიზეთში, მესხების სოციო-პოლიტიკური მდგომარეობა ასევე შედარებით  ნაკლებად პრობლემატურია. ამჟამად სტაბილური მდგომარეობაა უზბეკეთშიც, მაგრამ 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ იქაურ მესხებში კვლავ შეინიშნება დევნის განახლების შიში. პრობლემები, რომლებიც მესხებს ცენტრალურ აზიასა და აზერბაიჯანში აწუხებთ, მსგავსია იმ ქვეყნების მთელი მოსახლეობის პრობლემებისა და ძირითადად ეკონომიკური ხასიათისაა.

უზბეკეთი. უზბეკეთში მესხების აღწერა პირველად 1979 წელს ჩატარდა. მათი რაოდენობა 48 700 სულს შეადგენდა – იმაზე უფრო ნაკლებს, ვიდრე 1944 წელს გადმოსახლებულთა რაოდენობა იყო. 1989 წლის აღწერის მიხედვით კი მესხი მოსახლეობის რაოდენობა ორჯერ გაიზარდა და 106 300-ს მიაღწია. ერთი მხრივ, ამ მონაცემების ინტერპრეტაცია რთულია, რადგან მესხთა უმრავლესობა აზერბაიჯანლებად იყვნენ რეგისტრირებულნი, ნაწილი კი _ ქართველებად. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, უზბეკეთში მცხოვრები მესხების რაოდენობა 1989 წელს გაცილებით მეტს _ 160 000-ს _ შეადგენდა.
1990-იან წლებში უზბეკეთში დაბრუნება დაიწყო მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც ფერღანას მოვლენები არ შეხებია და რომელმაც შედარებით მშვიდი რეგიონები საკუთარი სურვილით, პანიკის საფუძველზე, დატოვა.
ამჟამად უზბეკეთში მესხების დასახლების რეგიონებია: ბუხარა-სამარყანდი, ნავოი, ტაშკენტი, სირდარია, ჯიზახი და კაშკადარია. ადგილობრივი მესხების უმრავლესობა რეგისტრირებულია როგორც აზერბაიჯანელი, უზბეკი ან თურქი, რაც, ბუნებრივია, შეუძლებელს ხდის რესპუბლიკაში მათი ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას. არც თურქი-მესხების ოფიციალური სტატისტიკა არსებობს, რაც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.
უზბეკეთში მესხები კვლავ სოფლის მეურნეობაში არიან დასაქმებულნი და, სხვა ეთნიკური ჯგუფებისგან განსხვავებით, მძიმე ეკონომიკურ პირობებში უწევთ არსებობა. უზბეკეთში სოფლის მეურნეობა ამჟამად სავალალო მდგომარეობაშია და ეკონომიკური მიზეზების გამო ბევრს სურს უზბეკეთიდან წამოსვლა. თავიანთი ნათესავების მსგავსად ისინი რუსეთში, აზერბაიჯანსა და შეერთებულ შტატებში წასვლას აპირებენ.
აღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა მესხი ლაპარაკობს უზბეკურ ენაზე, კარგად არიან ინტეგრირებულები და საზოგადოების უმრავლესობასთან კარგი ურთიერთობა აქვთ. თუმცა მესხებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კვლავ იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, რაც უზბეკეთის ტერიტორიაზე მათ მიგრირებასთან არის დაკავშირებული. მესხები სირთულეებს აწყდებიან აგრეთვე საკუთრების შეძენის, გაყიდვისა და სამუშაოს ძებნის პროცესში.
უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ მათ აქვთ სამშობლო, სადაც ერთ ერად შეძლებენ ცხოვრებას. უფროსი თაობისთვის სამშობლო საქართველოა, მაშინ როცა ახლგაზრდა თაობისთვის უზბეკეთია სამშობლო. საქართველო მხოლოდ იმათი სამშობლოა, ვინც საქართველოშია დაბადებული – მათ არ ესმით რატომ იყვნენ ისინი დეპორტირებულნი და რატომ არ შეუძლიათ უკან დაბრუნება. ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანებში შეერთებული შტატები ძალიან მიმზიდველია მათთვის, ვისაც უზბეკეთის დატოვება სურს. თუმცა ინტელიგენცია ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლამ შეიძლება მათი ეთნიკური ჯგუფის გაუჩინარება გამოიწვიოს. მეორე მხრივ, ინტელიგენციას არ ხიბლავს არც თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ უზბეკეთში მცხოვრები მესხების უმრავლესობა თავიანთ თავს თურქებს უწოდებს.
ყაზახეთი. 1944 წელს საქართველოდან დეპორტაციის შემდეგ მესხების დიდი დასახლებები შეიქმნა ყაზახეთშიც. ყაზახეთში მესხები ძირითადად შიმკენტისა და ალმატის სამხრეთ რეგიონებში ცხოვრობენ, რომლებიც უზბეკეთსა და ყირგიზეთს ესაზღვრება. ყაზახეთში 28 000-ზე მეტი საქართველოდან დეპორტირებული დასახლდა, ხოლო 17 000-ზე მეტი კი უზბეკეთიდან შევიდა 1989 წლის ფერღანას მოვლენების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საზოგადოდ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი ყაზახეთში მცხოვრები მაჰმადიანი მესხების შესახებ.
საქართველოდან გადასახლების შემდეგ მესხი მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობაში იყო დასაქმებული, მოგვიანებით კი სამშენებლო საქმიანობა წამოიწყეს. მათ მცირე წარმომადგენლობა ჰყავთ მთავრობაში და აცხადებენ, რომ მოსახლეობის უმრავლესობა მათთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაშია. აქედან გამომდინარე, ყაზახეთში საზოგადოების სხვა ნაწილთან მესხების ინტეგრაციის დაბალი დონე აღინიშნება (მაგალითად, ცოტაა შერეული ქორწინებები). საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილს (5%-ს _ ძირითადად უფროს თაობას) საქართველოში დაბრუნება სურს და ითხოვენ კანონს, რომელიც მათ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობას მისცემს. აქვთ პროკურატურის მიერ გაცემული მოწმობა, რომ რეპრესირებულები იყვნენ, და არსებობს 1993 წლის კანონი, რომლის ძალითაც მათ კომპენსაცია ყაზახეთში მიღეს. საქართველო მათთვის მხოლოდ სიმბოლური სამშობლოა, სადაც დაბრუნების უფლება უნდა მიეცეთ. თუმცა არ იციან, რას ნიშნავს ახლა მათთვის საქართველო, ყაზახეთი კი მათი სახლია და კულტურული მსგავსებების გამო მჭიდრო კავშირი აქვთ თურქეთთან. თუმცა თურქეთის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რადგან ისინი, ვინც 1990 წელს თურქეთს მიაშურა, კვლავ ყაზახეთში დაბრუნდა.
ერთი მხრივ. მათ ურჩევნიათ `თურქებად~ მოიხსენიებდნენ, ვიდრე `თურქ-მესხებად~, მაგრამ, მეორე მხრივ, აღიარებენ თავიანთ კულტურაზე ქართულ გავლენას. ასე რომ, მათი ჰიპოთეტური `სამშობლო~ არის სამხრეთ-დასავლეთი საქართველო, მათი სახლი კი ყაზახეთია.
ყირგიზეთი. საქართველოდან დეპორტირებული მაჰმადიანი მესხები ყირგიზეთშიც აღმოჩნდნენ. 1999 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ყირგიზეთში 33 327 მესხი, ანუ მთელი მოსახლეობის 0,7%, ცხოვრობდა. მათი დასახლების ძირითადი რეგიონებია ბატკენსკი, ჯალალ-აბადსკი, ოში, ტალასი, ჩუისი და ბიშკეკი. 2004 წლის შეფასებით კი მათი რაოდენობა 25-30 ათასს შეადგენდა.
ყირგიზეთში მესხების ორი სხვადასხვა ჯგუფი ცხოვრობს: ერთია მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც საქართველოდან 1944 წელს იქნა დეპორტირებული (10 500-ზე მეტი) და მათი შთამომავლობა. ეს ჯგუფი ძირითადად ოშის რეგიონში ცხოვრობს, რომელიც უზბეკეთს ესაზღვრება. მეორე ჯგუფი კი მესხების იმ ნაწილისგან შედგება, რომელიც მოგვიანებით ჩამოვიდა მეზობელი უზბეკეთიდან 1989 წლის მოვლენების შემდეგ. ზოგიერთი წყაროს თანახმად, ფერღანაში მომხდარი მოვლენების შემდეგ 12 000-ზე მეტი მესხი გადასახლდა ყირგიზეთში.
        ყირგიზეთში მესხების უმრავლესობა დარეგისტრირებულია როგორც აზერბაიჯანელი და ძირითადად სოფლად ცხოვრობს. მათი ცხოვრების დონე მაღალია, კარგად არიან ინტეგრირებულნი – დადიან ყირგიზულ და რუსულ სკოლებში და არა აქვთ კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან. ეს წარმატებული ინტერგაციის მაგალითია.
         აზერბაიჯანი. აზერბაიჯანში მესხები პირველად 1957 წელს გამოჩნდნენ. 1989 წლის საბჭოთა აღწერის მიხედვით, აზერბაიჯანში 17 700 მესხი იმყოფებოდა, რომელთაგან მხოლოდ 4% ცხოვრობდა ქალაქში. მესხების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა მაშინ, როდესაც 1990 წელს 5 000-მდე მესხი ჩამოვიდა რუსეთიდან და კიდევ რამდენიმე ათასი _ მთიანი ყარაბაღიდან 1991-1994 წლების ომის დროს. 2004 წლის მონაცემებით მაჰმადიანი მესხების მთლიანი რაოდენობა აზერბაიჯანში 90-110 ათასს შეადგენდა, რომელთაგან 48 000 უზბეკეთიდან ლტოლვილი იყო.
დღესდღეობით აზერბაიჯანში დაახლოებით 130 000 მესხი ცხოვრობს. მათგან დაახლოებით 87 000 ჩაწერილია როგორც თურქი, 40 000-ზე მეტი კი _ როგორც აზერბაიჯანელი. უმრავლესობა აზერბაიჯანულ სოფლებში ცხოვრობს, ძირითადად და უფრო კომპაქტურად _ სამხრეთით, ირანის საზღვრის გასწვრივ, საატლინსკისა და საბირაბადის რაიონებში, აგრეთვე _ ქვეყნის ჩრდილოეთით, რუსეთის საზღვრის გასწვრივ, ხაჩმაზსკის რაიონში.
აღსანიშნავია, რომ ენითა და კულტურით თურქები და აზერბაიჯანელები მონათესავე ერებია. ამასთან თურქებსა და აზერბაიჯანელებს შორის სხვადასხვა დონეზე მჭიდრო კავშირი შეიმჩნევა მე-19 საუკუნის ბოლოდან, მე-20 საუკუნეში კი ორივე ერს უკვე ბევრი საერთო აქვს. შედეგად მესხებისთვის აზერბაიჯანი არის ქვეყანა, რომელიც მათთვის პოზიტიურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ გადავიდა ამ ქვეყნაში მათი ნაწილი. 1950-60-იან წლებში აზერბაიჯანში მათი ცხოვრების პირობები არსებითად განსხვავდებოდა შუა აზიის რესპუბლიკებში დამკვიდრებული მესხების ცხოვრების პირობებისაგან. სწორედ ამ მიზეზით უზბეკეთიდან აზერბაიჯანში გადასახლებისთანავე წარმოიქმნა მესხთა ახალი ინტელიგენცია და პოლიტიკური ელიტა, სწორედ აქ მოხდა მეტწილად მათი თვითმყოფად ერად ჩამოყალიბება.  
დღეს მესხთა საზოგადოებები აზერბაიჯანის 46 სხვადასხვა რეგიონში არსებობს. როგორც წესი, ის მესხები, რომლებიც დიდი ხანია, რაც აზერბაიჯანში ცხოვრობენ, ყველაზე უკეთეს სოციალ-ეკონომიკურ პირობებში არიან. არ არსებობს მესხების მიმართ ოფიციალური დისკრიმინაციის ფაქტები. აზერბაიჯანის 1998 წლის `მოქალაქეობის შესახებ~ კანონის მიხედვით, მესხებს, რომელთაც ლტოლვილის ან იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი აქვთ, შეუძლიათ მიიღონ აზერბაიჯანის მოქალაქეობა. თუმცა, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, მათ უმრავლესობას არ მიუღია მოქალაქეობა და ამის გამო ბევრი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული მესხი ვერ სარგებლობს უფასო სოციალური მომსახურებით, რისი უფლებაც მათ იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სოციალური დაცვის 1999 წლის კანონის მიხედვით აქვთ.
უკრაინა. უკრაინაში დაახლოებით 10 000 მესხი ცხოვრობს, რომლებიც საკმაოდ მყარად ინტეგრირებულნი არიან უკრაინულ საზოგადოებაში. მესხებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის მთლიანობაში კეთილგანწყობილი ურთიერთობა დამყარდა, კონფლიქტური სიტუაციები იშვიათად, მხოლოდ საყოფაცხოვრებო დონეზე თუ წარმოიქმნება.
მესხები უკრაინაში დაახლოებით 12 სხვადასხვა რეგიონში არიან მიმოფანტულნი. 2001 წლის აღწერის მიხედვით, მათი უმეტესობა დონეცკის რეგიონში ცხოვრობს (დაახლოებით 1700 სული), არიან კიევში, მიკოლაევში (დაახლოებით 1000 სული) და ხერსონში (იქაც 1000 სულამდე). 1998 წლისთვის 89,4%-მა მიიღო უკრიანის მოქალაქეობა, დანარჩენს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ჩაწერასთან დაკავშირებით და ბევრი მათგანი აზერბაიჯანის, რუსეთისა და უზბეკეთის მოქალაქედ რჩება. 2001 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, მესხების უმრავლესობას (56,4%-ს) მათი წარმომავლობის გამო დისკრიმინაცია არ განუცდია, მაშინ როდესაც დანარჩენი (43,6%) სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო.  
მიუხედავად გაფანტულობისა და ნაციონალური ინტელიგენციის დეფიციტისა, უკრაინაში მცხოვრები მაჰმადიანი მესხები მაინც ახერხებენ თავიანთი ადათ-წესების დაცვას. უმრავლესობა ეროვნული იდენტობის შენარჩუნების გარანტიად პოლიტიკურ რეაბილიტაციასა და წინაპართა სამშობლოში დაბრუნებას მიიჩნევს.
მართალია, უკრაინაში მცხოვრები მესხები რეპატრიაციის შესაძლებლობებს აქტიურად განიხილავენ, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი ალბათ უკრაინაში დარჩება. ეს პირველ ყოვლისა მათ ეხება, ვინც უკრაინაში გაიზარდა და განათლებაც იქვე მიიღო, აქვთ კარგი სამსახური და ადგილიც დაიმკვიდრეს უკრაინულ საზოგადოებაში. თუმცა მათთვისაც, ვინც არ გეგმავს საქართველოში რეპატრიაციას, სამშობლოში სიმბოლური დაბრუნება ძალზე მნიშვნელოვანია. ისინი ამას სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების აღდგენად მიიჩნევენ.
რუსეთი. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მესხები რუსეთში აღმოჩნდნენ. იქ მათთვის ყველაზე მტკივნეული საკითხი იურიდიული სტატუსია: წესით, მათ უკვე დიდი ხნის მიღებული უნდა ჰქონდეთ რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ ამას დღემდე ვერ მიაღწიეს.
1989 წლის ივნისში, ფერღანის მოვლენების შემდეგ, საბჭოთა კავშირის მთავრობის მიერ ცენტრალურ რუსეთში დაახლოებით 17 ათასამდე მესხის ევაკუაცია განხორციელდა. მესხების ეს გადაადგილება რსფსრ-ში დადასტურებულია საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს 1989 წლის 26 ივნისის #503 და რსფსრ-ის 1989 წლის 13 ივლისის #202 რეზოლუციებით.
1989 წელს, ფერღანის მოვლენებისას, საბჭოთა ხელმძღვანელობა ყველაზე ნაკლებად იურიდიულ მხარესა და ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნავდა, მათთვის მთავარი ნებისმიერი სახით სიტუაციის განმუხტვა და ფერღანიდან კონფლიქტის მიზეზის – მაჰმადიანი მესხების _ გასახლება იყო, მათთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებით. ზოგმა ჩინოვნიკმა მიზანშეწონილად ჩათვალა ეს მშრომელი მასა მუშახელით ნაკლებ რაიონებში გადაესროლა, კერძოდ, რუსეთის ევროპული ნაწილის ცენტრში. თავიდან საკავშირო მთავრობა და რეგიონების ხელმძღვანელები ცდილობდნენ უზბეკეთიდან წამოსული ხალხის ნაკადი რუსეთის არაშავმიწანიადაგიანი რეგიონებისკენ მიემართათ, თუმცა მოგვიანებით ამაზე ხელი აიღეს. ქვეყანაში ძალას იკრეფდა საერთო კრიზისი, იწყებოდა საბჭოთა კავშირის რღვევა და მესხებისთვის უკვე აღარავის ეცალა.
კრასნოდარის მხარეში მესხები ძირითადად ყირიმის, აფშერონის, აბინსკის და ბელორეჩენსკის რაიონებში ცხოვრობენ, მცირე რაოდენობით არიან კუშჩევის, ლაბინსკის, სლავიანსკის, ანაპის რაიონებში და ქალაქ ნოვოროსიისკში. ამგვარად, კრასნოდარის მხარეში შეიძლება გამოიყოს მესხების ორი ძირითადი განსახლება: დასავლეთით (ყირიმისა და აბინსკის) და სამხრეთ-აღმოსავლეთით (აფშერონისა და ბელორეჩენსკის რაიონები). მათი უმეტესობა სოფლად ცხოვრობს და სოფლის მეურნეობით არიან დაკავებულნი. ისინი ძირითადად გაფანტულად ცხოვრობენ _ ასეულობით სხვადასხვა სოფელში არიან განსახლებულნი. ყველაზე კომპაქტურად სახლობენ სოფელ ნიჟნებაკანსკში (ყირიმის რაიონი) – 3 ათასი სული სოფლის 20 ათასი მოსახლიდან; სოფელ ვარენიკოვსკში (აბინსკის რაიონი) – დაახლოებით 2 ათასი სული 20 ათასიდან, და სოფელ ხოლმსკში (აბინსკის რაიონი) – დაახლოებით ათასი 16 ათასიდან.
კრასნოდარის მხარეში 1989 წლიდან ფაქტობრივად 15 ათასი მესხი ცხოვრობს, მათგან მხოლოდ 4000 აქვს მოქალაქეობა. ათასს აქვს დროებითი რეგისტრაცია, მაგრამ მაინც დიდი პრობლემები ექმნებათ საცხოვრებელი ფართის რეგისტრაციისას, სამსახურის შოვნისას და შვილების დოკუმენტებთან დაკავშირებით. 1991 წელს რუსეთში მიღებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც ყოფილი საბჭოთა კავშირის ყველა მოქალაქე, რომელიც კანონის მიღების დროს მუდმივად ცხოვრობდა რუსეთის ტერიტორიაზე და 12 თვის განმავლობაში საკუთარი სურვილით არ იტყოდა უარს, ავტომატურად ხდებოდა რუსეთის მოქალაქე. მიუხედავად ამისა, კრასნოდარის მხარის ხელმძღვანელობამ იქ მცხოვრებ მესხებს არ მისცა რეგისტრაციის მოწმობები, რაც მოქალაქეობის მიღების საფუძველი უნდა გამხდარიყო. ამის შედეგად მათ ძირითადი სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებები მნიშვნელოვნად შეეზღუდათ: არ შეუძლიათ სამსახურში მოწყობა, მათი ქორწინება ოფიციალურად არ რეგისტრირდება; სრულიად მოკლებულნი არიან სოციალურ დაცვას (არ ეძლევათ პენსია და დახმარება), არ შეუძლიათ ისარგებლონ სამედიცინო დაზღვევით, არა აქვთ საშუალოზე მაღალი დონის განათლების მიღების უფლება.
რეგიონის ხელმძღვანელობა 1992 წლიდან ოფიციალურად გამოყოფს მესხებს როგორც მოსახლეობის განსაკუთრებით ფორმალურ კატეგორიას და სპეციალური შეზღუდვების ობიექტს. ოფიციალური პირები აღიარებენ, რომ ამ ხალხისთვის აუტანელი პირობების შექმნა მხოლოდ იმ მიზნით ხდება, რომ მათ თავისი ნებით დატოვონ მხარე. ზეწოლის ძირითადი საშუალებები, გარდა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვისა, არის სპეციალური სარეგისტრაციო რეჟიმი და დიდი მოსაკრებლები რეგისტრაციისთვის, მუდმივი შემოწმებები მილიციის მხრიდან და ჯარიმები რეგისტრაციის არქონის შემთხვევაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩაწერის უქონლობის გამო ხელისუფლება მუდმივად აჯარიმებს მესხებს `საპასპორტო რეჟიმის დარღვევისათვის~, თუმცა არ ასახლებენ და არ ხდება მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ისინი რეგულარულად განიცდიან თავდასხმებს ადგილობრივი კაზაკების გასამხედროებული დაჯგუფებებისგან. კრასნოდარის მხარის ხელისუფლება ამ გზით ცდილობს კაზაკებისა და მაჰმადიანი მესხების დაპირისპირებას, მესხების დარბევის ინსპირირებას, რაც მათი ევაკუაციის მიზეზი უნდა გახდეს.
ჩაწერის არქონის შედეგად მაჰმადიანი მესხების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები ფაქტობრივად სრულიად დარღვეულია, არა აქვთ თავისუფლად გადაადგილებისა და საცხოვრებელი ადგილის არჩევის უფლება. მათთვის გარანტირებული არაა პირადი ხელშეუხებლობა, პერმანენტულად ამოწმებენ, აჯარიმებენ, ართმევენ პირად დოკუმენტებს და სძალავენ ქრთამს. მესხების უფლებას უძრავ ქონებაზე არ ცნობს აღმასრულებელი ხელისუფლება, შესაბამისად, სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე მფლობელობის უფლება ეზღუდებათ _ მესხებს არ შეუძლიათ მათი ყიდვა ან, თუ აქვთ, _ გაყიდვა. ფორმალურად არც ავტოტრანსპორტის ყიდვა-გაყიდვის უფლება ეძლევათ. არ შეუძლიათ რეფერენდუმში და არჩევნებში (არცერთ დონეზე) მონაწილეობის მიღება, ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილეობა და სახელმწიფო ან მუნიციპალურ მოხელედ მუშაობა. თუმცა არ ეკრძალებათ ასოციაციებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების შექმნა, რომელთაც ადგილობრივი ხელისუფლება ცნობს.
აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებების ასეთი შელახვა ხორციელდება მხარის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ნორმატიული აქტების საფუძველზე. კრასნოდარის მხარეში 1992-1996 წლებში მიიღეს რამდენიმე ნორმატიული აქტი, რომლებიც ფაქტობრივად მხარეშიMმესხებისთვის განსაკუთრებულ რეჟიმს აწესებს.
2004 წლის 2 ივლისს სამხარეო ადმინისტრაციამ მიიღო დადგენილება `მხარეში არალეგალური მიგრაციის თავიდან აცილების ზომების შესახებ~. ამ ნორმატიული აქტის აღსრულების მიზნით გუბერნატორმა 2004 წლის 20 ივლისს გამოსცა რეზოლუცია, რომელიც ადგილზე რეგისტრაციის შეზღუდვებს ადგენს და კონტროლისა და ჯარიმების მექანიზმს აწესებს.
თურქეთი. თურქეთში Mმესხების ორი ჯგუფია: პირველ ჯგუფს საქართველოდან იქ XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულთა შთამომავლები შეადგენენ, მეორე ჯგუფმა კი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიაშურა თურქეთს ყოფილი საბჭოთა ქვეყნებიდან. პირველი ჯგუფის ასიმილაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან წარმატებით განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ მეორე ჯგუფის ბევრი წარმომადგენელი თურქეთში სასწავლებლად ჩავიდა ან არალეგალურად იმყოფება იქ, რაც, ბუნებრივია, ართულებს ქვეყანაში მესხი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობის დადგენას.
1944 წლამდე ჩასული იმიგრანტები მოგვიანებით ქვეყნის სამხრეთ (ჰატაი – სირიის საზღვართან) და აღმოსავლეთ (აგრი – ირანის საზღვართან და იგდირი – სომხეთის საზღვართან) რეგიონებში დასახლდნენ. საბჭოთა კავშირის დაშლამდე გადასახლებული მიგრანტებიც როგორც აღმოსავლეთ რეგიონებში (იგდირი, ერზურუმი), ისე დასავლეთ თურქეთში (ბურსა, ინეგოლი) და სხვა ურბანულ ადგილებში დასახლდნენ.
1992 წელს თურქეთის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომელიც მესხების 500 ოჯახს რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან თურქეთში გადასახლების ნებას რთავდა. გადასახლების პროგრამა 2 წელიწადს გაგრძელდა.
12 000 მესხს, რომლებიც 1997 წლამდე ჩავიდნენ, ,,ეროვნული ლტოლვილის” (“Nატიონალ ღეფუგეე”) სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული სტატუსი მათთვის ხელმისაწვდომს ხდის სამედიცინო მომსახურებასა და განათლებას, აქვთ მოქალაქეობის მიღების პერსპექტივა და მუშაობის უფლება. მთლიანობაში ინტეგრაცია შედარებით წარმატებული აღმოჩნდა. და მაინც ბევრი მათგანი სხვადასხვა მიზეზის გამო იმ ქვეყნებში დაბრუნდა, სადაც თურქეთში გადმოსახლებამდე ცხოვრობდა. ისინი სირთულეებს წააწყდნენ შედარებით თანამედროვე ცხოვრების სტილთან შეგუებისა და სამუშაოს დაწყებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო. ზოგიერთი მესხის თვალში თურქეთი იმ ქვეყნად აღიქმება, სადაც ტრადიციული ფასეულობები დაკნინებულია. მეორე ნაწილი კი ქვეყანაში უსაფრთხოდ ცხოვრების საშუალებასა და სტაბილურობას აფასებს.
მესხების საზოგადოებას თურქეთში ძირითადად ეკონომიკური ხასიათის პრობლემები აქვს. სირთულეებს აწყდებიან დასაქმების დროსაც, ვინაიდან თურქები საბჭოთა განათლების სისტემას არ აღიარებენ. ხშირ შემთხვევაში მათთვის ასევე მიუწვდომელია კერძო საკუთრება ¬_ სახლი და მიწა, რის გამოც ისინი თავს “ხანგრძლივ ტურისტებად” თვლიან. თურქეთის მთავრობა მცირე ფინანსური დახმარებით უზრუნველყოფს მესხების საზოგადოებას, თანაც ის არ დევნის მესხების იმ ნაწილს, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს. თურქეთში მცხოვრებმა მესხებმა საქართველოში რეპატრაციის იდეა უარყვეს, თუ მის სანაცვლოდ თურქეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა მოუწევდათ. გარდა ამისა, საქართველოში მიგრაციამ თურქეთში მიგრაციასთან შედარებით მნიშვნელობა დაკარგა, ხოლო შეერთებულ შტატებში მიგრაციას ისინი ისე უყურებენ, როგორც მესამე დეპორტაციას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ისინი არ აღიქვამენ როგორც სამშობლოს, მათ ძველ ნასოფლარს, “სახლს” უწოდებენ.
ამერიკის შეერთებული შტატები. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, იქ 2004 წლის თებერვლიდან რუსეთისა და შეერთებული შტატების მთავრობებისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით კრასნოდარის მხარიდან მესხების გადასახლების პროცესი დაიწყო. 2005 წლის სექტემბრისთვის 21 ათასმა პირმა შეიტანა განცხადება და პროგრამის მეშვეობით 5000 გადასახლდა ფილადელფიაში, ატლანტაში, კენტში და ამერიკის 60-ზე მეტ ქალაქში.
აშშ-ში გადასახლებისათვის განაცხადის შეტანის დროს უნდა დაეკმაყოფილებინათ შემდეგი სპეციალური მოთხოვნები: 1) უნდა დაემტკიცებინათ, რომ არიან ეთნიკური მესხები; 2) რომ 2004 წლის იანვრამდე კრასნოდარში ცხოვრობდნენ და 3) წამოსული უნდა ყოფილიყვნენ უზბეკეთიდან. მხოლოდ ამ პირობების დაკმაყოფილების შემდეგ მიიღებდნენ ისინი ლტოლვილის სტატუსს.
ლტოლვილის სტატუსი გულისხმობდა, რომ ამერიკაში ჩასვლის შემდეგ საწყის ეტაპზე მესხებს მისცემდნენ სახლებს, ავეჯს და პროდუქტებით უზრუნველყოფდნენ, დაეხმარებოდნენ სამუშაოს მიღებაში, ინგლისური ენის შესწავლაში. სახელმწიფო უზრუნველყოფდა, რომ მათი ანაზღაურება საათში 5 დოლარზე ნაკლები არ ყოფილიყო. 8 თვის განმავლობაში ისინი მიიღებდნენ შემწეობას, ასაკოვანი ხალხი კი პენსიით იქნებოდა უზრუნველყოფილი. მესხებს ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებოდათ ერთი წლის ვადით, ამის შემდეგ მიიღებდნენ `გრინ-ქარდს~, ხოლო 4 წლის შემდეგ _ აშშ-ის მოქალაქეობას.
ამერიკაში მცხოვრები მესხებისთვის საქართველო მათ წინაპართა ხსოვნასთან არის დაკავშირებული. სხვადასხვა თაობებისთვის საქართველოს რადიკალურად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. თუმცა არსებობს კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ უნდა მოხდეს მათი დაბრუნების უფლების სიმბოლური აღიარება.

მესხები საქართველოში
ამჟამად საქართველოში, ქართველ რეპატრიანტთა კავშირის ინფორმაციით, დაახლოებით 592 მესხი ცხოვრობს, რომლებიც განსახლებულნი არიან 24 დასახლებულ პუნქტში, უმრავლესობა – დასავლეთ საქართველოში, გურიისა და იმერეთის რეგიონებში. მესხეთში 59 სული ცხოვრობს (ამათგან ახალციხეში _ 45), აჭარაში – 260 (მათგან ნასაკირალში _ 185, ნარუჯაში _ 48), იმერეთში – 273 (მათ შორის იანეთში _ 174), ხოლო თბილისში  _ 82.
პირველი რეპატრიანტები (40 სული) საქართველოში 1950-იანი წლების ბოლოს ჩამოვიდნენ. 1969 წელი, როდესაც 250 ოჯახი აზერბაიჯანიდან აჩიგვარაში (გალის რაიონში) გადმოსახლდა, შეიძლება ჩაითვალოს უფრო მასობრივი რეპატრიაციის საწყისად. რეპატრიაციის მეორე ეტაპი 1982 წელს დაიწყო. ამ დღიდან მოყოლებული 90-იანი წლების დამდეგამდე 1270 მესხი გადმოსახლდა საქართველოში. თუმცა მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებისა და ქვეყანაში არსებული სირთულეების გამო უმრავლესობა იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო. 1991-2005 წლებში მხოლოდ 113 მესხი გადმოვიდა საქართველოში. 2005 წლის მონაცემებით საქართველოში დარეგისტრირებული იყო 755 რეპატრიანტი, რომელთაგან 163 დროებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობდა. საქართველოში დღეს მცხოვრებ მესხთა 13% გადმოსახლებულ იქნა 1950-1960 წლებში, 51% _ 1970-1980 წლებში, 30% _ 1990-იან წლებში, 6% კი _ 2001-2005 წლებში.
მესხების დასახლების გეოგრაფია მათი რეპატრიაციის პერიოდთან არის დაკავშირებული. ამ პროცესის დასაწყისში (1950-1969 წლები) რეპატრიანტები უმთავრესად აჭარაში სახლდებოდნენ, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ძირითადად _ ოზურგეთისა და სამტრედიის რაიონებში. მხოლოდ 1990-2000  წლების განმავლობაში იმ მესხების რაოდენობა, რომლებიც თბილისსა და ახალციხეში ცხოვრობდნენ, მნიშვნელოვნად გაიზარდა. აჭარის არჩევა დასახლების ადგილად პირველ რეპატრიანტთათვის იმ გარემოებასთან იყო დაკავშირებული, რომ იქ მათი ნათესავები ცხოვრობდნენ, რომელთაც გადმოსახლებულთა საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა შეეძლოთ. მომდევნო გადმოსახლებას კი მთავრობა არეგულირებდა და სამტრედიისა და ოზურგეთის რაიონებში მათ საცხოვრებელ და სამუშაო ადგილებს სთავაზობდა. უმაღლესი განათლების მიღება მესხებისთვის მხოლოდ 90-იანი წლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.
საქართველოში რეპატრირებული მესხების 50% აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, 26% _ უზბეკეთიდან, 10% _ რუსეთიდან, 7% _ ყირგიზეთიდან, 6% _ ყაზახეთიდან და 1% _ სხვა ქვეყნებიდან.
საქართველოში მესხების კომპაქტური დასახლებებია იანეთი, ნასაკირალი, ახალციხე (დასავლეთ საქართველო) და თბილისი. იანეთი, რომელსაც მეცხრე უბანსაც უწოდებენ, შედარებით ახალი დასახლებაა, რომელიც სპეციალურად აშენდა მეცხოველეობის ფერმის მუშებისთვის. მესხებს ფერმაში მუშაობა და იმ სახლებში ცხოვრება შესთავაზეს, რომლებიც სპეციალურად ფერმის მუშებისთვის იყო აგებული. სოფლის მაცხოვრებლების უმრავლესობა საქართველოში ყირგიზეთიდან და ყაზახეთიდან 1975 წელს, ხოლო აზერბაიჯანიდან 1982-83 წლებში ჩამოვიდა. მეხებთან ერთად ფერმაში ადგილობრივი მოსახლეობაც მუშაობდა, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფერმა დაიხურა, მესხები სამუშაოს გარეშე დარჩნენ და იზოლაციაში მოექცნენ. უკვე წლებია დასახლებაში საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ ფუნქციონირებს, ამის გამო ამ დასახლების შესახებ მეზობელ სამტრედიაშიც კი ბევრს არაფერი სმენია. ამის მიზეზი ისიც არის, რომ სოფელში მცხოვრები მესხების უმრავლესობა მხოლოდ თურქული ენის ანატოლიურ დიალექტზე მეტყველებს, ქართული და რუსული ენები კი მხოლოდ რამდენიმე ხნიერმა ადამიანმა იცის.
დღეს იანეთში რეპატრირებულთა 29 ოჯახი ცხოვრობს, რომლებიც დაახლოებით 174 სულს ითვლიან. სოფელში არის დაწყებითი საშუალო ქართული სკოლა, რომელიც 1996 წელს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის განკარგულებით აშენდა. აქედან გამომდინარე, მეცხრე უბანში ქართულად ძირითადად მოზარდები ლაპარაკობენ. მესხი ბავშვები ქართულ საზოგადოებასთან კონტაქტში შესვლას მშობლებზე უკეთ ახერხებენ. აქ სკოლა არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, არამედ იანეთში მცხოვრები ყველა მაჰმადიანი მესხისთვისაც გარესამყაროსთან ურთიერთობის ერთ-ერთი საშუალებაა. 29 წლის განმავლობაში აქ არცერთი შერეული ოჯახი არ შექმნილა. შესაბამისად, მესხი მოსახლეობით დასახლებულ სოფელში ქართული ცნობიერების ამაღლებაზე მხოლოდ ის ათი პედაგოგი ზრუნავს, რომელიც სკოლაში მოსწავლეებთან ერთად კვირაში ხუთ დღეს ატარებს.
სკოლამ მაჰმადიანი მესხების ჩაცმის კულტურაზეც დიდი ზეგავლენა იქონია. როგორც პედაგოგები აღნიშნავენ, გასულ წლებთან შედარებით მოსახლეობა გაცილებით უკეთ ჩაცმული დადის: `წლების წინ თავდაუბურავები გარეთ არ გამოდიოდნენ~, _ აღნიშნავს სოფო ნუცუბიძე, ისტორიის მასწავლებელი (,,სამხრეთის კარიბჭე~, 2009).
იანეთისგან განსხვავებით, სხვა დასახლებულ პუნქტში – ნასაკირალში _ მესხები მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს შეადგენენ და სხვა ეთნიკური ჯგუფების გვერდით ცხოვრობენ. ნასაკირალში მოსახლეობის უმრავლესობას _ 97,6%-ს _ ქართველები შეადგენენ, მესხებისა და აჭარლების ჩათვლით. ამ დასახლებაში მესხთა 27 ოჯახი ცხოვრობს, დაახლოებით 130 სული. ნასაკირალში მცხოვრებმა მესხებმა იქ ჩასვლა 1969 წელს დაიწყეს. ისინი ჩაის ფაბრიკაში მუშაობდნენ, რომელიც 90-იან წლებში დაიხურა. თავიდან ყველა საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, მოგვიანებით მათთვის სახლები მთავრობამ ააშენა. სოფელში არის დაწყებითი ქართული სკოლა, სადაც მესხების შვილებიც დადიან.
ახალციხის რაიონში 9 ოჯახი (49 სული) ცხოვრობს. მესხთა პირველი ოჯახი აქ 1950 წელს დასახლდა. მოგვიანებით ისინი ისევ დეპორტირებულ იქნენ. 1997 წელს მესხებს სახლის ყიდვის უფლება მისცეს. რეპატრიანტები აქ ძირითადად ჩეჩნეთიდან, ყაბარდო-ბალყარეთიდან და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. მათი ნაწილი დღემდე რუსეთის მოქალაქეა და მჭიდრო კავშირს ინარჩუნებენ იმ ადგილებთან, საიდანაც ჩამოვიდნენ.
თბილისში მცხოვრები მესხების უმრავლესობა დედაქალაქში უმაღლესი განათლების მისღებად ჩამოდიოდა. ქართველ რეპატრიანტთა კავშირის მონაცემებით, 2005 წლის მაისისთვის თბილისში 82 მესხი მოსახლე ცხოვრობდა: 59 უფროსი და 23 ბავშვი. მათგან 52 ქალაქის 2 საერთო საცხოვრებელში ბინადრობს, 30 კი _ საკუთარ ან ნაქირავებ ბინებში. იმათი ძირითადი ნაწილი (40%), ვინც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, 1997-2000 წლებში ჩამოვიდა აზერბაიჯანიდან.
საქართველოში მცხოვრები მესხებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრაციის საკითხია. ინტეგრაცია ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათ შორის ადგილობრივი ენის ცოდნა ერთი-ერთი გადამწყვეტია. მესხები ლაპარაკობენ თურქულ ენაზე, რომელსაც `საკუთარ~ ან ანატოლიურ ენას უწოდებენ, და ამტკიცებენ, რომ მას ქართულ ენასთან ბევრი საერთო აქვს. მესხი მოსახლეობის ქართული ენის ცოდნა განსხვავდება თაობებისა და სქესის მიხედვით: ახალგაზრდა თაობა, განსაკუთრებით მამაკაცები, ცუდად არ ფლობენ ენას; ხანდაზმულმა მამაკაცებმა, რომლებიც მესხეთში ცხოვრობდნენ, როგორც წესი, ცოტა ქართულიც იციან; ყველაზე ცუდ მდგომარეობაში არის ის თაობა, რომელიც შუა აზიაში დაიბადა. მესხები ენის არცოდნას ძალზე განიცდიან და ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე ძირითად დაბრკოლებად ეს მიაჩნიათ. უმრავლესობის აზრით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიც არის, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ ნაკლები შეხება აქვთ. ქართული ენის უცოდინრობა ან არასაკმარისი ცოდნა განათლების მიღებაშიც უქმნის მათ დაბრკოლებას. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში ფონდი `ღია საზოგადოება _ საქართველო~  სკოლის მოწაფეთათვის 2 წლის განმავლობაში აფინანსებდა ქართული ენის შესწავლის პროგრამას.
საქართველოში მცხოვრებ მესხებთან მიმართებით მწვავედ დგას ორმაგი მოქალაქეობის პრობლემა. ჩამოსახლებულ მესხებს არ სურთ ძველ მოქალაქეობაზე უარის თქმა, მათი სურვილია შეინარჩუნონ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, საიდანაც ჩამოვიდნენ და, ამასთან, მოიპოვონ საქართველოს მოქალაქეობაც, რაზედაც საქართველო უარს აცხადებს. ორმაგი მოქალაქეობა საქართველოში გაიცემა მხოლოდ პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე და ენიჭება საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე პირებს. საქართველოს მოქალაქეობის არქონის გამო კი მესხებს პრობლემები ექმნებათ.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესხების მდგომარეობა სხვადასხვა ქვეყანში ურთიერთგანსხვავებულია. ზოგან ისინი შედარებით უკეთეს პირობებში იმყოფებიან, ზოგ ქვეყნებში კი დღემდე ადგილი აქვს მესხების უფლებების დარღვევას, რის გამოც სრულუფლებიან მოქალაქეებად ვერ გრძნობენ თავს. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები, სხვადასხვა თაობის მესხი მოსახლეობა სხვადასხვაგვარად აღიქვამს სიტყვა ,,სამშობლოს”, ისინი სამართლიანობის აღდგენასა და თავიანთ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ.

კანონი რეპატრიაციის შესახებ
2007 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი `ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”. მისი მიზანი იძულებით გადასახლებულ მესხთა დაბრუნებისათვის სამართლებრივი მექანიზმების შექმნაა. კანონის თანახმად, რეპატრიანტის სტატუსის მოპოვების მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს. ამ ეტაპზე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ დაასრულა განცხადებებისა და კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების მიღება. აღსანიშნავია, რომ არ არის დადგენილი კონკრეტული ვადა, რომლის განმავლობაშიც განიხილება განაცხადი და გადაწყდება სტატუსის მინიჭების საკითხი. მიდგომა იქნება ინდივიდუალური. ეს კი, სავარაუდოდ, როგორც მესხების, ასევე მათ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების უკმაყოფილებას გამოიწვევს, რადგან განაცხადების განხილვა შესაძლოა დროში უსასრულოდ გაიწელოს.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონის თაობაზე უკმაყოფილებას გამოთქვამენ როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე თავად რეპატრიაციის სურვილის მქონე მესხები. მართალია, კანონში გათვალისწინებულ იქნა ბევრი შენიშვნა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდათ სახელმწიფოს მიმართ, მაგრამ გაუთვალისწინებელი დარჩა რამდენიმე მომენტი, კერძოდ: 1. კანონი არ განსაზღვრავს რეპატრიაციის პროცედურებს რეპატრიაციის სტატუსის მინიჭების შემდეგ; 2. საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვდნენ რეპატრიანტებს დოკუმენტაციის რუსულ ენაზე წარდგენს უფლება მიეცეთ, რაზედაც სახელმწიფომ უარი განაცხადა. საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდოდათ ამ გზით რეპატრიაციის სურვილის მქონე პირებისთვის თავიდან აეცილებინათ დოკუმენტების თარგმნისა და ნოტარიუსის ხარჯები. კანონის თანახმად, ,,დოკუმენტები წარდგენილი უნდა იქნეს ქართულ ან ინგლისურ ენაზე. თუ დოკუმენტები სხვა ენაზეა შედგენილი, ამ დოკუმენტთან ერთად წარდგენილი უნდა იქნეს მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი ქართულ ან ინგლისურ ენაზე”, რაც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული; 3. რეპატრიაციის სტატუსის მოპოვების შესახებ განაცხადთან ერთად წარსადგენ დოკუმენტებს შორის აღსანიშნავია ,,ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ” (მუხლი IV, პუნქტი 2, ზ ქვეპუნქტი). ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად საჭიროა გამოკვლევა, რომელიც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ამის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები მოითხოვდნენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი ყოფილიყო მხოლოდ მას შემდეგ, რაც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელნი რეპატრიანტის სტატუსს მოიპოვებდნენ. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციები რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებას მოითხოვდნენ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა 2009 წლის ბოლოს, რისთვისაც კანონში სათანადო ცვლილება იქნა შეტანილი.
2007 წელს მიღებული კანონის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ თავად Mმესხებიც. მათი განცხადებით, კანონპროექტი მათთან წინასწარი შეთანხმებისა და კონსულტაციის გარეშე შემუშავდა.
კანონი შეიცავს მუხლს, რომლის თანახმადაც რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელ პირს მისი ქართული გვარის აღდგენა და იმის დამტკიცება მოეთხოვება, რომ ეთნიკურად ქართველია. ეს კი გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული, რადგან Mმესხების ნაწილს არ ახსოვს თავიანთი ქართული გვარები.
2008 წელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ვარაუდობდნენ, რომ დაბრუნების სურვილი 90 ათას ადამიანს ექნებოდა. თუმცა შემოსული განაცხადებების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, დღეისათვის საქართველოში სულ 3 840 განაცხადია შემოსული. ამათგან 3 593 აზერბაიჯანიდან არის, ხოლო 235 – თურქეთიდან. 2 განაცხადია უკრაინიდან, ამერიკიდან _ 3, საქართველოდან _ 3, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან _ 4. გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს (რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ საქართველოს ინტერესებს იცავს რუსეთის ფედერაციაში) მიუვიდა 1956 განაცხადი; შუა აზიის ქვეყნებიდან საქართველოში დასახლების დაახლოებით 100-მდე მსურველია, აზერბაიჯანიდან – 1500. მაშასადამე, რეპატრიანტის სტატუსის მაძიებელნი ძირითადად აზერბაიჯანიდან არიან. აპლიკაციების მიღების ვადა 2010 წლის 1 იანვარს ამოიწურა, ამიტომ აპლიკაციების საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 7400-ს არ გადააჭარბებს.

გარკვეული წინსვლის მიუხედავად, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მთავარ დაბრკოლებას რეპატრიაციის საკითხისადმი მოსახლეობისა და პოლიტიკოსების მხრიდან ნეგატიური დამოკიდებულება წარმოადგენს. პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს შორის საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები არსებობს. მათი დიდი ნაწილი დეპორტირებულების საქართველოში ჩამოსახლებას რეალობის გათვალისწინებით პრობლემატურად მიიჩნევს. უარყოფითად ეკიდება ისტორიულ სამშობლოში მესხთა დაბრუნებას სამცხე-ჯავახეთის სომხური და ქართული მოსახლეობაც, რომელიც მაჰმადიანთა ჩამოსახლებას სიფრთხილით ეკიდება და ეს მოვლენა რეგიონში პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და ეთნიკური კონფლიქტების წყაროდ მიაჩნია.  
დეპორტირებული მესხების დაბრუნება კომპლექსური საკითხია, რომლის სათანადოდ განხორციელება მხოლოდ სახელმწიფოს პოლიტიკური ნების და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. გართულებების თავიდან აცილების მიზნით რეპატრიანტები დასახლებულ უნდა იქნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, შემუშავებული უნდა იქნეს აგრეთვე სპეციალური სახელმწიფო პროგრამები ჩამოსახლებულთა ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით (მაგ., ქართული ენის შესასწავლი პროექტები, დასაქმების პროგრამები და სხვ.). ხელისუფლების კეთილი ნება მესხების რეპატრიაციასთან დაკავშირებით უფრო ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულების შესრულების აუცილებლობით არის განპირობებული და არა მესხთა პრობლემებზე ზრუნვით. ამ თვალსაზრისით აუცილებელია იმის გააზრება, რომ რეპატრიანტები საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეები გახდებიან და აუცილებელია მათი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური ჩართულობისა და მონაწილეობის ხელშეწყობა. მათი იმ შესაძლებლობების გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ,  რითაც ისინი გამოირჩევიან. მაგალითად, ცენტრალურ აზიაში გადასახლებულმა მესხებმა ძირითადად სოფლის მეურნეობას მიჰყვეს ხელი და ამ სფეროს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. რეპატრირებული მესხების გარკვეული ნაწილის სოფლის მეურნეობაში დასაქმება ამ დარგის განვითარებას ხელს შეუწყობდა საქართველოში. მთლიანობაში კი რეპატრიაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ქართული დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე.


გამოყენებული ლიტერატურა:

Триер Том и Ханжин Андрей, 2007, “Турки-Месхетинцы: Интеграция. Репатриация. Эмиграция”, Алетейя, Санкт-Петепбург, 2007.

Pოლიან Pაველ, “Aგაინსტ თჰეირ ჭილლ: თჰე Hისტორყ ანდ Gეოგრაპჰყ ოფ Fორცედ Mიგრატიონს ინ   ტჰე Uშშღ”, Nეწ Yორკ: ჩEU Pრესს, 2004.
Bოუგაი Nიკოლაი, “თჰე Dეპორტატიონ ოფ Pეოპლეს ინ ტჰე შოვიეტ Uნიონ”, Nოვა შციენცე Pუბლისჰერს, 1996.

Pენეტიკაინენ Oსკარი ანდ თრიერ თომ,”Bეტწეენ Iნტეგრატიონ ანდ ღესეტტლემენტ: თჰე Mესკჰეტიან თურკს”, EჩMI ჭორკინგ Pაპერ # 21, შეპტემბერ/2004.

თრიერ თომ, “ჩან Mესკჰეტიან ღეპატრიატიონ ტო Gეორგია Bეგინ?”, EჩMI, Vოლუმე 4, Iსსუე 2, Oცტობერ/2007.

საქართველოს კანონი `ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-იდან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”.

ქ. სალუქვაძე. ,,მესხების რეპატრიაცია – ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება და საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები”, სამაგისტრო ნაშრომი, საქართველოს უნივერსიტეტი, 2010.

დ. ჩხარტიშვილი. `თურქი-მესხების რეპატრიაცია და საქართველოს უსაფრთხოების პრობლემები~, სამაგისტრო ნაშრომი, GIPA - 2009

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ეზიდური, 19 აპრილი

სარსალი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group