GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 


ცხოვრება სიმართლით - ვაცლავ ჰაველის წარსული და აწმყო

ბაქარ ბერეკაშვილი


ვაცლავ ჰაველზე, ყოფილი დისიდენტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტზე, ხშირად ამბობენ - მან შეძლო კაცობრიობისთვის დაემტკიცებინა, რომ იდეალისტსაც შეუძლია წარმატებით შეასხას ხორცი თავის იდეალებს, თუკი სჯერა იმ იდეალებისა, რისთვისაც იბრძვისო. ჰაველმა ისიც დაამტკიცა, რომ პოლიტიკოსი შეიძლება იყოს მორალისტი, თანაც არა ისეთი, თანამედროვე რეალური პოლიტიკის ან, გნებავთ, გეოპოლიტიკური დოქტრინების მამებს რომ წარმოუდგენიათ.

 

ინტელექტუალი, დისიდენტი და სინდისის პატიმარი


ჰაველის ინტელექტუალური ცხოვრება მჭიდროდ იყო დაკავშირებული ჩეხური კულტურის იმ ჰუმანისტური ღირებულებების ძიებასა და პოპულარიზაციასთან, რაც მიჩქმალული, იგნორირებული იყო ჩეხოსლოვაკიის ხელისუფლების მიერ. ფსევდოსოციალიზმი, რომელიც ჩეხოსლოვაკიაში არსებობდა, ცალსახად გმობდა კონკრეტული ეთნიკური იდენტობის დაცვას და ეროვნული კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციას. ამგვარი რამ დამახასიათებელი იყო სოციალური, კულტურული თუ პოლიტიკური ცხოვრებისათვის იმ ქვეყნებში, სადაც საბჭოთა ადამიანის მსგავსი არსება უნდა შექმნილიყო, ყოველგვარ კულტურულ, ეთნიკურ თუ რელიგიურ იდენტობას მოკლებული. თუმცა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში საზოგადოებებმა შეძლეს იმ ევროპული იდეალებისა და კულტურული ღირებულებების შენარჩუნება, რაც ისტორიულად მათი სოციალური და კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილს შეადგენდა. ჰაველი იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც გმობდა დომინანტური დისკურსის არსებობას და მხარს უჭერდა დისკურსულ მრავალფეროვნებას როგორც კულტურულ, ასევე პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

1960-იანი წლების ბოლოდან ჰაველის ავტორიტეტი საერთაშორისო არენაზეც იზრდება. 1968 და 1970 წლებში იგი ნიუ-იორკში ობიეს პრემიით დააჯილოდოვეს და ამ პერიოდიდან აქტიურად მეგობრობს ამერიკელ ინტელექტუალ ჯოზეფ პაპთან. ჰაველის პიესები, განსაკუთრებით `ბაღის წვეულება~ და `კონცენტრაციის მზარდი სირთულე~ უკვე ხელმისაწვდომი ხდება დასავლელი ინტელექტუალებისათვის, რომლებიც ჰაველის იდეებს იზიარებან და სოლიდარობას უცხადებენ მას სამოქალაქო ბრძოლაში. რადგანაც 1970-იან წლებში ჩეხოსლოვაკიაში ე.წ. “ანტიპარაზიტული” კანონმდებლობა მოქმედებდა, რაც ყველა იმ ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ვინც უარს აცხადებდა მუშაობაზე, ჰაველი, რომელიც შემოსავალს საერთაშორისო ბაზარზე თავისი ნაშრომების გაყიდვით იღებდა, იძულებული გახდა მუშად დაეწყო მუშაობა ტრუტნოვოს ლუდსახარშში, სადაც მან შექმნა მორიგი პიესია "აუდიენცია".

 

1975 წელს ჰაველმა ღია წერილი გაუგზავნა ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტს გუსტავ ჰუშაკს, რომელშიც იგი ამტკიცებდა, რომ ის სულიერი და მორალური კრიზისი, რაც ქვეყანაში სუფევდა, ვერ წაიყვანდა საზოგადოებას პროგრესული განვითარების გზით. ეს წერილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტელექტუალური მანიფესტია ჰაველის ცხოვრებაში, ის კარგად წარმოაჩენს ჰაველის სულს, ღირებულებათა სისტემას, მისწრაფებებს და მისი იდეალების ერთობლიობას. წერილში ჰაველი ეჭვის თვალით უყურებს ჩეხოსლოვაკური საზოგადოების კონსოლიდაციას, იგი მიიჩნევს, რომ არაფერი გაკეთებულა საზოგადოების მორალური და სულიერი აღორძინებისათვის, ცხოვრების ჭეშმარიტად ადამიანური განზომილებების გაძლიერებისათვის, ადამიანის ზრდისთვის; მისი აზრით, მაშინდელ ჩეხოსლოვაკიაში არ არსებობდა ის გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემდა ადამიანს თავისუფლად და უტყუარად შეეფასებინა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესები და ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებულიყო. აღსანიშნავია, რომ ჰაველი ამ წერილს პრეზიდენტ ჰუშაკს სწორედ მაშინ სწერს, როდესაც მორალურ და სულიერ ღირებულებებზე ყურადღების გამახვილება მოძველებულ, საზოგადოებისთვის არაფრის მიმცემ დისკურსად აღიქმებოდა. ამ წერილში ჰაველი ცდილობს დაარწმუნოს პრეზიდენტი ჰუშაკი გახდეს უფრო პროგრესული ლიდერი, რომელიც ყურადღებას მიაქცევს ქვეყნის სულიერ და მორალურ რეაბილიტაციას. მიუხედავად იმისა, რომ ჰაველის წერილი უპასუხოდ დარჩა, მან დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებრივი აზრის მობილიზაციაზე, რაც დაკავშირებული იყო ჩეხოსლოვაკიაში სულიერი ღირებულებებისათვის ბრძოლის გაგრძელებასთან.

 

კონსოლიდაცია – ეს ის საკითხია, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო ჰაველისათვი. იგი ფიქრობდა, რომ, თუ საზოგადოებაში არსებობს შიში, შეუძლებელია საზოგადოება იყოს კონსოლიდირებული. ჰაველი წერს: “მავანი დასვამს შემდეგ შეკითხვას: რატომ იქცევა ხალხი ასე? რატომ აკეთებენ ისინი ერთად ყველაფერს ისე, რომ იქმნება შთაბეჭდილება ერთიანი საზოგადოების არსებობისა, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს თავის ხელისუფლებას? ვფიქრობ, დიდი თავის მტვრევა არ არის საჭირო ამ კითხვაზე ნათელი პასუხის გასაცემად: ისინი ამას შიშის გამო აკეთებენ”. ჰაველი აპროტესტებს ამ შიშს, რომელიც ადამიანს უბიძგებს გახდეს კონფორმისტი, დაკარგოს აზროვნების უნარი და ლოიალური იყოს უსამართლობის ჩამდენი ხელისუფლების მიმართ. როგორც ჰაველი ამბობს, “ეს არის შიში იმისა, რომ სკოლის მასწავლებელი, რომელსაც არ უნდა დაკარგოს სამუშაო, მოწაფეებს იმას ასწავლის, რისიც მას არ სჯერა (...); იმის შიშით, რომ შესაძლოა არ მისცენ სწავლის გაგრძელების უფლება, ახალგაზრდა იძულებულია შეუერთდეს ახალგაზრდულ ლიგას და მონაწილეობა მიიღოს ყველა ღონისძიებაში, რასაც დაავალებენ; მამა, რომელიც შეშინებულია იმით, რომ მონსტრული სისტემის პოლიტიკური მოთხოვნების გამო შესაძლებელია მისი შვილი არ ჩარიცხონ სასწავლებელში, იძულებულია “ვოლონტერულად” გააკეთოს ყველაფერი, რასაც უბრძანებენ; სამსახურიდან დათხოვნის შიშით ხალხი არჩევნებზე მიდის, რათა ხმა მისცეს წარმოდგენილ კანდიდატებს და თვალთმაქცობენ, როცა ამბობენ, რომ პატივს სცემენ ასეთ ჭეშმარიტ არჩევნებს; იმის შიშით, რომ არ დაკარგონ თანამდებობები და ბედნიერი ცხოვრება, ხალხი ათასგვარ შეკრებაზე ხმას აძლევს ყველა რეზოლუციას ან მინიმუმ დუმილს ინარჩუნებს (...); იმის შიშით, რომ შესაძლოა ისინი ვინმემ დაასმინოს, ხალხი საჯაროდ და ხშირად პირად საუბრებშიც ერიდება გამოხატოს თავისი გულწრფელი მოსაზრება.” წერილში ჰაველი საუბრობს სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებში, მათ შორის მწერლებსა და მეცნიერებში, არსებულ შიშის ფაქტორებზე, რაც მათ აიძულებს დაწერონ ის, რისიც არ სჯერათ. ჰაველი ცდილობს ეს შიში დაამარცხოს, ის პირადად აძლევს შიშის დაძლევის მაგალითს საზოგადოებას.

 

ჰაველი დისიდენტობისას აპროტესტებდა არა მხოლოდ კომუნისტური ნომენკლატურის მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებს, არამედ აკრიტიკებდა იმ სოციალურ სტრუქტურასაც, სადაც ნაკლებად იყო კრიტიკული აზრი და ლოიალური და შემგუებლური პოზიციები მძლავრობდა. ჰაველისათვის სწორედ ეს წარმოადგენდა ჩეხოსლოვაკური საზოგადოების მთავარ პრობლემას. ამავე დროს ჰაველი ხშირად აღნიშნავდა, რომ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ ოფიციალური პროპაგანდისა, ძალზე მცირე იყო, უმრავლესობა შიშის გამო ეთანხმებოდა ხელისუფლებას, მისი აზრით, მატერიალური კეთილდღეობისთვის ზრუნვა განაწყობდა ადამიანს ლოიალურად ხელისუფლების მიმართ.

 

ჰაველი ამბობდა, რომ სოციალისტურ ჩეხოსლოვაკიაში ადამიანი, რომელიც უარს ამბობდა გაბატონებული სოციალური და პოლიტიკური დისკურსის აღიარებაზე, თავქარიან, არარეალისტ ადამიანად იყო მიჩნეული.

 

ჰაველის როგორც დისიდენტისა და ინტელექტუალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც 1977 წელი იყო. სწორედ ამ წლის იანვარში გამოქვეყნდა ე.წ. "ქარტია 77". ეს იყო მანიფესტი, რომელსაც 800 ადამიანი აწერდა ხელს. მანიფესტი ჩეხოსლოვაკიის მთავრობისგან მოითხოვდა დაეცვა ადამიანის უფლებათა ის დებულებები, რომლებიც ჩამოყალიბებული იყო 1975 წლის ჰელსინკის ხელშეკრულებაში. ეს მანიფესტი 6 იანვარს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამოქვეყნდა, რასაც საზოგადოებრივი მოძრაობის "ქარტია 77"-ის დაარსება მოჰყვა, რომლის ლიდერიც ვაცლავ ჰაველი გახდა. ქარტიის გამოქვეყნების დღიდანვე ჩეხოსლოვაკიის მთავრობამ გააძლიერა კონტროლი ჰაველისა და მისი მეგობრების, მათ შორის ჰაველის ახლო მეგობრის, ცნობილი ჩეხი ინტელექტუალის, იან პატოჩკას, საქმიანობის მიმართ. ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკურმა რეჟიმმა დაიწყო ჰაველისა და მისი თანამოაზრეების დაშინება, რაც საბოლოოდ ჰაველის ხუთთვიანი პატიმრობითა და იან პატოჩკას გულის შეტევით გარდაცვალებით დასრულდა. "ქარტია 77" ის მოძრაობა იყო, რომელმაც ახალი ეპოქა შექმნა ჩეხოსლოვაკიის სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ეს იყო ხანა, როდესაც მძლავრად ამოხეთქა საზოგადოებაში იმ ტენდენციებმა, რაც 1960-იანი წლების ბოლოს გაჩნდა.

 

1978 წელს ჰაველმა გამოაქვეყნა თავისი ბრწყინვალე ესეი “ძალა უძალოთა”, რომელიც იან პატოჩკას ხსოვნას ეძღვნებოდა. ამ ნაშრომში ჰაველმა განავითარა ფილოსოფია, რომელიც ეფუძნებოდა იდეას “ცხოვრება სიმართლით”. ჰაველის ამ თხზულებამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა აღმოსავლეთ ევროპის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე, მან შესამჩნევად გააძლიერა სოციალური მოძრაობები პოლონეთში, იუგოსლავიასა და სხვა ქვეყნებში. ამ ნაშრომმა უფრო მეტი მოტივაცია გაუჩინა არაერთ სამოქალაქო აქტივისტსა და დისიდენტს, რომლებიც იმ დროს არსებული პოლიტიკური სისტემების წინააღმდეგ იბრძოდნენ. დისიდენტებისათვის ეს ესეი იყო ერთგვარი ინტელექტუალური სახელმძღვანელო როგორც სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებისათვის, ასევე არაკონფორმისტული საზოგადოების ფორმირებისათვის ბრძოლაში. “ცხოვრება სიმართლით” არის ჰაველისეული დოქტრინა, კონცეფცია, რომელიც მოითხოვდა ინდივიდის ცხოვრებას ჭეშმარიტების და სიმართლის ნორმების დაცვით ნებისმიერ სიტუაციაში. ამავე ნაშრომში ჰაველი საუბრობს გარემოებაზე, რამაც "ქარტია 77"-ის დაარსება გამოიწვია. ის ფიქრობს, რომ ამ მოძრაობის დაფუძნებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინტელექტუალურმა კლიმატმა, რაც იმ დროის ჩეხოსლოვაკიაში სუფევდა. ჰაველი "ქარტია 77"-ს მრავალი თვალსაზრისით განიხილავდა, მისთვის ეს იყო პოლიტიკური მანიფესტი, დოკუმენტი, რომელიც სოლიდარობას უცხადებდა განსხვავებული ხედვებისა თუ რეფლექსიების მქონე ყველა სოციალურ ჯგუფს.

 

1979 წელს ჰაველმა ჩამოაყალიბა უსამართლოდ დევნილთა დაცვის კომიტეტი, რომელიც მიზნად ისახავდა ყველა იმ ადამიანის უფლებების დაცვას, რომლებიც პოლიტიკური მიზეზებით იდევნებოდნენ. ეს კომიტეტი იმ იდეალისტი, არაკონფორმისტი ჩეხოსლოვაკი ინტელექტუალების გაერთიანება იყო, რომლებიც სახელმწიფოში სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს მოითხოვდნენ, რასაც თითოეული მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკური თავისუფლებების დაცვა უნდა უზრუნველეყო. ეს გაერთიანება საფრთხეს უქმნიდა ჩეხოსლოვაკიის პოლიტიკურ სისტემას და ამიტომ ჰაველი მეორედ დააპატიმრეს. სწორედ ამ დროს ამერიკელმა მეგობარმა, ჯოზეფ პაპმა ჰაველს ნიუ-იორკის ერთ-ერთ თეატრში მუშაობა შესთავაზა. ჩეხეთის მთავრობამ უფლება მისცა ჰაველს დაეტოვებინა ქვეყანა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებულიყო, რითაც იგი თავიდან აიცილებდა თავისუფლების აღკვეთას. მაგრამ ჰაველმა იცოდა, რომ თუკი ამერიკაში წავიდოდა, მას აღარ დართავდნენ ჩეხოსლოვაკიაში დაბრუნების ნებას და უარი თქვა ამ წინადადებაზე. შედგა მისი სასამართლო პროცესი და ჰაველს 4 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

ჰაველს ციხეში სტატების წერა აკრძალული ჰქონდა. მხოლოდ იმის უფლებას აძლევდნენ, რომ კვირაში ერთხელ წერილი მიეწერა თავისი მეუღლისათვის, ოლგასთვის, თუმცა ამ წერილების ნაწილი ხშირად არ მიდიოდა ადრესატამდე. დაპატიმრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ ჰაველის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, რის გამოც 1983 წელს იგი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ციხიდან გამოსულმა ჰაველმა დაწერა თავისი არაჩვეულებრივი მოკლე პიესა "შეცდომა", რომელიც ციხის თემატიკას ეძღვნებოდა. 1985 წელს ჰაველი კვლავ დააპატიმრეს, თუმცა ამჯერად ხანმოკლე ვადით.

 

1980-იანი წლების შუახანებიდან, მაშინ, როდესაც ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში განსაკუთრებით გააქტიურდა ახალი სოციალური მოძრაობები, რომელთა პროტესტის ფორმა იმ დროს არსებული პოლიტიკური წყობილების წინააღმდეგ მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციები იყო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან გეოგრაფიულ არეალს ევროპაში ჩეხოსლოვაკია წარმოადგენდა, სადაც ინტელექტუალები გაერთიანდნენ, რათა საბოლოდ ეთქვათ უარი ძალადობისა და უსამართლობისთვის. 1989 წლის 17 ნოემბერს ჩეხოსლოვაკის პოლიციამ პრაღაში სასტიკად დაარბია სტუდენტთა მშვიდობიანი დემონსტრაცია, რასაც 19 ნოემბერს შედეგად სამოქალაქო ფორუმის დაფუძნება მოჰყვა, რომელსაც სათავეში ვაცლავ ჰაველი ჩაუდგა. ეს იყო სამოქალაქო მოძრაობა, ერთგვარი ქოლგაორგანიზაცია იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა თუ კონკრეტული პიროვნებებისათვის, რომლებიც ფუნდამენტურ სოციალურ და პოლიტიკურ ცვლილებებს და ღირებულებების გადაფასებას მოითხოვდნენ. 1990 წლის ზამთარში ჩეხოსლოვაკიაში მოხდა ის, რაც უკვე ხდებოდა ყველგან ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში: დისიდენტებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა შეძლეს ფსევდოკომუნისტური ნომენკლატურის დამარცხება. ქვეყანა დაადგა ფუნდამენტური სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების გზას, რაზედაც ჰაველი წლების განმავლობაში ოცნებობდა.

 

პრეზიდენტი ჰაველი – უკანასკნელი და პირველი


1990 წელს ჩეხოსლოვაკიის ფედერალურმა ასამბლეამ ჰაველი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ჰაველმა უმოკლეს დროში საპატიმროდან გაათავისუფლა ყველა პოლიტიკური პატიმარი. იმავე წლის ზაფხულში იმავე ფედერალურმა ასამბლეამ იგი ხელმეორედ აირჩია ქვეყნის პრეზიდენტად. თუმცა ჰაველი ყოველთვის მომხრე იყო ჩეხებისა და სლოვაკების საერთო ფედერაციის შექმნის იდეისა, მისი ეს მისწრაფებები თუ ინიციატივები უშედეგო აღმოჩნდა და 1992 წლის ზაფხულში ახლადარჩეულმა პარლამენტმა პრეზიდენტის პოსტზე ჰაველის კანდიდატურა ჩააგდო. იმდროინდელი ჩეხოსლოვაკური კანონმდებლობით მას შეეძლო გარკვეული პერიოდის მანძილზე შეენარჩუნებინა პრეზიდენტის სავარძელი, თუმცა მან ამ შესაძლებლობაზე უარი განაცხადა. ჰაველი იყო ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი პრეზიდენტი, რადგანაც უკვე 1993 წელს ეს ქვეყანა ორ ნაწილად - ჩეხეთის რესპუბლიკად და სლოვაკეთის რესპუბლიკად - დაიშალა.

 

ამის შემდეგ ჰაველი ცოტა ხნთ გაერიდა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას, თუმცა იმ დროისათვის ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა გადარჩენას ითხოვდა. 1993 წელს ჰაველმა დაინახა თავისი სოციალური პასუხისმგებლობა, წვლილი შეეტანა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში და კვლავ გამოთქვა პრეზიდენტობის სურვილი. იმავე წელს ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატამ ვაცლავ ჰაველი დამოუკიდებელი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტად აირჩია. ჰაველმა იცოდა, რომ მისი როგორც ჩეხეთის პრეზიდენტის მისია დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობა იყო. ამ მიზნის მისაღწევად იგი როგორც პრეზიდენტი მხარს უჭერდა ჩეხეთის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში. პრეზიდენტმა ჰაველმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩეხეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში.

 

ძნელია თქმა იმისა, რომ ჰაველი როგორც პოლიტიკოსი ძლიერი იყო. ალბათ უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჰაველი იყო ერთგვარი სიმბოლო მორალისა და სინდისის პრინციპისა პოლიტიკაში. ჰაველი-პრეზიდენტი აქტიურობდა არამარტო ქვეყნის შიდა თუ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას, პოლიტიკისა, რომელიც მიმართული იყო ჩეხეთის კულტურული და სოციალური ღირებულებების რეინტეგრაციისკენ ერთიან ევროპულ სივრცეში, იგი ცნობილი იყო აქტიური სოციალური ცხოვრებითაც, ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების პატივისცემის პროპაგანდით. პრეზიდენტი ჰაველი ხშირად იწვევდა პრაღაში ინტელექტუალებს, ესაუბრებოდა მათ არა როგორც ქვეყნის მმართველი, არამედ როგორც მოაზროვნე, ინტელექტუალი. მას უყვარდა და დღესაც უყვარს მეგობრობა და ურთიერთობა ისეთ ინტელექტუალებთან, რომლებიც თავიანთი რადიკალური იდეებითა თუ კრიტიკული ნაწარმოებებით გამოირჩეოდნენ. მაგალითად, ჰაველმა პრაღაში მიიწვია ცნობილი ინდური წარმოშოების ბრიტანელი მწერალი და ინტელექტუალი სალმან რუშდი. ჰაველმა რუშდი პრაღის ციხესიმაგრეში მიიღო, სტუმარმა და მასპინძელმა იმსჯელეს თანამედროვე ლიტერატურისა და ევროპის დღევანდელობის შესახებ. საინტერესოა ის ფაქტი, რომ რუშდის მოწვევის გამო ჰაველი პრემიერ-მინისტრ ვაცლავ კლაუსს დაუპირისპირდა. კლაუსი ფიქრობდა, რომ ამ საქციელით ჰაველი საფრთხეში აგდებდა ქვეყნის უსაფრთხოებას. როგორც ჩანს, ჰაველს დისიდენტობის დროინდელი ექსტრემალურობა პრეზიდენტობის ჟამსაც შეუნარჩუნებია.

 

ჰაველი ჩეხ ხალხში არა მხოლოდ იმიტომ სარგებლობდა პოპულარობით, რომ იგი ჩეხეთის პირველი პრეზიდენტი იყო, არამედ იმიტომაც, რომ ხალხის უმრავლესობა მას ისევ თავისუფლებისათვის მებრძოლ დისიდენტად აღიქვამდა, ვინაიდან მან შეძლო შეენარჩუნებინა უბრალოება და სუფთა სინდისი.

 


სამოქალაქო საზოგადოების შესახებ


სამოქალაქო საზოგადოების იდეა, რომელიც ბრიტანელი ფილოსოფოსის ადამ ფერგიუსონისაგან მომდინარეობს, ჰაველისთვის ცენტრალური ღირებულება იყო, გამიზნული სიკეთეზე დაფუძნებული სახელმწიფოს შესაქმნელად.

 

ჰაველი მიიჩნევდა, რომ სამოქალაქო საზოგადოება იქმნება საზოგადოების შიგნით, გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფების დონეზე, რის საფუძველზეც შემდგომ ყალიბდება ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მოწოდებულნი არიან გამოვიდნენ სხვადასხვა სამოქალაქო ინიციატივით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას. ჰაველი აგრეთვე მიიჩნევდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ინსტიტუციები უნდა გახდნენ უნივერსიტეტები და ადგილობრივი სტრუქტურები, რომლებიც ერთობლივი მუშაობის შედეგად ხელს შეუწყობენ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის პროცესს. ჰაველის აზრით, დემოკრატია სამოქალაქო საზოგადოების გარეშე კარგავს მნიშვნელობას და საპნის ბუშტივით ქრება. ჰაველი არ ეთანხმება გავრცელებულ თვალსაზრისს, თითქოს უმთავრესია ძირითადი დემოკრატიული ინსტიტუტები - პარლამენტი, მთავრობა და პოლიტიკური პარტიები, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს დიდი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს. ჰაველი უპირისპირდება ამ მოსაზრებას და ფიქრობს, რომ სამოქალაქო ჯგუფები აუცილებელნი არიან დემოკრატიული ღირებულებების დასამკვიდრებლად. ნებისმიერ ტოტალიტარულ რეჟიმს ეშინია სამოქალაქო საზოგადოების, და ეშინია იმიტომ, რომ ასეთი საზოგადოების პირობებში ხელისუფლებას მოეთხოვება იყოს გამჭირვალე, ტოლერანტი და ჰუმანისტური ღირებულებების მატარებელი. “სამოქალაქო საზოგადოების ხელახლა აღდგენა კომუნიზმის დამარცხების შემდეგ ადვილი ამოცანა არ იყო. ჩვენ გარკვეულ წარმატებებს ვხედავთ ჩვენს ქვეყანაში, ის სტაბილურად ვითარდება, თუმცა ჯერ ბრძოლა საბოლოოდ არ მოგვიგია. სამოქალაქო საზოგადოების ინიციტივები ჯერ კიდევ აწყდება სხვადასხვა ბიუროკრატიულ, სამართლებრივ და პოლიტიკურ დაბრკოლებებს”, _ ამბობს ჰაველი. ჰაველი ფიქრობდა, რომ საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების არამარტო ეროვნულ დონეზე გავრცობა და განვითარება, არამედ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება საერთაშორიოს დონეზეც. ჰაველის აზრით, საჭიროა შეიქმნას ისეთი საერთაშორისო სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც გასცდება ქვეყნის საზღვრებს და ყველა იმ ძალის კონსოლიდაციას მოახდენს, რომლებიც მოწოდებულნი არიან დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციისა და დაცვისათვის მსოფლიო მასშტაბით. ჰაველის აზრით, მაშინ, როდესაც სამოქალაქო საზოგადოებას დარტყმას აყენებენ სხვადასხვა ტოტალიტარული რეჟიმები, საჭიროა საერთაშორისო სოლიდარობის გამოცხადება იმ სამოქალაქო ჯგუფების მიმართ, რომელნიც საკუთარ ქვეყნებში იდევნებიან. ჰაველის დღევანდელი მოღვაწეობაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ძალა შემატოს სამოქალაქო აქტივისტებს ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

თანამედროვე ტოტალიტარული რეჟიმების შესახებ


ცნობილია, რომ დღეისათვის ჰაველი აქტიურად არის ჩართული ტოტალიტარული რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი განსაკუთრებით კრიტიკულია ბელორუსისა და კუბის პოლიტიკური სისტემების მიმართ. ჰაველი მნიშვნელოვან პროგრესად მიიჩნევს ევროკავშირის გაფართოებას და იმას, რომ მას შეუერთდნენ ყოფილი კომუნისტური ბლოკის ქვეყნები, თუმცა წუხს, რომ ევროკავშირის მეზობლად არსებობს ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელსაც პრეზიდენტი ლუკაშენკო განაგებს. ჰაველი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს პოლიტიკურმა რეჟიმმა ბელორუსი პოლიტიკურ იზოლაციამდე მიიყვანა. ჰაველი მკვეთრად აკრიტიკებს ლუკაშენკოს რეჟიმს და აღნიშნავს, რომ ლუკაშენკოს ბელორუსი არის ქვეყანა, სადაც ილახება ადამიანის ძირითადი უფლებები, განსაკუთრებით კი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ეს მაშინ, როცა ბელორუსის მეზობელი ქვეყნები ისწრაფიან გახდნენ ევროპის დემოკრატიულ და კულტურულ ღირებულებათა სისტემის სრულფასოვანი წევრები. ჰაველი მიიჩნევს, რომ რეპრესიები და კორუფცია ბელორუსში უკვე იქცა ერთგვარ სოციალურ-პოლიტიკურ სტანდარტად, რასაც ადამიანები კონფორმიზმამდე და სამოქალაქო აქტივობაზე გულის აცრუებამდე მიჰყავს. ჰაველს ეჭვი არ ეპარება, რომ ბელორუსის თავისუფალი მომავალი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივებზე. ასეთი ინიციატივები ბელორუსის პოლიტიკურ და სამოქალაქო ცხოვრებაში შეინიშნება, თუმცა ჰაველი ბელორუსში ასევე კარგად ხედავს იმ ჯგუფებსაც, რომელთათვისაც საერთოევროპული ღირებულებები თავიანთი ქვეყნისთვის საზიანო ჰგონიათ. ამიტომ ჰაველი მიიჩნევს, რომ ევროპის სახელმწიფოები ვალდებულნი არიან დაეხმარონ, სოლიდარობა გამოუცხადონ და ძალა შემატონ იმ ადამიანებს ბელორუსში, რომლებიც ცდილობენ საერთაშორისო საზოგადობას აჩვენონ პრეზიდენტ ლუკაშენკოს კორუმპირებული ხელისუფლების ნამდვილი სახე. ჰაველი მიიჩნევს, რომ ბელორუსში დახმარების ღირსია დემოკრატიული ოპოზიცია, დამოუკიდებელი სამოქალაქო ჯგუფები, სტუდენტები და მოქალაქეები, რომელთათვისაც ძვირფასია დემოკრატიული, ევროპული ღირებულებები.

 

კუბაც ის ქვეყანაა, რომელიც დიქტატორული რეჟიმის წნეხქვეშ იმყოფება. ვერ შესრულდა ის დაპირებები, რასაც თავის დროზე კუბელები ახალგაზრდა რევოლუციონერ ფიდელ კასტროსგან ისმენდნენ. არავის ეპარება ეჭვი იმაში, რომ პრეზიდენტ ბატისტას რეჟიმი კუბაში მჩაგვრელი და არადემოკრატიული იყო, რამაც კუბის რევოლუცია გამოიწვია, თუმცა აღარც ის არის საეჭვო, რომ ფიდელ კასტროს მთავრობამ ისეთივე მჩაგვრელი რეჟიმი დაამყარა, როგორიც მისი წინამორბედის დროს იყო. ჰაველი ცდილოს საერთაშორისო საზოგადოების გააქტიურებას იმისათვის, რომ კუბელ ხალხს ღირსეულად ცხოვრების საშუალება მიეცეს.

 

ჰაველს სწამს, რომ ევროკავშირი, რომელიც, მისი აზრით, დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტია, შეძლებს არ დაივიწყოს ტოტალიტარული წარსულის კოშმარი, რაც მისმა წევრმა ქვეყნებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოსცადეს, და მხარს დაუჭრეს კუბის დიქტატორული რეჟიმის დემონტაჟს. ჰაველი მიუთითებს, რომ არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მეტი ყურადღება მიაქციოს ადამიანის უფლებების მდგომარეობას კუბაში, მხარი დაუჭიროს ყველა ოპოზიციურ და პროდემოკრატიულ ძალებს.

 

ჰაველი ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირის დიპლომატიურ პოლიტიკას კუბასთან მიმართებით. როცა ევროკავშირი ცდილობს მოხსნას სანქციები და მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობა დაამყაროს კუბასთან, ეს, ჰაველის აზრით, კასტროს რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი უამრავი კუბელი დისიდენტის იმედგაცრუებას იწვევს. ჰაველი განსაკუთრებით მაღალ შეფასებას აძლევს კუბის მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამო საერთაშორისო ორგანიზაციებს "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" და "საერთაშორიოს ამნისტიას", რომლებიც ამ ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების ხელყოფის ფაქტებს იკვლევენ. ჰაველი ხშირად უსვამს ხაზს არასამთავრობო სექტორის ამ წარმომადგენლების, ისევე როგორც კონკრეტული ევროპელი ინდივიდების, სიმამაცეს, რომლებიც ცდილობენ უკეთ გაერკვნენ იმაში, რაც კუბის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში ხდება, და საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია აწვდიან ამის თაობაზე. ჰაველს სწამს, რომ კუბის მიმართ კრიტიკული უნდა იყოს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაც, განსაკუთრებულ როლს კი ჰაველი ამ საქმეში ევროკავშირს აკისრებს.

 


ევროპის მომავლის შესახებ


განსაკუთრებულია ჰაველის დამოკიდებულება ევროპული კულტურისა და დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. ჰაველი ფიქრობს, რომ ევროპის ისტორია მხოლოდ ხსნის, თავისუფლების, პროგრესისა და ჰუმანისტური იდეების ისტორია როდია, არამედ სხვა კულტურების სასტიკი დევნისა და ჩაგვრის ისტორიაც არის. თუმცა მას მიაჩნია, რომ დღეს ევროპას შეუძლია კაცობრიობას ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების მოდელი შესთავაზოს. ჰაველი ფიქრობს, რომ ევროკავშირი უპრეცედენტო მცდელობა იმისა, რომ შეიქმნას ევროპა როგორც ერთიანი რეგიონი, რომელსაც გააძლიერებს და ძალას შემატებს სოლიდარობის გრძნობა. ევროკავშირმა მთელ ქვეყანას უნდა დაანახოს, რომ ის დახურული კლუბი კი არ არის, არამედ ღიაა ყველასთვის, ვინც იზიარებს და იცავს მის ღირებულებებსა და პრინციპებს, - მიიჩნევს ჰაველი.

 

პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გრძნობის გაძლიერებას თვლის ჰაველი ევროპის ნათელი მომავლის წინაპირობად. ჰაველი მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გრძობის გაძლიერება მდიდარი და წარმატებული ევროპის შექმნის საფუძველია. “ევროკავშირის ახალ სახელმწიფოებს, რომლებიც ასე ისწრაფოდნენ გამხდარიყვნენ მისი წევრები, იმისათვის, რომ იმ ქვეყნების სრულფასოვანი ლეგიტიმური პარტნიორები გახდნენ, რომლებსაც დემოკრატიულად ცხოვრების დიდი ისტორია აქვთ, არ უნდა დაავიწყდეთ, რომ ევროკავშირის წევრობა მარტო გარკვეული უფლებებისა და სარგებლობის მოპოვებას კი არა, არამედ საერთო ევროპული პასუხისმგებლობის გაზიარებასაც ნიშნავს” - ამბობს ჰაველი.

 

ჰაველი დიდებულ მომავალს უწინასწარმეტყველებს ევროპას, თუ კი იქ სოლიდარობის, სოციალური სამართლიანობისა და თავისუფალი მოქალაქეობის პრინციპები დაცული და ხელშეუხებელი იქნება. ჰაველი მიიჩნევს, რომ ევროპას შეუძლია გახდეს მოდელი იმისა, როგორ უნდა იღვაწონ სხვადასხვა ერებმა მშვიდობისათვის ისე, რომ ამ მიზანს მსხვერპლად არ შეეწიროს რომელიმე მათგანის იდენტობა. მისი სიტყვებია: “ევროპას აქვს ყველა შესაძლებლობა, თუ მოისურვებს, ისევ აღიდგინოს სულიერი და ინტელექტუალური ტრადიციები, დაუბრუნდეს ამ ტრადიციების ფესვებს და იკვლიოს რა აქვს საერთო სხვა კულტურებთან და სხვა ცივილიზაციებთან, კავშირი შეკრას მათთან საერთო მორალურ პრინციპთა ძირების საძიებლად, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ყველა ჩვენგანს შეეძლოს ერთმანეთის გვერდით ცხოვრება ამ პლანეტაზე”.

 

 


 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group