GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან

2016 წლის 4 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს სამუშაო შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილესთან ლია გიგაურთან და სამინისტროს შემადგენელი სხვადასხვა სსიპ-ებისა და დეპარტამენტების წარმომადგენლებთან.


შეხვედრის გახსნისას საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ შეხვედრა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იმართებოდა, სადაც საბჭოს წევრებს საშუალება მიეცემოდათ ამომწურავი პასუხი მიეღოთ მათთვის საინტერესო თემებზე სამინისტროს წარმომადგენლებისგან.


მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა მიმოიხილა სამინისტროს საქმიანობის ის ნაწილი, რომელიც ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციას ემსახურება. მან ყურადღება გაამახვილა სამინისტროს მიერ შემუშავებულ ბილინგვური განათლების ახალ მოდელზე, რომელიც 2010 წლის მოდელისგან განსხვავებით, სხვადასხვა საგნების სხვადასხვა ენაზე შესწავლას გულისხმობს. ამ ახალი მოდელის შესაბამისად, ახლო მომავალში სახელმძღვანელოების მომზადება და მასწავლებელთა გადამზადება დაიწყება. მან ასევე ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმებში მცირე ენების სტანდარტების შექმნის, მშობელთა განათლების პროგრამებზე და სამინისტროს სხვა ინიციატივებზე, რომელიც ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენელთათვის სახელმწიფო ენის შესწავლის პროცესის გაუმჯობესების საკითხებს ეხებოდა.


ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს, რომელიც მასწავლებელთა კვალიფიკაციის ზრდის, მშობლიური ენის საათობრივი ბადის, სახელმძღვანელოების თარგმნისა თუ მომზადების, მცირე ენების სწავლებისა და ინფრასტრუქტურის საკითხებს ეხებოდა, მინისტრის მოადგილესთან ერთად უპასუხეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებმა.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group