GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის სიტყვა ჰოლოკოსტის ხსოვნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

დღეს, 27 იანვარს, მსოფლიო ნაცისტური რეჟიმის მიერ მეორე მსოფლიო ომში  6 მილიონამდე ებრაელის, ასევე ბოშების, პოლონელების, ფსიქიკური პრობლემებისა და შეზღუდული შესაძლებლობის, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის  მქონე ადამინიების, იეჰოვას მოწმეებისა და სამხედრო ტყვეების  მსხვერპლსა და მილიონობით ადამიანის დევნისა და წამების შემზარავ ამბავს იხსენებს.

 

იხსენებს არამარტო იმიტომ, რომ ღირსეული პატივი მიაგოს დაღუპული და ნაწამები ადამიენების ხსოვნას, არამედ იმიტომაც, რომ  აღარასოდეს განმეორდეს ის, რაც მეოცე საუკუნის 30 -იან 40-იან წლებში დაატყდა თავს მსოფლიოს.

 

წლეულს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღის ცენტრალური თემა ჰოლოკოსტის გამოცდილება, ჰოლოკოსტის გზის გავლით, მასზე გამარჯვების მოპოვებაა. ამით კიდევ ერთხელაა ხაზგასმული, რომ ჰოლოკოსტი არის მოვლენა, რომელიც ჩვენს ინდივიდუალურ თუ კოლექტიულ მეხსიერებაში მუდმივად უნდა იყოს აღბეჭდილი,

 

  • რათა აქ და ახლა უკომპრომისონი ვიყოთ შეუწყნარებლობის, ანტისემიტიზმის, ქსენოფობიის, დევნისა და დისკრიმინაციის გამოვლინებებისადმი,

 

  • რათა აღარასოდეს დავუშვათ, რომ სახელმწიფოს მოქმედების პრინციპი და უმრავლესობის იდეოლოგია, მისი ნება, დაფუძნებული იყოს განსახვავებულთა მიუღებლობაზე, ჩაგვრასა და შევიწროებაზე,

 

  • რათა ძირეულად და მყარად გვქონდეს გაცნობიერებული, რომ ჰოლოკოსტს, გენოციდს, ომსა და კონფლიქტებს საფუძველი სწორედ მაშინ ეყრება, როცა იწყება ადამიანების შეფასება სტერეოტიპების მიხედვით, დაყოფა და დახარისხება ამა თუ იმ იდენტობის ნიშნით, როცა გვავიწყდება, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი და მისი უფლებები და თავისუფლებები არის უმთავრესი ფასეულობა, რაზეც უპირობოდ უნდა იყოს შეთანხმებული საერთაშორისო თანამეგობრობაც, თითოეული სახელმწიფოცა და საზოგადაოებაც.

 

პრიმო ლევი, აუშვიცის ბანაკის ლეგენდარული ტყვე, თავისი უმძიმესი გამოცდილების შესახებ დაწერილ ერთ-ერთ წიგნში, რომელსაც „გამქრალნი და გადარჩენილნი“ ქვია, ასეთ რამეს გვიამბობს:

 

თითქმის ყველა, ვინც ცოცხალმა დააღწია თავი საკონცენტრაციო ბანაკების სისასტიკეს, წერილობით თუ ზეპირად ამოწმებს, რომ ბანაკებში ისინი ხშირად ხედავდნენ სიზმრებს, რომლებიც დეტალებში განსხვავების მიუხედავად, არსობრივად,  ერთ შინაარს, ერთ ფუნდამენტურ შიშს შეიცავენ: ტყვეობაგამოვლილნი ბრუნდებიან სახლში და  ტკივილის შესამსუბუქებლად, ემოციურად უყვებიან რომელიმე ყველაზე მეტად ახლობელ ადამიანს განცდილ ტანჯვა-წამებას. მაგრამ, ახლობლები არათუ უჯერებენ, არამედ მათ ამის მოსმენაც კი არ უნდათ. ხშირად კი, უბრალოდ ზურგს აქცევენ და უხმოდ ეცლებიან. მარტო ტოვებენ.

 

შეიძლება ითქვას, რომ ეს კოშმრული სიზმარი არ ახდა.  ომის შემდეგ, ბანაკებში დაღუპული და ნაწამები ადამიანების შესახებ მსოფლიომ შეიტყო,  მაგრამ რა გკვეთილი უნდა გამოვიტანოთ დღეს ჩვენ პრიმო ლევის ამ მონათხრობიდან?

 

ძვირფასო მეგობრებო,  ეს საკონცენცენტრაციო ბანაკების, ჰოლოკოსტის ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი და ჩვენთვის, ყველასთვის გამაფრთხილებელი გამოცდილებაა.

 

როცა კონკრეტული ადამიანის იგნორირება ხდება; როცა არ გვსურს კარი გავუღოთ და მოვუსმინოთ ნაწამები, დევნილი, დამცირებული, უფლებააყრილი ადამინების ხმას, როცა ზურგს ვაქცევთ მათ და ვაგრძელებთ ცხოვრებას ისე, თითქოს ყველაფერი მაინც წესრიგშია, სწორედ მაშინ, შეუმჩნევლად,  საფუძველი ეყრება ბორეტებას, რომელიც ჰუმანიტარული კატასტროფით, ადამინთა მასობრივი დევნით, წამებითა და განადგურებით შეიძლება დამთავრდეს.

 

ამიტომ,  უპირველეს ყოვლისა, ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, გავიაზროთ და თანადგომა გამოვუჩინოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მოგვითხრობენ თავიანთი ჩაგვრის შესახებ, რაც, ზოგჯერ, შესაძლოა, დისკომფორტს გვიქმნიდეს ან უჩინარი იყოს და სრულიად დაუჯერებელი.

 

ჩვენ,  ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ ჩვენს სახელმწიფოში ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ყოვლდღიურ ურთიერთობებში ერთხელ და სამუდამოდ დავამკვიდროთ სოლიდარობის კულტურა, ტოლერანტობის, თანასწოუფლებიანობის, ურთიერთპატივისცემის პრინციპები.  

 

გასულმა წლებმა გვიჩვენა, რომ ჩვენი რელობა ისევ აღბეჭდილია  განსხვავებული რელიგიური, ეთნიკური, რასობრივი იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის მქონე ადმინებისადმი შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის გამოვლინებებით. ამიტომ, დღეს, ჩვენი პერსონალური და საერთო პასუხისმგებლობა არის ამ რეალობის შეცვლა.

 

თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც ჩვენთვის დაკისრებული პასუხმგებლობის ფარგლებში, ასევე ამ ფარგლებს მიღმაც,  - სახელმწიფო, საჯარო თუ კერძო ასპარეზზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჩვენი ცხოვრების წესით, უნდა შევძლოთ შეუწყნარებლობის გამოწვევაზე ღირსეული პასუხის გაცემა.

 

სახელმწიფომ, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ და მთელმა  პოლიტიკურმა სპექტრმა, სხვადასხვა იდენტობის მქონე ჯგუფებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მედიამ,  ზოგადად, სამოქალაქო აქტივისტებმა, არ უნდა დავიშუროთ ამ მიზნის მისაღწევად დრო და ენერგია.

 

ამ გზაზე ჩვენ უნდა მივმართოთ როგორც კანონს, სამართლებრივ მექანიზმებს, ასევე,  უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ გამოვიყენოთ და ბოლომდე ავამუშავოთ შესაბამისი განათლებისა და განსხვავებულთა შორის დიალოგის არსებული რესურსები. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუკი ჩანს, რომ ეს რესურსები არასაკმარისია, ყველაფერი უნდა ვიღონოთ საიმისოდ,  რომ ხელი შევუწყოთ განათლების, დიალოგისა და სოლიდარობის ახალ ახალი კერების გაჩენას.

 

ცხადია, რომ მხოლოდ ჩვენი საერთო ძალისხმევით შეიძლება ამ გზაზე რეალური წარმატების მიღწევა, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ეს საქმე უნდა დაიწყოს იმით, რომ ზურგი არასოდეს შევაქციოთ იმათ, ვინც ყვება საკუთარი უფლებების შელახვის შესახებ. სწორედ, ყოველივე აქედან გამომდინარე და ყოველივე ამის გამო,  მუდმივად უნდა გვახსოვდეს ჰოლოკოსტი და პატივს მივაგებდეთ მის მსხვეპლს!

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group