GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

თომას ჰამარბერგი - საქართველო გარდამავალ პერიოდში, უმცირესობათა უფლებები

გთავაზობთ, საქართველოში საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროკავშირის საგანგებო მრჩეველის, თომას ჰამარბერგის შეფასებებისა და რეკომენდაციების იმ ნაწილს, რომელიც საქართველოში უმცირესობათა უფლებების დაცვას ეხება. მოხსენება გამოქვეყნდა 2013 წლის სექტემბერში.

 

უმცირესობათა უფლებები


კოალიცია „ქართული ოცნების“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა გააკეთა ისლამოფობიური და ჰომოფობიური განცხადებები, როგორც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს, ასევე მას შემდეგაც. ძალზედ მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის პრინციპული განცხადებები უმცირესობათა უფლებების დაცვის შესახებ. აუცილებელია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა სიძულვილის ენაზე საუბრის ყოველი გამოვლინების დაგმობა განაგრძონ. სასურველია განხორციელდეს, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წამოყენებული იდეა სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს სიძულვილის ენაზე საუბრის ეფექტურ მონიტორინგს.

 

მეტად ძვირად დაგვიჯდა უმცირესობებთან დაკავშირებით გასულ ათწლეულებში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები. ხელისუფლებას გაუჩნდა ეჭვი, რომ ზოგიერთი უმცირესობა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ არ იყო ლოიალური და ლოიალობის შესახებმათ მიმართ პრინციპულად  უსაფრთხოების პერსპექტივიდან გამომდინარე მოიქცა, ნაცვლად იმისა, რომ ხელი შეეწყოთ ამ უმცირესობებისათვის თავი ეგრძნოთ ინტეგრირებულად და მრავალეთნიკური ქართული ერის ნაწილად. აღნიშნულმა დამოკიდებულებამ ხელი შეუწყო კონფლიქტებისა და დაძაბულობის გაღვივებას და აგრეთვე შეეხო იმ უმცირესობებსაც, რომლებსაც უშუალოდ არ ეხებოდა ეს საკითხი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში მდებარე მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებით ახლახანს განვითარებულმა მოვლენებებმა აჩვენა, რომ უსაფრთხოების პერსპექტივა ჯერ კიდევ უპირატეს ელემენტს წარმოადგენს უმცირესობებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი მშენებლობის ნებართვის ოფიციალურად არარსებობით მართლდებოდა.

 

უმცირესობათა უფლებების შესახებ კანონმდებლობა და პოლიტიკა


საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ არ არის სრულყოფილი. კონსტიტუცია და რიგი კანონები მოიცავს ანტიდისკრიმინაციულ დებულებებს. გარდა ამისა, 2012 წელს კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, დისკრიმინაცია სისხლის სამართლის დამამძიმებელი გარემოება გახდა.

 

საქართველო შეუერთდა საერთაშორისო ხელშეკრულებებს უმცირესობის უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ და მოახდინა რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციისა და ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო-კონვენციის რატიფიცირება. საქართველოს ვალდებულება რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის რატიფიცირებასთან დაკავშირებით, კვლავ განხილვის პროცესშია. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება ამჟამად განიხილება. ტექსტი ითვალისწინებს დისკრიმინაციის არსებული ფორმების პრევენციისა და აღმოფხვრისკენ, ასევე ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ ანტიდისკრიმინაციულ ღონისძიებებს. აღნიშნული მოიცავს ორსული ქალებისა და დედების მრავალჯერადი დისკრიმინაციისა და დაცვის კონცეფციას. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ის წარმოადგენს ახალ ინსტიტუტს, თანასწორობის დაცვის ინსპექტორს, რომელიც ისარგებლებს კანონიერი სავალდებულო გადაწყვეტილებების მიღებისა და ჯარიმების დაკისრების უფლებამოსილებით. კონსულტაციების პროცესში, წარმოიშვა მოსაზრებები ინსპექტორს, სახალხო დამცველსა და პოტენციური დისკრიმინაციის სიტუაციებში მოქმედ სხვა ორგანოებს შორის, ინსტიტუციურ ურთიერთობებთან დაკავშირებით.

 

2009 წლიდან, უმცირესობათა უფლებების შესახებ პოლიტიკას შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფცია და მისი სამოქმედო გეგმა წარმართავს. აღნიშნული დოკუმენტების მიზანია ქვეყანაში შემწყნარებლობისა და პატივისცემის გარემოს შექმნა, ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების მიცემის ხელშეწყობა, ყველა სფეროში ეთნიკური უმცირესობების ეფექტური მონაწილეობის უზრუნველყოფა და აუცილებელი პირობების შექმნა მათი კულტურისა და ინდივიდუალობის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის. აღნიშნულს მოჰყვა გარკვეული თვალსაჩინო შედეგები, განსაკუთრებით სომეხი და აზერბაიჯანელი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში და ძირითადად საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურის განვითარების (გზები, სკოლები) კუთხით.

 

ამჟამად რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დაიწყო წინა პოლიტიკისა და პრაქტიკის შეფასება არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ინდივიდუალურ ექსპერტებსა და უმცირესობათა ჯგუფების წარმომადენლებთან კონსულტაციით. მოხსენება მზად იქნება წლის დასასრულს.

 

ეს შეფასება უნდა იყოს სამომავლო სტრატეგიის კარგი საფუძველი კონკრეტულ სამოქმედო გეგმასთან ერთად. აღნიშნული პროცესში აგრეთვე აუცილებელია სერიოზული პოლიტიკური დისკუსიების წარმოება ზემოაღნიშნული „რეგიონალური და უმცირესობათა ენების შესახებ ევროპის ქარტიის“ რატიფიცირების უპირატესობებთან დაკავშირებით.

 

ეთნიკური უმცირესობები


2002 წელს ჩატარებული ბოლო აღრიცხვის თანახმად, ეთნიკური უმცირესობები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 16 პროცენტს შეადგენს. როდესაც საქმე ეხება ეროვნული უმცირესობების მიმართ მოპყრობას, „ეროვნული უმცირესობის საკითხთა კომისიის“ მიერ გამოხატული დეტალური რეკომენდაციები, ასევე ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების, როგორიცაა „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო-კონვენციის საკითხებზე საკონსულტაციო კომიტეტი“, „ევროპული კომისია რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ“ და „კომიტეტი რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საკითხებზე“ მიერ საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციები უნდა იქნას მოყვანილი სისრულეში ყოველგვარი ვადაგადაცილების გარეშე. აღნიშნული ითვალისწინებს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი საკითხებით:

 

-         უმცირესობათა მიერ ქართული ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად მიღებული ძალისხმევების განხორციელების გაგრძელება. რამდენადაც ცნობილია, ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელიც საჭიროებს მნიშვნელოვან რესურსებს, მაგრამ დღემდე წარმატებით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტის შესანარჩუნებლად, ის უნდა დარჩეს პრიორიტეტად. როგორც „ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ ჩარჩო-კონვენციის საკითხებზე საკონსულტაციო კომიტეტმა“ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ენის გავრცელების ხელშეწყობის პოლიტიკის განხორციელებამ არ დააკნინოს ეროვნულ უმცირესობებს მიკუთვნებული პირების ლინგვისტური უფლებები.

 

-         შემდგომი ზომების მიღება ქვეყნის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში უმცირესობათა მონაწილეობის სასარგებლოდ. აღნიშნული მონაწილეობა კვლავ იზღუდება როგორც სამართლებრივი, ასევე პრაქტიკული ხელშემშლელი ფაქტორებით. უმცირესობათა წარმომადგენლობა არჩეულ ორგანოებსა და საჯარო სამსახურებში საჭიროებს შემდგომ ხელშეწყობას, ასევე მათ აქტიურობას პოლიტიკურ ცხოვრებაში.


-         შესაბამისი ზომების მიღება უმცირესობისთვის ინფორმაციასთან წვდომის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მედიის სფეროში. რუსულენოვანი არხის „პიკ TV“-ს დახურვის შემდეგ, სომხებით დასახლებულ რეგიონებში ადგილობრივმა თანამდებობის პირებმა გამოხატეს შეშფოთება იმ ფაქტის გამო, რომ უმცირესობისთვის გასაგებ ენაზე აღარ იქნებოდა საქართველოს შესახებ ახალი ამბების ხელმისაწვდომი პროგრამა.


-         მოსახლების უმრავლესობისთვის უმცირესობათა მიმართ შემწყნარებლობისა და პატივისცემის სწავლებისკენ მიმართული ღონისძიებების შემდგომი დახვეწა იმ ფაქტის მუდმივად გათვალისწინებით, რომ უმცირესობათა ეფექტური ინტეგრირების უზრუნველყოფაში ყველაზე მნიშვნელოვან პარამეტრს წარმოადგენს უმრავლესობის მზადყოფნა ამისათვის.


-         იგივე სულისკვეთებით, საგანმანათლებლო პროგრამების მიმოხილვის გაგრძელება იმ ფაქტში დასარწმუნებლად, რომ აღმოფხვრილი იქნა ნებისმიერი არამართებული მოსაზრება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ, ასევე მედიის ცნობიერების ამაღლება სტერეოტიპებისა და უსამართლო დამოკიდებულების შესახებ და პოზიტიური ანგარიშგების ხელშეწყობა.


პროცესს, რომლის მიმართაც ხელისუფლების ორგანოებმა უნდა გაზარდონ ყურადღება, წარმოადგენს მესხეთის რეგიონში (ამჟამად სამცხე-ჯავახეთში) სტალინის მიერ 1944 წელს გასახლებამდე მცხოვრები მოსახლეობის რეპატრიაცია. გარდა იმ პოზიტიური გავლენისა, რასაც მოახდენს აღნიშნული დაბრუნება შესაბამის ინდივიდუალურ პირებზე, ეს პროცესი უდიდეს სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მესხეთის მოსახლეობის რეპატრიაცია სამაგალითოდ და იმ ფაქტის დასამტკიცებლად, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა და სურვილი, აღმოფხვრან წარსულში მომხდარი ძალადობა შესაძლებლობის ფარგლებში, იმის მიუხედავად თუ რა კონტექსტში წარმოიშვა იგი. სახელმწიფო სახსრები უნდა დაემატოს მიმდინარე საერთაშორისო/ევროკავშირის სახსრებს.

 

ეთნიკურ უმცირესობასთან მიკუთვნება, ხშირ შემთხვევაში, სიღარიბისა და მარგინალიზაციის ძირითად ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს. შესაბამისად მეტად მნიშვნელოვანია, რომ სოციალურმა პოლიტიკამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს განსაკუთრებით დაუცველ ჯგუფებს, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციის მრავალი ფორმის მსხვერპლნი ხდებიან. ბოშები ზუსტად ერთ-ერთი ასეთი ჯგუფთაგანია.

 

საქართველოს, როგორც ერის, სიმდიდრის მნიშვნელოვანი ასპექტი მის ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაში მდგომარეობს. აღნიშნულის შესანარჩუნებლად აუცილებელია იმ ფაქტის უზრუნველყოფა, რომ ინტეგრირება არასოდეს იქნას არეული ასიმილაციასთან და უმცირესობის ყოველ ჯგუფს მიეცეს მათი ინდივიდუალობის შენარჩუნებისა და შემდგომი განვითარების შესაძლებლობა. ეს საჭიროებს უმცირესობათა ჯგუფების სრულ მონაწილეობას მათთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის განვითარებასა და დანერგვაში.

 

საქართველოს ახალ ხელისუფლებას აქვს აღნიშნულ სფეროში წარსულში განხორციელებული უსამართლობის გამოსწორების უნიკალური შესაძლებლობა. მათ უნდა გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ასევე მიხედონ აფხაზ და ოს ხალხსაც. მნიშვნელოვანი და რეალური ნაბიჯები უნდა გადაიდგას ნდობის ჩამოსაყალიბებლად კულტურული, ეკონომიკური და სხვა კავშირების გამყარების გზით.

 

რელიგიური უმცირესობები


გასათვალისწინებელია წინა ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებები რელიგიური შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ბრძოლასა და რელიგიურ უმცირესობებთან მნიშვნელოვანი დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით. ქვეყანაში, სადაც ხალხის 83 პროცენტი ოფიციალურად თავს ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წევრად აღიარებს, 2011 წელს კანონის მიღებამ, რომლის საფუძველზეც ეკლესიებს ან რელიგიურ ჯგუფებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის და არა უბრალოდ „არასამთავრობო ორგანიზაციად“ რეგისტრაციის ნებართვა მიეცათ, იყო მნიშვნელოვანი და მისაღები მოვლენა. გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული და 1990-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისთვის გადაცემული ეკლესიების დაბრუნება. დღესდღეობით როგორც სომხურმა ასევე კათოლიკურმა ეკლესიებმა ვერ მოახერხეს მათი უკან დაბრუნება. ეს არის კომპლექსური საკითხი, რაც საჭიროებს შემდგომ მოლაპარაკებებს, არა მხოლოდ საკუთრების უფლებების, არამედ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

 

ჩვენს თანამედროვეობაში უკიდურესი შეშფოთების საგანს წარმოადგენს რელიგიურ უმცირესობათა წინააღმდეგ შეუწყნარებლობისა და ძალადობის განმეორებადი შემთხვევები. როდესაც საქმე ეხება რელიგიურ შეუწყნარებლობას, ამჟამინდელი ხელისუფლების რეაქცია, როგორც პოლიტიკურ დონეზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის მხრივ, ზოგადად არადამაკმაყოფილებელია. ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი შემთხვევა აღინიშნა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ჭელაში, როდესაც აგვისტოს თვეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ყველას თვალწინ მოშალა მინარეთი ნებართვის არქონის მოტოვოთ და მიმართა ამ დროს არასაჭირო ძალადობას. სახელმწიფოს უშუალო და გადამწყვეტ ჩარევას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო ვალდებულების სისრულეში მოსაყვანად დაიცვას ყოველი პირის რელიგიის თავისუფლება ან რწმენა.


სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციები განუწყვეტლივ გამოხატავდნენ შეშფოთებას მუსლიმების წინააღმდეგ მიმართული შეუწყნარებლობისა და ძალადობის ფაქტებზე არამუსლიმი თანასოფლელების მიერ. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ წამოწყებული ძალისხმევები დიალოგის წარმოებასთან დაკავშირებით სავსებით მიზანშეწონილია და სრულ მხარდაჭერას საჭიროებს. რელიგიური შეუწყნარებლობის გახშირებული შემთხვევები საჭიროებს გაანალიზებას ნაციონალისტურ გრძნობებზე დაფუძნებული რადიკალიზმის პრევენციის მიზნით. არა მხოლოდ ხელისუფლებამ, არამედ აგრეთვე ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უნდა შეასრულოს დამაკავშირებელი ხიდის როლი აღნიშნულ პროცესში.


ადგილობრივი ხელისუფლების რეაქცია აღნიშნულ სიტუაციებში არაადეკვატური იყო. აგრესორებსა და ხელისუფლების ორგანოებს, სამართალდამცავი ორგანოების ჩათვლით,  შორის ფარული თანამონაწილეობის შეგრძნებამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს სხვა სოფლებშიც მსგავსი ინციდენტების განმეორებასა და გავრცელებას. ეს კი მიუღებელია.

 

ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გარკვევით უნდა განაცხადოს, რომ შეურაცხყოფა, მუქარა და ძალადობა მიუღებელია და ისჯება კანონის სრული ძალით. პარლამენტარებმა მთავარი როლი უნდა შეასრულონ ცნობიერების ამაღლებაში. სახალხო დამცველის დამოკიდებულება აღნიშნული ფაქტის მიმართ სამაგალითო იყო. პარასკევის ლოცვებზე საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრის დასწრება წარმოადგენდა ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მათი პასუხისმგებლობების შეხსენებას.

 

 სექსუალური უმცირესობები


ლგბტ აქტივისტების მცდელობები მშვიდობიანად აღენიშნათ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე კრახით დასრულდა 2012 და 2013 წლებში. 2013 წლის 17 მაისს საქართველო საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული სანქცირებული და აბსოლუტურად მშვიდობიანი მსვლელობა ძალადობრივად იქნა დარბეული ათასობით დემონსტრანტის მიერ, რომელთა შორისაც ასევე აქტიურ როლს ასრულებდნენ ქართული მართლმადიდებელი საეკლესიო პირები. პოლიციის ძალების მზადყოფნა არ აღმოჩნდა საკმარისი და მათ ვერ შეძლეს შეეჩერებინათ დემონსტრანტების გამძინვარებული ბრბო. მთავარმა ოფიციალურმა პირებმა, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, დაუყოვნებლივ დაგმეს თბილისის ქუჩებში მომხდარი ძალადობა და შეუწყნარებლობა; მათ შეუერთდნენ საერთაშორისო წარმომადგენლებიც.

 

ყველა ერთხმად აცხადებდა, რომ პოლიციამ მოვლენების განვითარებისთანავე მიმართა საუკეთესო გზას, როდესაც გააკეთა დამცავი კორიდორი და უზრუნველყო ლგბტ აქტივისტების გაყვანა უსაფრთხო ადგილზე, ასევე ღრმა შეშფოთება გამოითქვა სასამართლო სისტემის მიერ შემდგომში მომხდარ რეაგირებაზე. დღესდღეობით ეს უკანასკნელი ძალიან ნელა აწარმოებს საქმეს, მიუხედავად ზოგიერთი მოძალადე პროტესტანტის წინააღმდეგ სამხილის არსებობისა. საწინააღმდეგო დემონსტრაცია წარმოადგენდა ჰომოფობიასთან ბრძოლასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების შესახებ არასწორი ინფორმაციის კამპანიის შედეგს. ჰომოფობიაში ეჭვმიტანილი აქტივისტების სასამართლო პროცესს თან უნდა ახლდეს ფართო საზოგადოებისთვის სექსუალური უმცირესობის მიმართ უფრო პატივსაცემი დამოკიდებულების აუცილებლობის განმარტების მცდელობები. ვინაიდან მოსაზრებები შეიძლება განსხვავდებოდეს, ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ძალადობა არასოდეს იქნება მისაღები.

 

ზოგიერთმა ქვეყანამ, რომლებშიც დღემდე არსებობდა ძალზედ ჰომოფობიური გარემო, მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალზედ მოკლე ხანში.

 

რაც ყველაზე მეტად აუცილებელია, ესაა უმაღლეს ეშელონებში პოლიტიკური ძალაუფლების განსაზღვრა არსებული პრობლემის აღმოსაფხვრელად. ამავდროულად, ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აბსოლუტურად ნათლად უნდა განაცხადოს, რომ ის ეწინააღმდეგება ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლინებას ლგბტ პირების ან აღნიშნული ჯგუფის დამცველი პირების მიმართ.

 

ლგბტ პირების მდგომარეობის შესახებ წარმოდგენის შექმნისა და ცნობიერების ამაღლების აუცილებლობა აღემატება ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეზე გამოვლენილ ძალადობას. ყველასათვის ცნობილი უნდა იყოს, რომ საქმე ეხება არა, ე.წ კონკრეტული ცხოვრების სტილის პროპაგანდას, არამედ ადამიანების ძირითადი უფლებების დაცვას.


არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიღებულია მოხსენებები იმასთან დაკავშირებით, რომ დისკრიმინაციისა და ძალადობის მსხვერპლნი თავს არიდებენ მიმართონ პოლიციას არა მხოლოდ იმ ჰომოფობიური დამოკიდებულების გამო, რისიც მათ ეშინიათ პოლიციის თანამშრომლებისგან, არამედ ისინი წუხან, რომ მათი - რეალური ან სავარაუდო - სექსუალური ორიენტაცია შესაძლებელია შეიტყონ მათი ოჯახის წევრებმა. ეს არის მაჩვენებელი იმ ფაქტისა, თუ რაოდენ ფესვგამდგარი და კომპლექსური შეიძლება იყოს პრობლემის აღმოფხვრა. თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს მისი საერთოდ გადაუჭრელობის საპატიო მიზეზს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group