GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

Forum 18 სოფელ სამთაწყაროს მოვლენების შესახებ

2013 წლის, 12 ივლისს, სამთაწყაროში, პარასკევის ტრადიციული ლოცვა აღარ ჩატარებულა. ორთვიანი მუქარისა და დაშინების გამო, ვერცერთმა სამთაწყაროელმა მუსლიმმა ვეღარ გაბედა მეჩეთში მისვლა; ადგილობრივმა ხოჯამ, რომელიც პერმანენტული თავდასხმების მსხვერპლია, დატოვა სოფელი. სოფელ სამთაწყაროში განვითარებული მოვლენებისა და ასევე ბოლო პერიოდში საქართველოში გახშირებული ისლამოფობიური ტენდენციების შესახებ, გთავაზობთ Forum 18-ის მიერ, 4 ივლისს გამოქვეყნებულ მასალას.

 

საქართველო: დაიცავს პოლიცია მუსულმან მლოცველებს ბრბოსგან?

ფელიქს ქორლი, Forum 18 News Service

 

მაისის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სოფელ სამთაწყაროს მკვიდრ მუსულმანებს თავისუფლად ლოცვაში ხელს უშლიან ადგილობრივი მართლმადიდებლები, განუცხადეს ადამიანის უფლებების დამცველებმა Forum 18 News Service-ს. ბრბო იმუქრებოდა იმამის სახლის გადაწვით და მისი სოფლიდან გაძევებით. როგორც უფლებადამცველებმა აღნიშნეს, სოფლის გამგებელმა, გულიკო ნადირაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ „იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ სოფელში არ უნდა არსებობდეს მეჩეთი, ჩვენ არ მივცემთ მათ ლოცვის საშუალებას, რადგან ეს არის ქრისტიანული მიწა და მთელი სოფელი მუსულმანების ლოცვის წინააღმდეგია“. ნადირაშვილი დაჟინებით უმტკიცებდა Forum 18-ს, რომ  მუსულმანებს „ლოცვის პრობლემა არ აქვთ“. ადგილობრივი პოლიციის უფროსმა უარი განაცხადა Forum 18-თან ძალადობისა და მუქარის ფაქტების შესახებ საუბარზე, ხოლო დედაქალაქ თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო განეცხადებინა, განხორციელდა თუ არა რაიმე აღმკვეთი ზომა შესაბამისი პირების მიმართ აღნიშნული და 2012 წლის ბოლოს ბრბოს მიერ განხორციელებული კიდევ ორი მსგავსი თავდასხმის გამო.

 

როგორც ადამიანის უფლებათა დამცველებმა და ადგილობრივმა მუსლიმებმა განუცხადეს Forum 18 News Service-ს, აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე სოფელ სამთაწყაროში პოლიცია და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები ვერ იცავენ ადგილობრივი მუსლიმების სალოცავად შეკრების უფლებებს ადგილობრივების ძალადობისა და მუქარის გამო. თუმცა სოფლის გამგებელი ყოველგვარ საჩივარს უარყოფს. „აქ ქრისტიანებს და მუსლიმებს ლოცვის უფლება აქვთ“, ირწმუნება სოფლის გამგებელი გულიკო ნადირაშილი Forum 18 News Service-სთან საუბარში, „იმამს აქ არანაირი პრობლემა არ ექმნება“.

 

ადგილობრივი პოლიციის უფროსმა უარი განაცხადა განეხილა ძალადობისა და მუქარის ფაქტები Forum 18-თან, ხოლო დედაქალაქ თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ შეძლო განეცხადებინა, განხორციელდა თუ არა რაიმე აღმკვეთი ზომა შესაბამისი პირების მიმართ აღნიშნული და 2012 წლის ბოლოს აგრესიული ჯგუფების მიერ განხორციელებული კიდევ ორი მსგავსი თავდასხმის გამო.

 

ერთ-ერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა, რომელიც იმყოფებოდა სოფელ სამთაწყაროში ივნისის შუა რიცხვებში მას შემდეგ, რაც მუსლიმების პრობლემებმა იჩინა თავი, ნადირაშვილის განცხადებებს „სასაცილო“ უწოდა. „საპროტესტო გამოსვლების სხვა მონაწილეებთან ერთად, მან მისცა უამრავი ინტერვიუ, სადაც საჯაროდ  აღნიშნავდა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ სოფელში არ უნდა არსებობდეს მეჩეთი, ისინი არ მისცემდნენ მათ ლოცვის საშუალებას, რადგან ეს არის ქრისტიანული მიწა და მთელი სოფელი მუსულმანების ლოცვის წინააღმდეგია“, აღნიშნა ადამიანის უფლებათა დამცველმა Forum 18-თან საუბრისას, „ის აქეზებდა მოსახლეობას მუსლიმების წინააღმდეგ, ჩააკეტინა  სოფლისა და სამლოცველო სახლის შესასვლელი“.

 

1 ივლისს, იმამის ერთ-ერთმა შვილმა, ედნარ ხოზრევანიძემ  „კავკაზსკი უზელის“ საინფორმაციო ვებ-გვერდზე განაცხადა, რომ დაახლოებით 40 მუსულმანი იკრიბებოდა რეგულარულად პარასკევის ლოცვების აღსავლენად სოფელში, ბოლო რამდენიმე თვეა ბევრმა მათგანმა შიშის გამო  შეწყვიტა ლოცვაზე სიარული.

 

„სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება“

 

საქართველოს სახალხო დამცველი (ომბუდსმენი) უჩა ნანუაშვილი განუხრელად გმობდა სოფელ სამთაწყაროს მუსლიმური საზოგადოების წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობასა და ძალადობის მუქარას და მოუწოდებდა პოლიციას სათანადოდ დაეცვა მუსლიმები. „სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა“, აღნიშნა მან 7 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში, „აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ“.

 

ნანუაშვილი კიდევ უფრო შორს წავიდა 3 ივლისის განცხადებით, იგი მოუწოდებდა დისციპლინარული ღონისძიებების მიღებას სოფლის გამგებლის გულიკო ნადირაშვილის წინააღმდეგ და იმ პირების მიმართ სანქციების გატარებას, ვინც თავს ესხმოდნენ ან ემუქრებოდნენ მუსლიმურ საზოგადოებას.

 

სამთაწყაროს მუსლიმური თემის პრობლემები - რომლებმაც მაისში იჩინა თავი - არის გასულ წელს მუსლიმ მლოცველებზე ბრბოს თავდასხმის რამდენიმე მსგავსი ფაქტის გაგრძელებას (იხილეთ ქვემოთ).

 

განხორციელდა რაიმე აღმკვეთი ზომა?

 

როგორც ადამიანთა უფლებების დამცველებმა განუცხადეს Forum 18-ს, 2012 წლის ოქტომბრიდან სამ სოფელში მუსლიმებზე განხორციელებული თავდასხმების გამო ჯერ არავინ დასჯილა.

 

თუმცა, 3 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი (რომელიც მეთვალყურეობას უწევს პოლიციას) თბილისში უმტკიცებდა Forum 18-ს, რომ „ჩვენი სამინისტრო ძალიან ბევრს აკეთებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“. მან ვერ შეძლო დაეზუსტებინა, თუ რას აკეთებდა სამინისტრო და სთხოვა Forum 18-ს წერილობით გაეგზავნა  მისთვის შეკითხვები.

 

3 ივლისის დილას, Forum 18-მა მისწერა სამინისტროს შეკითხვები, თუ რამდენი ადამიანი წარსდგა სასამართლოს წინაშე და დაისაჯა აღნიშნული სამი ინციდენტის შემდეგ. Forum 18 ითხოვდა ინფორმაციას ნებისმიერი ბრალდების წაყენების თარიღების, სასამართლოს სახელის, იმ ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის კოდექსის მუხლების შესახებ, რომლის მიხედვითაც დამნაშავეები დაისჯებიან და სასამართლოს მიერ გამოტანილი ჯარიმების დასახელებას. Forum 18 აგრეთვე მოითხოვდა იმ ზომების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას, რომლებიც მიიღო  პოლიციამ აღნიშნულ სამ სოფელში ადგილობრივი მუსლიმების სალოცავად შეკრების უფლებების დასაცავად.

 

მიუხედავად 3 და 4 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის მხრიდან  განმეორებითი დაპირებებისა, 4 ივლისს სამუშაო დღის ბოლოს თბილისში პრეს-სპიკერმა განუცხადა Forum 18-ს, რომ „ერთ დღეში არ არის ადვილი წარმოგიდგინოთ თქვენთვის საჭირო ყოველგვარი ინფორმაცია“. პრეს-სპიკერი დაჰპირდა ინფორმაციის მიწოდებას მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში.

 

წარსულში განხორციელებული ძალადობები

 

საქართველოში გახშირდა ფიზიკური თავდასხმების ფაქტები არაქართული მართლმადიდებლური თემების მიმართ 1996 და 2003 წლებს შორის პერიოდში. ბრბო აყენებდა ფიზიკურ ზიანს სხვადასხვა აღმსარებლობის მიმდევრებს, ანადგურებდა ღვთისმსახურების ადგილებს და იტაცებდა და წვავდა რელიგიურ ლიტერატურას. დაზარალებულების უმეტესობას იეჰოვას მოწმეები წარმოადგენდნენ, თუმცა ისინი ასევე თავს ესხმოდნენ ბაპტისტებს, კათოლიკეებს, ორმოცდაათიანელებს და სხვებს. ძალადობა განიმუხტა მაშინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გადადგომით, მაგრამ აღნიშნული ძალადობის გამო სულ რამდენიმე დამნაშავე თუ ყოფილა ოდესმე დასჯილი (იხ. F18News, 10 ნოემბერი, 2006 წ., http://www.forum18.org/archive.php?article_id=867).

 

ცოტა ხნის წინ, საქართველოს მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მათ მიმდევრებმა მიმართეს ძალადობას სხვა ჯგუფების წინააღმდეგ, რომლებიც მათ არ მოსწონდათ, მათ შორის აღსანიშნავია 17 მაისის თბილისში გამართული ჰომოსექსუალთა უფლებების დაცვის ქუჩის აქცია.

 

განსხვავებული რელიგიური და ეთნიკური თემები კვლავ დგანან საპატრიარქოს წარმომადგენლებისა და საქართველოს მართლმადიდებელი აღმსარებლებისგან განსაკუთრებული შეზღუდვებისა და ზეწოლის წინაშე.

 

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესიას არ შეეხო ბოლო დროს მომხდარი თავდასხმები, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რამდენიმე ისტორიული ეკლესია - მათ შორის ნორაშენის და სურბ ნშანის ეკლესიები თბილისში - „არ დაუბრუნებიათ თავისი ისტორიული კანონიერი მფლობელისთვის, რომელსაც წარმოადგენს სომეხთა ეპარქია საქართველოში“, განუცხადა ლევონ ისახანიანმა, ეპისკოპოსის მრჩეველმა და საეპარქიო იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელმა Forum 18-ს, 4 ივლისს.

 

კათოლიკეებმა ასევე ვერ მოახერხეს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ეკლესიების დაბრუნება.

 

ისახანიანმა დასძინა, რომ მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღებულობს სახელმწიფო დაფინანსებას რაც, როგორც იგი აღნიშნავს, იკრიფება მრავალფეროვანი აღმსარებლობის გადამხდელებისგან.

 

სოფლის მოსახლეობა აპროტესტებს მუსულმანების მიერ რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას

 

სამთაწყარო წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელს, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრები სხვა მუსულმანებისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად ეთნიკურ აზერბაიჯანელებს წარმოადგენენ, სამთაწყაროს მუსულმანები  მიეკუთვნებიან ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც გადასახლდნენ აჭარიდან აღმოსავლეთ საქართველოში 1970-იანი წლების ბოლოს.

 

2013 წლის დასაწყისში საქართველოს მუსულმანურმა სამმართველომ შეიძინა სახლი თემისთვის ღვთისმსახურების შესასრულებლად. სახლის იერსახე არ შეცვლილა მეჩეთისთვის მიმსგავსების მიზნით. თუმცა, სოფლის მოსახლეობამ კვლავ გააპროტესტა მუსულმანური თემის მიერ სახლის ყიდვა, როგორც სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა 7 ივნისის განცხადებაში. „სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს მუსლიმების მიერ რელიგიის თავისუფლებით სარგებლობაზე  [წინააღმდეგ]“.

 

ბრბოს ძალადობა

 

სამთაწყაროს მუსლიმი მოსახლეობის მხოლოდ 13 წარმომადგენელმა - იმამ სულიკო ხოზრევანიძის ოჯახმა და რამდენიმე სტუმარმა - ჩაატარა პარასკევის ლოცვა 28 ივნისს. მოგვიანებით იმავე დღეს დაახლოებით 200 ადგილობრივი მაცხოვრებელი, რომლებიც არ წარმოადგენდა მუსულმანებს, შეიკრიბა პროტესტის გამოსახატავად იმამის სახლთან.

 

ბრბო მოუწოდებდა იმამ ხოზრევანიძეს გამოსულიყო გარეთ და ემუქრებოდა მას. ბრბო დაემუქრა იმამს სახლის გადაწვით და სოფლიდან გაძევებით. მისი მეუღლე ემინ სურმანიძე დაშავდა ფეხში, თუმცა ის არ არის დარწმუნებული, მას განზრახ დაარტყეს თუ შემთხვევით. „ეს იყო არეულობა“,  განუცხადა მან „კავკაზსკი უზელს“.

 

სანამ ბრბო ხოზრევანიძის სახლის გარეთ პროტესტს გამოხატავდა, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აფრთხილებდა, რომ „სოფელში მდგომარეობა საკმაოდ დაძაბულია და არსებობს ფიზიკური ძალადობის საფრთხე“. მან საჯაროდ მოუწოდა შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიეღო „გადაუდებელი, ქმედითი ზომები“, რათა დაეცვა სამთაწყაროს მუსლიმი მოსახლეობა. მან მოუწოდა პოლიციელებს მოეხდინათ მობილიზება თემის დასაცავად.

 

„არანაირი პრობლემა ლოცვასთან დაკავშირებით“?

 

სოფელ სამთაწყაროს გამგებელი გულიკო ნადირაშვილი უმტკიცებდა Forum 18-ს, რომ სოფელში მცხოვრებ მუსულმანებს „ლოცვასთან დაკავშირებით არავითარი პრობლემა არ აქვთ“ და რომ არავინ ერევა მათ ლოცვაში. შეკითხვაზე - ეშინიათ თუ არა სოფლის მუსულმან მოსახლეობას 24 მაისიდან მოყოლებული განმეორებითი თავდასხმების, ნადირაშვილმა უპასუხა: „მე არ ვიცი, მათ ეშინიათ თუ არა“. შემდეგ მან საერთოდ გათიშა ტელეფონი.

 

Forum 18 შეეცადა გაერკვია, თუ რა ღონისძიებებს მიმართა პოლიციამ, სამთაწყაროს მუსულმანური თემის რელიგიისა თუ აღმსარებლობის თავისუფლების დასაცავად და დაისჯება თუ არა ვინმე იმ პირებიდან, რომლებიც თავს დაესხნენ და დაემუქრნენ თემს. თუმცა, 2 ივლისს დაკავშირების შემდგომ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის პოლიციის უფროსმა გიორგი ბუბუნაშვილმა კატეგორიული უარი განაცხადა რაიმე კომენტარის გაკეთებაზე. მან Forum 18-ს ურჩია მიემართა თბილისში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურისთვის.

 

ბოლო ძალადობა წარმოადგენს ადრე განხორციელებული ძალადობის გაგრძელებას

 

უსიამოვნებები სამთაწყაროს მუსულმანურ თემთან დაკავშირებით პარასკევს 24 მაისს დაიწყო, განუცხადა ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენელმა ტარიელ ნაკაიძემ Forum 18-ს ბათუმიდან 2 ივლისს. სოფლის გამგებელი გულიკო ნადირაშვილი და სხვა არამუსლიმი სოფლის მოსახლეობა მივიდა მეჩეთში და ჩაშალა პარასკევის ლოცვების ჩატარება. „სალოცავი ფარდაგები და წმინდა წიგნები გამოყარეს მეჩეთიდან გარეთ“, განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ - ორგანომ, რომელიც აერთიანებს პროტესტანტული ეკლესიების, კათოლიკე ეკლესიის, სომხური სამოციქულო ეკლესიის, ებრაელების, იეზიდებისა და მუსულმანთა წარმომადგენლებს.

 

ღვთისმსახურების აღსავლენად კრებები ასევე ჩაშლილი იქნა პარასკევს 31 მაისს და პარასკევს 7 ივნისს. 31 მაისს ბრბომ არ შეუშვა რეგიონის მუსლიმთა მუფტი ჯემალ ადაძე და მისი თანხლები პირები სამთაწყაროში და ემუქრებოდნენ, რომ მისი შესვლა სოფელში „ცუდად დასრულდებოდა“. 7 ივნისს, იმამ ხოზრევანიძე პოლიციამ დაკითხა.

 

„ჩვენ გვჯერა ადგილობრივი გამგეობის“

 

სოფლის არამუსლიმურმა მოსახლეობამ მისცა მუსულმანებს 14 ივნისს პარასკევის ლოცვების ჩატარების საშუალება, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. მან გააკეთა განცხადება სამინისტროს ვებ-გვერდზე, რომ ადგილობრივი გამგეობა და მუსულმანები შეთანხმდნენ, რომ ადგილი აღარ ექნებოდა შემდგომ პრობლემებს. „ჩვენ გვჯერა ადგილობრივი გამგეობის“, თქვა მან განცახდების გაკეთებისას.

 

სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მსხვერპლთა დაცვას და დამნაშავეების შესაბამისად დასჯას

 

თბილისში არსებულმა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ დაგმო 28 ივნისს მომხდარი ბრბოს თავდასხმა მომდევნო დღეს გაკეთებული განაცხადით. „მიგვაჩნია, რომ გუშინდელი ინციდენტის მონაწილე პირთა მიერ განხორციელებული ქმედებები შეიცავდა რიგ დანაშაულებათა ნიშნებს, რომლებიც ისჯება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მუქარას (სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლი) და ხულიგნობას (სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლი), რომლებიც განპირობებულია რელიგიური შეხედულებებით“.

 

„სახელმწიფოს მარცხმა მიეღო სათანადო ზომები იმ დამნაშავეების წინააღმდეგ, რომლებიც ჩართულნი იყვნენ წინა კონფლიქტურ სიტუაციებში, კიდევ უფრო წაახალისა ადგილობრივი მუსლიმების მიმართ აგრესიულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილი“, განაცხადა საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ. „მოსახლეობის მიერ ამგვარი ქმედებების განხორციელებას ხელი შეუწყო  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ოფიცილური პირების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, რომლებმაც გაამართლეს უმცირესობების უფლებების დარღვევის ფაქტები უმრავლესობის სურვილით და დემოკრატიის, როგორც უმრავლესობის მმართველობის ფორმის სახელით“.

 

სამხედრო პოლიციის მიერ მოკვლის მუქარები

 

მუსლიმები ასევე აღმოჩნდნენ სახელმწიფო თანამდებობის პირების მიერ ძალადობის სხვა მუქარის წინაშე. 14 აპრილს, სამმა მთვრალმა სამხედრო პოლიციის თანამშრომლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს ქობულეთში სოფელი ციხისძირის მკვიდრთ და რამდენჯერმე გაუხსნეს ცეცხლი. მათ გააჩერეს ავტომობილები, გაჩხრიკეს ცალკეული პირები, უძახდნენ რა მათ „თათრებს“ და მოითხოვდნენ, რომ ეჩვენებინათ ქართული მართლმადიდებლური ჯვარი მათ კისრებზე.

 

თავდაცვის სამინისტრომ გაათავისუფლა აღნიშნული ოფიცრები, ხოლო პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ასევე გათავისუფლებული იქნა თანამდებობიდან სენაკის სამხედრო პოლიციის სამმართველოს უფროსი.

 

18 აპრილს პროკურატურამ განაცხადა ორი პირის დაკავების შესახებ. პროკურატურის განცხადებით, მესამე პირი არ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოების წინაშე. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 239-ე კოდექსის 2ა და 3 ნაწილების და 333-ე მუხლის 3ბ და 3გ ნაწილების საფუძველზე.

 

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა დაგმო 19 აპრილს განხორციელებული თავდასხმები და სამხედრო პოლიციის ქმედებებს „მიუღებელი“ უწოდა. იგი მიესალმა „სამართალდამცავი ორგანოების მიერ დროულ რეაგირებას“. მან აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, პასუხისმგებლობა უნდა გაიზარდოს, თუ რელიგიური შეუწყნარებლობა აღიქმება დანაშაულის ჩადენის საფუძველზე. ასევე უნდა იქნას გამოყენებული 156-ე მუხლი (დევნა აღმსარებლობის, რწმენისა თუ მრწმასის გამო), დასძინა მან.

 

„ამ საქმის ობიექტურ და ადეკვატურ გამოძიებას არსებითი მნიშვნელობა აქვს  რელიგიური შეუწყნარებლობის თავიდან ასაცილებლად“, განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

2012 წლის განმავლობაში ბრბოს თავდასხმები სხვა სოფლებში

 

სამთაწყაროს მუსლიმური თემის მიმართ განხორციელებულ მუქარებს წინ უძღოდა მსგავსი მუქარები სხვა სოფლებშიც 2012 წლის განმავლობაში. 2012 წლის 26 ოქტომბერს და 2 ნოემბერს, დასავლეთ საქართველოში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანში ადგილობრივმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ მუსლიმებს შეეწყვიტათ სალოცავად შეკრება არჩილს კახაძის კუთვნილ კერძო სახლში.

 

ადგილობრივი მუსლიმები, რომლებიც ნიგზვიანში აჭარიდან 1989 წელს გადავიდნენ საცხოვრებლად, მანამდე ბათუმში არსებულ მეჩეთში დადიოდნენ სალოცავად, მაგრამ 2011 წლიდან მათ ლოცვა სოფელში დაიწყეს.

 

ბრბომ გააფრთხილა მუსლიმები რომ თუ ისინი არ შეწყვეტდნენ ლოცვას, მათ დახოცავდნენ, ხოლო მეჩეთს გადაწვავდნენ. ისინი ასევე დაემუქრნენ მუსლიმ ბავშვებს, განუცხადეს ადამიანის უფლებათა დამცველებმა Forum 18-ს. მათივე თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი მღვდელმსახურები მოსახლეობას მუსლიმებს წინააღმდეგ განაწყობენ.

 

2012 წლის 2 ნოემბერს, სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა სოფლის გზა, რათა არ შეეშვა საქართველოს მთავარი მუფთი ჯემალ პაქსაძე მუსლიმთა პარასკევის ლოცვაზე დასასწრებად. არც პოლიციის ძალები და არც სამართალდამცავი ორგანოები არ ჩაერივნენ, რათა თავიდან აერიდებინათ საზოგადოებრივი არეულობა და მრავალი დანაშაულებრივი ქმედებები, განუცხადეს ადამიანის უფლებათა დამცველებმა Forum 18-ს. მათ ასევე არ დაიცვეს მუსლიმების გადაადგილების თავისუფლება. პოლიციას ან უსაფრთხოების დამცველ სხვა ძალებს არ დაუკავებიათ არცერთი დამნაშავე, რომელიც მონაწილეობას იღებდა აღნიშნულ მოვლენებში, მიუხედავად იმისა, რომ დაიკითხა ათამდე სოფლის მცხოვრები, სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის წარმომადგენლების დაჟინებული თხოვნით.

 

 

„ჩვენ მივეცით მათ [ადგილობრივ მუსულმანებს] ერთი კვირა, რათა გადაეწყვიტათ, თუ რა ზომებისთვის მიემართათ“, განუცხადა საქართველოს მართლმადიდებელმა დიაკონმა საბა ჟღენტმა „კავკაზსკი უზელს“ 2012 წლის 3 ნოემბერს. „ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ დაუშვებს მინარეთებსა და მასობრივ ლოცვას ამ სოფელში“.

 

სიტუაცია მოგვიანებით დაწყნარდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი საპატრიარქოს წარმომადგენლები და მუფთი შეხვდნენ ერთმანეთს საპატრიარქოში თბილისში. 2012 წლის 9 ნოემბერს პარასკევის ლოცვებისთვის კვლავ შეკრებილი თემისთვის არავის აღარ შეუშლია ხელი ან არ დამუქრებია. თუმცა, ადგილობრივი არამუსლიმი მოსახლეობა კვლავ აგრესიულობით გამოირჩევა მუსლიმების მიმართ და ამტკიცებენ, რომ არ შემოუშვებენ სხვა მუსლიმებს სოფელში, რათა შეუერთდნენ მათ თანამემამულე-მუსლიმებს ლოცვების აღსავლენად, განაცხადეს ადამიანის უფლებათა დამცველებმა. ისინი კვლავ განაგრძობენ სოფელში ახალი მეჩეთის მშენებლობის გაპროტესტებას.

 

„სახელმწიფო ოფიციალურმა პირებმა ძალიან ბუნდოვანი განცხადებები გააკეთეს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნულია, რომ ორივე მხარის ინტერესი უნდა იყოს გათვალისწინებული და დაცული“, სინანულით განუცხადა ერთ-ერთმა ადამიანის უფლებათა დამცველმა Forum 18-ს. „ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პირველ რიგში, ორივე რელიგიური დაჯგუფება (მუსლიმი და მართლმადიდებლური ეკლესია) უნდა შეთანხმდეს პირობებზე და მხოლოდ ამის შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება ჩაერიოს სამართალდამცავი ორგანოები. ასეთი პასუხი სახელმწიფო და სამართალდამცავი პირების მხრიდან არაადექვატურია“.

 

2012 წლის 29 ნოემბერს ადგილი ჰქონდა ანალოგიურ მუქარას თბილისის სამხრეთ-დასავლეთით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ წინწყაროში ადგილობრივი იმამის მიმართ. ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი პროტესტს გამოთქვამდა მუსლიმური მოსახლეობის მიერ რელიგიური თავისუფლებით სარგებლობაზე. ისინი დაუპირისპირდნენ იმამს, მარად გორჯომელიძეს, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრნენ, რომ თუ ლოცვას არ შეწყვეტდა, ისინი გადაწვავდნენ მის სახლს და გააძევებდნენ სოფლიდან. „სამწუხაროდ, სახელმწიფოს პასუხი კვლავ არაადექვატური იყო“, სინანულით აღნიშნეს ადამიანის უფლებათა დამცველებმა Forum 18-თან.

 

თუმცა, პოლიციამ ხელი შეუშალა ბრბოს მიერ მუსლიმთა ლოცვის ჩაშლას წინწყაროში 2012 წლის 30 ნოემბერს. (დასასრული)

 

წინა ანგარიშები აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლების შესახებ საქართველოში, იხილეთ http://www.forum18.org/Archive.php?query=&religion=all&country=24.

 

 http://www.forum18.org/

 

 2013 წლის 4 ივლისი

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group