GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველი სოფელ სამთაწყაროში მომხდარი ინციდენტების გამოძიებას მოითხოვს

 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, დაიწყოს გამოძიება სოფელ სამთაწყაროში 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 28 ივნისს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები სოფელ სამთაწყაროს მუსლიმი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.


 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე წლის მაისი - ივნისის განმავლობაში ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობას არ მიეცა ლოცვის საშუალება. სახალხო დამცველის წარმომადგენლები ამ პერიოდის განმავლობაში ადგილზე აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ ვითარებას.



 
რელიგიის თავისუფლების ეფექტური რეალიზაცია არ შემოიფარგლება სახელმწიფოს მხრიდან ამ უფლებით სარგებლობაში ჩაურევლობის ვალდებულებით. სახელმწიფოს აქვს პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა. აღნიშნული ვალდებულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირებისთვის, რომლებიც რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენენ. პოზიტიური ვალდებულება მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების მიერ ყველა აუცილებელი ზომის გატარებას, რათა  უფლების დარღვევა ან ასეთი დარღვევის საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული და უმოქმედობითა და სამართლებრივად არაადექვატური რეაგირებით არ მოხდეს შეუწყნარებლობისა და ძალადობის წახალისება.



 
ვინაიდან, სოფელ სამთაწყაროში მიმდინარე პროცესები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შორის შუღლის საფუძველი, აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ გატარდეს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.



 
აღნიშნული ფაქტებიდან ცალსახად იკვეთება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული, ადამიანის ფუნდამენტური უფლების, რელიგიის თავისუფლების უხეში დარღვევა.



 
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2013 წლის 24 მაისს, 31 მაისს, 7 ივნისსა და 28 ივნისს მომხდარი ფაქტები შესაძლოა შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლი  (ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა); 151-ე მუხლი (მუქარა), 155-ე მუხლი  (რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე მუხლი (დევნა).



 
ამასთან, იმ პირების მხრიდან, რომლებმაც, 2013 წლის 7 ივნისს სულიკო ხოზრევანიძეს თავი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად გააცნეს, შესაძლოა იკვეთებოდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.



 
ვინაიდან,  საქართველოს სახალხო დამცველს არ ჰყავს თელავის რეგიონში რწმუნებული, ამასთან ვინმე გია ლეჟავა არ არის დასაქმებული საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს აღნიშნული პიროვნების ვინაობა და უნდა დადგეს მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.



 
საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს რწმუნებულის - გულო ნადირაშვილის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს დისციპლინურ გადაცდომას. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელს, შეისწავლოს სოფლის რწმუნებულის - გულო ნადირაშვილის ქმედებების კანონიერება და დადგეს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების საკითხი.



* * *


სოფელ სამთაწყაროს მუსლიმი მაცხოვრებლების განმარტებით, სოფელში ქართველი მუსლიმები ცხოვრობენ 1978 წლიდან. ისინი აჭარის რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები არიან. წლების მანძილზე, ადგილობრივი მუსლიმები ასრულებდნენ თავიანთ რელიგიურ რიტუალებს და მათ, აღნიშნულთან დაკავშირებით პრობლემა არ შექმნიათ. 2013 წლამდე მათ არ ჰქონდათ ცალკე სამლოცველო. მიმდინარე წელს, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ“ სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველოსათვის შეიძინა კერძო სახლი. 2013 წლის მაისიდან კი სოფელ სამთაწყაროს რწმუნებული და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა მუსლიმებს და არ აძლევენ ტრადიციული პარასკევის ლოცვის შესრულების საშუალებას.



 
ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, 2013 წლის 24 მაისს მუსლიმთა მრევლი სამლოცველოში კითხულობდა ყურანს, რის შემდეგ ლოცვა უნდა ჩატარებულიყო. დაახლოებით 12:30 საათზე, სამლოცველოს შენობასთან მივიდა სოფელ სამთაწყაროს რწმუნებული - გულო ნადირაშვილი. რამდენიმე წუთის შემდეგ, შენობასთნ ასევე შეიკრიბა  სოფლის დაახლოებით 50 მოსახლე, რომლებიც შეიჭრნენ სამლოცველოში. ისინი უშვერი სიტყვებითა და მუქარით მიმართავდნენ ადგილობრივ მუსლიმებს.  აიღეს ხალიჩა, ყურანი და მაგიდა, რომელზეც წმინდა წიგნი იდო და გამოიტანეს ქუჩაში.



 
ინციდენტის დროს, ადგილზე იმყოფებოდა შსს დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს არხილოსკალოს განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების ორი თანამშრომელი: იმედა თაგოშვილი და მამუკა სარდალაშვილი. მუსლიმთა განმარტებით, პოლიციის წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს მხოლოდ ის, რომ ადგილზე მისული მოსახლეობა ფიზიკურად არ გასწორებოდა მლოცველებს. თუმცა, მათ წინააღმდეგობა არ გაუწევით მოსახლეობისათვის, რომ არ შეჭრილიყვნენ სამლოცველოში.



 
სოფელ სამთაწყაროს მუსლიმთა წინამძღვარის - სულიკო ხოზრევანიძის განმარტებით, მის მიმართ ლოცვის შემდეგაც გაგრძელდა მუქარა. მის სახლთან  მიდიოდნენ  სოფლის მაცხოვრებლები და ემუქრებოდნენ, რომ თუ არ შეწყვეტენ ლოცვას, მას და მის ოჯახს პრობლემები შეექმნებათ. აგრესიასა და მუქარას ადგილი აქვს ასევე სხვა მუსლიმი მაცხოვრებლების მიმართაც. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  2013 წლის 14 მაისს, მათთან მივიდა სოფელ სამთაწყაროს რწმუნებული - გულო ნადირაშვილი და უთხრა, რომ არ გაეკეთებინათ სამლოცველო, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა ამის წანააღმდეგი იყო.



 
2013 წლის 31 მაისს სოფელ სამთაწყაროში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმა კიდევ ერთხელ არ მისცეს პარასკევის ლოცვის აღვლენის უფლება მუსლიმ მორწმუნეებს. ადგილზე შექმნილ მდგომარეობას აკვირდებოდნენ სახალხო დამცველის რწმუნებულები. სოფლის მოსახლეობამ გადაკეტა გზა და ქვემო ქართლის მუფთს - ჯემალ ადაძესა და მის თანმხლებ პირებს არ მისცეს სოფელში შესვლის საშუალება.  ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ სოფელში მეჩეთის მშენებლობას. ასევე, მოითხოვდნენ, არ მიეღო მასიური ხასიათი მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური რიტუალების ჩატარებასა და ერთობლივ ლოცვას. ქვემო ქართლის მუფთისა და მისი თანმხლები პირების საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებისათვის მიცემული ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ მათ, სოფელ სამთაწყაროს მოსახლეობამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.



 
2013 წლის 07 ივნისს კვლავ არ ჩატარდა მუსლიმთა პარასკევის ლოცვა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობა ამჯერადაც შეკრებილი იყო მუსლიმთა სამლოცველოსთან, რომ არ მიეცათ ლოცვის შესრულების შესაძლებლობა. მოგვიანებით, მათ სამლოცველოსაგან მოშორებით გადაინაცვლეს.



 
სოფელ სამთაწყაროს მუსლიმთა წინამძღვრის - სულიკო ხოზრევანიძის განმარტებით, 2013 წლის 07 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, მის საცხოვრებელ სახლთან შავი ფერის ავტომანქანით მივიდა ორი უცნობი. მათ თავი გააცნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებად და უთხრეს, რომ იყვნენ ქ. თბილისიდან ჩასულები.  მისივე თქმით, აღნიშნულმა პირებმა მას  ბრალი დასდეს სოფელში რელიგიურ ნიადაგზე არსებულ დაძაბულობაში. ასევე, ბრალს სდებდნენ, სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველოს გახსნის სანაცვლოდ თანხის აღებაში.



 
სულიკო ხოზრევანიძის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან საუბრის დროს, მათთან მივიდა ვინმე სერგო ჯაიანი, რომელიც მიესალმა უცნობებს და ხელით ანიშნა, რომ წასულიყვნენ. უცნობების წასვლის შემდეგ, მუსლიმთა წინამძღოლი სახლში შებრუნდა.



 
დაახლოებით 20-30 წუთის გასვლის შემდეგ, სავარაუდოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები კვლავ მივიდნენ სულიკო ხოზრევანიძის სახლთან და სთხოვეს წასულიყო მათთან ერთად. ეუბნებოდნენ, რომ შესულიყო სალოცავში და შეესრულებინა პარასკევის ლოცვა. ასევე, მოითხოვდნენ, დაესახელებინა იმ პირების ვინაობა, ვინც ლოცვაში ხელს უშლიდა. მუსლიმთა წინამძღოლის განმარტებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მისდამი დამოკიდებულება  იყო დამცინავი.



 
როგორც სულიკო ხოზრევანიძის ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, იგი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მიიყვანეს მის თანამორწმუნე პარმენ ცეცხლაძესთან, რომელსაც ასევე უთხრეს წასულიყო სალოცავად. პარმენ ცეცხლაძემ, თავის მხრივ, უარი განაცხადა პარასკევის ლოცვის შესრულებაზე.



 
სოფელ სამთაწყაროს მუსლიმთა წინამძღოლის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას ემუქრებოდნენ დაპატიმრებით. კერძოდ, ეუბნებოდნენ, რომ „ციხეში ამოალპობდნენ“. სულიკო ხოზრევანიძის განმარტებით, უცნობებთან საუბრის დროს, მას ტელეფონით უკავშირდებოდნენ ჟურნალისტები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. მისივე თქმით, უცნობები უშლიდნენ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემას.



 
სოფელ სამთაწყაროს მუსლიმთა წინამძღვარმა - სულიკო ხოზრევანიძემ ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის 06 ივნისს მასთან, სოფლის რწმუნებულ - გულო ნადირაშვილთან ერთად იმყოფებოდა პიროვნება, რომელიც გაეცნო როგორც გია ლეჟავა და საქართველოს სახალხო დამცველის თელავის რეგიონალურ რწმუნებულად წარუდგინა თავი. გია ლეჟავამ, სულიკო ხოზრევანიძესთან საუბრისას აღნიშნა, რომ მან იცოდა სულიკო ხოზრევანიძის მიერ, სოფელ სამთაწყაროში მუსლიმთა სამლოცველოს გახსნის სანაცვლოდ აღებული თანხის შესახებ და ასევე მისთვის შესყიდული საცხოვრებელი ბინის შესახებ. გია ლეჟავამ, მუსლიმთა წინამძღოლს ასევე უთხრა, რომ პარასკევის ლოცვის შესრულებას აზრი არ ჰქონდა. ხოლო, რელიგიური დაპირისპირების შედეგად ვინმე რომ დაეპატიმრებინათ, მას სოფელში პრობლემები შეექმნებოდა.



 
სულიკო ხოზრევანიძის განმარტებით, სოფლის რწმუნებული - გულო ნადირაშვილი, პირად საუბრებში თავს მოიხსენიებს მის მტრად. ამასთან, იგი, სოფელ სამთაწყაროს მოლას მოუწოდებდა ლოცვის შეწყვეტისკენ და აფრთხილებდა, რომ მას ჰყავდა შვილები, რომელთაც შეექმნებოდათ პრობლემები.



 
მუსლიმთა წინამძღოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მასზე უშუალო ზეწოლას ახორციელებენ სოფლის რწმუნებული - გულო ნადირაშვილი, ოთარ ფუტკარაძე და ზურაბ შანიძე. ასევე მისი ინფორმაციით, სერგო ჯაიანი სოფელში მცხოვრებ მუსლიმებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ პარასკევის ლოცვაზე დასწრებისაგან და აქტიურობისაგან.



 
2013 წლის 07 ივნისს პარასკევის ლოცვაზე დასასწრებად და მხარდასაჭერად სოფელ სამთაწყაროში ჩასვლისაგან თავი შეიკავეს საქართველოს სხვა რეგიონებში მცხოვრებმა მუსლიმებმა. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ სოფელში არსებული პრობლემა აღმოფხვრილი იყო, მისცეს გარანტია, რომ მუსლიმებს ლოცვის შესაძლებლობა მიეცემოდათ და თხოვეს არ ჩასულიყვნენ, რომ მდგომარეობა არ გაემწვავებინათ. აქედან გამომდინარე, მათ თავი შეიკავეს სოფელში ჩასვლისგან.



 
2013 წლის 14 ივნისს სახალხო დამცველის წარმომადგენლები კვლავ იმყოფებოდნენ სოფელ სამთაწყაროში. სოფელ სამთაწყაროში მისვლისას გაირკვა, რომ პარასკევის ლოცვის შესასრულებლად ჩასულები იყვნენ სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე - ადამ შანთაძე და ხულოს რაიონის მუფთი. ლოცვას ასევე უნდა დასწრებოდნენ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენლები.



 
დადებითად უნდა შეფასდეს 14 ივნისს სოფელ სამთაწყაროში სახელმწიფო მინისტრის რეინტეგრაციის საკითხებში - პაატა ზაქარეიშვილის ჩასვლა. იგი გაესაუბრა სოფელ სამთაწყაროს რწმუნებულს გულო ნადირაშვილს, სოფელში ჩასულ მუსლიმ სასულიერო პირებს და ასევე სახლში მოინახულა სამთაწყაროს მუსლიმთა წინამძღვარი სულიკო ხოზრევანიძე.



 
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან საუბრისას გულო ნადირაშვილმა აღნიშნა, რომ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ მიერ სალოცავის შეძენისას უნდა გაეთვალისწინებინათ სოფლის მოსახლეობის აზრი. იგი აღნიშნავს, რომ ამისათვის უნდა ჩატარებულიყო „კრება“.



 
2013 წლის 14 ივნისს, გასული ოთხი კვირის განმავლობაში პირველად შესრულდა პარასკევის ლოცვა, თუმცა მასში მხოლოდ საქართველოს სხვა რეგიონიდან ჩასული მუსლიმები მონაწილეობდნენ. სულიკო ხოზრევანიძემ ჯანმრთელობის გაუარესებისა და ბოლო ბერიოდში მის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარისა და ზეწოლის გამო ვერ შეძლო ლოცვაზე დასწრება. სხვა მუსლიმებიც იმავე მიზეზითა და დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, არ გავიდნენ სალოცავად.



 
2013 წლის 28 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს დაუკავშირდა, „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ წარმომადგენელი და მოგვაწოდა ინფორმაცია, 2013 წლის 28 ივნისს, სოფელ სამთაწყაროს მუსლიმთა წინამძღვრის - სულიკო ხოზრევანიძის ოჯახზე სოფლის მოსახლეობის თავდასხმის შესახებ.



 
სულიკო ხოზრევანიძის მიერ, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისათვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის 28 ივნისს, ლოცვაზე დასაწრებად იმყოფებოდა სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე - ადამ შანთაძე.  პარასკევის ლოცვას ასევე დაესწრნენ სულიკო ხოზრევანიძე და მისი შვილები. მისივე თქმით, ლოცვის დროს რაიმე ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.



 
სოფელ სამთაწყაროს მოლის განმარტებით, პარასკევის ლოცვის დასრულების შემდეგ, მასთან სტუმრად იმყოფებოდნენ სრულიად საქართველოს მუფთის მოადგილე და ჟურნალისტები. მათი წასვლის შემდეგ, მის საცხოვრებელ სახლთან დაახლოებით ასმა მოსახლემ მოიყარა თავი, რომლებიც პარასკევის ლოცვის შესრულებას აპროტესტებდნენ. ასევე მოითხოვდნენ სულიკო ხოზრევანიძესთან შეხვედრას. მისივე თქმით, ემუქრებოდნენ ფიზიკური ლიკვიდაციით. ასევე, მოითხოვდნენ, რომ შეეწყვიტათ სამლოცველოში ლოცვის შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაეტოვებინა სოფელი.



 
როგორც სულიკო ხოზრევანიძე განმარტავს, სოფლის მოსახლეობის მხრიდან, ადგილი ჰქონდა მისი მეუღლის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობასთან ერთად, მის საცხოვრებელ სახლთან 2013 წლის 28 ივნისს იმყოფებოდა სოფლის რწმუნებული - გულო ნადირაშვილი.
 
   

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group