GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ხსნის არმიის მსახურების 20 წლისთავი საქართველოში

2013 წლის 27 მაისს საქართველოში ხსნის არმისს სამსახურის დაარსების 20 წლისთავი იზეიმეს. ხსნის არმიის სადღესასწაულო მიღება, რომელსაც ხსნის არმიის ადგილობრივი და საერთაშოროსპ წევრები და მათი მეგობრენი ესწრებოდნენ, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ცენტრ “ბეთელში” გაიმართა.

 

ხსნის არმია საერთაშორისო ქრისტიანული საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც მე-19 ს-ის შუა წლებიდან არსებობს. მისი შტაბბინა ლონდონში მდებარეობს.

 

1865 წელს ბრიტანელმა მეთოდისტმა პასტორმა უილიამ ბუთმა აღორძინების ევანგელურ-ქრისტიანული ასოციაცია ჩამოაყალიბა. სანამ ორგანიზაცია თავის ამჟამინდელ სახელწოდებას მიიღებდა, მან ორჯერ გამოიცვალა სახელი _ თავიდან "აღმოსავლეთ ლონდონის ქრისტიანულ მისიად" იწოდებოდა, ხოლო შემდგომ “ქრისტიანული მისია" დაერქვა.

 

უილიამ ბუთმა ხსნის არმია ჩამოაყალიბა როგორც რელიგიურ-ფილანტროპული ორგანიზაცია. მისი აზრით, ადამიანებმა, არა მხოლოდ სულის ხსნასა და იმქვეყნიურ არსებობაზე უნდა ვიზრუნოთ, არამედ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, საზოგადოების დაბალ ფენებს ყოველდღიური გაუსაძლისი ცხოვრება შევუმსუბუქოთ. ამიტომაც ხსნის არმიის უმთავრესი საქმიანობა მოსახლეობის სოციალური, სამედიცინო და მორალური მხარდაჭერაა. აქტივისტთა შესაბამისი დანაყოფები ასევე აქტიურად მონაწილეობენ სტიქიური უბედურებების დროს განხორციელებულ სხვადასხვა ღონისძიებებში.

 

ხსნის არმიას მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში აქვს გახსნილი უფასო სასადილოები, ღამის გასათევი შენობები უსახლკაროთათვის, ახალგაზრდული კლუბები, აქტიურად ეწევა ნარკომანიის, პროსტიტუციის საწინააღმდეგო კამპანიას, მისი წარმომადგენლები მუშაობენ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. ხსნის არმია დახმარებას უწევს ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად მისი რასისა, ნაციონალობისა, აღმსარებლობისა, სქესისა თუ ასაკისა.

 


ხსნის არმიის პრინციპები ძველი და ახალი აღთქმის ტექსტებს ეფუძნება. ორგანიზაცია ბიბლიურ შეხედულებებსა და მოწოდებებს ქადაგების საშუალებით ავრცელებს. ხსნის არმიის წევრები ყოველ კვირას იკრიბებიან ღვთისმსახურებაზე, რომელიც ლოცვა-გალობის, წმ. წერილის კითხვისა და ქადაგებისგან შედგება.

 

სახელწოდება “ხსნის არმია” მიგვანიშნებს, რომ ეს ორგანიზაცია ნაწილობრივ სამხედრო სტრუქტურის მქონეა. მის ხელმძღვანელს გენერალი ეწოდება, ის ხსნის არმიაში ამ წოდების მქონე ერთადერთი პირია. დანარჩენი წევრები ოფიცრებად და ჯარისკაცებად იწოდებიან და უნიფორმას ატარებენ. აუცილებელი საშუალო განათლების შემდგომ თითოეულმა მსახურმა ორწლიანი სასწავლო კურსები უნდა გაიაროს ხსნის არმიის შესაბამის სკოლებში. იქ ისინი საჭირო განათლებას ღებულობენ, აუცილებელ უნარ-ჩვევებს იძენენ, მკაცრ დისციპლინას და ცხოვრების ჯანსაღ წესს ეჩვევიან (ხსნის არმიის წევრები უარს ამბობენ ალკოჰოლსა და თამბაქოზე).

 

ხსნის არმია საქართველოში

 

საქართველოში ხსნის არმია პირველად 1992-93 წლებში გამოჩნდა, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია დატრიალდა: აფხაზეთის ომი, რომელმაც უამრავი ადამიანი დატოვა უსახლკაროდ. ხსნის არმია იმ დროს აქტიურად ეხმარებოდა ლტოლვილებს საკვებითა და ტანსაცმლით. გაიხსნა მრავალი სასადილო, სადაც დღეში ასი ათასი ადამიანი იკვებება ცხელი კერძით. ხსნის არმიის აქტივისტებს ფიზიკურად დაუძლურებულ ადამიანებთან შინ მიაქვთ მშრალი საკვები.

 

საქართველოში ხსნის არმიას, გარდა სასადილოებისა, გახსნილი აქვს აგრეთვე ბავშვთა ცენტრები, მოხუცთა ცენტრები, შესაბამის დაწესებულებებს ამარაგებს სამედიცინო აპარატურით, აწყობს საზაფხულო ბანაკებს ბავშვებისათვის განურჩევლად მათი აღმსარებლობისა. გარდა ამისა, საქართველოს მასშტაბით შესაბამის კორპუსებში ფუნქციონირებს სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეები (უცხო ენებისა და კომპიუტერის შემსწავლელი), განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ტრადიციების შესწავლასა და მათ პოპულარიზაციას.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group