GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიათა საბჭოს კულტურულ–რელიგიური პროგრამა

2013 წლის 19 მარტს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გაიმართა საქართველოს სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს ღონისძიება. ღონისძიების მიზანი იყო საბჭოს შეეჯამებინა განვლილი რვა წლის მუშაობის შედეგები, წარმოედგინა სამომავლო ხედვები და საზოგადოებისათვის წარედგინა საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების კულტურულ–რელიგიური პროგრამა.

 

ღონისძიება გახსნა  სახალხო დამველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა მინდიაშვილმა.

 

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში რელიგიათა საბჭოს საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან გამოთქვა იმედი, რომ სახელმწიფო გაითვალისწინებს საბჭოს მიერ შემუშავებულ, ტოლერანტობის კულტურის გაღრმავებასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ რეკომენდაციებს.

 

საქართველოს გაეროს ასოციაციის ხელმძღვანელმა რამაზ აფციაურმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რაოდენ მნიშვნელოვანია მრავალფეროვნების კულტურის განვითარებაზე ზრუნვა და მრავალფეროვნების კულტურის პოპულარიზება საზოგადოების ფართო ფენებში.

 

რელიგიათა საბჭოს მუშაობის შედეგად მიღებულ გამოცდილებებსა და შედეგებზე ისაუბრა ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ. მან საბჭოს საქმიანობის სამი მნიშვნელოვანი შედეგეი გამოყო: რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის საკითხის პოზიტიური გადაწყვეტა, სასჯელაღშრულების დაწესებულელებში რელიგიის თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფა  და რელიგიურ უმცირესობათა ჯგუფებს შორის   თანამშრომლობის კულტურის გაღრმავება. „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს, ბოლო შედეგია – აღნიშნა მან – საქართველოში ხშირად ამაყობენ ტრადიციული ტოლერანტული კულტურით, რომლის მაგალითადაც თბილისის ძველ უბანში არსებული მართლმადიდებლური, სომხური, კათოლიკე ტაძრები, მეჩეთი და სინაგოგა მოჰყავთ. ვფიქრობ, ბევრად უფრო მარტივია არქიტექტურული ძეგლების ერთ სივრცეში თანაარსებობა, ვიდრე ამდენი ერთმანეთისგან განსხვავებული, ცოცხალი ეკლესიისა და რელიგიური გარეთიანების ერთ საბჭოში ყოფნა და თანამშრომლობა. წლების მანძილზე ჩვენ ეს მოვახერხეთ და დღეს ერთ დიდ მეგობრულ ოჯახად ვიქეცით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

 

რელიგიურ–კულტურულ პროგრამას უძღვებოდა იდეის ავტორი და თანაორგანიზატორი, სახარების რწმენის ეკლესიის წევრი, ლელა ხონელიძე. მართალია, ობიექტური მიზეზების გამო, რელიგიათა საბჭოში წარმოდგენილი 22 გაერთიანებიდან პროგრამაში ყველა ვერ მონაწილეობდა, მაგრამ იგი შემუშავებული და მოწონებული იყო საბჭოს სრული შემადგენლობის მიერ.

 

პროგრამა გაიხსნა იუდეველი გოგონას მიერ შესრულებული ებრაული სიმღერით, რასაც სომეხთა სამოციქულო წმინდა მართლმადიდებლური ეკლესიის მგალობელთა გუნდის საეკლესიო საგალობელი მოჰყვა.

ევანგელისტურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ სცენა ეკლესიის ახალგაზრდა თაობის მიერ შესრულებულ საეკლესიო–ლიტურგიულ ცეკვას დაუთმო; შემდეგ კი საეკლესიო საგალობელი ევანგელისტ-პროტესტანტთა ეკლესიის მომღერალმა შეასრულა.

რელიგიურ მრავალფეროვნებასთან ერთად პროგრამაში ეთნიკური მრავალფეროვნებაც იყო წარმოდგენილი – საღამოზე შესრულდა გერმანული ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის საგალობელი გერმანულ ენაზე და ხსნის არმიის ინგლისურენოვანი საგალობელი; ეზიდთა თემის წარმომადგენლებმა ეზიდური რელიგიური ჰიმნი შეასრულეს. საბჭოს წევრმა, შეიხმა ვაგიფ აქპეროვმა, გადაწყვიტა, მუსლიმთა თემის სახელით პროგრამაში აღმოსავლურ მოტივებზე ქართული ფოლკლორის წიაღში აღმოცენებული ცეკვა ,,ჯეირანი” წარმოდგენილიყო, რომელიც მუსლიმმა გოგონამ შეასრულა.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის მომღერალთა გუნდმა დამსწრე საზოგადოებას  ღმერთის და ერის სიყვარულზე დაწერილი საგალობელი შესთავაზა. პროგრამა კათოლიკე ეკლესიის მგალობელთა გუნდის მიერ შესრულებული ლათინური საგალობლით დასრულდა.

ღონისძიების დასასრულს, რელიგიურმა ლიდერებმა, მრევლთან და მომღერალთა გუნდებთან ერთად, ერთობლივად შეასრულეს საქართველოს ჰიმნი, იმის ნიშნად, რომ საბჭოს ყველა წევრ საქართველოს სიყვარული და მისი მოქალაქეობა აერთიანებს.

საბჭოს წევრების მიერ ინიცირებულ საღამოს, საბჭოს წევრებთან ერთად, ორგანიზებას უწევდა სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი, აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება” მხარდაჭერით.

 

***

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო 2005 წელს დაარსდა; რელიგიათა საბჭო საქართველოს  რელიგიური უმცირესობების ყველაზე ფართო ფორუმს წარმოადგენს, ამჟამად მისი წევრი 22 რელიგიური გაერთიანებაა. საბჭო ამზადებს წინადადებებს სახალხო დამცველისთვის რელიგიის თავისუფლების დაცვისა და ტოლერანტული გარემოს გაუმჯობესების თემატიკაზე; ამ საკითხებზე საბჭო ასევე თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან. რელიგიათა საბჭო ერთობლივი განცხადებებით ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს.

 

საბჭოს საქმიანობის ამოსავალი პრინციპებია: რელიგიის თავისუფლების დაცვა; რელიგიურ ჯგუფებს შორის მრავალმხრივი   დიალოგის წახალისება; ტოლერანტული და თანასწორუფლებიანი, მშვიდობიანი  გარემოს დამკვიდრებაზე ზრუნვა; სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლივი გაზიარება; სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში ჩართვა.

 

2007–2009 წლებში რელიგიათა საბჭომ შეიმუშავა სოციალური კონცეფცია, რომელშიც ასახულია ერთობლივი ხედვა სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართების, ლიბერალური ფასეულობებისა და დემოკრატიის, სოციალური თანამშრომლობის, სასჯელაღსრულებისა და განათლების სისტემებში არსებული პრობლემების მოგვარების, ომისა და მშვიდობის საკითხების, ეთნოსთაშორისი ურთიერთობების,  საზოგადოების ყველაზე დაუცველი ჯგუფების თანადგომისა და სხვა საკითხებზე

კონცეფცია საფუძვლად დაედო საბჭოს სამომავლო საქმიანობის მიმართულებებს და აისახა ხელისუფლებისა და  მედიისთვის განკუთვნილ საგანგებო რეკომენდაციებში, რომლის შემუშავება 2012 წელს დასრულდა. რეკომენდაციების შესასრულებლად  რელიგიათა საბჭო გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და მედია ორგანიზაციასთან.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 21 სექტემბერი

როშ ჰაშანა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group