GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს მიმართვა საქართველოს მთავრობისადმი

ისევე როგორც ყოველთვის, ჩვენს საზოგადობრივ ცხოვრებაში, დღესაც აქტუალურია რელიგიური პრობლემატიკა. ამასთან ერთად, ვამჩნევთ, რომ დღევანდელ მთავრობას სურს სახელმწიფოსა და რელიგიურ გაერთიანებათა ურთიერთმიმართების შესახებ საკუთარი ხედვა შემოგვთავაზოს. აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭოს წევრებმა საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ ამ მეტად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საკითხთან დაკავშირებით ჩვენი საერთო პოზიცია განგვემარტა.

 

ჩვენ, 2005 წელს მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება სახალხო დამცველის ოფისთან დაგვეარსებინა რელიგიათა საბჭო. საბჭო, მისი წევრების კანონის წინაშე თანასწორუფლებიანობის აღიარების ერთგულია და დემოკრატიული დისკუსიებისა და დიალოგის გზით წარმართავს თავის საქმიანობას. შესაბამისად, მისი მუშაობა იმდენად ეფექტური გამოდგა, რომ დღეისათვის მასში, საქართველოში არსებული 22 რელიგიური გაერთიანებაა წარმოდგენილი.

 

ჩვენი საერთო მიზანია არამარტო რელიგიის თავისუფლების დაცვა, თანასწორუფლებიანობისა და ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, არამედ, ზოგადად, ადამიანის უფლებების მხარდაჭერა და თანამშრომლობის განვითარება სოციალური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხების გარშემო.

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო მოქმედებს, როგორც ომბუდსმენის საკონსულტაციო მექანიზმი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ წლების განმავლობაში მან უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა და სახელმწიფო უწყებების საკონსულტაციო ფორუმადაც ჩამოყალიბდა.

 

ამასთანავე, სახელმწიფო უწყებები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზეც, ფართოდ იხსენიებენ რელიგიათა საბჭოს, როგორც საკონსულტაციო ფორუმს. მის საქმიანობას აკვირდებიან და მხარს უჭერენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო უნიკალურია თავისი ფორმატით.

 

ამ ხნის განმავლობაში რელიგიათა საბჭომ, სახალხო დამცველის მხარდაჭერით, შეასრულა არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო: საერთო ძალისხმევის შედეგად, გადაწყდა რელიგიის თავისუფლების დაცვასა და დისკრიმინაციურლი პრაქტიკების აღმოფხვრასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი.

 

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წლებში რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართუებით განხორციელდა სასიკეთო ცვლილებები, ვფიქრობთ, რომ მთელი რიგი მიმართულებებით კვლავაც სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით, - იქნება ეს საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების დაბრუნება, ძალადობა რელიგიურ ნიადაგზე თუ დისკრიმინაციული სოციალური და საკანონმდებლო ფონის არსებობა.

 

სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით 2012 წელს რელიგიათა საბჭომ შეიმუშავა რეკომენდაციების ნუსხა, რომელიც გვსურს, უმოკლეს ხანში, შესაბამის სახელისუფლებო უწყებებს წარვუდგინოთ და მათი შესრულების მიმართულებით წამოვიწყოთ აქტიური თანამშრომლობა.

 

რელიგიათა საბჭოს წევრები ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველთან არსებული საბჭოს ფორმატი მისაღები და კომფორტული სივრცე გახდება რელიგიურ გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის ნაყოფიერი დიალოგისთვის. ასევე გამოვთქვამთ იმედს, რომ რელიგიათა საბჭოს მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაცია გაზიარებული იქნება სამთვარობო უწყებების მიერ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დისკრიმინაციის დაძლევასა და რელიგიის თავისუფლების სრულფასოვან დაცვას.

 

დრომ და საქართველოს რელიგიურ უმცირესობათა ურთიერთთანამშრომლობის გამოცდილებამ, ასევე მრავალმა გარემოებამ დაგვიდასტურა, რომ სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო შეიძლება წარმოადგენდეს საქართველოში რელიგიურ უმცირესობათა ხმას, როგორც სამთავრობო, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის.

 

აქვე გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და საქართველოს მთავრობას დავუდასტუროთ ჩვენი პატივისცემა, ვუსურვოთ წარმატება თავისუფალი, დემოკრატიული და ერთიანი საქართველოს მსახურების საქმეში.

 

 

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები:

 

  1. იუდაური  თემი საქართველოში
  2. სომეხთა სამოციქულო  წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის საქართველოს ეპარქია  
  3. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო
  4. ქართველ მუსლიმთა კავშირი
  5. ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია
  6. ეზიდთა სასულიერო კრება
  7. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია
  8. ევანგელურ–ლუთერული ეკლესია
  9. სახარების რწმენის ეკლესია
  10. მეშვიდე დღის ქრისტიან–ადვენტისტთა ეკლესია
  11. საქართველოს ევანგელურ–პროტესტანტული ეკლესია
  12. წმიდა სამების პროტესტანტული ეკლესია
  13. საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
  14. ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა
  15. ევანგელურ–ბაპტისტური ეკლესია მადლი
  16. საერთაშირისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ხსნის არმია
  17. კრიშნას ცნობიერების საზოგადოება
  18. ევანგელისტური ეკლესია ღმერთის საელჩო
  19. ევანგელური ეკლესია ურყევი საფუძველი
  20. მეგობართა საზოგადოება – კვაკერები
  21. სვედენბორგიანული საზოგადოება საქართველოში
  22. სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი  

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group