GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიმართვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს სოფელ ნიგვზიანში მომხდარი ინციდენტის შესახებ

„საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს დაიწყოს გამოძიება სოფელ ნიგვზიანში მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით და გაატაროს სათანადო ღონისძიებები ამ სოფლის მუსლიმი მოსახლეობის უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისა მიზნით. 

  
2012 წლის 2 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფ. ნიგვზიანში, სადაც შეხვდნენ და ახსნა-განმარტება ჩამოართვეს სოფლის მუსლიმ მაცხოვრებლებს. 
  
მათი განმარტებით, 1989 წლიდან აჭარელი მუსლიმების 300-მდე კომლი  სოფ. ნიგვზიანში ცხოვრობს. 2010 წლამდე ისინი სალოცავად ქ.ბათუმში დადიოდნენ. ერთი წლის წინ, მათ სოფ.ნიგვზიანში ერთ-ერთი მუსლიმის ოჯახში სამლოცველო მოაწყეს. აღნიშნულმა, სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ვითარება სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის რელიგიურ ნიადაგზე განსაკუთრებით 2012 წლის ოქტომბრის თვეში დაიძაბა. სოფლის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს მუსლიმი მოსახლეობის მხრიდან რელიგიური თავისუფლებით სარგებლობას, რის გამოც ადგილი ჰქონდა რამდენიმე ინციდენტს. 
  
კერძოდ, როგორც ჩვენს ხელთ არსებული ახსნა-განმარტებებიდან და საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული კადრებით დგინდება, მდგომარეობა განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდგომ, რაც სოფლის მართლმადიდებელმა მოსახლეობამ მაცხოვრებელთა მუსლიმ ნაწილს ხელი შეუშალა რელიგიური წეს-ჩვეულების აღსრულებაში. 2012 წლის 26 ოქტომბერს 150-მდე პირი ყურბან ბაირამის დღესასწაულზე სალოცავად თანასოფლელ არჩილ კახაძის ოჯახში შეიკრიბა. სამლოცველოდან გამოსვლის შემდეგ, მათ სოფ. ნიგვზიანის ცენტრში სოფლის მოსახლეობა დახვდათ შეკრებილი, რომლებმაც რამდენიმე მლოცველს რელიგიურ ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი აცხადებდნენ, რომ არ მისცემდნენ მათ სამლოცველოს გაკეთების საშუალებას. ახსნა-განმარტების თანახმად, ისინი არჩილ კახაძის ოჯახში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ რელიგიური რიტუალების შეწყვეტას. 
  
მას შემდეგ, რაც სოფელში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები 2012 წლის 2 ნოემბერს ჩავიდნენ სოფელ ნიგვზიანში. ამავე დღეს მუსლიმებს საერთო ლოცვა უნდა ჰქონოდათ. სოფლის მოსახლეობა შეიკრიბა, რათა მლოცველები სამლოცველოში არ შეეშვათ, ისინი აცხადებდნენ, რომ არ დაუშვებდნენ სოფელში მეჩეთის მშენებლობას, ასევე, მოითხოვდნენ, არ მიეღო მასიური ხასიათი მუსლიმი მოსახლეობის რელიგიური რიტუალების ჩატარებას და ერთობლივ ლოცვას. მდგომარეობა ადგილზე იმდენად გამწვავდა, რომ საქართველოს მუფთს არ მიეცა საშუალება შესულიყო სალოცავად შენობაში. ზოგადად, სიტუაცია საქართველოს მუფთის მიერ სოფლის გამგეობის შენობაში მოლაპარაკებების შემდეგ (იგი მოსახლეობის ნაწილთან მოლაპარაკებას აწარმოებდა) განიმუხტა, რის შედეგადაც მუსლიმმა მოსახლეობამ ლოცვა შეძლო. 
  
ვინაიდან, სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე პროცესები შესაძლოა გახდეს რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეთა შუღლის საფუძველი, აუცილებელია ყველა სათანადო ორგანოს მიერ გატარდეს სწრაფი და ეფექტური ღონისძიებები მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით. 
  
ამასთან, მიგვაჩნია, რომ 2012 წლის 26 ოქტომბერსა და 2 ნოემბერს მომხდარი ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რომლებიც განხორციელებულია რელიგიური სიძულვილის მოტივით.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 13 დეკემბერი

ხანუქა

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group