GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ისტორიულ კათოლიკურ ტაძარს იერ–სახეს უცვლიან

ადიგენის რაიონის სოფელ უდეში მდებარე ისტორიული კათოლიკური ტაძრის იერსახის შეცვლა,  გალავნისა და გუმბათის გადაკეთება მიმდინარეობს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ  ნაგებობა მართლამდიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გადასცა, თუმცა ეკლესიებს შორის არსებული ზეპირი შთანხმების საფუძველზე ბოლო დრომდე ტაძრის პირვანდელ იერ–სახე შენარჩუნებული იყო. ეს არის ხუთიდან ერთ–ერთი ტაძარი, რომლის ისტორიული მეპატრონისათვის დაბრუნების საკითხს კათოლიკე ეკლესია მუდმივად სვამს.

 

ტაძარი  1904-1906 წლებში კათოლიკე ქართველების მიერ აიგო. ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე ჩაყოლებულია ფილები, რომელზეც წარწერილია, რომ ეკლასია აგებულია  ქართველი კათოლიკეების მიერ, მუსლიმი თანასოფლელების დახმარებით. ეკლესიის გუმბათის ჯვარზე კი, როგორც ადგილობრივი კატოლიკები აცხადებენ,  ამოტვიფრულია წარწერა: ჯვარი ჩამოისხა 127 კათოლიკეს შესაწირით.

 

1930-იან წლებში კათოლიკე მღვდელმსახური დააპატიმრეს, ხოლო ტაძარი კოლმეურნეობის საწყობად აქციეს. 1990–იან წლებში სახელმწიფომ ეკლესია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას გადასცა და მას შემდეგ იქ ლოცვა მართლმადიდებლური წესით მიმდინარეობს.

 


ადგილობრივი კათოლიკე მოსახლეობისა და არალის კათოლიკე ეკლესიის მღვდლის, მიხეილ სურმავას ცნობით,  2012 წლის ზაფხულის მიწურულსა და სექტემბერში დაინგრა ეკლესიის ძველი გალავანი და აშენდა ახალი. ძველ გალავანში ჩატანებული ფილები, რომელზეც ჯვრებია გამოსახული და გალავნის ორნამენტები, ახლა ეკლესიის ეზოშია მიმოფანტული. ეკლესიიდან დაახლოებით 25–30 მეტრის მოშორებით შენდება ახალი სამრეკლო და სხვა სათავსოები.

 

მას შემდეგ რაც სექტემბერში, ამ მშენებლობისადმი უკმაყოფილება გამოხატა ადგილობრივმა კათოლიკურმა თემმა, მშენებლობა შეჩერდა. თუმცა ა.წ. ნომებრიდან მშენებლობა სრულად განახლდა და იგი შეეხო ეკლესიის გუმბათსაც.

 

უდეს ღვთისმშობლის ტაძარს  აქვს კათოლიკე ეკლესიებისათვის დამახასიათებელი თაღოვანი გადახურვა და როგორც აღინიშნა, ამ გუმბათზე აღმართული ოყო წარწერიანი ჯვარი, სადაც ეწერა, რომ  ჯვარი 127 კათოლიკეს შენაწირით ჩამოისხა.

 

მართლმადიდებელი წინამძღვრის, მღვდელ გრიგოლისა და ადგილობრივი ეკლესიის მსახურების განმარტებით, გუმბათზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიზეზი გახდა ის, რომ ტაძარში წვიმა ჩადიოდა, რასაც ტაძრის შიდა ხედიც ადასტურებს; მაგრამ  ამასთანავე ტაძრის მღვდელმა, ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელთან  სატელეფონო საუბარში  განაცხადა, რომ დაგეგმილია, ტაძარი სოლისებურად გადახურონ, მართლმადიდებლური საეკლესიო არქიტექტურის ყაიდაზე,  ხოლო ჯვარი „დაამშვენონ“ და მას ფრთები გაუზარდონ.

 

მღვდელმა გრიგოლმა განაცხადა, რომ მე–20 საუკუნეში აშენებული ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ვერ იქნება და ამიტომ რეკონსტრუქციის დაწყება კულტურის სამინტროსთან არ შეუთანხმებიათ.

 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს მიერ მოწოდებული დოკუმენტის საფუძველზე კი დასტურდება, რომ უდეს ღვთისმშობლის ტაძარი  შეტანილია უძრავი ძეგლების სახელმწიფო რეესტრში და მინიჭებული აქვს კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი. (საქართველოს კულტურის , ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება N 3/133. 2006 წ. 30 მარტი. ქ. თბილისი).

 

სოფელ უდისა და არალის კათოლიკე მრევლის თხოვნის საფუძველზე, ამიერკავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორმა, ეპისკოპოსმა ჯუზეპე  პაზოტომ წერილობით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, გურამ ოდიშარიას. წერილში ნათქვამია:  „დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები უდეს ეკლესიაში, რომელსაც კათოლიკე ეკლესია მიიჩნევს თავის კანონიერ საკუთრებად. უდის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია აგებულ იქნა ქართველ კათოლიკეთა მიერ 1905 წელს. ეს ტაძარი 90–იან წლებში უსამართლოდ გადაეცა  მართლადიდებელ ეკლესიას. იმის გამო, რომ ამ ნაგებობასთან დაკავშირებით არსებობს დავა, სამართლის ელემენტარული ნორმების მიხედვით, ამ დავის გადაწყვეტამდე, ყველაფერი უნდა შენარჩუნდეს პირვანდელი სახით. ამგვარად იყო დღემდე, მაგრამ ახლა ტაძარში მოულოდნელად დაიწყო სამუშაოები, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, და ამ სამუშაოების მიზანია ნაგებობის რადიკალური შეცვლა...“.

 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სახელზე გაგზავნილი წერილი გადაეგზავნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს.

 

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს და საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრს დაწყებული აქვს საკითხს შესწავლა. 2012 წლის 28 ნოემბერს სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ სოფელ უდეში, დაათვალიერეს და ფოტოებით აღბეჭდეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები.

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group