დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად შეუწყნარებლობის მოტივი ჩაითვლება

2012 წლის 27 მარტს, მესამე მოსმენით, პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები დაამტკიცა. ამ ცვლილებების მიხედვით, შეუწყნარებლობის მოტივი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება.
დანაშაულის ჩადენის დამამძიმებელ გარემოებად შეიძლება ჩაითვალოს „რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, შეზღუდული შესაძლებლობების, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან სხვა მადისკრიმინირებელი ნიშნით“ ჩადენილი დანაშაული.
კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტი მხოლოდ რასობრივი, ენობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური ნიშნით მადისკრიმინირებელ გარემოებებს ითვალისწინებდა, თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციით, ჩამონათვალი გაფართოვდა.