GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ნოვრუზ ბაირამი

21 მარტს, მრავალი სხვა ქვეყანის მსგავსად, ნოვრუზ ბაირამი საქართველოშიც აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის საგანგებო მილოცვაში წერია, რომ პრეზიდენტისათვის ნოვრუზ ბაირამი ისეთივე ახლობელი და ძვირფასია როგორც სხვა ყველა მნიშვნელოვანი დღესასწაული საქართველოში. "დღეს მეც თქვენთან ერთად ვხარობ და იმედის თავლით შევყურებ ჩვენი სამშობლოს მომავალს. ნოვრუზი ოჯახური დღესასწაულია და მეც, როგორც თქვენი ოჯახის წევრი, ვიზიარებ იმ სიხარულს, რომელიც ნოვრუზ ბაირამის დადგომას უკავშირდება", – აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

მარნეულში სხვადასხვა მუნიციპალიტეტმა ნოვრუზის აღსანიშნად სადღესასწაულო კუთხეები მოაწყო. გაიმართა კონცერტი და სპორტული შეჯიბრები. ნოვრუზ ბაირამის მისალოცად მარნეულში შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, მიხეილ მაჭავარიანი და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, თამარ კინწურაშვილი ჩავიდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამი მიულოცეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმაც.

ნოვრუზი – სპარსული სიტყვაა. მისი ერთი ნაწილი "ნოვ"- ახალს, ხოლო მეორე - "რუზ" დღეს ნიშნავს. ოდითგანვე 21 მარტს დღისა და ღამის გათანასწორების, ჰაერის გათბობის, თოვლის დნობის დაწყების, ხეებზე ყლორტის გამოსვლისა და დედამიწის გამოცოცხლების, ანუ სიციცხლის დაწყების დღედ მიიჩნევენ და შესაბამისად, ნოვრუზ ბაირამიც გაზაფხულის შემოსვლის, ზოგიერთ ქვეყანაში კი ახალი წლის დღესასაწაულია.

ნოვრუზის დღესასწაული, როგორც წესი,  სამ დღეს გრძელდება.  ნოვრუზის დადგომამდე თვის ოთხივე კვირის ოთხშაბათიც მნიშვნელოვანია. მას "უსკუსაც" უწოდებენ. ბოლო ოთხშაბათის წინა დღეს (სამშაბათს) სასაფლაოზე გადიან. მამაკაცები სურა "ფათიჰას" კითხულობენ, ხოლო ქალებს  ხალვა, ფლავი და სხვადასხვა საჭმელი გააქვთ საფლავებზე. ნოვრუზის დღეს კი,  საჭიროდ თვლიან იმ წელს გარდაცვლილი ადამიანის ოჯახები მოინახულონ, თუმცა ნოვრუზის დღესასწაულზე დამწუხრება ცოდვად ითვლება.  ამ დღეს შაქარს, ბრინჯს, კვერცხსა და სხვადასხვა საკვებს ხელმოკლე ოჯახებს უნაწილებენ; ამავდროულად ავადმყოფებსა და ნათესავებსაც მოინახულებენ.

გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, ეს დღე არა ისლამური, არამედ, აღმოსავლური  ერების დიდი ნაწილის ტრადიციული, ეთნიკური ხასიათის დღესასწაულია. 

ამ დღის აღნიშვნის უძველესი წესის აღწერას „ვეფხისტყაოსანშიც“ ვხვდებით:

ამა ქალაქსა წესია: დღესა მას ნავროზობასა
არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა;
ყოველნი სწორად დავიწყებთ კაზმასა, ლამაზობასა,
დიდსა შეიქმენ მეფენი პურობა-დარბაზობასა.
ჩვენ დიდ-ვაჭართა ზედა-გვაც დარბაზს მიღება ძღვენისა,
მათ საბოძვრისა ბოძება ჰმართებს მსგავსისა ჩვენისა;
ათ დღემდის ისმის ყოველგნით ხმა წინწილისა, ებნისა,
მოედანს მღერა, ბურთობა, დგრიალი ცხენთა დგენისა.

2010 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ნoვრუზი საერთაშორისო დღედ აღიარა. 2009 წლის 28 სექტემბრის იუნესკოს სამიტზე ნოვრუზი ოფიციალურად იქნა შეტანილი კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში.

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, 2010 წელს,  ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულად გამოცხადდა. 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

აღმოსავლელი ხალხების, 21 მარტი

ნოვრუზ-ბაირამი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group