GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ეროვნული უმცირესობების საბჭოს შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან

2012 წლის 7 მარტს, შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოსა და შსს თანამშრომლების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის მოადგილე, ტატა ხუნწარია.

შეხვედრა გაიმართა 2010 წლის 4 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახალხო დამცველს შორის, დადებული  მემორანდუმის ფარგლებში. მემორანდუმი ითვალისწინებს, საბჭოს წევრებსა და  სამინისტროს წარმომადგენლებს შორის პერიოდულ შეხვედრებს. ამ შეხვედრების მიზანია ეთნიკური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ურთიერთგაზიარება და საბჭოს წევრებისათვის  სამინისტროს მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის გაცნობა.

სამინისტოს მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ შსს საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს წარმომადგენლები, შალვა კვინიხიძე და ნინო გახარია, იურიდიული სამმართველოს უფროსი დავით კორახაშვილი, გიორგი ნარიმანიძე საპატრულო პოლიციიდან და გუჯა მაკალათია პოლიციის აკადემიიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს საერთაშორისო სამართლებრივი განყოფილების უფროსმა, ნინო გახარიამ  საბჭოს წევრებთან საუბრისას განაცხადა, რომ მომავალი პოლიციელების საბაზისო მომზადების კურსში დიდი ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებებს, რომელიც უმცირესობათა უფლებების დაცვის თემატიკასაც მოიცავს. ამ თემაზე დამატებითი ტრენინგები უტარდებათ უკვე მოქმედ პოლიციელიებსაც.

2012 წლის მაისიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო სახალხო დამცველთან ერთად, გეგმავს ფართომასშტაბიანი ტრენინგების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონში მომუშავე პოლიციელები მიიღებენ.  ამ ტრენინგების ძირითადი თემა იქნება ადამინის უფლებები და უმცირესობათა უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

ნინო გახარიამ ისაუბრა შსს–ს პოლიტიკაზე ხელი შეუწყოს პოლიციაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა დასაქმებას. მისი თქმით, თუ 2007 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებებში 152 ეთნიკური აზერბაიჯანელი იყო დასაქმებული, წელს მათი რიცხვი 300–მდე გაიზარდა, ხოლო თუ 2007 წელს შსს–ში 323 სომხური წარმომავლობის ადამინი მუშაობდა, დღე მათი რიცხვი 515–ია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთან თანამშრომლობით,  5 ენაზე თარგმნა საპროცესო უფლებების ნუსხა დაკავებული არაქართულენოვანი პირებისათვის. ოსური თემის წევრმა ნაირა ბეპიევმა სთხოვა სამინისტროს წარმომადგენლებს, ეს ნუსხმა ოსურ ენაზეც  ითარგმნის.

ეთნიკური საბჭოს წევრები დაინტერესდნენ, თუ რა მეთოდოლოგიით ხდება მომავალი და უკვე დასაქმებული პოლიციელების გადამზადება. არასამტავრობო ორგანიზაცია „ეთნოსთაშორისი თანამშრომლობის ანალიტიკური ცენტრის“ ხელმძღვანელმა, აგიტ მირზოევმა, არსებული სასწავლო გეგმებისა და მეთოდების გასაუმჯობესებლად, სამინისტროს შესთავაზა უკრაინაში აპრობირებული კანადური სახელმძღვანელოს ადაპტირება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო  არაქართულენოვანი დაკავებული პირებისათვის გამოყოფილი თარჯიმნების კომპეტენციის საკითხსაც.

შეხვედრის ბოლოს სამინისტროს წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს საბჭოს წევრებს გაზიარებული ინფორმაციისთვის და განაცხადეს, რომ შეისწავლიან და მუშაობისას გაითვალისწინებენ მათ მიერ მიწოდებულ მოსაზრებებს.

 

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

უკრაინა, 24 აგვისტო

დამოუკიდებლობის დღე

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group