საპატრიარქო და ეჩმიაძინი სურბ ნშანის თაობაზე

წმინდა ეჩმიაძინი გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს განცხადებას იმის თაობაზე, რომ სურბ ნშანის ტაძრის წარმომავლობის საკითხი ერთობლივი კომისიის დასკვნის შედეგად უნდა დაიდოს, და მას გაუგებარი უწოდა.
ეჩმიაძინის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ვაგრამ მელიკიანმა ИА REGNUM-ს განუცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გავრცელებული განცხადება, გაუგებრობას იწვევს და იგი ძნელად აღსაქმელია, „ეკლესიის წარწერები, რომელიც მისი აგების დროს ამოკვეთეს, მოწმობს რომ ეს ტაძარი სომხურია".
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განცხადებაში ნათქვამია, რომ - ” უნდა შეიქმნას ერთობლივი კომისია, რომელიც ჩაატარებს არქეოლოგიურ კვლევებს და დადებს სათანადო დასკვნას. ამ საქმეში კი აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა როგორც საქართველოს საპატრიარქოს, ისე სომხური მხარის წარმომადგენლებმა, რათა მიუკერძოებლად განისაზღვროს ტაძრის წარმომავლობა, აქედან გამომდინარე კი, მისი კუთვნილების საკითხი.”
ეჩმიაძინი დადებითად აფასებს წინა წელს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რელიგიურ ჯგუფებს საშუალებას აძლევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით დარეგისტრირდნენ და შემდეგ ნაბიჯად ე.წ სადავო ეკლესიების გადმოცემას ასახელებს: ”მეორე ნაბიჯი იქნება ექვსი სომხური ეკლესიის ჩვენი ეპარქიისათვს გადაცემა, რომლებზეც ქართული მხარე გვედავება. სწორედ ამ დავის გამოა, რომ სომხეთის ეკლესია ქართულ მიწაზე არსებულ თავის ტაძრებზე ვერ ზრუნავს“. – ამბობს მელიკიანი.
2012 წლის 6 იანვარს სურბ ნშანში ისევ ხანძარი გაჩნდა, ხოლო 10 იანვარს გუმბათის საყრდენი ოთხი სვეტიდან ერთერთი ჩამოიქცა.
ამჟამად სურბ ნშანის ტაძარში გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია და გამაგრებითი სამუშაოები უნდა დაიწყოს.