GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რელიგიურ უმცირესობათა დაცვა საქართველოში –მოქმედი კანონმდებლობის მიმოხილვა

დავით კაშია, ნიკა ნანუაშვილი, გიორგი მელაძე


შესავალი


წინამდებარე მიმოხილვის მიზანია წარმოაჩინოს საქართველოს კანონმდებლობის ის ძირითადი ასპექტები, რომლებიც არსებითად აწესრიგებებენ რელიგიური უმცირესობების სამართლებრივ სტატუსს საქართველოში. ნაშრომი მომზადებულია 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

 

საქართველოს   კონსტიტუცია


საქართველოს კონსტიტუცია – ქვეყნის ძირითადი კანონი – განსაზღვრავს საქართველოში რელიგიისადმი დამოკიდებულების მთავარ პრინციპებს, აგრეთვე განამტკიცებს პიროვნების სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლებას.

 

კონსტიტუციით, სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას (მუხლი 9).

 

კონსტიტუციის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს  სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.  დაუშვებელია ადამიანის დევნა აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. ამასთანავე, კონსტიტუცია ადგენს, რომ აღნიშნულ თავისუფლებათა შეზღუდვა დაუშვებელია, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს. (მუხლი 19).

 

კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპია, რომ ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალი და კანონის წინაშე თანასწორია, განურჩევლად მისი რელიგიური შეხედულებებისა, ისევე როგორც თითოეული საქართველოს მოქალაქე თანასწორია სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განურჩევლად მისი  რელიგიური კუთვნილებისა. (მუხლი 14; მუხლი 38).

 

საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობენ კონსტიტუციის პრინციპებიდან. (მუხლი 39).

 

კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის  (2002 წ.)


კონსტიტუციური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არეგულირებს ამ ორი სუბიექტის ურთიერთობას, უფლებებს და მოვალეობებს.

 

ანალიზის ძირითაადი მიზანია იმ დებულებების გაშლა, რომლის გავრცელების სფერო მოიცავს არა მხოლოდ სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიის არამედ სხვა პირთა ინტერესებსაც. ამ მიზნისთვის, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ყურადღების გამახვილება შეთანხმების მე-5, მე-6 და მე-9 მუხლებზე.

 

კონსტიტუციური შეთანხმებით, ეკლესიას ენიჭება უფლება დააარსოს საკუთარი საგანმანათლებლო დაწესებულებები. საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ სწავლება ნებაყოფლობითია. (მუხლი 5) ამ მუხლის გააზრება შესაძლებელია მხოლოდ „ზოგადი განათლების შესახებ კანონის“ რელევანტური მუხლების ერთობლივი ანალიზით. კერძოდ:

 

„ზოგადი განათლების შესახებ“  2005 წლის 7 აპრილის საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სკოლაში დაუშვებელია სასწავლო პროცესის გამოყენება რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის (ქადაგება, რწმენის გავრცელება) ან იძულებითი ასიმილაციის (რელიგიის იძულებით თავს მოხვევა) მიზნით. ეს ნორმა არ ზღუდავს საჯარო სკოლაში სახელმწიფო დღესასწაულებისა და ისტორიული თარიღების აღნიშვნას, აგრეთვე ისეთი ღონისძიების ჩატარებას, რომელიც მიმართულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების დამკვიდრებისაკენ. (მუხლი 13).

 

რომელიმე კონკრეტულ რელიგიაში რელიგიური განათლების მიღების მიზნით, მოსწავლეებს უფლება აქვთ, სწავლისგან თავისუფალ დროს, შეიკრიბონ, ჩაატარონ რელიგიური რიტუალი ან ნებაყოფლობით შეისწავლონ რელიგია. (მუხლი 18) სკოლის შენობაში ამ ყველაფრის ორგანიზების უფლება არსებობს, იმ დათქმით, რომ ეს უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ არასასწავლო დროს.

 

კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 მუხლი ეხება ქონების საკითხებს. ეს მუხლი იცავს  მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების უფლებას და განსაზღვრავს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების ძირითად პრინციპებს. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად,  სახელმწიფო, ეკლესიასთან შეთანხმებით, იძლევა ნებართვას ან ლიცენზიას ეკლესიის ოფიციალური ტერმინოლოგიისა და სიმბოლიკის გამოყენებაზე, აგრეთვე, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადებაზე, შემოტანასა და მიწოდებაზე.  (აღნიშნულ საკითხზე  არსებობს 2002 წლის 22 ნოემბრის საკონსტიტუციო სასამართლოს  განჩინება (№2/18/206), რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმა ეხება მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის ტერმინოლოგიას, სიმბოლიკას და ა.შ. შესაბამისად სხვა კონფესიის წარმომადგენლებს შეუზღუდავად შეუძლიათ საკუთარი სიმბოლიკის, ტერმინოლოგიის გამოყენება, საღვთისმსახურო პროდუქციის დამზადება და ა.შ.)

 

კონსტიტუციური შეთანხმების მე–11 მუხლით, სახელმწიფო აღიარებს ეკლესიის უფლებას მიიღოს კომპენსაცია XIX-XX საუკუნეებში (გასაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების (ქონების ჩამორთმევა) ფაქტის გამო. ქონების დაბრუნების საკითხი დავის საფუძვლად იქცა სხვადასხვა ეკლესიებსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ამ საკითხების გარკვევა სპეციალური, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის ქონებრივი საკითხების განმხილველი სამთავრობო  კომისიის კომპეტენციაა, რომელიც საქართველოს პრემიერ–მინისტრის განკარგულებით (N254, 27.07.2010წ.) არის შექმნილი. კომისია ჯერჯერობით არ მოქმედებს და მხოლოდ მისი შემადგენლობაა განსაზღვრული.

 

ყურადღებას მივაქცევთ ასევე კონსტიტუციური შეთანხმების დანართს და იქ მოცემულ ტერმინთა განმარტებებს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტერმინის ახსნა საკმაოდ ფართოა და იურისტებში ბუნდოვან წარმოდგენას ქმნის, მათი გამოყენებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ საკონსტიტუციო სასამართლოს 2002 წლის განჩინების სულისკვეთებით და მთლიანი დოკუმენტი გავიგოთ როგორც კონტრაქტი მხოლოდ ორ პირს, სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ამგვარი მიდგომით მესამე პირთა შემხებლობა კონსტიტუციური შეთანხმების მიმართ მინიმალურია.

 

სისხლის სამართლის კოდექსი


საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი რამდენიმე დანაშაულის მაკვალიფიცირებელ –დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულის რელიგიური მოტივით ჩადენას, მაგალითად:

 

განზრახ მკვლელობა, (მუხლი 109) ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, (მუხლი 117) ძალადობა (მუხლი 126) და საფლავში ჩატანებული ან საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება (მუხლი 258), თუ ეს დანაშაულები ჩადენილია რელიგიური შეუწყნარებლობის გამო; ასევე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილად ითვლება წამება (მუხლი 1441) და დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა (მუხლი 1443) ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით, მათი რელიგიისადმი დამოკიდებულების ან/და აღმსარებლობის გამო.

 

კოდექსი სისხლისსამართლებრივი წესით დასჯადად აცხადებს  ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევისაკენ. მათ შორისაა დევნა რელიგიურ ნიადაგზე, აგრეთვე, რელიგიური რიტუალების ჩატარების ხელშეშლა.

 

აღსანიშნავია შემდეგი დანაშაულების შემადგენლობები:

 

ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევაადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რელიგიისადმი დამოკიდებულების ან/და აღმსარებლობის გამო, რამაც  არსებითად ხელყო ადამიანის უფლება. (მუხლი 142).

 

რელიგიური წესის აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ღვთისმსახურების ან სხვა რელიგიური წესისა თუ ჩვეულების აღსრულებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით ან  ძალადობის მუქარით, ანდა თუ მას ახლდა მორწმუნის ან ღვთისმსახურის რელიგიური გრძნობის  შეურაცხყოფა. (მუხლი 155)

 

დევნა – ადამიანის დევნა სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, ანდა მის  რელიგიურ  მოღვაწეობასთან დაკავშირებით. (მუხლი 156). აღნიშნული მუხლი დევნის განმარტებას არ გვაძლევს და მისი კვალიფიკაცია ბრალდების ინიციატორისა და სასამართლო პრაქტიკის შემდგომი დახვეწის საგნად რჩება.

 

პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლარელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის უკანონოდ ხელის შეშლა ძალადობით, ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. (მუხლი 166)

 

უკანონო  გაერთიანების შექმნა ან ხელმძღვანელობა ანდა მასში მონაწილეობა  ისეთი რელიგიური გაერთიანების შექმნა, რომლის საქმიანობას თან ერთვის ძალადობა ადამიანის მიმართ, ანდა ასეთი გაერთიანების ხელმძღვანელობა. (მუხლი 252)

 

გენოციდი ქმედება, ჩადენილი შეთანხმებული გეგმის განსახორციელებლად რომელიმე რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ მოსასპობად, რაც გამოიხატება ასეთი ჯგუფის წევრთა მკვლელობით, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, მათთვის ცხოვრების მძიმე პირობის განზრახ შექმნით, შობადობის ძალით შემცირებით ან ბავშვის იძულებით გადაცემით ერთი ეთნიკური ჯგუფიდან მეორეში. (მუხლი 407).

 

სისხლის და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსები


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს ნორმებს აღსარების საიდუმლოების დაცვის, მოწმის მიერ რელიგიური ფიცის დადებისა და რელიგიურ ორგანიზაციაში ისეთი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების თავისებურებათა შესახებ, როგორიცაა ჩხრეკა, ამოღება და დაყადაღება.

 

ნებისმიერი აღმსარებლობის სასულიერო პირს უფლება აქვს უარი თქვას და არ გამოვიდეს მოწმედ ისეთ გარემოებასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა აღსარების ან სხვაგვარად განდობის შედეგად.  სასულიერო პირს, ასეთ შემთხვევაში არ შეიძლება სავალდებულოდ მოეთხოვოს  საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან სხვა ობიექტის გადაცემა. (მუხლი 50).

 

დაუშვებელია რელიგიური ორგანიზაციის სათავსში არსებული იმ საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა სამეცნიერო, საგანმანათლებლო ობიექტის ჩხრეკა, ამოღება ან/და დაყადაღება, რომლის მიმართაც არსებობს საჯაროდ გავრცელების გონივრული მოლოდინი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამოსაღები საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დანაშაულის საგანი ან იარაღია. აქ ძირითადად შეიძლება ვიგულისხმოთ რელიგიური ლიტერატურა, რელიგიური დანიშნულების ნივთები და სხვ.

 

ასეთ ვითარებაში სასამართლო გარკვეულწილად შეზღუდულია გადაწყვეტილების მიღებისას, კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება ჩხრეკის, ამოღების ან/და დაყადაღების შესახებ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს აშკარა და დამაჯერებელი დასაბუთება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება არ გამოიწვევს საქართველოს კონსტიტუციით დაცული სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლების ხელყოფას.

 

ასეთი ტიპის საგამოძიებო მოქმედება უნდა ჩატარდეს ამ თავისუფლებათა ყველაზე მინიმალურად შემზღუდველი ფორმით. (მუხლი 123).

 

სისხლის სამართლის პროცესის დროს მოწმეს აქვს უფლება დადოს საერო და რელიგიური  მნიშვნელობის მქონე ფიცი ან საერთოდ უარი თქვას ფიცის დადებაზე და ხელმოწერით დაადასტუროს მიცემული ჩვენების სისწორე. (მუხლი 48)

 

სამოქალაქო პროცესი ითვალისწინებს რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის ზოგად აკრძალვას და მოწმის მიერ ფიცის დადების ისეთივე წესს, როგორც ეს სისხლის სამართლის პროცესითაა გათვალისწინებული. (მუხლი 153).

 

კანონმდებლობა სასჯელაღსრულების სფეროში


 

,,პატიმრობის კოდექსისა“ და მის საფუძველზე დამტკიცებული შესაბამისი ტიპის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების დებულებების შესაბამისად, პატიმარი/მსჯავრდებული სარგებლობს მისი რელიგიური მრწამსის რეალიზაციის უფლებით  თავისუფლებაშეზღუდული მდგომარეობის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 

ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს რელიგიურ ღონისძიებებში, ისევე როგორც შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს რელიგიური ლიტერატურა. (პატიმრობის კოდექსი: მუხლი 14; მუხლი 20).

 

ბრალდებულის/მსჯავრდებულის დღის განრიგი მოიცავს ადგომის, დაძინების, ტუალეტის, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში ყოფნის, სწავლის, აღმზრდელობითი, სპორტულ-კულტურული და რელიგიური ღონისძიებების და ა.შ. დროს. აღნიშნულ ღონისძიებათა განხორციელებისას გათვალისწინებულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილი და მათთვის პირადი დროის გამოყოფა.

 

დაწესებულება მოვალეა შექმნას პირობები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ხოლო დაწესებულების ტექნიკური საშუალებების გათვალისწინებით, დაწესებულებაში შეიძლება იმყოფობოდეს რელიგიური ორგანიზაციის მიერ უფლებამოსილი რელიგიური მსახური.

 

,,ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 30 დეკემბრის N 187 ბრძანება ცალკე აწესრიგებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ რელიგიური რიტუალების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

 

ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია შეხვდეს  საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, აგრეთვე რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის ან/და ტრადიციული კონფესიების წარმომადგენელს, რომელიც დაწესებულებაში დაიშვება მხოლოდ შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის მიერ დაწესებულებასთან წინასწარი შეთანხმებით. ასეთი თანხმობა უნდა გაიცეს შესაბამისი რელიგიური ორგანიზაციის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ორგანიზაციის დასახელება, წარმომადგენლის ვინაობა, ვიზიტის მიზანი და სავარაუდო ხანგრძლივობა. (მუხლი 2; მუხლი 3).

 

ბრალდებული/მსჯავრდებული რელიგიურ რიტუალებს ასრულებს საკანში, ხოლო შესაძლებლობის არსებობისას, ამ მიზნით მოწყობილ შენობებში, იმ რელიგიური კონფესიების ტრადიციების შესაბამისად, რომლებსაც ისინი მიეკუთვნებიან. (მუხლი 4).

 

არ დაიშვება რელიგიური რიტუალის შესრულება, რომელიც არღვევს სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებებს. (მუხლი 5).

 

ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ნებადართულია თან იქონიონ და ისარგებლონ რელიგიური ლიტერატურით, ინდივიდუალური რელიგიური კულტის საგნებით, გარდა მჩხვლეტავი, ბასრი, ძვირფასი ლითონების და ქვის ნაკეთობებისა ან იმ საგნისა, რომელიც წარმოადგენს კულტურულ და ისტორიულ ფასეულობას. (მუხლი 6)

 

კანონმდებლობა სამედიცინო სფეროში


პიროვნების რელიგიური უფლებების რეალიზაციის და მათი პატივისცემის შემცველი ნორმები სამედიცინო კანონმდებლობაში გათვალისწინებულია სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში – მათ შორის: "ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ 2006 წლის 14 ივლისის, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ 1997 წლის 10 დეკემბრის, "პაციენტის უფლებების შესახებ“ 2000 წლის 5 მაისის, "საექიმო საქმიანობის შესახებ“ 2001 წლის 8 ივნისის  კანონებში.

 

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს გრდაცვლილი პირის პატივისცემის ვალდებულებასაც.

 

კანონმდებლობა ითვალისწინებს გარდაცვლილი პირის ორგანოს  ტრასპლანტაციის შესაძლებლობას პირის მიერ ამის შესახებ სიცოცხლეში გაცემული თანხმობის საფუძველზე, ხოლო გარდაცვალების შემდეგ მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი ქმედება არ შელახავს გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას.  ("ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 118).

 

პათოლოგიურ-ანატომიურ გაკვეთის ჩატარება სავალდებულოა, თუ არის ეჭვი განსაკუთრებით საშიში ინფექციით გამოწვეულ სიკვდილზე. ყველა სხვა შემთხვევაში პათოლოგიურ-ანატომიური გაკვეთა ხორციელდება რელიგიური ან სხვა მოტივების, აგრეთვე გარდაცვლილის მიერ სიცოცხლეში გაცხადებული ნების გათვალისწინებით, ან მისი ნათესავის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით. (,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 153).

 

"პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაუშვებელია პაციენტის დისკრიმინაცია მისი რწმენის ან აღმსარებლობის გამო. ამასთან, პაციენტს უფლება აქვს სამედიცინო მომსახურების გამწევისაგან მოითხოვოს მისი აღმსარებლობის  პატივისცემა. (მუხლი 6; მუხლი 15).

 

ქმედუნარიან და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარიან პაციენტს უფლება აქვს უარი თქვას  სამედიცინო მომსახურებაზე, მათ შორის რელიგიური მოტივითაც (მაგ: ოპერაციის ჩატარებაზე, სისხლის გადასხმაზე უარის თქმა), თუმცა აღნიშნული უფლება შეზღუდულია ქმედუუნარო და არასრულწლოვან პირებთან მიმართებაში, როდესაც სამედიცინო ხასიათის ღონისძიებების გატარება შესაძლებელია მათი მშობლების ან კანონიერი წარმომადგენლების ნების საწინააღმდეგოდაც, კერძოდ:

 

თუ ქმედუუნარო ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარს მოკლებული პაციენტი გადაუდებლად საჭიროებს სამედიცინო მომსახურებას, რომლის გაწევის გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, ხოლო მისი ნათესავი ან კანონიერი წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების წინააღმდეგია, სამედიცინო მომსახურების გამწევი იღებს გადაწყვეტილებას პაციენტის ჯანმრთელობის ინტერესების შესაბამისად. (,,პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 25).

 

ამასთან, ,,საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი აწესებს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის ქცევის სტანდარტს, კერძოდ, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებისას არის თავისუფალი და დამოუკიდებელი. აკრძალულია, პირმა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტისაგან მოითხოვოს კანონში მითითებული პრინციპებისა და საექიმო საქმიანობის ეთიკური ნორმების საწინააღმდეგო მოქმედება, მიუხედავად მომთხოვნი პირის აღმსარებლობისა. (მუხლი 6).

 

დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტმა პროფესიული მოვალეობის აღსრულებისას  პატივს უნდა სცემდეს პაციენტის აღმსარებლობას.

 

დაუშვებელია სასწავლო ან/და სამეცნიერო კვლევის მიზნით უპატრონო ან/და ამოუცნობი გვამის ან მისი ანატომიური სტრუქტურების გამოყენება, თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ მისი (მათი) ამგვარად გამოყენება შელახავს გარდაცვლილის რელიგიურ შეხედულებებს.  ("ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 1121).

 

სამედიცინო კანონმდებლობაში განსაკუთრებული ყურდაღება ეთმობა ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტების უფლებრივ გარანტიებს. ასე, მხოლოდ პიროვნების შეუთავსებლობა საზოგადოებაში არსებულ რელიგიურ,  შეხედულებებთან არ შეიძლება გახდეს პირისათვის ფსიქიკური აშლილობის დიაგნოზის დადგენის საფუძველი. გარდა ამისა, სტაციონარში მოთავსებულ პაციენტს უფლება აქვს  შეასრულოს რელიგიური რიტუალი, თუ იგი არ ლახავს სხვათა უფლებებს. (,,ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 9; მუხლი 15).

 

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური და კანონმდებლობა სამხედრო სფეროში


საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს სამხედრო ვალდებულების მოხდის ალტერნატიულ შესაძლებლობას არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსხურის გავლის სახით, როდესაც სამხედრო ვალდებულების ჩვეულებრივი წესით მოხდა, გასაწვევი პირის რელიგიურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. აღნიშნული ურთიერთობები მოწესრიგებულია  ,,არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 27 ოქტომბრის საქართველოს კანონით. პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს გადის, სარგებლობს სამხედრო მოსამსახურისათვის კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით და შეღავათებით, თუმცა ალტერნატიული სამსახურის ხანგრძლივობა უნდა აღემატებოდეს კანონმდებლობით დადგენილ გაწვევით სამხედრო სამსახურის ხანგრძლივობას.

 

მშვიდობიან პერიოდში არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში ხდება იმ მოქალაქის გაწვევა, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოიხადოს სამხედრო ვალდებულება, მაგრამ სინდისის, აღმსარებლობის ან რწმენის თავისუფლების მოტივით, უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. (მუხლი 4).

 

პირმა არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახური შეიძლება გაიაროს  სპეციალიზებულ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში, ჯგუფებში ან ინდივიდუალურად გამწვევი კომისიის მიერ შესაბამისი მითითების საფუძველზე. ალტერნატიული სამსახურის მოხდა შესაძლებელია: ა) საავარიო-სამაშველო, ეკოლოგიურ, ხანძარსაწინააღმდეგო ან სხვა სპეციალურ არასამხედრო-შრომით ფორმირებებში; ბ) სამოქალაქო დანიშნულების სამშენებლო, სარემონტო ორგანიზაციებსა და ობიექტებზე; გ) ორგანიზაციებსა და ობიექტებზე, რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციას აწარმოებენ; დ) კომუნალური მომსახურების დაწესებულებებში; ე) ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებებში. (მუხლი 5).

 

მოხუცების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, უპატრონოდ დარჩენილი და კანონმდებლობის შესაბამისად სოციალურად დაუცველი სხვა პირების მოვლა-პატრონობისათვის საქართველოს მოქალაქეების გამწესება ასევე ჩაითვლება არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურად.

 

ზემოაღნიშნულის გარდა, საქართველოს მოქალაქეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური შეუძლია გაიაროს სხვა სამსახურებსა თუ არასამხედრო-შრომით ფორმირებებშიც, რომელთა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. (მუხლი 5). აღნიშნული ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის N887 ბრძანებულებით.

 

არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ვადაა 18 თვე.

 

პირები, რომლებმაც გაიარეს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური თავისუფლდებიან  სამხედრო სარეზერვო სამსახურისგან. (სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ 2006 წლის 27 დეკემბრის საქართველოს კანონი, მუხლი 8).

 

"სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” 1998 წლის 24 ივნისის საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს აღიაროს ნებისმიერი რელიგია, აღასრულოს რელიგიური წეს-ჩვეულებები, თუ ეს ხელს არ უშლის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში და არ უქმნის პირობებს დამატებითი შეღავათებისათვის. ამასთან, სამხედრო ხელმძღვანელობა ვალდებულია ჩაუნერგოს მას რელიგიისადმი პატივისცემა. (მუხლი 7; მუხლი 18).

 

კანონმდებლობით აგრეთვე ნებადართულია კაპელანის მოღვაწეობა შეირაღებულ ძალებში. კერძოდ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბსა და სახმელეთო ჯარებში, შესაძლებელია შემოღებულ იქნეს კაპელანის სპეციალური თანამდებობები. ამ თანამდებობაზე დანიშნულ პირებთან სამსახურებრივი ურთიერთობები შესაძლებელია დარეგულირდეს შესაბამისი თანამდებობის სპეციფიკიდან გამომდინარე. აღნიშნული საკითხი, კანონმდებლის მიერ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის დისკრეციადაა დატოვებული და დეტალური რეგულირება არ არის განსაზღვრული. (საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N583 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესი“, მუხლი 6).

 

საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენი „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–2 მუხლის მე–2 პუნქტთან დაკავშირებით


2011 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაირღვა საქართველოს კონსტიტუციის მე–14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლი და მე–19 (რწმენის თავისუფლება) მუხლის პირველი და მე–3 პუნქტები, ვინაიდან „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი (მე–2 მუხლის მე–2 პუნქტი) გამორიცხავს რელიგიური, ეთიკური თუ სხვა შეხედულებებიდან გამომდინარე, ალტერნატიული (არასამხედრო) შრომითი სამსახურის მოთხოვნის შესაძლებლობას.  მას მიაჩნია, რომ სამხედრო სარეზერვო სამსახური, სავალდებულო სამხედრო სამსახურის მსგავსად, წარმოშობს ადამიანის რწმენით განპირობებულ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის ლეგიტიმურ საფუძვლებს.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული რწმენის თავისუფლება მოიცავს სავალდებულო სამხედროს სამსახურზე „კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის“ განცხადების უფლებას - საკუთარი რწმენის, რელიგიური თუ სხვა შეხედულებების შესაბამისად თქვას უარი სამხედრო სამსახურზე და კონსტიტუციით გათვალისწინებული სამხედრო ვალდებულება ალტერნატიურლი (არასამხედრო) შრომითი სამსახურით ფორმით მოიხადოს. სადავო ნორმა კი აიძულებს კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირს იმოქმედოს საკუთარი რწმენის, რელიგიური და ეთიკური შეხედულებების საწინააღმდეგოდ, რაც რწმენის თავისუფლებაში გაუმართლებლად მძიმე ჩარევას წარმოადგენს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ კონსტიტუციის მე-14 მუხლი  (დისკრიმინაციის აკრძალვა) კანონმდებლისგან ითხოვს,  რომ მან დაიცვას თანასწორობის ძირითადი პრინციპი: არ დაუშვას უთანასწორო მოპყორბა თანასწორ მდგომარეობაში მყოფი პირების მიმართ; ასევე არ მიიღოს ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც არ ითავლისწინებს სხვადახვა რწმენის, შეხედულებების, ეთნიკურ, სოციალურ, სქესობრივ ჯგუფებს შორის არსებულ განსხვავებებს და მათი მიმართ თანაბრ მოთხოვნებსა და ვალდბულებებს ადგენს.

 

სადავო ნორმა, რომელიც არ ითავლისწინებს გამონაკლისებს იმ პირების მიმართ, ვისაც რელიგიური თუ ეთიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, სამხედრო სამსახურის მიმართ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობა გააჩნიათ,  არღვევს კონსტიტუციის მე-14 მუხლით (დისკრიმინაციის აკრძალვა)  დადგენილ მოთხოვნებს.

 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სადავო ნორმა, კონსტიტუციის მე–14 მუხლის, ასევე, მე–19 მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი, რამდენადაც ის კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის მქონე პირებისთვის სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოხდის ვალდებულებას აწესებდა.

 

რელიგიური საქმიანობის და რელიგიური ორგანიზაციების დაბეგვრა


რელიგიური საქმიანობის და რელიგიური ორგანიზაციების დაბეგვრის საკითხებს საქართველოში საგადასახადო კოდექსი აწესრიგებს.

 

კოდექსის შესაბამისად რელიგიური და საქველმომქედო საქმიანობა არ განეკუთვნება ეკონომიკურ საქმიანობას და მათ მიმართ მოქმედებს განსხვავებული დაბეგვრის წესი. (მუხლი 9).

 

საქველმოქმედო საქმიანობად ითვლება  უშუალოდ ან მესამე პირის მეშვეობით, დახმარების ნებაყოფლობით და უანგაროდ გაწევა იმ პირებისათვის, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ, მათ შორის დახმარების გაწევა რელიგიური ორგანიზაციებისათვის. (მუხლი 10).

 

კოდექსის მიხედვით, დაბეგვრის მიზნებისთვის რელიგიურ საქმიანობად ითვლება დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციის (გაერთიანების) საქმიანობა, რომლის მიზანია აღმსარებლობისა და სარწმუნოების გავრცელება. რელიგიურ საქმიანობას უთანაბრდება იმ რელიგიური ორგანიზაციების (გაერთიანებების) საწარმოთა საქმიანობა, რომლებიც გამოსცემენ რელიგიურ (საღვთისმსახურო) ლიტერატურას ან აწარმოებენ რელიგიური დანიშნულების საგნებს; ამ ორგანიზაციების (გაერთიანებების) ან მათი საწარმოების საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიური (საღვთისმსახურო) ლიტერატურის ან რელიგიური დანიშნულების საგნების რეალიზაციასთან (გავრცელებასთან); აგრეთვე ასეთი საქმიანობით მიღებული ფულადი სახსრების გამოყენება რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად. (მუხლი 11).

 

საგადასახადო კოდექსის მიზნებისთვის, რელიგიურ ორგანიზაციად ითვლება ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია რელიგიური საქმიანობის განსახორციელებლად და ასეთად რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. (მუხლი 33).

საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება გათავისუფლებულია მოგების გადასახადისაგან. (მუხლი 99).

დღგ–საგან გათავისუფლებულია (ჩათვლის უფლების გარეშე) ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ ჯვრის, სანთლის, ხატის, წიგნის, კალენდრისა და სხვა საღვთისმსახურო საგნების მიწოდება, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ რელიგიური მიზნით. (მუხლი 168).

ასევე ჩათვლის უფლების გარეშე, დღგ–საგან გათავისუფლებულია საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობა, რესტავრაცია და მოხატვა (მუხლი 168).

ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია რელიგიური და სხვა ორგანიზაციების ქონება, რომელიც არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის, ასევე კულტურულ და არქიტექტურულ ძეგლებად მიჩნეული ნაგებობები. (მუხლი 206).

საგადასახადო კოდექსი არ ადგენს რაიმე ტიპის ინდივიდუალურ შეღავათებს სასულიერო პირებისათვის, შესაბამისად აღიშნული პირების მიერ  მიღებული შემოსავალი იბეგრება საერთო წესით, როგორც ფიზიკური პირების მიერ მიღებული შემოსავალი. იგულისხმება ხელფასები და სხვა ტიპის შემოსავლები.

რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება

საქართველოს კანონმდებლობით, რელიგიურ ორგანიზაციას აქვს უფლება მიიღოს შემოსავლები შემოწირულობების და გრანტების სახით.

კანონი არ ითვალისწინებს გრანტის გაცემის შესაძლებლობას რელიგიური  მიზნებისათვის, თუმცა რელიგიური ორგანიზაცია შეიძლება იყოს გრანტის მიმღები სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალური პროექტების განსახორციელებლად. გრანტის გამცემი შესაძლოა იყოს საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის მთავრობა ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

 

საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებული იურიდიული პირი გრანტის გამცემი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არაკომერციული იურიდიული პირია, მისი მიზანია ქონების დაგროვება საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-კვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო სხვა საქმიანობის ხელშეწყობისათვის. (,,გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3; მუხლი 4).

 

რელიგიური გაერთიანების (ორგანიზაციის) რეგისტრაცია


რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის შესახებ ნორმებს შეიცავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომლის შესაბამისადაც, ასეთ გაერთიანებას შეუძლია დარეგისტრირდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით, არაკომერციული იურიდიული პირის სახით ან საერთოდ ეწეოდეს საქმიანობას როგორც არარეგისტრირებული კავშირი.

 

მარეგისტრირებელი ორგანოა სააჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დარეგისტრირების საშუალება აქვთ მხოლოდ იმ რელიგიურ მიმდინარეობებს, რომელთაც ისტორიული კავშირი აქვთ საქართველოს სახელმწიფოსთან, ან მიმდინარეობებს, რომლებიც ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების კანონმდებლობით აღიარებულნი არიან რელიგიად. (მუხლი 15091).

 

საჯარო სამართლის ან არაკომერციულ იურიდიულ პირად რეგისტრაციისათვის დაინტერესებულმა პირმა მარეგისტრირებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს დამფუძნებელთა შეთანხმება (წესდება) და განცხადება რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

დამატებით სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის მიზნის, ლიკვიდაციის და რეორგანიზაციის წესის, მმართველი ორგანოების (ორგანოს) ფორმირების წესის შესახებ. რეგისტრაციისათვის ასევე აუცილებელია მონაცემები (დაბადების თარიღი, პირადოიბის მოწმბის ნომერი, რეგისტრაციის მისამართი) ორგანიზაციის დამფუძნებლებისა და ხელმძღვანელ (დირექტორი, გამგეობის თვამჯდომარე ან წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სხვა პირი ნებისმიერი სახელით) პირთა შესახებ. დოკუმენტები სანოტარო წესით უნდა იყოს დამოწმებული. (მუხლი 29) თუმცა შესაძლებელია სადამფუძნებლო დოკუმენტებზე ხელმოწერა საჯარო რეესტრში და ამ შემთხვევაში სანოტარო მომსახურება არ არის სავალდებულო.

 

რეგისტრაცია ხდება ერთი სამუშაო დღის ვადაში; რეგისტრაციის საფასურია  100 (ასი) ლარი. („საჯარო რეესტრის შესახებ“ 2008 წლის 18 დეკემბრის საქართველოს კანონი , მუხლი 31).

 

სასულიერო პირთა სოციალური დაცვა


სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონის შესაბამისად, პენსიის დანიშვნის ერთ–ერთი საფუძველი არის 65 წლის ასაკის მიღწევა, შესაბამისად ყველა მოქალაქეს შეუძლია ამ ასაკის მიღწევის შემდეგ მიიღოს პენსია.

 

იმ შემთხვევაში თუ სასულიერო პირი საქმიანობას ახორციელებს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე ჩვეულებრივ ვცელდება ყველა ის ნორმა, რაც ეხება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, ასევე მას ერგება პენსია შრომითი სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით. კერძოდ მისი ხელფასი (ანაზღაურება) ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით (20%), ხოლო საპენსიო ასაკის მიღწევისას, მისი პენსია განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით, შრომითი სტაჟისა და ნამსახურობის მიხედვით (ბრძანება # 321/ნ  "შრომითი და სადაზღვევო სტაჟის დადასტურების წესის დამტკიცების შესახებ" და დადგენილება #181 - "შრომითი სტაჟის მიხედვით საპენსიო ასაკის საფუძვლით დანიშნული სახელმწიფო პენსიის დანამატის განსაზღვრის შესახებ"). თუ სასულიერო პირი არაა დაქირავებული, ანუ მისი საქმიანობა არ ატარებს შრომითი ურთიერთობის ხასიათს, მათზე არ ვცელდება აღნიშნული ნორმები, რადგან კანონი არაფერს ამბობს ამ კატეგორიის ადამიანებზე.

 

განათლების სისტემა და რწმენის თავისუფლების გარანტიები


საქართველოში სახელმწიფო საკანონმდებლო დონეზე უზრუნველყოფს განათლების სისტემის გამიჯვნას რელიგიური გავლენისაგან.

 

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო სკოლის დამოუკიდებლობა ნებისმიერი რელიგიის და რელიგიური ორგანიზაციის გავლენისაგან. რაც შეეხება კერძო სკოლებს, ამ კუთხით სახელმწიფო მათ საქმიანობაში არ ერევა. (მუხლი 3).

 

აკრძალულია რაიმე ფორმით (მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე) დისკრიმინაცია. სკოლა ვალდებულია დაიცვას და ხელი შეუწყოს მოსწავლეებს, მშობლებს და მასწავლებლებს შორის შემწყნარებლობისა და ურთიერთპატივისცემის დამკვიდრებას. (მუხლი 13).

 

დაუშვებელია საჯარო სკოლის ტერიტორიაზე რელიგიური სიმბოლიკის განთავსება, გარდა აკადემიური მიზნებისა.

 

კანონმდებლობა ასევე ითვალისწინებს მექანიზმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების  რელიგიური ორგანიზაციების გავლენისაგან დაცვის მიზნით.  „უმაღლესი განათლების შესახებ“ 2004 წლის 20 დეკემბრის საქართველოს კანონი კრძალავს უმაღლეს სასწავლებელში რელიგიური ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების შექმნას. (მუხლი 3).

 

ისევე როგორც სკოლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც აკრძალულია რაიმე ფორმის დისკრიმინაცია, მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე.

 

რწმენის თავისუფლება და შრომის კანონმდებლობა


რწმენის თავისუფლებას შრომით ურთიერთობებში საქართველოს შრომის კოდექსი არეგულირებს, რომლის მიხედვითაც აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში, მათ შორის დისკრიმინაცია რელიგიურ ნიადაგზე. (მუხლი 2).

 

სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის გაფორმებული კონსტიტუციური შეთანხმების ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, შრომის კოდექსი უქმე დღეებად აცხადებს ძირითად მარლთმადიდებლურ დღესასწაულებს (აღდგომა, შობა, გიორგობა, მარიამობა და ა.შ.) (მუხლი 20).

 

ეროვნულ/რელიგიურ უმცირესობათა დღესაასწაულები სახელმწიფოს მიერ უქმე დღედ არ არის გამოცხადებული.

 

კულტურული მემკვიდრეობა


საქართველოს კანონმდებლობით, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას განსაკუთრებულად იზრუნოს ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობაზე და კულტურულ ფასეულობებზე.

 

„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ 2007 წლის 8 მაისის საქართველოს კანონის თანახმად, კულტურულ ფასეულობად შეიძლება მიჩნეული იქნეს ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი მოძრავი ან უძრავი ნივთი, რომელსაც გააჩნია მხატვრული, ესთეტიკური, რელიგიური, არქეოლოგიური და ა.შ. ღირებულება. (მუხლი 3).

 

კულტუტული მემკვიდრეობის დაცვის პროცესში, მართლმადიდებელ ეკლესიასთან შეთანხმების ფარგლებში, სახელმწიფოს აღებული აქვს ვალდებულება, ეკლესიის საკუთრებად მიჩნეული ძეგლების (ქონების) დაცვის ღონისძიებები განახორციელოს ეკლესიასთან კოორდინირებულად და/ან ეკლესიის თანხმობით. (მუხლი 34). ეროვნულ/რელიგიურ უმცირესობათა ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის საკითხი მემკვიდრეობის დაცვის საერთო წესითაა რეგულირებული.


ამასთანავე კანონმდებლობა ითვალისწინებს სხვა რელიგიური კონფესიების ორგანიზაციების უფლებას საკუთრებაში გააჩნდეთ კულტურული ფასეულობის სტატუსის მქონე ქონება.

 

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ისტორიული ან კულტურული ძეგლი (მათ შორის ეკლესია–მონასტერები) შესაძლებელია გადაცემულ იქნეს რელიგიური ორგანიზაციისათვის სათანადო საფუძვლების არსებობისას. გადაცემა შეიძლება გულისხმობდეს როგორც გასხვისებას, ასევე სარგებლობისა და მფლობელობის უფლებით გადაცემას. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი ძეგლის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით. (მუხლი 32).

 

ისტორიული ან კულტურული ძეგლის გადაცემა დასაშვებია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, მის მიერ წინასწარ განსაზღვრული მათი მოვლა-პატრონობის პირობით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესში იგულისხმება სახელმწიფო ქონების გადაცემის მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია კანონებში „სახელმწიფო ქონების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობაში გადაცემის შესახებ“.

 

რელიგიური ნიშნით პოლიტიკური მოღვაწეობის დაუშვებლობა


კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტში, ქალაქ თბილისის საკრებულოში და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკრებულოში, დაუშვებელია, ფრაქციად გაერთიანება რელიგიური ნიშნით და ფრაქციის სახით საქართველოს პარლამენტში ისეთი გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც მიზანად ისახავს რელიგიური ინტერესების დაცვას. (,,საპარლამენტო ფრაქციის შესახებ“ 1997 წლის 16 სექტემბრის და ,,საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ 1998 წლის 19 თებერვლის საქართველოს კანონები, 2004 წლის 16 თებერვლის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 2005 წლის 15 დეკემბრის საქართველოს ორგანული კანონი).

 

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ 1997 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პოლიტიკური პარტია, რომელიც აღვივებს რელიგიურ შუღლს.

(მუხლი 36). 

საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და სასაქონლო ნიშნების შესახებ კანონმდებლობა


"საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ 1999 წლის 21 ივნისის საქართველოს კანონის შესაბამისად, ადგილწარმოშობის დასახელებად ან  გეოგრაფიულ აღნიშვნად არ შეიძლება დარეგისტრირდეს სახელი ან სხვა რაიმე სიმბოლო, რომელიც შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება რელიგიას (მუხლი 5), ხოლო ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ“ 1999 წლის 5 თებერვლის საქართველოს კანონით, სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ისეთი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომელიც შეურაცხყოფს ან ეწინააღმდეგება  რელიგიას. (მუხლი 4).

 

კანონმდებლობა არ კრძალავს რელიგიური სიმბოლიკის გამოყენებას სასაქონლო ნიშნების სახით.

 

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია, თუ ის შეიცავს საქართველოს ისტორიული ძეგლების (მათ შორის რელიგიური დანიშნულების) დასახელებას ან გამოსახულებას შესაძლებელია მხოლოდ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით. (მუხლი 5).

 

მაუწყებლობისა და რეკლამის სფერო


მოქმედი კანონმდებლობა მაუწყებლობისა და რეკლამის სფეროში შეიცავს ნორმებს, რომლებიც მნიშვნელოვანია რელიგიასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.

 

"მაუწყებლობის შესახებ“ 2004 წლის 22 დეკმებრის საქართველოს კანონის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამების რელიგიური გავლენისაგან თავისუფლება, ასევე  პროგრამებში ასახოს საზოგადოებაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნება. (მუხლი 16).

 

იკრძალება  ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რელიგიური  შუღლის გაღვივების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის, ასევე, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის  რელიგიის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას. (მუხლი 56).

 

"მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი (მუხლი 52) ადგენს შესწორებისა და უარყოფის პრინციპებს და მიუთითებს, რომ შესწორებისა და უარყოფის მოთხოვნის უფლება არ არსებობს, თუ იგი შეიცავს საქართველოს კონსტიტუციის 26–ე მუხლის მესამე პუნქტით აკრძალულ მოწოდებას (ომის ან ძალადობის პროპაგანდა, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალურ შუღლის გაღვივება).

 

აკრძალულია რეკლამით ან ტელეშოპინგით რელიგიური ცერემონიის შეწყვეტა.  რელიგიური პროგრამა, რომლის ხანგრძლივობა 30 წუთზე მეტია, რეკლამით ან ტელეშოპინგით შეიძლება შეწყდეს არა უმეტეს 30 წუთში ერთხელ. (მუხლი 64).

 

"რეკლამის შესახებ“ 1998 წლის 18 თებერვლის საქართველოს კანონი არაეთიკურ რეკლამად მიიჩნევს ისეთ რეკლამას, რომელიც რელიგიის მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებისა და შედარებების გამოყენებით არღვევს საყოველთაოდ აღიარებულ ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს, აგრეთვე ბღალავს რელიგიურ სიმბოლოებს. (მუხლი 3).

 

გასათვალისწინებელია, რომ  „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ 2004 წლის 24 ივნისის კანონი არ იცავს არც აზრის და არც გამოხატვის თავისუფლებას, თუ ის მიმართულია ან ემსახურება რელიგიური შუღლის გაღვივებას, შეიცავს რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ელემენტებს და ა.შ.

 

მაუწყებლის ქცევის კოდექსი


მაუწყებლის ქცევის კოდექსი, რომელიც მიღებულია 2009 წლის 9 მარტს, განსაზღვრავს სამაუწყებლო პრინციპებს, ადგენს ყოველგვარი დისკრიმინაციის აკრძალვას (მათ შორის რელიგიურ ნიადაგზე) და ითხოვს მაუწყებლისაგან სხვადასხვა სოციალური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებას განურჩევლად მათი პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური და ა.შ. კუთვნილებისა. (მუხლი 3).

 

კოდექსი მიუთითებს, რომ დაუშვებელია პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი პოზიციის გამოხატვა. (მუხლი 16).

 

მაუწყებელი ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი მასალების გამოქვეყნებისაგან, რაც აღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას, მათ შორის რელიგიურ, პოლიტიკურ, ეთნიკურ და ა.შ. ნიადაგზე. ამასთანავე მაუწყებელი ვალდებულია სამაუწყებლო ბადეში განათავსოს ზუსტი და სარწმუნო, დაბალანსებული, პროპორციული და თანაზომადი ინფორმაცია საქართველოში მცხოვრებ ყველა კულტურულ, რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფზე და სოციალურ ფენაზე სამართლიანობის და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.

 

მაუწყებელს აქვს ვალდებულება პატივი სცეს აზრის, სინდისის, რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლებას და არ დაუშვას ზემოთ ჩამოთვლილ ნიადაგზე შეურაცხყოფა. (მუხლი 31)

 

ქცევის კოდექსი ცალკე მოთხოვნებს უწესებს მაუწყებელს მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის პრინციპების დაცვის მიზნით, კერძოდ:

 

მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს ეთნიკურ ან რელიგიურ კუთვნილებასა და უარყოფით მოვლენებს შორის დაუსაბუთებელი პარალელების გავლებას;

 

მაუწყებელმა თავი უნდა აარიდოს უმცირესობების და სოციალური პრობლემების შესახებ არასწორი და შეცდომაში შემყვანი განცხადებების გაკეთებას, ხელი არ უნდა შეუწყოს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას, აუცილებლობის გარეშე არ უნდა აღნიშნოს პირის ეთნიკური წარმოშობა და რელიგიური მრწამსი. (მუხლი 33).

 

პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება


"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“ 1997 წლის 10 დეკემბრის საქართველოს კანონით, პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად მიიჩნევა პირი, რომელიც მსჯავრდებული იყო  სახელმწიფოსაგან ეკლესიის და ეკლესიისაგან სკოლის გამოყოფის კანონის დარღვევისათვის, აგრეთვე რელიგიური წესის აღსრულების მოტივით ადამიანის უფლებების და თავისუფლებების ხელყოფისათვის. (მუხლი 4).

 

პირს, რომელმაც რეპრესია განიცადა თავისუფლების აღკვეთის, გადასახლების, გასახლების, სპეციალური დასახლების ადგილას გამწესების, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებით მოთავსების სახით ან გარდაიცვალა პოლიტიკური რეპრესიის შედეგად და აღიარებულია პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად, შეიძლება მიეცეს ფულადი კომპენსაცია. ამ პირის გარდაცვალების შემთხვევაში ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მის პირველი რიგის მემკვიდრეს. (მუხლი 9).

 

სამოქალაქო აქტებთან გათანაბრებული რელიგიური წეს–ჩვეულებანი


საქართველოს კანონმდებლობით, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება, ხოლო ასეთ მარეგისტრირებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახური.

 

საქართველოში მცხოვრები ნებისმიერ პირს თავისუფლად შეუძლია ოჯახის შექმნის მიზნით მისთვის სასურველი რელიგიური ცერემონიალის ჩატარება, ასეთ შემთხვევაში რელიგიური წეს–ჩვეულების მიხედვით შექმნილი ოჯახი სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.

 

კანონმდებლობა ახდენს დღეს მოქმედი კანონმდებლობის დაუცველად წინათ ჩატარებული ქმედებების ლეგალიზაციას, კერძოდ "სამოქალაქო აქტების შესახებ“ 1998 წლის 14 თებერვლის საქართველოს კანონის თანახმად, ნამდვილ სამოქალაქო აქტებთან გათანაბრებულია შესაბამისი რელიგიური წეს-ჩვეულებანი, რომლებიც ჩატარებულია სამოქალაქო აქტების რეგისტრაციაზე უფლებამოსილი ორგანოების შექმნამდე ან აღდგენამდე, მათი აღსრულების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. (მუხლი 4).

 

რელიგიურ კუთვნილებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების შეგროვების დაუშვებლობა


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კრძალავს საჯარო დაწესებულების მიერ ისეთი სახის პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას, შენახვას ან გაცემას, რომლებიც დაკავშირებულია პირის რელიგიურ კუთვნილებასთან. (მუხლი 43).

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group