GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებთან დაკავშირებული ძირითადი ცნებები - თავისუფლება

ფრიდონ საყვარელიძე

თუ ჩავუკვირდებით გასაოცარ ქართულ ტერმინს _ ,,თავისუფლება”, მისი თავდაპირველი მნიშვნელობა გვიჩვენებს, რომ თავისუფალი ის იყო, ვისაც საკუთარი თავის უფლად, ბატონად მიაჩნდა თავი, ანუ ვისაც ბატონი და უფალი არ ჰყავდა და არავის ემორჩილებოდა. იაკობ ხუცესის სიტყვით, მომაკვდავი შუშანიკის სანახავად 472 წელს სხვებთან ერთად მოსულან ,,აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი”. ცხადია, რომ ამ შემთხვევაში აზნაური მხოლოდ წოდების აღმნიშვნელი ტერმინი კი არ არის, არამედ გვარის წარმომადგენელს, გვარის შვილს ნიშნავს და მას ამის გამო "თავისუფალის” მნიშვნელობაც ჰქონდა. თავისუფალი მხოლოდ ის იყო, ვინც რომელიმე გვარს ეკუთვნოდა. უაზნო ანუ უგვარო კი მდაბიო იყო - ან სხვა ქვეყნიდან შემოხიზნული, ან ტყვედ წამოყვანილი - და თავისუფალი არ ყოფილა. გავიხსენოთ პავლე მოციქულის სიტყვები: "აზნაურებითა მით, რომლითა ქრისტემან ჩუენ განგუააზნაურნა, მტკიცედ დეგით და ნუ კუალად უღელსა მას მონებისასა თავს-იდებთ” (გალატელთა მიმართ 5:1, წმ. გიორგი მთაწმინდლის რედაქციით), რაც თანამედროვე ქართულ ენაზე ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანში ასე ჟღერს: ,,თავისუფლებისთვის გაგვათავისუფლა ქრისტემ: მაშ, მტკიცედ იდექით და ნუღარ დაიდგამთ მონობის უღელს”. ამასთან ერთად ქართული ტერმინის - თავისუფლების - ფუძე არის უფალი, ანუ თავისუფლება უფლისგან მომდინარეობს, მისი ბოძებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ არის დაკავშირებული სამართალთან, კანონმდებლობასთან.

მაინც რა არის თავისუფლება? როდის შეიძლება ვთქვათ, რომ ადამიანი თავისუფალია? როგორ ესმის თავისუფლება სხვადასხვა რელიგიას? ქრისტიანობას? პოლიტიკურ იდეოლოგიებს? რა ურთიერთკავშირია თავისუფლებასა და მორალს შორის? ამ ურთულეს კითხვებზე ბევრ გენიოსს უფიქრია და უამრავი ტომი დაწერილა. გავიხსენოთ პავლე მოციქული, მერაბ მამარდაშვილი, ერიხ ფრომი, შოპენჰაუერი, ჯონ სტიუარტ მილი, გავიხსენოთ ვაჟა-ფშაველა, ნიშცე, ბერდიაევი, ლოკი, სარტრი, მიზესი და სხვა მრავალი, და მივხვდებით, რომ ეს ძალიან ფართო და რთული, ხშირად ბუნდოვანი და ზოგჯერ მოუხელთებელი ფილოსოფიური, რელიგიური, ეთიკური, პოლიტიკური ცნებაა, რომლის ყველა ასპექტის მიმოხილვა ან ჩამოთვლილთაგან რომელიმე ასპექტში დაწვრილებით ჩაღრმავება არც მიზნად დაგვისახავს და ჩვენს ძალებსაც აღემატება. ჩვენი მიზანია თავისუფლების ცნების ადამიანის უფლებების კუთხით განხილვა, თუმცა მანამდე ზოგიერთი მნიშვნელოვანი ზოგადი ხასიათის განმარტებაა საჭირო.

აბსოლუტური გაგებით თავისუფლება მოვლენათა ისეთი მდინარებაა, როდესაც ამ მოვლენებში მოქმედი თითოეული პირის ნება არ განიცდის ძალადობას სხვათა ნების მხრივ.
თავისუფლება ზოგადად არჩევანის საშუალება, მოვლენის შედეგის ვარიანტთა არსებობაა. არჩევანის, მოვლენის შედეგის ვარიანტთა არარსებობა თავისუფლების არქონის ტოლფასია.
ამასთან ერთად, ბორკილდადებული ადამიანი უკიდურესად შეზღუდულია თავის უფლებებსა და ქმედებებში, მაგრამ მისი ამაყი სული ხშირად უტეხია. ამის შესახებ წერდა მერაბ კოსტავა ქართული მინიატურული პროზის შესანიშნავ ნიმუშში _ ,,თავისუფლება”. ვ. შალამოვიც აღნიშნავდა, რომ არსად უგრძვნია ისე მძლავრად შინაგანი თავისუფლება, როგორც ციხეში. ამავე დროს ისეც ხდება, რომ ადამიანს არავინ ბოჭავს, ის არ არის შემოზღუდული კონკრეტული სივრცით და შეუძლია საკუთარი ნებით იმოქმედოს, მაგრამ თავს მაინც დამონებულად გრძნობს და შესაბამისადაც იქცევა.

როგორც უკვე ვთქვით, თავისუფლება მრავალგანზომილებიანი ცნებაა და ზოგჯერ სრულიად მოულოდნელი შინაარსის შემცველიც. მისი აზრობრივი დრეკადობა, გნებავთ დინამიკურობა და არაკონკრეტულობა იმით გამოიხატება, რომ ის სხვადასხვა სახის ოპოზიციაში იჩენს თავს. ფილოსოფიაში თავისუფლება, როგორც წესი, აუცილებლობას უპირისპირდება, ეთიკაში – პასუხისმგებლობას, პოლიტიკაში – წესრიგს. თავად შინაარსობრივი ინტერპრეტაციაც განსხვავებული ელფერისაა; ის შეიძლება ასოცირდებოდეს როგორც სრულ თვითნებობასთან, ასევე შეგნებულ გადაწყვეტილებასთან, ადამიანური ქმედებების დახვეწილ მოტივირებასთან, გააზრებულ აუცილებლობასთან.

თავისუფლებისა და მორალის ურთიერთკავშირის შესახებაც ურთიერთგანსხვავებული მოსაზრებები არსებობს. თავისუფალია თუ არა ის, ვინც აცხრობს საკუთარ სურვილებსა და ვნებებს? როგორ შევათავსოთ პიროვნების სუვერენიტეტის იდეა ინდივიდის თვითნებობასა, ან, თუ გნებავთ, თავნებობის ხიფათთან? მართებულია თუ არა ადამიანის ნების თავისუფლება თვითშეგნებიდან გამოვიყვანოთ? (ეს უკანასკნელი კითხვა შოპენჰაუერს ეკუთვნის).

მაგრამ მაინც, ჩვენი ღრმა რწმენით, თავისუფლება, როგორც ბევრს დღემდე ჰგონია, არის არა საკუთარი სურვილების განურჩეველი დაკმაყოფილებისკენ მიმართული ქმედება, არა იმის კეთება, რაც მომეხასიათება და რაც მინდა (ეს იგივე მონობაა, ოღონდაც საკუთარი ვნებებისა და ახირებების მონობა), არამედ ქმედება, რომლისკენაც ზნეობა, ადამიანის სულიერი თვალი, მიგვითითებს და გვიბიძგებს (აქედან გამომდინარე, უზნეო ადამიანი ვერ იქნება თავისუფალი). თავისუფალი მაშინ ხარ, როცა შეგიძლია, უნარი გაქვს აკეთო ის, რაც ზნეობრივია; მორწმუნისათვის ეს ნიშნავს ღვთისთვის სათნო ქმედების უნარს, უნარს აკეთოს ის, რაც ღმერთს უნდა.
ადამიანის თავისუფლების ხარისხი მით უფრო მაღალია, რაც ნაკლებად ექვემდებარება ის ბიოლოგიურ ინსტინქტებს, რაც უფრო მეტად ახდენს გავლენას მის ქმედებებზე მისივე სულიერი თვალი, რაც მეტად მოქმედებს ის სულის კარნახით.

თავისუფლების ქრისტიანული გაგება

"და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან
განგათავისუფლნეს თქუენ” (იოვანე 8, 32).

ამ სიტყვებში ჩადებული შინაარსის შესახებ საუბრობს გამოჩენილი ღვთისმეტყველი, პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანიყური ვუგდოთ მის ქადაგებას:
,,საიდუმლოება, რომელზედაც ქრისტე საუბრობს, არ არის არც თეორია, არც დოქტრინა, არც ფილოსოფია და არც იდეოლოგია; რადგან ჭეშმარიტების შესახებ იგი ამბობს: `მე ვარ გზაი და მე ვარ ჭეშმარიტებაი და ცხორებაი” (იოვანე, 14:6). ჭეშმარიტება აქ გვევლინება არა სიტყვებისა და თეორიების სახით, არამედ ქრისტეს პიროვნებასთან ცოცხალ ერთობასა და ადამიანის _ კაცის ძის _ ერთადერთ და განუმეორებელ სახეში.…
აქ თავისუფლება არ არის განმარტებული, არ არის განსაზღვრული, არამედ მოვლენილია (გამოცხადებულია). ადამიანი, რომელიც ამბობს ამ სიტყვებს, თავადაა თავისუფალი. და Mმთელი სახარება თავისი არსით სხვა არაფერია, თუ არა სამყაროსათვის ბოლომდე თავისუფალი კაცისა და, ამდენად, თავისუფლების მოვლინება.

რაში მდგომარეობს ქრისტეს თავისუფლება? ნუთუ იმაში, რომ თავისუფლების ჩვენეული კნინი გაგების შესაბამისად მუდმივად ვცვალოთ ჩვენი შეხედულებები, ვიცხოვროთ საკუთარი თვითნებობებით, ვაქციოთ საკუთარი თავი სამყაროს ცენტრად, ვემსახუროთ საკუთარ თავს? არა, რა თქმა უნდა, არა, რადგან მთელი მისი ცხოვრება არის ერთი განუწყვეტელი მსახურება ადამიანებისა, ერთი სრული თავგანწირვა, ერთი სრულყოფილი სიყვარული. იქნებ იმაში მდგომარეობს ქრისტეს თავისუფ;ლება, რომ ეძიო საკუთარი ბედნიერება და კეთილდღეობა? ან იმაში, რომ არ იტანჯო? არა, რადგან ქრისტე ნებაყოფლობით მიეცა შეურაცხყოფასაც, ტანჯვასაც, სიკვდილსაც. მაშ, რაში მდგომარეობს ქრისტეს თავისუფლება? რა თქმა უნდა, უწინარეს ყოვლისა მისი პიროვნების სრულყოფილ მთლიანობაში (სისრულეში), ბოროტებისაგან, ბოღმისაგან, შიშისაგან მის სრულ დამოუკიდებლობაში, ნათლითა და სიყვარულით მის სრულყოფილ სისავსეში. აქ თავისუფლება არის არა რაიმე ცარიელი ფორმა, რომელშიც ყოველთვის შეიძლება ახირებების შესაბამისად ჩაასხა ნებისმიერი შინაარსი. ქრისტეს თავისუფლება ესაა სწორედ თავისუფლება ადამიანისა, რომელიც ბოლომდე და სრულყოფილად ფლობს საკუთარ სიცოცხლეს, ბოლომდე და სრულყოფილად აძლევს ამ სიცოცხლეს იმ ერთადერთს, კერძოდ, სიყვარულს, რომელსაც ბოლომდე შეუძლია იგი აქციოს სიცოცხლედ. აი, რატომ არ ეწინააღმდეგება ქრისტეში თავისუფლება მორჩილებას, რწმენას, მსხვერპლს, ყოველივე იმას, რასაც ჩვენ ჩვეულებისამებრ ვუპირისპირებთ თავისუფლებას, რომლისგანაც თავისუფლების სახელით გავრბივართ. და ბოლოს, სწორედ ეს არის ქრისტიანული კეთილუწყება თავისუფლებისა _ მხოლოდ სიყვარული ათავისუფლებს, და იგი ათავისუფლებს იმიტომ, რომ მოსიყვარულე შეყვარებულისათვის გაიღებს ყველაფერს არა იძულებით, არამედ თავისუფლად, რადგან უყვარს. და მისი თავისუფალი მორჩილება, და მისი თავისუფალი მსხვერპლი და თვით იგი ხდება თავისუფლების უმაღლესი აქტი. `და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ”. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ეს ნიშნავს: შეიცანით ქრისტე და იხილავთ, რა არის თავისუფლება და გაიგებთ, რა არის თავისუფლება”.
პატიებას ვთხოვ მკითხველს გრძელი ციტატის მოყვანისთვის, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ, რომ ძნელია ამ სიტყვებით გადმოცემული აზრი უკეთესად და უფრო ნათლად გამოითქვას.

კიდევ ერთხელ მოვუხმობთ პავლე მოციქულის ეპისტოლეს: ,,ხოლო თქვენ, ძმანო, თავისუფლებისთვისა ხართ ხმობილნი, მაგრამ ხორციელ განცხრომას ნუ მოახმართ თავისუფლებას, არამედ სიყვარულით ემსახურეთ ერთმანეთს” (გალატელთა მიმართ 5:13). თავისუფლებისთვის ხართო ხმობილნი (მოწოდებულნი) - ძნელია აღელვების გარეშე ამ სიტყვების - ადამიანებისადმი უკიდეგანო რწმენისა და მათდამი მიძღვნილი ჭეშმარიტი ოდის - წაკითხვა.
მაგრამ დროა ჩვენი სტატიის ძირითად თემას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების ურთიერთმიმართების საკითხს მივუბრუნდეთ.

ადამიანის უფლებათა კონცეფციები: თავისუფლება სახელმწიფოსაგან თუ თავისუფლება სახელმწიფოს მეშვეობით?

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა თანამედროვე კონცეფცია XVIII საუკუნის ბოლოს წარმოიშვა ამერიკასა და ევროპაში. თუმცა თავისუფლება ამ კონტინენტებზე სხვადასხვაგვარად ესმოდათ, რაც მათი სხვადასხვა ისტორიით და ხალხის იმდროინდელი მდგომარეობით იყო განპირობებული. ამერიკაში კოლონისტები დასავლეთისაკენ მიიწევდნენ, იკავებდნენ იქ უხვად არსებულ არაკოლონიზებულ მოსავლიან მიწებს და საკუთარ ცხოვრებას იწყობდნენ. ხოლო სახელმწიფო, რომელსაც ისინი ქმნიდნენ, მხოლოდ შინაური და გარეშე მტრებისაგან თავდასაცავად იყო საჭირო. შინაური მტრებისაგან თავდასაცავად წარმოიშვა შერიფის ინსტიტუტისა და მართლმსაჯულების სისტემის შექმნის აუცილებლობა, ხოლო გარეშე მტრების მოსაგერიებლად _ არმიისა. და აქ საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ცხოვრებაში სხვა სახის ჩარევა აუცილებელი არ იყო – ასეთი ჩარევა არასასურველიც კი იქნებოდა, რადგან პირადი წარმატების მოპოვების შესაძლებლობას შეზღუდავდა. სწორედ ამასთან არის დაკავშირებული სახელმწიფოსაგან თავისუფლების კონცეფციის წარმოშობა – სახელმწიფოსაგან, რომელიც ღამის დარაჯის ფუნქციებს ასრულებს და ადამიანების დასაცავად შეიქმნა. დამოუკიდებლობის დეკლარაციაში კი გაჩნდა ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლების დებულება, რომელიც ნეგატიურ უფლებად ითვლებოდა: ამერიკელებს მიეცათ ბედნიერებისაკენ სწრაფვის უფლება, ხოლო სახელმწიფოს ხელის შეშლა არ შეუძლია.


ევროპა სხვა კონცეფციას მისდევდა. იმდროინდელ ევროპაში არ იყო იმდენი თავისუფალი მიწა, რომ ყოველ ადამიანს შეძლებოდა დამოუკიდებლად მოეწყო საკუთარი ცხოვრება. ადამიანთა უმრავლესობა სხვის კუთვნილ მიწაზე მუშაობდა, მსხვილ მიწათმფლობელებს ემორჩილებოდა და მათი თვითნებობის წინააღმდეგ სამართლის საძებნელად მიმართავდა სახელმწიფოს, როგორც პოტენციურ დამცველს. ამ ადამიანებს მიაჩნდათ, რომ მათი შემავიწროვებლების მომთვინიერებელი სახელმწიფო თავისუფლებასაც უბოძებდათ. ასე წარმოიშვა სახელმწიფოს მეშვეობით თავისუფლების კონცეფცია. თავისუფლების ასეთ გაგებასთან იყო დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ თითოეული მოქალაქის გაბედნიერების იმედი. ეს კონცეფცია ფორმულირებულია კიდეც ადამიანისა და მოქალაქის უფლებათა და თავისუფლებათა ფრანგულ დეკლარაციაში, რომელშიც ნათქვამია, რომ ყოველ ადამიანს აქვს ბედნიერების უფლება, ხოლო სახელმწიფოს მოვალეობაა ამ უფლების ხორცშესხმა. თავისუფლების კონცეფციის ევროპული გაგება ამ კონტინენტის მთელ ისტორიაზე აისახა. სწორედ აქ სჯეროდათ ხელისუფლების სათავეში მყოფთ, რომ იცოდნენ, როგორ გაებედნიერებინათ ადამიანები, ზოგჯერ კი ამის ცხოვრებაში გატარებასაც ცდილობდნენ.


თითქოსდა მხოლოდ ერთი სიტყვა განასხვავებს ამ ორ - ამერიკულსა და ევროპულ – კონცეფციას, ერთადერთი სიტყვა. შევადაროთ - ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება და ბედნიერების უფლება. არადა, რა ტევადი და ღრმა შინაარსის შემცველია სწორედ ეს სწრაფვის უფლება.

ვალდებულია თუ არა სახელმწიფო შექმნას ჩვენთვის ბედნიერი ცხოვრების პირობები, თუ ყოველმა ადამიანმა საკუთარი კეთილდღეობა საკუთარი ხელებით, საკუთარი შრომით უნდა მოიპოვოს, სახელმწიფო კი მხოლოდ უნდა იცავდეს კეთილდღეობის მოსაპოვებლად მიმავალთ და ზრუნავდეს თამაშის წესების დაცვაზე? სწორედ აქ არის ძირითადი განსხვავება თავისუფლების ორ კონცეფციას შორის და ამ განსხვავების გამო ვლაპარაკობთ ადამიანის უფლებათა სხვადასხვა სახეზე. ამერიკული კონცეფცია პოლიტიკურ უფლებებსა და თავისუფლებებს ეყრდნობა, ხოლო ევროპული კონცეფცია – ე.წ. ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებს.

თავისუფლება მაშინაა უმაღლესი ღირებულება, როდესაც საქმე ადამიანებს შორის ურთიერთობებს ეხება, თორემ უკაცრიელ კუნძულზე მყოფი რობინზონ კრუზოსათვის ეს ცნება ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. დიახ, მას ჰქონდა საკუთარი თავისუფლების გამოყენების შესაძლებლობა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მაგრამ არ იცოდა რაში გამოეყენებინა ეს თავისუფლება. თუმცა მდგომარეობა შეიცვალა პარასკევას გამოჩენის შემდეგ. ადამიანი ცხოვრობს ადამიანთა საზოგადოებაში; ყოველი ადამიანის უფლებების განხორციელების საზღვარი სხვა ადამიანთა უფლებები და თავისუფლებებია. მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ,,თავისუფლებაა, როცა ერთის თავისუფლება ებჯინება მეორისას და მხოლოდ ეს უკანასკნელია მისი არსებობის პირობა”. შესანიშნავად წერს ამის შესახებ ზურაბ კიკნაძე და მეც სიამოვნებით მომყავს მისი სიტყვები:
,,ადამიანის, როგორც ღვთის ქმნილებისა და ღვთის ხატის თავისუფლება, ღვთის უსასრულო, დაუსაზღვრავი, აბსოლუტური თავისუფლების ამქვეყნიური ანაბეჭდია. ადამიანს ევალება, არა მხოლოდ უფლება აქვს, იყოს თავისუფალი. ეს, შეიძლება ითქვას, კატეგორიული იმპერატივია. მაგრამ ადამიანის თავისუფლება უკან იხევს მეორე ადამიანის თავისუფლების წინაშე. ამ უკანდახევით არათუ კნინდება თავისუფლება, არათუ იბღალება ადამიანის უფლება, არამედ ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ადის და ღრმავდება მისი საზრისი. უმაღლესი თავისუფლება მდგომარეობს სწორედ თავისუფლების ნებაყოფლობით მოზღუდვაში, ან მასზე უარის თქმაში და ეს უნარი აქვს ადამიანს. ეს შეიძლება ითქვას, ნამდვილად ღვთაებრივი უნარია.


ამ მოზღუდვაში ადამიანი ჭეშმარიტად ღვთიურ უნარს ავლენს. ამ დროს მის თვალში ადამიანის თავისუფლება უმაღლეს ღირებულებას იძენს, ამ დროს ადამიანი თავის წარმავალ ეგოზე მაღლა დგება, ის თითქოს ღმერთი ხდება, აბსოლუტური არსება, რომლის თავისუფლება ერთადერთი ზღვარით – ადამიანის თავისუფლებით არის დასაზღვრული”.

თავისუფლებაა, როდესაც მე არ მაიძულებენ რაიმეს კეთებას, როცა მრავლობითი აკრძალვები არ არის, მაგრამ იშვიათად ხდება, როდესაც ადამიანს სრული თავისუფლება აქვს და შეუძლია ყველაფრის კეთება, რაც კი თავში მოუვა. ადამიანის უფლებათა უმრავლესობა არ არის აბსოლუტური. ყოველთვის გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფოს შეუძლია თავისუფლების შეზღუდვა იმ ღირებულებათა დასაცავად, რომელთაც განსაკუთრებით ვუფრთხილდებით, მაგრამ ეს ყოველთვის კანონის საფუძველზე უნდა ხდებოდეს. ამასთან, მიღებულია, რომ შეზღუდვები უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიის მოთხოვნებს. მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სამართლებრივი ნორმები კი არ გვმართავენ და მიგვითითებენ, არამედ მოქმედებს მხოლოდ აკრძალვების სისტემა (დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანისათვის ნებადართულია ყველაფერი, რაც აკრძალული არ არის, განსხვავებით ტოტალიტარული სახელმწიფოსაგან, რომელშიც აკრძალულია ყველაფერი, რაც ნებადართული არ არის).

სხვადასხვაგვარად ესმით თავისუფლება პოლიტიკურ იდეოლოგიებსაც. აქ ყველა მათგანზე ვერ ვისაუბრებთ, მხოლოდ პოლარული იდეოლოგიების თავისუფლებისადმი დამოკიდებულების შესახებ მოგახსენებთ. მაგალითად, მარქსიზმი ამტკიცებს, რომ თავისუფლება მაშინ დაისადგურებს, როცა ადამიანი შეიცნობს ეკონომიკური მოვლენების მექანიზმს, ოღონდ სრულიად გაუგებარი რჩება რა იქნება ამ თავისუფლების შინაარსი, რაში იქნება ის გამოხატული. ამის შესახებ მარქსისტები და კომუნისტები თავიანთ სქელტანიან ნაშრომებში არაფერს გვეუბნებიან.

აი, ლიბერალების უმთავრესი იდეა, გნებავთ, პროგრამა, კი გახლავთ მოსაზრება, რომ პიროვნული თავისუფლება ფიქციაა კერძო საკუთრების გარეშე. ეს უკანასკნელი კი არამც და არამც არ გულისხმობს მხოლოდ ფულს ან უძრავ ქონებას. ადამიანის კერძო საკუთრება პირველ ყოვლისა არის მისი სიცოცხლე, რომლის ხელყოფის უფლება არავის აქვს, მისი სხეული, რომელსაც უნებართვოდ თითიც ვერავინ უნდა დააკაროს, მისი ღირსება, რომლის შელახვა დაუშვებელია, და დრო, რომელსაც თავად ადამიანი განკარგავს საკუთარი შეხედულების მიხედვით. ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე ცხადია, რომ ადამიანი, რომელსაც არა აქვს კერძო საკუთრების უფლება, ვერც თავისუფალი იქნება. მარტივად რომ ვთქვათ, კერძო საკუთრების უფლებას მოკლებული ადამიანი მონაა.

ახლა ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში და სხვა საერთაშორისო დოკუმენტებში დაფიქსირებული ზოგიერთი კონკრეტული თავისუფლების შესახებაც ვისაუბროთ.


ანგლოსაქსური სამართლებრივი ცნება "პრაივესი" პირადი ცხოვრების თავისუფლებას, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებას ნიშნავს. მასში ჩადებულია ის ძირითადი იდეა, რომელიც ყველა სხვა თავისუფლების საფუძველში ძევს. ამის შესახებ ჯერ კიდევ 1890 წელს აშშ-ის სასამართლოს მომავალმა თავმჯდომარემ, იმხანად კი ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბოსტონელმა ადვოკატმა ლუი ბრანდეისმა სემუელ უორენთან ერთად გამოაქვეყნა სტატია – “პრაივესის უფლება”, რომელშიც წარმოადგინა პრაივესის, როგორც სამოქალაქო უფლების ხედვის, საკუთარი პოზიცია, და განმარტა ის, როგორც ყოველი ადამიანის უფლება – თავი გაანებონ, ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, განმარტოების უფლება. ეს ყველა სხვა თავისუფლებასაც ეხება (იქნება ეს სიტყვის, აზრის, სინდისის, გადაადგილების თუ რომელიმე სხვა თავისუფლება), რომლებიც ნეგატიურ უფლებებს წარმოადგენენ და გულისხმობენ მდგომარეობას, როდესაც სახელმწიფო არ ერევა ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

აზრის, იდეის თავისუფლება თითქმის აბსოლუტური დაცვითაა უზრუნველყოფილი. ამ უფლების სათანადო დაცვის გარეშე აზრის გამოხატვის თავისუფლება ზედმეტი იქნებოდა. აზრის თავისუფლება აზრის გამოხატვის თავისუფლების წინაპირობაა.

სიტყვის თავისუფლება უპირველესია ყველა თავისუფლებათაგან და ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა არამარტო როგორც თავისთავადი ღირებულება, არამედ როგორც სხვა თავისუფლებებისა და უფლებების გარანტი. თუკი მსოფლიოს რომელიმე წერტილიდან ინფორმაციის მოწოდება აღარ ხდება, თუკი ჟურნალისტები დუმან ან ყოველნაირი ინფორმაცია ოპტიმისტური და სასიხარულოა, შეიძლება სრული დარწმუნებით ითქვას, რომ იქ სერიოზულად და შესაძლოა მასობრივად ირღვევა ცალკეული პიროვნებათა უფლებები და თავისუფლებები. სიტყვის თავისუფლებაში იგულისხმება არა მხოლოდ საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებებისა და ყველასათვის მისაღები აზრების გამოთქმის თავისუფლება, არამედ ისეთი განცხადებების გაკეთების უფლებაც, რომლებმაც შეიძლება აღაშფოთონ ადამიანები, წყენა მიაყენონ მათ. თუ ადამიანს არ შეუძლია იმის თქმა, რასაც ფიქრობს, ან, გაცილებით უარესი _ თუ მას აიძულებენ თქვას ის, რასაც არ ეთანხმება, ამით შეურაცხყოფენ ადამიანის უფლებების საფუძველთა საფუძველს – მის ღირსებას. თავდაპირველად სიტყვის თავისუფლება ყველაფრის თქმის შესაძლებლობას ნიშნავდა; მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ დაიწყო სიტყვის თავისუფლების გაგება, როგორც ინფორმაციის, შეხედულებებისა და მრწამსის გამოხატვის უფლებისა.

ხელისუფლებას რომ მიენდოს იმის გადაწყვეტა, თუ სად და როდის უნდა გამოხატოს ხალხმა თავისი მრწამსი, მაშინ ხელისუფალთათვის უხერხული დემონსტრაციების უმეტესი ნაწილი ტყეში ჩატარდებოდა, ხეების გარემოცვაში. რწმენის საჯაროდ გამოხატვის უფლება ერთ-ერთი ძირითადი პოლიტიკური უფლებაა და სახელმწიფომ უნდა დაიცვას ეს თავისუფლება. ჩვენ შეიძლება არ მოგვწონდეს და გვაწუხებდეს ვინმეს აზრები და გამონათქვამები, მაგრამ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დემონსტრანტთა უსაფრთხოება, შეუქმნას მათ ყველა პირობა თავისი შეხედულებების გამოსახატად.
მაგრამ მოქმედებს ზოგიერთი შეზღუდვა. როცა ვინმე მოგვიწოდებს ძალადობისაკენ, ის არღვევს ნებადართულ საზღვრებს და მაშინ მთავრობას აქვს ჩარევის უფლება.

საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება შესაძლებლობას გვაძლევს გავაკრიტიკოთ პოლიტიკოსები და სახელმწიფოს სხვადასხვა ინსტიტუტი. მთავრობა, პარლამენტის წევრები, პოლიტიკოსები არ უნდა განაწყენდნენ, როდესაც მათ არაკომპეტენტურობის ან იმის გამო საყვედურობენ, რომ ისინი ხანდახან თავს სასაცილოდ წარმოაჩენენ.

აღმსარებლობის თავისუფლება ადამიანის სულიერ და ზოგჯერ მისტიკურ გამოცდილებას მოიცავს. ის გულისხმობს ადამიანის უფლებას საკუთარი ნება-სურვილის მიხედვით აღიაროს ნებისმიერი რელიგია ან რწმენა და გამოხატოს ის ღვთისმსახურების, რიტუალურ წეს-ჩვეულებათა დაცვისა და მათი აღსრულების დროს, ერთპიროვნულად ან სხვებთან ერთად, საჯარო თუ კერძო წესით. აღმსარებლობის თავისუფლება ხშირად ირღვევა ამა თუ იმ რელიგიის აკრძალვით და ერთი რომელიმე რელიგიის (როგორც წესი, სახელმწიფო რელიგიის) აღიარების იძულებით ან ამ უფლებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებით.

მნიშვნელოვანი თავისუფლებაა აგრეთვე გადაადგილების თავისუფლება, რაც ქვეყნის შიგნით მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის თავისუფლად არჩევისა და შეცვლის და ქვეყნის გარეთ გასვლის უფლებაა. ხელისუფლებათა მიერ ეს უფლება სხვადასხვა მეთოდით იზღუდება. ზოგიერთ ქვეყანაში შეზღუდვა დაკავშირებულია ქვეყნის გარეთ გასვლისათვის საჭირო გადასახადების დაწესებასთან, სხვაგან ემიგრაცია შეზღუდულია პოლიტიკური მოტივებით.

თავისუფლება იყო წარწერილი ყველა რევოლუციის დროშაზე. თავისუფლებაზე საუბრობს ყველა ჯურის პოლიტიკოსი, რიგითი მოქალაქე თუ პატიმარი. საბჭოთა რეჟიმის დროს პატიმრებს შორის მეტად გავრცელებული სხეულზე ამოსვირინგებული წარწერა _ СЭР აბრევიატურა იყო და ასე იშიფრებოდა: Свобода Это – Рай. თუმცა ბევრი ადამიანი გაურბის ამ ,,სამოთხეს”, რადგან თავისუფლება სახელმწიფოსაგან თავისუფლებას ნიშნავს და ამდენად პასუხისმგებლობასაც გულისხმობს. თუ სახელმწიფო ვერ ჩაერევა ჩვენი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, მაშინ მას ჩვენთვის არც ვნების მოყენება შეუძლია, არც დახმარება, ამიტომ მთელ რისკს საკუთარ თავზე ვიღებთ. ჩვენ მოვიგებთ ან წავაგებთ, მაგრამ ჩვენ ნაცვლად არავინ ითამაშებს.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group