GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

რაულ ვალენბერგი

 

მოამზადა დათო ბარბაქაძემ

 

საიდუმლოებით მოცულ იმ საქმეებს შორის, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების მერე გაურკვეველ ვითარებაში გაუჩინარებულ ცნობილ პიროვნებებს უკავშირდება, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და აქტუალურია შვედი დიპლომატის, რაულ ვალენბერგის საქმე. ინტენსიური კვლევა-ძიების მიუხედავად, დღემდე ბურუსით არის მოცული იმ ადამიანის გარდაცვალების დეტალები, რომლის აქტივობამაც ათიათასობით ებრაელის სიცოცხლე იხსნა.

 

რაულ გუსტავ ვალენბერგი 1912 წლის 4 აგვისტოს დაიბადა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმის მიმდებარე კაპსტში. მამამისის საგვარეულო ხაზი შვედეთის ძველ და ცნობილ არისტოკრატულ გვარებს განეკუთვნებოდა და ამ გვარს ქვეყნისთვის არაერთი დიპლომატი და ფინანსისტი მიუცია. თავად მამამისი, რაულ ოსკარ ვალენბერგი, შვედეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ოფიცერი იყო და ის სიმსივნით გარდაიცვალა ვაჟის გაჩენამდე სამი თვით ადრე. დედამისი, მაი ვისინგ-ვალენბერგი, ნევროლოგიის პროფესორის, პერ ვისინგის ქალიშვილი და შვედეთის ერთ-ერთი პირველი ებრაული სათვისტომოს დამაარსებლის შთამომავალი იყო. 1918 წელს დედამისი მეორედ გათხოვდა და ცოლად გაჰყვა შვედეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანს, ფრედრიკ ფონ დარდელს, რომლისგანაც მას ორი შვილი შეეძინა. პატარა რაულს მამობილი სითბოთი და სიყვარულით ეპყრობოდა, ოღონდ მის აღზრდაზე და ჩამოყალიბებაზე მისი პაპა, იმ დროისთვის იაპონიაში შვედეთის ელჩი, გუსტავ ვალენბერგი ზრუნავდა. ამ ზრუნვამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ 1931 წელს, როცა რაულ ვალენბერგი არქიტექტურის შესასწავლად ანნ-არბორში, მიჩიგანის უნივერსიტეტში გაემგზავრა, ის უკვე ფლობდა ფრანგულ, რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. უნივერსიტეტში სწავლა მან ბაკალავრის დიპლომით და წარჩინების მედლით დაასრულა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვალენბერგების საგვარეულოს არც სიმდიდრე აკლდა და არც – სახელი, რაულ ვალენბერგი, პრაქტიკული გამოცდილების მიღების მიზნით, თითქმის ორი წელი მუშაობდა ჩიკაგოს მსოფლიო გამოფენის პავილიონში. 1935 წელს იგი სტოკჰოლმში დაბრუნდა, სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე ერთ-ერთ კონკურსში საცურაო აუზის პროექტი წარადგინა და მეორე ადგილი მოიპოვა. ამის მერე იგი ჩიკაგოში აღარ დაბრუნებულა, რაკი ჯერ კიდევ ამერიკაში სასწავლებლად გამგზავრებამდე ჰქონდა პაპამისისთვის პირობა მიცემული, კომერსანტი და ბანკირი გამხდარიყო. პაპამვე უზრუნველყო მისი დასაქმება სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნში, თავისი მეგობრის კომპანიაში. აფრიკაში ახალგაზრდა კომერსანტი სამშენებლო მასალებს ჰყიდდა, გამოცდილებას იღრმავებდა და ქვეყანას ეცნობოდა. 1936 წელს იგი სტოკჰოლმში ბრწყინვალე დახასიათებით დაბრუნდა.

 

ამ დროისთვის რაულ ვალენბერგის პაპა უკვე თურქეთში შვედეთის ელჩად მსახურობდა და შვილიშვილისთვის ახალი სამსახური ჰქონდა შესათავაზებლად შერჩეული. ეს იყო „ჰოლანდიური ბანკი“ პალესტინის ტერიტორიაზე, ქალაქ ჰაიფაში. სწორედ პალესტინაში მოხვედრილ ვალენბერგს ელოდა პირველი შეხვედრა ნაცისტური გერმანიიდან ლტოლვილ ახალგაზრდა ებრაელებთან, რამაც მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. ბიოგრაფების ინტერპრეტაციით, ამ სულიერი გამოცდილებას უკან მისი, როგორც ნახევრად ებრაელის თვითშეგნებაა საძიებელი. თავად ვალენბერგი, რომელიც ყოველთვის ამაყობდა თავისი ებრაული წარმოშობით, სწორედ 30-იანი წლების ბოლოს აღნიშნავდა, მე ნახევრად ვალენბერგი ვარ, ნახევრად კი – ებრაელი, ამიტომ ჩემი გატეხვა შეუძლებელიაო.

 

1937 წელს გუსტავ ვალენბერგი გარდაიცვალა და რაული ფიქრობდა, არქიტექტურას დაბრუნებოდა. ეს შეუძლებელი აღმოჩნდა ორი მიზეზით: შვედეთში არქიტექტორად მუშაობის დასაწყებად აუცილებელი გახდებოდა ამერიკული დიპლომის ლეგიტიმაცია შვედეთში, რაც გულისხმობდა სწავლის გაგრძელებას, რაულს კი მიაჩნდა, რომ 25 წლის ასაკში სწავლის გაგრძელება დაგვიანებული იყო. ამერიკაში გამგზავრებას და იქ მშენებლობას კი აზრი არ ჰქონდა, რადგან „დიდი დეპრესიის“ წლები მძვინვარებდა, ნაკლებს აშენებდნენ და ამერიკელი არქიტექტორებიც კი ძნელად შოულობდნენ შეკვეთებს. იგი იძულებული გახდა, ისევ კომერციას დაბრუნებოდა და ერთ გერმანელ ებრაელს შეუამხანაგდა, რომელსაც შესაკრავი ელვის ახალი სახეობა გამოეგონებინა. წარმოებამ კრახი განიცადა და რაულმა დახმარებისთვის ბიძიას, სახელად იაკობს, მიმართა. ამ უკანასკნელს თავის კუთვნილებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობის წამოწყება ჰქონდა განზრახული და რაულს ეს საქმე მიანდო, მაგრამ ევროპაში ომის დაწყებისთანავე ქვეყანამ მშენებლობა შეაჩერა. იაკობმა შეძლო, დისშვილისთვის სამსახური გამოენახა ცენტრალური ევროპის სავაჭრო კომპანიაში, რომლის მფლობელიც უნგრელი ებრაელი კალმან ლაუერი იყო. ისვე იყო ამ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი. კომპანიაში მუშაობის დაწყებიდან რვა თვის მერე ვალენბერგი ლაუერის პარტნიორი გახდა.

 

ომის წლებში ვალენბერგი სტოკჰოლმში, სასტუმრო „ლარკსტადში“ ცხოვრობდა, სამსახურებრივად კი (იგი ბრწყინვალედ უძღვებოდა მასზე დაკისრებულ ყველა მოვალეობას) მთელ ევროპაში უწევდა მოგზაურობა და ჰყავდა უამრავი ნაცნობ-მეგობარი. ვალენბერგს ლიბერალური და ჰუმანისტური შეხედულებები ჰქონდა და არ თანაუგრძნობდა 30-იანი წლების ევროპელ ინტელექტუალთა შორის ფართოდ გავრცელებულ ფაშისტურ იდეოლოგიას. ეს აუტანელს ხდიდა მის სულიერ მდგომარეობას, მით უმეტეს, რომ თავად ვერაფერს ცვლიდა იმ წესრიგში, რომელიც ნაცისტებს დაემყარებინათ ევროპაში. ვალენბერგი ამ წლებში, ალბათ, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე მას შესაძლებლობა მიეცემოდა, მართლაც შეეცვალა რაღაც, და რომ ეს „რაღაც“ ათიათასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენით და მსხვერპლად თავად მისი სიცოცხლის მიტანით დასრულდებოდა.

 

1944 წლის ივლისში ვალენბერგი ბუდაპეშტში შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის პირველ მდივნად დაინიშნა. ოთხი თვე არც კი გასულიყო მას მერე, რაც 19 მარტს ნაცისტური გერმანიის ჯარები უნგრეთში შევიდნენ, შვედეთის დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ კი სიკვდილის ბანაკებში დეპორტაციისგან უნგრელ ებრაელთა გადარჩენის ოპერაცია დაგეგმა. უნგრელ ებრაელთა გადარჩენის საქმეში შვედეთის ხელისუფლებას დახმარებას უწევდა აშშ-ში ამ დროს შექმნილი სპეციალური კომიტეტიც, რომელიც ლტოლვილების საქმეებს სწავლობდა. სულ მალე შვედეთის დიპლომატიური კორპუსისთვის ნათელი გახდა, რომ საქმე ეხებოდა დიდძალი რაოდენობის ადამიანურ სიცოცხლეს, - უამრავი ებრაელი ითხოვდა პასპორტს და ვიზას, რათა ქვეყნიდან მშვიდობით გასულიყო. მისიამ გადაწყვიტა, სპეციალური წარმომადგენლობა შეექმნა იმ ებრაელებზე დოკუმენტების გასაცემად, რომლებიც რამენაირად დაკავშირებული იყვნენ შვედეთთან, ყველა დიპლომატიური უფლებით აღჭურვილ წარმომადგენლად კი ვალენბერგი დაენიშნა. სწორედ ამ პოსტზე მისი დანიშვნისთანავე იწყება ახალგაზრდა დიპლომატის მიერ ნაცისტების წინააღმდეგ ყოველდღიური რისკის ფასად წარმოებული პერმანენტული „ომი“: სარგებლობდა რა თავისი დიპლომატიური სტატუსით, ის უნგრელ ებრაელებზე შეუზღუდავად გასცემდა შვედეთის დამცავ პასპორტებს. ასეთი პასპორტის მფლობელი ავტომატურად ღებულობდა რეპატრიაციის მომლოდინე შვედი მოქალაქის სტატუსს. არადა, როცა ვალენბერგი დიპლომატიურ მოღვაწეობას შეუდგა, მას ხელში ეჭირა შვედეთთან ნათესაური ან სხვა სახით დაკავშირებული მხოლოდ 650 ებრაელის დამცავი პასპორტი. აღსანიშნავია ისიც, რომ ვიდრე ის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას შეუდგებოდა, მისიას სთხოვა, მისთვის უფლება მიეცა, უნგრეთის ხელისუფლებასთან დამოუკიდებლად ეთანამშრომლა და გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლება ჰქონოდა. ამ თხოვნის მთელი სიბრძნე და სიკეთე სულ მალე იწვნიეს უნგრელმა ებრაელებმა. ვალენბერგისგან არა მხოლოდ დამცავ პასპორტს ღებულობდა ათასობით ებრაელი, არამედ ის ბუდაპეშტში იძენდა სახლებს, რომელთა ფასადზეც შვედეთის დროშა იყო აღმართული; ამ სახლებში, რომლებიც მაშინვე ხელშეუხებელ ტერიტორიად ცხადდებოდა, ის ასახლებდა ებრაელებს. ასეთი დამცავი დოკუმენტების მქონე ებრაელები დაცული იყვნენ როგორც იძულებითი სამუშაოებისგან, ისე – ებრაული ვარსკვლავის ტარების ვალდებულებისგან. როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, ვალენბერგმა, მთლიანობაში, ასეთი დამცავი პასპორტით 4500 ებრაელი უზრუნველყო.

 

იმის მიუხედავად, რომ ომის ბედი უკვე გადაწყვეტილი ჩანდა და წითელი არმიაც უახლოვდებოდა უნგრეთს, 1944 წლის ოქტომბერში ბუდაპეშტში სიტუაცია გამწვავდა მას მერე, რაც ძალაუფლება უნგრეთის ფაშისტურმა პატიამ, „გადაჯვარედინებულმა ისრებმა“, აიღო ხელში და ქვეყანაში ტერორის რეჟმი დაამყარა. შესაბამისად, ვალენბერგმაც გაააქტიურა ებრაელების დაცვაზე ზრუნვა და, როგორც ბიოგრაფები ადასტურებენ, ყველა დაშვებულ და დაუშვებელ მეთოდს მიმართავდა ებრაელების გადასარჩენად; მოსყიდვასაც და შანტაჟსაც კი არ ერიდებოდა მასშტაბური ოპერაციების დასაფინანსებლად და განსახორციელებლად. რაკი საშიშროება მატულობდა, მან უკვე შეუზღუდავად დაიწყო პასპორტების გაცემა. ამ დროისთვის ბუდაპეშტში შვედეთის ტერიტორიად ითვლებოდა 32 შენობა, ორი საავადმყოფო და ერთი უფასო სასადილო. სხვა საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, ვალენბერგმა დააარსა ერთგვარი საერთაშორისო გეტო, რომელსაც ნეიტრალური ქვეყნები იცავდნენ. „არიული“ იერის მქონე ახალგაზრდა ებრაელები მცველების მოვალეობას ასრულებდნენ, უფრო რისკიანები კი „გადაჯვარედინებული ისრების“ პარტიის ფორმასაც კი იცვამდნენ.

ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ ვალენბერგმა ასევე შეძლო, ომის მიწურულს დაერწმუნებინა გერმანელი გენერლები, არ შეესრულებინათ ჰიტლერის ბრძანება და ბუდაპეშტის გეტოში მცხოვრები ებრაელები არ გადაეყვანათ საკონცენტრაციო ბანაკში, რითაც ისინი ომის დასრულების მერე თავიდან აიცილებდნენ სამხედრო სასჯელს. თუ ეს ვერსია სწორია, მაშინ გამოდის, რომ ვალენბერგს გადაურჩენია ასიათასზე მეტი უნგრელი ებრაელი. საქმე ისაა, რომ უნგრეთში ფაშისტური პარტიის გამარჯვებისთანავე ხელისუფლებამ საკონცენტრაციო ბანაკებში ებრაელთა დეპორტაციის ბრძანება გასცა, დამცავი პასპორტები კი ძალადაკარგულად გამოცხადდა. მხოლოდ ნეიტრალური ქვეყნების წარმომადგენელთა და უშუალოდ ვალენბერგის პროტესტის შედეგად აღუდგინეს ქმედითობა ამ პასპორტებს, დეპორტაციის გეგმა კი დროებით შეაჩერეს. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ რკინიგზა ფრონტის ხაზთან ძალიან ახლოს გადიოდა. მაგრამ დეპორტაციის გეგმა ამით არ გაუქმებულა და ათიათასობით ადამიანი ფეხით გაუყენეს გზას ავსტრიის საზღვრისკენ. ვალენბერგი და სხვა ნეიტრალური ქვეყნების წარმომადგენლები კოლონებს მანქანებით მიჰყვებოდნენ და დეპორტირებულებს საკვებს, ტანსაცმელს და მედიკამენტებს ურიგებდნენ. ამ დროს მისი ქმედებები იმდენად რისკიანი იყო, რომ ბადრაგი მას იარაღითაც კი დაემუქრა.

 

ბუდაპეშტში საბჭოთა ჯარების შესვლამდე რამდენიმე დღით ადრე ვალენბერგს თავისი კოლეგისთვის უთქვამს: „მე ამ დავალების შესრულებას შევუდექი და ვერასდროს დავბრუნდები სტოკჰოლმში იმ რწმენის გარეშე, რომ ყველაფერი ვიღონე რაც შეიძლება მეტი ებრაელის გადასარჩენად“.

 

ოფიციალური სტატისტიკით, ომამდე უნგრეთში 800 ათასი ებრაელი ცხოვრობდა. როცა საბჭოთა ჯარები უნგრეთში შევიდნენ, მხოლოდ ბუდაპეშტის გეტო 97 ათას ებრაელს ითვლიდა. მთელ უნგრეთში კი სიკვდილს 204 ათასი ებრაელი გადაურჩა. ამ უნგრელ ებრაელთაგან მრავალი სწორედ ვალენბერგის გადარჩენილია.

 

აქვე წყდება ვალენბერგის სარწმუნო ბიოგრაფია. მისი შემდგომი ბედის შესახებ არსებულ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს შორის დღემდე არ მოიპოვება არც ერთი ბოლომდე დადასტურებული ფაქტი.

 

1945 წლის 13 იანვარს, როცა საბჭოთა ჯარებს ბუდაპეშტი უკვე დაკავებული ჰქონდათ, ვალენბერგი და მისი მძღოლი საბჭოთა პატრულმა დააკავა საერთაშორისო წითელი ჯვრის შენობაში (სხვა ვერსიით, ის თავად მივიდა 151-ე სასროლო დივიზიის განთავსების ადგილზე და საბჭოთა ჯარების მეთაურებთან შეხვედრა ითხოვა; კიდევ ერთი ვერსიით, საბჭოთა უშიშროებამ ის მისსავე ბინაში დაატყვევა და საბჭოთა ჯარების შტაბში გადაიყვანა). ამის მერე მას უფლება მისცეს, გამგზავრებულიყო უკრაინის მეორე ფრონტის მთავარსარდალ მალინოვსკისთან, რომლისთვისაც მნიშვნელოვანი უწყება ჰქონდა; ვალენბერგი რომ საშიშროებას გრძნობდა, ჩანს მისი სიტყვებიდან, რომლებიც მანქანაში ჩაჯდომის წინ უთქვამს: „არ ვიცი, სტუმარი ვარ თუ – ტყვე“. გზად ის ისევ დააპატიმრეს, ამჯერად – საბჭოთა სამხედრო კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა. ცნობილი შვედი პროფესორის, ბენგ იანგფელდის ვერსიით, ვალენბერგს ამ დროს მანქანაში დიდი რაოდენობით ოქრო და ძვირფასეულობა აღმოაჩნდა, რომელიც მას ებრაელებმა ანდეს; ეს მართლაც შეიძლებოდა ქცეულიყო მისი დაპატიმრების მიზეზად, რადგან, საუკეთესო შემთხვევაში, საბჭოთა დაზვერვამ იფიქრა, რომ ვალენბერგი ქვეყნიდან ნაცისტების ოქროს გატანას ცდილობდა, უარეს შემთხვევაში კი, წითლებმა, უბრალოდ, გაძარცვეს ვალენბერგი, რაკი ეს ოქრო ოფიციალურად მის სახელზე რეგისტრირებული არ ყოფილა. სწორედ ამ მეორე შესაძლებლობას არ გამორიცხავს პროფესორი იანგფელდი და ვარაუდს იმ ფაქტითაც ამყარებს, რომ ამ შემთხვევის მერე საბჭოთა ჯარებმა გაძარცვეს ბუდაპეშტში შვედეთის საელჩო. აღნიშნული შემთხვევიდან თითქმის ორი თვის მერე, 8 მარტს, საბჭოთა კონტროლის ქვეშ ფუნქციონირებადი ბუდაპეშტის რადიო იუწყებოდა, რომ რაულ ვალენბერგი ბუდაპეშტის ქუჩებში ატეხილი სროლის მსხვერპლი გახდა.

 

ბუდაპეშტის რადიოს უწყება რომ დეზინფორმაცია იყო, ხოლო სინამდვილეში ვალენბერგი მოსკოვში გადაეყვანათ და ლუბიანკის ციხეში ჰყავდათ გამომწყვდეული, ეს 50-იანი წლების დასაწყისშივე დადასტურდა. გერმანელმა ტყვეებმა, რომლებიც მაშინ იმავე ციხეში იმყოფებოდნენ და რომლებსაც წილად ხვდათ სამშობლოში დაბრუნების ბედნიერება, ერთხმად დაადასტურეს, რომ „ციხის ტელეგრაფის“ გზით 1947 წლამდე ინარჩუნებდნენ კავშირს ვალენბერგთან, მერე კი შვედი დიპლომატი სადღაც გაუჩინარდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ 1947 წლის აგვისტოში საბჭოთა მხარემ ოფიციალურად განაცხადა, ვალენბერგი სსრკ-ში არ იმყოფება და საბჭოთა მთავრობისთვის მისი ადგილსამყოფელი უცნობიაო, 1957 წელს საბჭოთა მხარემ აღიარა, ვალენბერგი მართლაც დააპატიმრეს ბუდაპეშტში და გადაიყვანეს მოსკოვში, სადაც ის 1947 წლის 17 ივლისს ინფარქტმა იმსხვერპლაო.

 

1989 წელს მოსკოვში, სუკ-ის მთავარი სამმართველოს სარდაფში “აღმოაჩინეს” ვალენბერგის დიპლომატიური პასპორტი და პირადი ნივთები, რომლებიც მის ოჯახს გადასცეს.

 

რუსეთს 40 წელზე მეტი დასჭირდა საიმისოდ, რომ ეღიარებინა: ვალენბერგი ინფარქტს არ უმსხვერპლია. და ეს აღიარებაც, სულ მცირე, მეტად უცნაური ფორმით მოხდა. 2000 წელს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება შვედი დიპლომატისა და მისი მძღოლის, ვილმოშ ლანგფელდერის რეაბილიტაციის შესახებ. აღნიშნული „რეაბილიტაცია“ ემყარებოდა რუსეთის ფედერაციის მიერ 1991 წელს მიღებულ კანონს „პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის შესახებ“. ამ გადაწყვეტილებაში კი აღნიშნულია, რომ ვერც ვალენბერგისა და მისი მძღოლის შეპყრობისა და დაპატიმრების ნამდვილი მიზეზების გარკვევა მოხერხდა და ვერც – იმის გამოძიება, თუ რა ვითარებაში გარდაიცვალნენ პატიმრები. დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ტყვეებს, მათ გარდაცვალებამდე, ციხეში ამყოფებდნენ, როგორც  სსრკ-ის წინააღმდეგ უცხოეთის დაზვერვის სასარგებლოდ შპიონაჟში ეჭვმიტანილებს.

პროკურატურის ამ მორიგმა „აღიარებამაც“ არაერთი კითხვა წარმოშვა. მეტიც, პროკურატურა მხილებული იქნა “აღიარების” არალოგიკურობაში. საქმე ისაა, რომ პროკურატურას არ შეეძლო რეპრესიის მსხვერპლად გამოაცხადებინა და მერე რეაბილიტაცია მოეხდინა ადამიანისა, რომლის მიმართ წაყენებული ბრალდებები და საქმის მასალები ნაპოვნი არ არის (გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 1991 წელს რუსეთის უშიშროების არქივებში მიაკვლიეს დოკუმენტებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ საბჭოთა დაზვერვა, გადმობირებული უნგრელი აგენტის დახმარებით, დაპატიმრებამდე დიდი ხნით ადრე უთვალთვალებდა ვალენბერგს და ის შემთხვევით და მოულოდნელად სულაც არ მოხვედრილა წითლების ხელში).

 

რაც შეეხება ვალენბერგის გარდაცვალების თარიღის რუსულ ვერსიას, მისი გამოცხადებიდან თითქმის 50 წლის მერე, 2010 წლის აპრილში, ამერიკელმა ისტორიკოსებმა დაამტკიცეს, რომ ვალენბერგის გარდაცვალების „აღიარებული“ თარიღი, 1947 წლის 17 ივლისი, სინამდვილეს არ შეესაბამებოდა. არც მეტი და არც ნაკლები, ისევ და ისევ რუსეთის უშიშროების არქივებში მიგნებული მასალებით დასტურდებოდა, რომ სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების (იგივე სამხედრო კონტრდაზვერვის) სამინისტროს მე-3 მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილების უფროსს 1947 წლის 23 ივლისს დაუკითხავს „გარდაცვლილი“ ვალენბერგი და მისი მძღოლი. დოკუმენტი შოკისმომგვრელი აღმოჩნდა თუნდაც იმიტომ, რომ მასში პედანტური სიზუსტით იყო მითითებულია ერთჯერადი დაკითხვის ხანგრძლივობა: 16 საათი!

 

ამ ყველაფრის მიუხედავად, დღესდღეობით ვალენბერგის გარდაცვალების წლად მიჩნეულია 1947 წელი, რასაც ამყარებს 2016 წელს აღმოჩენილი მაშინდელი სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სადღიურო ჩანაწერებიც. ერთ-ერთი ჩანაწერის თანახმად, რომლის აუთენტურობა ეჭვს არ იწვევს, რაულ ვალენბერგის ლიკვიდაცია უშუალოდ სტალინის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიაჩესლავ მოლოტოვის მითითებით მოხდა.

 

გასათვალისწინებელია, რომ რაულ ვალენბერგის ძმებს, იაკობ და მარკუს ვალენბერგებს, ომამდეც და ომის წლებშიც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ საბჭოთა კავშირთან. საბჭოთა კავშირი სწორედ მათგან იძენდა სამხედრო წარმოებისთვის აუცილებელ ერთ დეტალს - საკისარს. მარკუსმა კი დიდი როლი ითამაშა ფინეთთან საბჭოთა კავშირის სეპარატული მშვიდობის შენარჩუნებისთვის წარმოებულ მოლაპარაკებებში. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ვალენბერგების ოჯახის შესახებ რუსეთის საიდუმლო არქივებში უნდა ინახებოდეს მრავალი დოსიე, რაულ ვალენბერგის დაკითხვის ოქმები, პირადი საქმეები ოჯახის ცალკეულ წევრებზე. რატომ გაწირა სტალინმა იმ ოჯახის წევრი, რომელსაც თავისი არც თუ უმნიშვნელო წვლილი მიუძღვოდა ნაციზმზე საბჭოთა კავშირის გამარჯვებაში?

 

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ მასალების შესწავლის მერე, რომლებიც დღესდღეობით დახურულია ყველასთვის, მათ შორის თავისი მნიშვნელობით და ავტორიტეტით სოლიდური იმ საერთაშორისო კომისიისთვის, რომელიც რაულ ვალენბერგის საიდუმლოებით მოცული გაუჩინარების საქმეს იკვლევს. თავის დროზე ამ საქმეზე ლაპარაკობდა ალექსანდრე სოლჟენიცინი, ამ საქმის გამოძიებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ანდრეი სახაროვს და ბევრ სხვა ცნობილ დისიდენტს.

 

აღსანიშნავია, რომ ყოფილი პოლიტპატიმრები, რომლებსაც ბედმა გაუღიმა და გულაგ-ის ჯურღმულებს თავი დააღწიეს, გამოთქვამენ ვარაუდს, რომ რაულ ვალენბერგი შეიძლება 1947 წელს სულაც არ მოუკლავთ და ის, გამორიცხული არაა, 70-იან წლებშიც ცოცხალი იყო. ამ ეჭვს აძლიერებს უშუალოდ შვედეთთან დაკავშირებული ბევრი საიდუმლოებით მოცული საქმე, რომელშიც რუსეთის პენიტენციალური სისტემაა გარეული. სწორედ ვალენბერგის საქმის მკვლევარმა და ვალენბერგის საქმის საერთაშორისო საგამომძიებლო ჯგუფის კოორდინატორმა სუზანა ბერგერმა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ 1940-სა და 1980 წლებს შორის ბალტიის ზღვაში 18 შვედური გემი გაუჩინარდა, ამ გემთა მეზღვაურებს კი შემდეგ საბჭოთა ციხეებში პოულობდნენ. ისტორიკოსების გადამწყვეტი უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ვალენბერგი გულის ინფარქტის შედეგად არ მომკვდარა და იგი წამების დროს შემოაკვდათ.

 

რაულ ვალენბერგის ოჯახის წევრები დღემდე ამაოდ ითხოვენ რუსეთის ხელისუფლებისგან საიდუმლო საარქივო მასალებზე წვდომას, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოეფინოს ნათელი იმ ადამიანის გარდაცვალების დეტალებს, რომელსაც ძეგლი უდგას დედამიწის ყველა კონტინენტზე, რომლის სახელობის ქუჩაც მსოფლიოს უამრავ ქალაქშია (მათ შორის საქართველოშიც, ბათუმში), რომლის გმირობის შესახებ უამრავი წიგნია დაწერილი და უამრავი ფილმია გადაღებული, და რომლის სახელობის პრემიები და მედლები ყოველწლიურად გადაეცემათ გამოჩენილ ადამიანებს მთელ მსოფლიოში.

 

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group