GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 

ალბერტ შვაიცერი

დავით ბარბაქაძე  


ერთადერთი, რაც სიცოცხლეში მნიშვნელოვანია, სიყვარულის ის ნაკვალევებია, რომლებსაც ამ ქვეყნიდან ჩვენი წასვლის მერე ვტოვებთ“, - ამ სიტყვების ავტორმა, გერმანელმა თეოლოგმა, ეთიკოსმა, ექიმმა, ორღანისტმა და ბახის უდიდესმა ინტერპრეტატორმა ალბერტ შვაიცერმა არა მხოლოდ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ღრმა და უნივერსალური ეთიკური მოძღვრება შექმნა, არამედ თავად იქცა ამ მოძღვრების მნიშვნელობის ცოცხალ მაგალითად. შვაიცერისთვის უცხო იყო ინტელექტუალური და ყოფითი ცხოვრების ერთმანეთისგან განცალკევება. ეს ადამიანი ცხოვრობდა და მოქმედებდა ზუსტად ისე, როგორც ფიქრობდა და აზროვნებდა.

 

ადრეული წლები

 

ალბერტ შვაიცერი 1875 წლის 14 იანვარს დაიბადა კაიზერბერგში, ელზასის მხარეში. მამამისი ევანგელისტური ეკლესიის სასულიერო პირი იყო. სასულიერო პირი იყო ალბერტ შვაიცერის პაპაც დედის მხრიდან. პატარა ალბერტის სამეტყველო ენას ალემანურის ელზასური დიალექტი წარმოადგენდა, სალიტერატურო გერმანული კი მან მხოლოდ სკოლაში შეისწავლა. გარდა ამისა, მშობლები ფრანგულადაც ლაპარაკობდნენ და ორენოვან გარემოში აღზრდამ ის ნაყოფი გამოიღო, რომ იგი თანაბრად ფლობდა ორივე ენას და მთელი ცხოვრების განმავლობაში თანაბარი წარმატებით წერდა წიგნებს გერმანულადაც და ფრანგულადაც.

 

1893 წლიდან ალბერტ შვაიცერი სტრასბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა თეოლოგიას და ფილოსოფიას, იმავდროულად კი პარიზში ეუფლებოდა ორღანზე დაკვრის ხელოვნებას. 1899 წელს მას ფილოსოფიის დარგში იმანუელ კანტზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომისთვის ფილოსოფიის დოქტორის, 1901 წელს კი თეოლოგიაში შესრულებული ნაშრომისთვის თეოლოგიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა. 1902 წელს შვაიცერი სტრასბურგის უნივერსიტეტში თეოლოგიის დოცენტი და წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ვიკარიუსი გახდა. 1905 წელს გამოიცა ფრანგულ ენაზე დაწერილი მისი ფუნდამენტური გამოკვლევა „იოჰან სებასტიან ბახი“ (1908 წელს მისი ეს ნაშრომი ორჯერ უფრო დიდი მოცულობით გამოიცა გერმანულ ენაზე). 1912 წელს კი შვაიცერს მისი მეცნიერული შრომების მნიშვნელობის აღიარების ნიშნად პროფესორის ხარისხი მიენიჭა.

 

მოწოდება

 

მაგრამ ამ იშვიათი მრავალმხრივობისა და უნივერსალური სამეცნიერო მოღვაწეობის მიუხედავად, ალბერტ შვაიცერის გულშიც და გონებაშიც უკვე ჩასახულიყო და გამოვლენისთვის საუკეთესო პირობებს ელოდა არსებითი ხასიათის ის გადაწყვეტილება, რომელსაც იგი კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მასწავლებლად და ზნეობრივ მაგალითად უნდა ექცია. მოვლენა, რომელსაც აღმოსავლურ ფილოსოფიაში ცნობიერების განათება, გამოფხიზლება, უმაღლეს ნათელთან ზიარება და უამრავი მსგავსი სახელი ჰქვია, ალბერტ შვაიცერის ცხოვრებაში მაშინ მოხდა, როცა ის მხოლოდ 21 წლის ახალგაზრდა იყო. თავად შვაიცერი დიდი ხნის მერე ასე იხსენებდა მის ცნობიერებაში მოულოდნელად მომხდარ გარდატეხას: „ერთხელ, ზაფხულის მზიან დილით, როცა – ეს კი 1896 წელი იყო – გიუნსბახში სამების დღის არდადეგებზე გამეღვიძა, გავიფიქრე, რომ უფლება არ მქონდა ეს ბედნიერება წარმომედგინა, როგორც თავისთავად ნაგულისხმევი, არამედ ამისთვის რაღაც საფასური უნდა გამეღო. როცა ჯერ ისევ ვიწექი და ამაზე ვფიქრობდი, გარეთ კი ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, მივედი დასკვნამდე, რომ გამართლებული იქნებოდა ოცდაათ წლამდე მეცნიერებისა და ხელოვნებისთვის მეცხოვრა, რათა მერე თავი უშუალოდ ადამიანთა სამსახურისთვის მიმეძღვნა“. და მართლაც, ამ მისტიკურ გამოცდილებას უკვალოდ სულაც არ ჩაუვლია. 1904 წლის შემოდგომაზე შვაიცერმა თავის საწერ მაგიდაზე, მიღებულ წერილებს შორის, თვალი მოჰკრა ბროშურას, რომელიც პარიზის მისიონერული საზოგადოების ყოველწლიურ ანგარიშს წარმოადგენდა. მან ბროშურის გვერდზე გადადება და მუშაობის გაგრძელება გადაწყვიტა, მაგრამ მისი ყურადღება მიიპყრო სტატიამ სათაურით: „რის მწვავე საჭიროებას განიცდის მისია კონგოში?“. სტატია იუწყებოდა, რომ მისია კონგოს ჩრდილოეთ პროვინციაში, გაბონში, სამედიცინო განათლების მქონე პერსონალის მწვავე დეფიციტს განიცდიდა. შვაიცერმა სტატიის კითხვა დაასრულა და მშვიდად განაგრძო დაწყებული საქმის კეთება. ის მიხვდა, რომ ეს უწყება და მოწოდება მის მისტიკურ გამოცდილებასთან დამაკავშირებელი ხიდი იყო. შვაიცერი მის მიერ მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე მთელი ერთი წლის განმავლობაში ფიქრობდა, ვიდრე მას მშობლებს და მეგობრებს გაუმხელდა. მხოლოდ მას მერე, როცა ახალგაზრდა მეცნიერმა დეტალურად გაიაზრა ყველა მოსალოდნელი შედეგი და დარწმუნდა, რომ ამ საქმისთვის მას ეყოფოდა ჯანმრთელობაც, გამძლეობაც და მოთმინებაც, კრახის შემთხვევაში კი ხასიათის სიმტკიცე არ უღალატებდა და ღირსეულად დაითმენდა განცდილ მარცხს, თუ ასეთი რამ მოხდებოდა, - აი, მხოლოდ ამ ყველაფრის მერე, 1905 წლის 13 ოქტომბერს, პარიზიდან წერილით აუწყა თავის მშობლებს, რომ აფრიკაში ექიმად წასვლის მიზნით სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი უნდა გამხდარიყო.

 

შვაიცერისთვის ეს გადაწყვეტილება გარემომცველ სოციალურ და კულტურულ სამყაროსთან, უახლოეს მეგობრებთან, მშობლებთან და სამეცნიერო წრეებთან გადამწყვეტი შინაგანი დაპირისპირების მიზეზად იქცა. ადამიანმა, რომელიც სამეცნიერო წრეებში თეოლოგიის ამომავალ ვარსკვლავად მოიაზრებოდა, მოულოდნელად საღი აზრისთვის ყოვლად აუხსნელი ნაბიჯი გადადგა და გასაკვირი არც იყო, რომ მისი ეს ნაბიჯი ბევრმა შეშლილობის პირველ სიმპტომებად მიიჩნია. შვაიცერი ერთი მხრივ გულმოდგინედ ებრძოდა საზოგადოებისგან წამოსულ წინააღმდეგობას, მეორე მხრივ კი ყურადღებით აკვირდებოდა და აანალიზებდა ამ წინააღმდეგობის ეთიკურ და ფილოსოფიურ საფუძვლებს. სწორედ ამ ანალიზმა მიიყვანა იგი დასკვნამდე, რომ სხვათა განკითხვაზე უარის მთქმელი ქრისტიანული მრწამსი კაცობრიობის მიერ მოპოვებული ერთ-ერთი უდიდესი ჭეშმარიტება იყო. გადაწყვეტილება, რომელსაც ის ათი წლის განმავლობაში ამწიფებდა, გარშემომყოფებისთვის მხოლოდ იმიტომ იქნა ალოგიკურ ნაბიჯად აღქმული, რომ მათ არაფერი იცოდნენ შვაიცერის შინაგანი განვითარების, მისი ამ გადაწყვეტილების საწყისების შესახებ. მაგრამ შვაიცერი ამ წინააღმდეგობამ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი სხვა მოვლენის არსში ჩაახედა. კერძოდ, ის მიხვდა, რომ დასავლური კულტურა ღრმა სულიერ კრიზისს განიცდიდა და ეს კრიზისი ევროპულ ცივილიზაციას საკუთარ თავში კეტავდა, სხვა ხალხებისა და მათი პრობლემების დანახვის შესაძლებლობას უსპობდა. დიდი ხნის მერე, როცა შვაიცერი საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების რაციონალურ საფუძვლებს უზიარებდა, მან ღარიბი ლაზარეს სახარებისეული იგავი გაიხსენა და განმარტა, რომ ევროპელებს ნაკლებად ადარდებდათ ის უდიდესი ჰუმანიტარული ამოცანა, რომელსაც მათ წინაშე აყენებდა შორეული ქვეყნების უღარიბესი და დაჩაგრული მოსახლეობა. „მედიცინის განვითარებამ, - წერდა შვაიცერი, - ავადმყოფობათა შესახებ უდიდესი ცოდნით და ტკივილის საწინააღმდეგო საშუალებებით შეგვაიარაღა. უსაზღვრო უპირატესობა, რომელსაც ჩვენ ეს სიმდიდრე გვაძლევს, ჩვენს მიერ აღიქმება, როგორც რაღაც თავისთავად ცხადი. სადღაც შორეულ კოლონიებში კი არსებობს ღარიბი ლაზარე – ესენი არიან ფერადკანიანი ადამიანები, რომლებსაც სნეულებები და ტკივილები ისევე აწუხებთ, როგორც – ჩვენ, და უფრო მეტადაც, და რომელთაც ამ სნეულებებთან საბრძოლველად არავითარი საშუალება არ გააჩნიათ“. შვაიცერი ევროპას იმ მდიდარ ადამიანს ადარებდა, რომელმაც თავისი თავი არ ჩააყენა ღარიბი ადამიანის მდგომარეობაში. სხვათაშორის, ის თვით მისიონერთა მოღვაწეობის მიმართაც კი სკეპტიკურად იყო განწყობილი. განსხვავებით მისიონერთაგან, რომლებიც, მათივე თქმით, ღმერთის ნებით და კარნახით მოქმედებდნენ, ალბერტ შვაიცერი მიიჩნევდა, რომ თავად მისი გადაწყვეტილება მისივე პირადი ნების, ღრმად რაციონალური განაზრებებისა და ანალიზის შედეგად მოყვასის დასახმარებლად გადადგმული ნაბიჯი იყო. სხვათაშორის, სწორედ ამიტომ თქვა მან უარი იმაზე, რომ თავადაც მისიონერი გამხდარიყო და არა – ექიმი: ის დარწმუნდა, რომ პარიზის მისიონერული საზოგადოებისთვის თეოლოგიური რწმენის საკითხები და მათი ერთგულება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე – ადამიანების სამსახურში ყოფნა. როგორც შვაიცერის ბიოგრაფები დაასკვნიან, მან თავისი პირადი ნება და გადაწყვეტილება გამოაცხადა საკუთარი არჩევნის გადამწყვეტ ფაქტორად და ხელი მოჰკიდა მისთვის სრულიად უცხო დარგის – მედიცინის – შესწავლას, რათა ადამიანების ქრისტიანულ სამსახურში ყოფნის უმძიმესი ტვირთი და პასუხისმგებლობა მთლიანად თავის თავზე აეღო, როგორც ექიმს. უფრო მეტიც, შვაიცერის ასეთი ინდივიდუალიზმი, საკუთარი სინდისის და საკუთარი ღირსების წინაშე ვალდებულება გამორიცხავდა ამ საქმეში სახელმწიფოს ჩართვას. როგორც საყოველთაოდ ცნობილია, შვაიცერს მთელი თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში თავი შორს ეჭირა ოფიციალური ორგანიზაციებისგან და ინსტიტუტებისგან, უარს აცხადებდა თვით საზოგადოებრივ და ჰუმანიტარულ მოძრაობებთან თანამშრომლობაზე და ცდილობდა, მისი საქმე ყველანაირ იდეოლოგიაზე დამოკიდებულებისგან დაცული ყოფილიყო.

 

მისიის დაწყება

 

ერთი სიტყვით, 30 წლის შვაიცერმა საკუთარი თავისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა და 1905 წელს ისევ სტუდენტურ მერხს მიუჯდა, ამჯერად – მედიცინის შესასწავლად და აფრიკაში წასასვლელად. იმ მოსალოდნელი პროფესიული სიძნელეების გათვალისწინებით, რომლებიც მას აფრიკაში ელოდა, შვაიცერი თანაბარი მონდომებით სწავლობდა თერაპიას და გინეკოლოგიას, სტომატოლოგიას და ფარმაკოლოგიას, განსაკუთრებულ ყურადღებას კი ქირურგიას უთმობდა. ამ უზარმაზარ შრომას შვაიცერი თავისი საპროფესორო მოღვაწეობის პარალელურად იყო შეჭიდებული. ხშირად მას დღე-ღამეში მხოლოდ სამი-ოთხი საათი ეძინა.

 

1912 წელს შვაიცერი უკვე ექიმი-პრაქტიკოსი იყო, 1913 წელს კი ნაშრომისთვის „იესოს ფსიქიატრიული შეფასება: გადმოცემა და კრიტიკა“ მას მედიცინის დოქტორის სამეცნიერო ხარისხიც მიენიჭა. და აი, იმავე წელს 38 წლის ახლადდაოჯახებულმა ექიმმა თავის მეუღლესთან, ელენე ბრესლაუსთან ერთად ევროპა დატოვა და საფრანგეთის ეკვატორიალურ აფრიკაში (ამჟამად გაბონში) გაემგზავრა, სადაც მდინარე ოგოოუეს გასწვრივ, აფრიკის დასავლეთში, ლამბარენეში, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სახსრებით (საკონცერტო ჰონორარებით და საპროფესორო, ასევე ლიტერატურული მოღვაწეობით შეგროვილი თანხით) დააარსა საავადმზოფო. აქედან მოყოლებული, შვაიცერის მთელი ცხოვრება ლამბარენეში დაარსებული საავადმზოფოს შენარჩუნებაზე ზრუნვას და აფრიკელი ხალხის სამედიცინო მომსახურებას უკავშირდება და ყველა სხვა აქტივობა – სამუსიკო, სამეცნიერო თუ პუბლიცისტური – უკავშირდება მატერიალურად და ადამიანური რესურსებით ლამბარენეს საავადმზოფოს გაძლიერებას. მაგრამ საავადმყოფოს დაარსებას წინ უძღოდა ურთულესი წინააღმდეგობების გადალახვით აღსავსე შრომა.

 

საავადმყოფოს დაარსება

 

ამ დროისთვის საფრანგეთის კონგოს ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 267 ათას კვადრატულ კილომეტრს ითვლიდა, 300 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. ეს ის ძლიერ შემცირებული მოსახლეობა იყო, რომელიც XIX საუკუნის კოლონიურ ომებს გადაურჩა. კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება მდინარეები იყო, პირველ რიგში – მრავალშენაკადიანი მდინარე ოგოოუე. ქვეყანაში გზები არ იყო და კოლონისტები კოლონიის ექსპლუატაციისთვის მდინარეებს იყენებდნენ. შვაიცერი აფრიკაში ჩასვლისთანავე დარწმუნდა, რომ რაც აქ იხილა, მის მიერ წარმოდგენილ ყველა სირთულეს აღემატებოდა. ეს, უმთავრესად, ეხებოდა ავადმყოფების არნახულ სიჭარბეს. სამასი კილომეტრის რადიუსში მისი სახით მოქმედ ერთადერთ ექიმთან მალე უწყვეტ ნაკადად დაიწყეს დენა ავადმყოფებმა. როგორც შვაიცერი მოგვიანებით აღნიშნავდა, მას ჯერ ინსტრუმენტებიც კი არ ამოელაგებინა ჩანთებიდან, რომ უკვე პირველი პაციენტები ელოდნენ. სამწუხარო ის იყო, რომ მისიამ ვერ შეასრულა თავის თავზე აღებული ვალდებულება და შვაიცერს ვერ დაახვედრა ბარაკი, რომელშიც ის ავადმყოფებს მიიღებდა, ამიტომ ექიმი იძულებული გახდა, „მისაღებ კაბინეტად“ ძველი საქათმე გადაეკეთებინა. ადგილობრივი მოსახლეობა გაოგნებული და შეშინებულიც კი იყო იმით, რომ ქვეყანაში თეთრი ადამიანი გამოჩნდა, რომელიც ავადმყოფებს უსასყიდლოდ მკურნალობდა. ასეთი რამ, რა თქმა უნდა, დაუჯერებელი იქნებოდა თეთრების მიერ დამონებული და არაადამიანური შრომისთვის განწირული შავკანიანებისთვის. როცა პირველი ეჭვები და უნდობლობა გადაილახა, მისაღებად გადაკეთებულ საქათმესთან ავადმყოფთა რიგები არ მცირდებოდა. შვაიცერის პაციენტთა უმრავლესობა მალარიით, კეთრით, დიზენტერიით და სიმსივნით დაავადებული ადამიანი იყო. უჩვეულოდ ბევრი იყო პნევმონიის და გულის დაავადების შემთხვევები. ქირურგიის სფეროში, პირველ რიგში, თიაქარი და სპილოს დაავადება იყო გავრცელებული და თიაქრის ჩაჭედვით ბევრი ადამიანი იღუპებოდა. შვაიცერს ხშირად უხდებოდა სიკვდილისთვის ნაკლებად საშიში სენით შეპყრობილი პაციენტის დროებით მიტოვება და თიაქრის გადაუდებელი ოპერაციის ჩატარება. მისი ერთადერთი „ასისტენტი“ მისივე მეუღლე იყო, რომელიც შვაიცერთან ერთად თავდაუზოგავად მუშაობდა.

 

მალე შესაძლებელი გახდა მუშახელის გამონახვა და დაღარული რკინისგან პირველი „ნამდვილი“ საავადმყოფო-ბარაკის აგება, რომელსაც სიგრძე რვა, სიგანე კი ოთხი მეტრის სიგრძის ჰქონდა და ორი თანაბარი „განყოფილებისგან“ შედგებოდა, მისაღებისგან და საოპერაციოსგან. პალმის ფოთლები, რომლებიც ბარაკის სახურავის მაგივრობას სწევდა, ფართო გადმონაშვერს წარმოქმნიდა და ამან შვაიცერს ბარაკისთვის კიდევ ორი „ოთახის“ მიკოწიწების შესაძლებლობა მისცა: ერთი აფთიაქის ფუნქციას ასრულებდა, მეორე სასტერილიზაციო იყო. სახურავის ქვეშ ტილო იყო გაჭიმული, რაც ბარაკს სახურავის ღრეჩოებში შემოღწეული მოსკიტებისგან იცავდა და – სიცხისგანაც. ფართო, თითქმის მიწამდე ჩამოშვებული ფანჯრები და კარები სხვა არაფერი იყო, თუ არა – ხის ჩარჩოები, რომლებზეც მარლა იყო გადაჭიმული. ბარაკში თუმცა კი ცხელოდა, მაგრამ ამის წყალობით სიმხურვალისგან დაცული იყო. ასე ჩაუყარა საფუძველი შვაიცერმა ლამბარენეს საავადმყოფოს., რომელიც კაცობრიობის ისტორიის  ერთ-ერთ უმნიშვნელოვანსეს ადგილად იქცა.

 

პირველი მსოფლიო ომის წლები

 

1914 წელს, დაიწყო თუ არა პირველი მსოფლიო ომი, შვაიცერი ანტიმილიტარისტულ მოძრაობას მიემხრო და მოწინავე ევროპელი მეცნიერების, მწერლებისა მხატვრების – ალბერტ აინშტაინის, შტეფან ცვაიგის, ბერტრან რასელის, ოგიუსტ როდენის, ბერნარდ შოუს, რომენ როლანის და ბევრი სხვის – პაციფისტური პოზიცია გაიზიარა. ამავე წელს საფრანგეთის არმიამ შვაიცერს, როგორც ელზასელ გერმანელს, შინაპატიმრობა მიუსაჯა და მცველებად შეიარაღებული აფრიკელები დაუყენა, ამიტომ საავადმყოფომ ფუნქციონირება შეწყვიტა. მაგრამ კოლონიალისტების ადმინისტრაციამ მალე გააცნობიერა თავისი ქმედების აბსურდულობა (გაუვალ ჯუნგლებში თავისი ფეხით მოსული ადამიანი სად და რა გზით უნდა გაქცეულიყო!) და ცოტა ხნის მერე შვაიცერს ისევ მიეცა უფლება, სამედიცინო პრაქტიკა განეახლებინა. იყო ექიმის შინაპატიმრობის გაუქმების თანამდევი მიზეზიც: კოლონიალისტებს არ აწყობდათ ის ფაქტი, რომ შავკანიანები თეთრკანიანს დარაჯობდნენ, აფრიკელებს ასეთი რამ ჯერ არ ენახათ.

 

აღსანიშნავია, რომ თვით შვაიცერისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობა მოითხოვდა კოლონიალისტების მიერ უკვე შექმნილი მონათმფლობელური წესრიგის გათვალისწინებას, რაც მისგან განსაკუთრებულ ფსიქოლოგიურ ალღოს და ხშირად საკუთარი ეთიკური პრინციპების მეთოდურ დათმობას მოითხოვდა. აი, რას გვაუწყებს მისი პირწმინდად პრაქტიკული დანიშნულების მქონე ერთი ტექსტი: „როგორ უნდა მოვიქცე ზანგთან? უნდა მოვექცე, როგორც ჩემს თანასწორს თუ – როგორც ჩემზე დაბლა მდგომს? ზანგს უნდა ვუჩვენო, რომ მე ყველა ადამიანში პატივს ვცემ მის ადამიანურ ღირსებას. მე მას უნდა ვაგრძნობონო ჩემი რწმენა. მაგრამ მთავარია, მას და ჩემს შორის სულიერი ძმობა სუფევდეს. საკითხი იმის შესახებ, თუ რა ხარისხით უნდა გამოვხატო ეს ძმობა ყოველდღიურ ურთიერთობაში, უნდა გადაწყდეს გარემოებათა შესაბამისად. ზანგი იგივე ბავშვია. თუ თქვენ ავტორიტეტით არ სარგებლობთ, მასთან ვერაფერს მიაღწევთ. ამიტომ მასთან ჩემი ურთიერთობა ისე უნდა ავაწყო, რომ, ასე თუ ისე, წარმოჩნდეს ის ავტორიტეტი, რომელიც ჩემთვის აუცილებელია. აი, ასეთი სიტყვებით შეიძლება გამოითქვას მასთან ჩემი ურთიერთობა: მე შენი ძმა ვარ, მაგრამ – უფროსი ძმა“. ეს იყო ურთიერთობის ერთადერთი შესაძლო ფორმა, რომელიც ევროპის მიერ დამონებულ აფრიკის მოსახლეობასთან შვაიცერის უპრობლემო კომუნიკაციას უზრუნველყოფდა. რაც შეეხება სიტყვას „ზანგი“, უნდა გავითვალისწინოთ, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებამდე სხვა ლინგვისტური ველი, უბრალოდ, არ არსებობდა.

 

აფრიკაში მცხოვრებმა მისიონრებმა იცოდნენ, რომ შვაიცერს, როგორც თეოლოგს, ადმინისტრაციის მიერ აკრძალული ჰქონდა ადგილობრივ მოსახლეობასთან რწმენის საკითხებზე ქადაგება, რადგან ეს „პრივილეგია“ უშუალოდ მისიონრების საქმეს წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მისიონრებისთვის ცნობილი იყო შვაიცერის ღრმა თეოლოგიურ-ფილოსოფიური განსწავლულობა და ისინი ხშირად მიმართავდნენ მას თეოლოგიურ საკითხებში რჩევის მისაღებად.

 

სიცოცხლის ფილოსოფია

 

1915 წელს აფრიკაში, ურთულეს პირობებში მყოფმა შვაიცერმა სამშობლოდან მძიმე უწყება მიიღო: შეშინებულმა სამხედრო ცხენმა გათელა და მოკლა მისი მოხუცი დედა.

 

სწორედ ამ წლებში ჩაეყარა საფუძველი შვაიცერის მთავარ კულტურფილოსოფიურ წიგნს „კულტურა და ეთიკა“, რომელზეც ის მთელი ცხოვრება მუშაობდა.

 

ამ წიგნის, როგორც XX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კულტურფილოსოფიური ნაშრომის უნიკალობას მასში დასმული საკითხების ეთიკური პოზიციებიდან ანალიზი ქმნის. შვაიცერი ცდილობს იმ უძირითადეს მიზეზებში გაერკვეს, რომლებმაც ევროპული კულტურის კრიზისი გამოიწვია. მათ შორის უპირველესი, შვაიცერის აზრით, ფილოსოფიურად დასაბუთებული ისეთი მსოფლმხედველობის არარსებობაა, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნებოდა უმაღლესი ეთიკური ქმედებების საწარმოებლად; მეორე მხრივ, შეუძლებელია სამყაროს შემეცნების სურვილით, მხოლოდ და მხოლოდ მეცნიერული კვლევით იმ პრინციპების აღმოჩენა, რომელიც ევროპული კულტურის კრიზისს შეაჩერებს, ვინაიდან მსოფლმხედველობრივ პესიმიზმს, შემეცნებით სასოწარკვეთას და ადამიანის გონების უსუსურობას არავითარი კავშირი არა აქვს ეთიკური ხედვის საფუძველზე სიცოცხლის უმაღლესი ღირებულების გაცნობიერებასთან. მიუხედავად იმისა, შეძლებს თუ არა ადამიანი სამყაროს შემეცნებას და მისი ფარული კანონზომიერებების აღმოჩენას, მას მართებს იმ ეთიკური ჭეშმარიტების გაცნობიერება და პრაქტიკაში გატარება, რომ სიცოცხლე ჩვენგან, ცოცხალი არსებებისგან, მოწიწებას, პატივისცემას და ერთმანეთის სიცოცხლის გაფრთხილებას მოითხოვს.

 

 

სიცოცხლის წინაშე მოწიწების ფილოსოფია, რომელიც შვაიცერის მსოფლმხედველობის ქვაკუთხედია, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში გაჩენილ ყოვლისმომცველ პესიმიზმზე ცალსახად ოპტიმისტური პასუხი იყო. და ეს – მიუხედავად იმისა, რომ კულტურის დაცემის უტყუარ საბუთად მას სწორედ ომი მიაჩნდა. წიგნში ეს საკითხი სწორედ მეცნიერულ-ტექნიკურ პროგრესზე დაფუძნებული ეპოქისთვის დამახასიათებელი შეცდომების კრიტიკას მოსდევს. მთავარ ევროპულ შეცდომად კი შვაიცერი უკიდურესი ტექნიკური საშუალებებით და მეთოდებით პრობლემების რაც შეიძლება სწრაფად მოგვარების მონდომებას მიიჩნევს. ეს გზა, მისი აზრით, დავარდნილი ცხენის მდგომარეობას ჰგავს, როცა მისთვის ჯერ არც აღკაზმულობა და არც ტვირთი არავის მოუხსნია და მთელ ამ ბალასტთან ერთად სასწრაფოდ ფეხზე მის წამოყენებას ცდილობენ. არადა, არც ახალი იდეები და არც ახალი მსოფლმხედველობა ჯერჯერობით არ ჩანს. ერთადერთი ფილოსოფიური ცოდნა, რაც ძველი ეპოქების მოაზროვნეებისგან იმემკვიდრა ახალმა ეპოქამ, სამყაროს საზრისის უცოდინრობაა და, ცხადია, ასეთ პესიმისტურ საფუძველზე თვით ადამიანური არსებობის საზრისის გაგება შეუძლებელია. კოსმოსის რომელიღაც კუნჭულში გაჩენილ ადამიანურ არსებობასა და უნივერსუმის უსაზღვრობას შორის დისპროპორცია იმდენად დიდია, რომ ადამიანს ნუგეშის არავითარ საფუძველს არ აძლევს. „ჩვენ ისიც კი არ ვიცით, - წერს შვაიცერი, - თუ რას ნიშნავს ადამიანი დედამიწისთვის“. ნებისმიერმა ცვლილებამ, მოხდება ის თანავარსკვლავედში, დედამიწაზე თუ წყალში, შეიძლება სიცოცხლის გაქრობა გამოიწვიოს. ასეთი ვითარება სამყაროს დანიშნულებიდან ადამიანური არსებობის დანიშნულების ლოგიკურ გამოყვანას შეუძლებელს ხდის. ჩვენ, უბრალოდ, უძლურნი და დაუცველნი ვართ უნივერსუმის, ბუნების, ნებისმიერი სტიქიის წინაშე და სწორედ ამის აღიარება უნდა შეძლოს ადამიანმა, რათა იმ სიცოცხლეს, რომელიც მას მიეცა, პატივი სცეს.

 

ამ ურთულესი სიტუაციიდან ერთადერთ გამოსავალს შვაიცერი იმაში ხედავს, რომ ადამიანმა თავი შეიკავოს ცნობიერებაზე, გონებაზე, შემეცნებაზე ძალადობისგან და სიცოცხლეს თავისუფლად სუნთქვის შესაძლებლობა მისცეს ანუ ერთმანეთისგან დააცალკევოს „მსოფლმხედველობა“ და „სიცოცხლისმხედველობა“, რადგან მეორე პირველისგან არაფრისდიდებით არ გამოიყვანება. ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ – როგორც ალბერტ შვაიცერის სახელგანთქმული ფორმულა გვეუბნება – ის არის „სიცოცხლე, რომელსაც სურს სიცოცხლე სიცოცხლეთა შორის, რომლებსაც ასევე სურთ სიცოცხლე“. ამ მოწიწებას მოითხოვს ჩვენგან ის ფაქტი, რომ სიცოცხლე არსებობს. სწორედ ამ მოცემულობაში ჩაღრმავება მიგვახვედრებს, რომ ჩვენ ვფლობთ სიცოცხლისა და ყოველივე ცოცხალის შენარჩუნების ნებას და რომ სიცოცხლე უმაღლესი ღირებულებაა; და რომ ჩვენი ნებისმიერი სულიერი და მატერიალური მისწრაფებისას ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ. „ჩვენ არ ვიცით, როგორ აღმოცენდა ჩვენში ეს სწრაფვა, - აღნიშნავს შვაიცერი, - მაგრამ ჩვენ ის სიცოცხლესთან ერთად მოგვეცა. ჩვენ ამ სწრაფვას უნდა მივყვეთ, თუ გვსურს, რომ სიცოცხლის იდუმალ ნებას, რომელიც ჩვენშია ჩათესილი, ვუერთგულოთ“.

 

მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნის მეცნიერულ მიზანს უნივერსალური ეთიკის შექმნა და სიცოცხლის წინაშე მოწიწების რაციონალური დასაბუთება წარმოადგენდა, საინტერესოა ის კონკრეტული იმპულსი, რომელმაც ალბერტ შვაიცერი სიცოცხლის წინაშე მოწიწების იდეამდე მიიყვანა. 1915 წლის 13 სექტემბერს, უკვე აფრიკაში მცხოვრები ექიმი პატარა სამდინარო გემით მძიმე ავადმყოფის სამკურნალოდ მიემგზავრებოდა. გემს მდინარეზე რამდენიმე დღე უნდა ეცურა და შვაიცერი თავის სამეცნიერო საქმეში იყო ჩაღრმავებული. პრობლემა, რომელსაც ის ამ დროს უტრიალებდა და ვერაფრით გადაეჭრა, თვით სიკეთის ცნების განსაზღვრების სირთულეში მდგომარეობდა. სიკეთე ხომ უაღრესად ფარდობითი ცნება იყო, რომელიც ყველა ეპოქაში და კულტურაში განსხვავებულად გაიგებოდა, განსხვავებული სიტუაციები და გამოცდილებები მას ყოველთვის განსაკუთრებული საზრისით ავსებდნენ. შვაიცერს ყველა ამ განსხვავებულ მნიშვნელობაში ჩადებული საყოველთაო, საერთო, აბსოლუტური მარცვლის მოხელთება სურდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ის იმედგაცრუებული ავსებდა ფურცლებს უთავბოლო ჩანაწერებით მხოლოდ იმიტომ, რომ პრობლემაზე კონცენტრირებული ყოფილიყო. „მესამე დღეს, დაისზე, როცა ჩვენი გემი პირდაპირ ბეჰემოთების ჯოგში შეცურდა, ჩემს წინაშე გამოიკვეთა სიტყვები „მოწიწება სიცოცხლის წინაშე“... ამიერიდან მე უკვე განმსჭვალული ვიყავი იდეით, რომელშიც სამყაროული და სიცოცხლისეული ნება ზნეობას შეესატყვისებოდა. ამიერიდან ვიცოდი, რომ ეთიკური მსოფლ-და-სოცოცხლისდამამკვიდრებელი მსოფლმხედველობა მათი კულტურული იდეალებითურთ გონებას ეფუძნება“.

 

ინტერნირებულთა ბანაკში

 

ამ წლებში აფრიკაში შვაიცერის სამეცნიერო და სამედიცინო მოღვაწეობის სრულად გაშლას ხელს უშლიდა პირველი მსოფლიო ომი, რომლის უგუნურება მალე შვაიცერმა პირადად იწვნია. 1917 წელს, როცა მას უკვე დასრულებული ჰქონდა „კულტურა და ეთიკის“ პირველ და მეორე ტომებზე მუშაობა, ის და მისი მეუღლე შეიპყრეს და აფრიკიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც ცოლ-ქმარი 1918 წლამდე იყო ინტერნირებული. საგულისხმოა, რომ მაშინ, როცა ლამბარენეში შვაიცერი და მისი მეუღლე ბარგს კრავდნენ, შვაიცერის მრავალწლიანი შრომის ეს ნაყოფი განადგურების საფრთხის ქვეშ იყო. მიუხედავად იმისა, რომ კოლონიის ადმინისტრაციამ ცოლ-ქმარს მხოლოდ მცირე ზომის ხელბარგის თან წამოღების ნება დართო, ხელნაწერის ტრანსპორტირება ძნელი არ იქნებოდა, მაგრამ შექმნილ გარემოებებში ამაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. პირველივე ჩხრეკისას შვაიცერს წიგნის ხელნაწერს უპირობოდ ჩამოართმევდნენ. მას ისღა დარჩენოდა, ხელნაწერის ბედი მისიის რომელიმე წარმომადგენლისთვის მიენდო, და ასეც მოიქცა. ერთი ამერიკელი მისიონერი მას უხალისოდ, მაგრამ მაინც შეპირდა, რომ ხელნაწერს შეინახავდა და ომის დასრულებისთანავე გაუგზავნიდა ავტორს (რაც მან პატიოსნად შეასრულა კიდეც).

 

ინტერნირებულთა ბანაკში გადაყვანამდე ცოლ-ქმარი სამი დღით ამყოფეს ბორდოში, ჯარისკაცთა ყოფილ ყაზარმებში, სადაც ფრანგებს თავი მოეყარათ ყველა იმ უცხოელისთვის, რომელთა ქვეყნებთან საფრანგეთს ომი ჰქონდა გამოცხადებული. აქ ალბერტ შვაიცერს დიზენტერია დაემართა და, ისედაც დასუსტებული და ძალაგამოცლილი, ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ბორდოდან პატიმრები გარეზონში, ინტერნირებულთა ბანაკში გადაიყვანეს, რომელიც ყოფილი მონასტრის ტერიტორიაზე იყო მოწყობილი. ბანაკში მოთავსებულ პატიმრებს შორის ცოტანი იყვნენ ისეთები, ვისაც ხასიათის სიძლიერე საკუთარ თავზე მუშაობის ძალას აძლევდა. შვაიცერი ცდილობდა, ეს დრო შეძლებისდაგვარად გამოეყენებინა საკუთარ სისტემაზე სამუშაოდ. ერთი გერმანელი პატიმრის დახმარებით კი მან მაგიდის შეკოწიწებაც მოახერხა და უკვე შეეძლო, ეწერა კიდეც და წარმოსახულ ორღანზეც ემეცადინა, როგორც ამას ბავშვობაში აკეთებდა. გარეზონიდან ცოლ-ქმარი სენ-რემიში გადაიყვანეს. ახალი საკონცენტრაციო ბანაკის უმძიმეს პირობებს ვერ გაუძლო ალბერტ შვაიცერზე ბევრად სუსტი ჯანმრთელობის მქონე ელენემ, ტუპერკულიოზით დაავადდა და ამჯერად მისი სიცოცხლე აღმოჩნდა საფრთხის ქვეშ. შვაიცერი, რომელიც გადატანილი დიზენტერიის მერე იმდენად იყო დასუსტებული, რომ ეზოში სასეირნოდ გასვლასაც კი ვერ ახერხებდა, შეძლებისდაგვარად უვლიდა და ამხნევებდა მეუღლეს. ინტერნირებულები მხოლოდ 1918 წლის ივლისში გაათავისუფლეს, ისინი გაცვალეს მეორე მხარის მიერ ინტერნირებულ ადამიანებზე.

 

ამასობაში, 1918 წლის ნოემბერში, ზავის მერე, ელზასი ისევ საფრანგეთმა მიიერთა და შვაიცერიც, შესაბამისად, არჩევნის წინაშე დადგა: ან მრავალი გერმანელის მსგავსად საფრანგეთი დაეტოვებიდა და გერმანიაში გადასახლებულიყო ან საფრანგეთის მოქალაქე გამხდარიყო. შვაიცერმა მეორე გზა აირჩია. იგი კვლავ წმ. ნიკოლოზის ეკლესიის ვიკარის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, იმავდროულად კი სტრასბურგის ჰოსპიტალში ექიმ-ასისტენტად მუშაობდა.

 

ამ პერიოდში შვაიცერის ერთადერთი მიზანი საკონცენტრაციო ბანაკებში შერყეული ჯანმრთელობის აღდგენა და ვალების გასასტუმრებლად და აფრიკაში დასაბრუნებლად ფულის შეგროვება იყო. დიდი ანგარიშით, ამ მიზნის სამსახურში იყო ჩაყენებული მისი სამეცნიერო-პუბლიცისტური საქმიანობაც.

 

1920 წლიდან შვაიცერმა, მეგობრების დახმარებით, შვედეთში თავისი ეთიკის შესახებ მოხსენებების სერიის ორგანიზება შეძლო, ბრწყინვალე საორღანო კონცერტებით კი არ გაჭირვებია თავისი საავადმზოფოს გასაახლებლად ფულის შეგროვება. ამ კონცერტებმა და ლექციებმა შვაიცერს უზარმაზარი წარმატება მოუტანეს და „შვაიცერის კულტის“ შექმნასაც კი შეუწყვეს ხელი. სხვათაშორის, ამანვე უზრუნველყო მომავალში მისი საავადმზოფოს ეკონომიკური სიძლიერე.

 

სწორედ აფრიკაში დაბრუნების მტკიცე გადაწყვეტილებით თქვა ალბერტ შვაიცერმა ამ წელს უარი ციურიხის უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებულ პროფესურაზე. 1921 წლის შემოდგომაზე მან საორღანო კონცერტები შვეიცარიაშიც ჩაატარა, 1923 წელს კი მოხსენებების კურსი წაიკითხა პრაღაში. ამავე წელს გამოიცა „კულტურა და ეთიკაც“, რომელიც უამრავი ადამიანისთვის პიროვნებისა და კულტურის გადარჩენის მანიფესტად იქცა.

 

1923 წელს შვაიცერმა კიდევ ერთი წიგნი გამოსცა, სახელწოდებით „კულტურის დაცემა და კვლავ აღშენება“, რომელშიც ავტორი თავის უკვე ჩამოყალიბებულ ეთიკურ იდეებს ავითარებდა.

 

საავადმყოფოს განახლება

 

ამ დროისთვის ალბერტ შვაიცერს უკვე ოთხი წლის გოგონა ჰყავდა, ელენე კი ტუპერკულიოზით იყო ავად და აფრიკაში ცოლ-ქმრის ერთად გამგზავრებაზე ოცნებაც კი შეუძლებელი ჩანდა.

1924 წელს, როცა ყველა საორგანიზაციო საკითხი მოგვარდა, ალბერტ შვაიცერი კვლავ გაემგზავრა ლამბარენეში და იქ 1927 წლამდე დაჰყო. ამასობაში საავადმყოფო მთლიანად განადგურებულიყო და ხელახლა აშენებას საჭიროებდა. შვაიცერი თავად ასრულებდა ურთულეს სამშენებლო სამუშაოებს. მაგრამ ის უკვე მარტო აღარ იყო, მას ამჯერად ბევრი მოხალისე ედგა მხარში. მისი ეთიკური მანიფესტაციებისა და პოპულარობის წყალობით ლამბარენესკენ მოხალისე ექიმებიც და მოწყალების დებიც დაიძრნენ, შეძლებული ადამიანები კი სოლიდურ თანხებს სწირავდნენ საავადმყოფოს. ლამბარენეში ჩამოსული მოხალისეები უარს ამბობდნენ ხელფასსა და სხვა სახის კომპენსაციაზე და სრულიად იზიარებდნენ შვაიცერის ცხოვრების წესს და ფილოსოფიას. ექიმების, ექთნების და დამხმარე პერსონალის ტრანსპორტირების, შენახვის და შვებულების ხარჯებს საავადმყოფო ანაზღაურებდა. პერსონალი თავის მოვალეობად მიიჩნევდა, მომჭირნედ მოპყრობოდა მიღებულ ფულს. შვაიცერის დამხმარე პერსონალი აფრიკაში, როგორც წესი, ორ წელს ატარებდა.

 

რა თქმა უნდა, როგორც ასეთ დროს ხდება, არც კრიტიკამ დააყოვნა და გარკვეულმა ძალებმა ის „სათნოების მონსტრად“ გამოაცხადეს, ბრალად დასდეს თვითრეკლამა და სათნოების სიმბოლოდ გადაქცევის ვნება. შვაიცერი, რა თქმა უნდა, ასეთი კრიტიკისთვის მზად იყო და ისიც იცოდა, თუ ვის წისქვილზე ცდილობდნენ წყლის დასხმას მისი ეს კრიტიკოსები. საქმე ის იყო, რომ შვაიცერის ინდივიდუალიზმი, მის მიერ სახელმწიფო ინსტიტუციებისგან თავის შორს დაჭერა და მხოლოდ არაიდეოლოგიური და არაპოლიტიკური შემოწირულობების იმედად ყოფნა ირიბად ფარდას ხდიდა ფარული პოლიტიკური მიზნებით ორგანიზებული და ფართოდ რეკლამირებული „საქველმოქმედო ღონისძიებების“ რეალურ „სიკეთეს“ და ადამიანებს მოუწოდებდა, ღრმად ჩაფიქრებოდნენ სიკეთის ნიშნით განხორციელებულ ინსტიტუციონალურ და იდეოლოგიურ აქციებს. მეორე მხრივ, მისთვის უცხო იყო „საზოგადო მოღვაწის“ როლი და არც სამყაროს გაუმჯობესების და გარდაქმნის ლოზუნგების სჯეროდა. ბევრისმთქმელია მისი ცნობილი სამოქმედო დევიზი: „ჯერ ადამიანები უნდა განვკურნო და მხოლოდ მერე ვაუწყო მათ ღმერთის სიტყვა“. ცხადია, საკითხის ასე დაყენება არც მისიონრებს ეხატებოდათ გულზე და არც – კოლონიალისტებს, რომლებიც აფრიკის ბუნებრივ რესურსებსაც და ადამიანურ რესურსებსაც უმოწყალოდ ანადგურებდნენ, პარალელურად კი „კულტურულ სამყაროში აფრიკის ინტეგრირების“ სახელით სისტემურად ატარებდნენ ტრადიციული აფრიკული კულტურის წაშლის პოლიტიკას. შვაიცერის ნაშრომებში და ამ ნაშრომების კულტურფილოსოფიურ ანალიზში მაშინდელი ევროპის იდეოლოგებს და კოლონიალისტებს არ გაჭირვებიათ ანტიკოლონიალისტური სათქმელის ამოკითხვა.

 

1925 წლის შემოდგომაზე საავადმყოფოს ძირითადი ნაწილი აღდგენილი იყო და ალბერტ შვაიცერსაც მეტი დრო რჩებოდა შემოქმედებითი მუშაობისთვისაც და ორღანიან პიანინოზე დაკვრისთვისაც. ეს პიანინო მას ჯერ კიდევ ლამბარენეში პირველი ჩამოსვლის დროს გამოუგზავნეს ბახის და მისი უდიდესი ინტერპრეტატორის თაყვანისმცემლებმა. პიანინო, ექსტრემალური ტროპიკული პირობების გათვალისწინებით, საგანგებო ხისგან და დეტალებისგან იყო დამზადებული. ამ დროს შვაიცერი მუშაობდა წიგნზე სახელწოდებით „პავლე მოციქულის მისტიკა“, მაგრამ პერიოდულად წარმოქმნილი პრობლემები მას ხელს არ უწყობდა, რომ წიგნზე მუშაობისთვის დიდი დრო დაეთმო. ის-ის იყო, ამოსუნთქვის საშუალება მიეცა, რომ საფრანგეთის კონგოში შიმშილობამ იფეთქა, რასაც მაშინვე დიზენტერიის ეპიდემია მოჰყვა და საავადმყოფო პაციენტებს კვლავ ვერ იტევდა. ვითარებას ის გარემოებაც ართულებდა, რომ კოლონიალური ადმინისტრაცია შიმშილობის აღკვეთაზე საერთოდ არ ზრუნავდა. პაციენტების გამოსაკვებად შვაიცერს და მის დამხმარე პერსონალს ორი ძრავიანი ნავით (ერთი შვედი, მეორე კი იუტლანდელი მეგობრების საჩუქარი იყო) დღეში უამრავი რეისის გაკეთება უხდებოდათ, რომ მშიერი პაციენტების გამოსაკვებად სადმე ბრინჯი მოეპოვებინათ. საავადმყოფო, რომელიც მხოლოდ ორმოცდაათ პაციენტს იტევდა, უძლური აღმოჩნდა ავადმყოფთა სამჯერ მეტი რაოდენობის სტაციონირებისთვის. შვაიცერს განსაკუთრებით გულს უკლავდა სულით ავადმყოფების სტაციონირების შეუძლებლობა.

 

ასე რომ, დღის წესრიგში დადგა ახალი, ბევრად უფრო დიდი მოცულობის საავადმყოფოს აშენება. ეს ჩანაფიქრი ალბერტ შვაიცერს ადრეც ჰქონდა, მაგრამ, ჯერ ერთი, ტერიტორია არ იძლეოდა ამის შესაძლებლობას, მეორეც, მას ადმინისტრაციის მხარდაჭერის იმედი არ ჰქონდა. ახლა კი, როცა საკმარისი საფუძველი მომზადდა ამ იდეის დაუყოვნებლივ განხორციელების საჭიროებაში ადმინისტრაციის დასარწმუნებლად, შვაიცერმა არ დააყოვნა და თხოვნით მიმართა კოლონიალურ მმართველობას. ადმინისტრაციამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა და უკვე არსებული საავადმყოფოდან და მისიონერული პუნქტიდან სამი კილომეტრის დაშორებით, უღრან ტყის დიდი მონაკვეთი გამოუყო, ოღონდ არა – საჩუქრად. ხელისუფლებამ მას ეს ტერიტორია მიყიდა. რადგან ახალი შემოწირულობების, თავისი წიგნებიდან მისაღები ჰონორარების და მეგობრების ფინანსური დახმარების იმედი ჰქონდა, შვაიცერს უკან აღარ დაუხევია და ახალი, ბევრად უფრო მასშტაბური და ყოველმხრივ აღჭურვილი საავადმყოფოს მშენებლობას შეუდგა. მის მონდომებას, - როგორც შვაიცერი მოგვიანებით აღნიშნავდა, - ფრთებს ასხამდა ის ნანატრი ოცნებაც, რომ ბოლოსდაბოლოს შეძლებოდა ადამიანებს დახმარებოდა ამა თუ იმ მისიონერული ორგანიზაციისგან, სხვა მსგავსი ინსტიტუციებისგან და მათი მფარველობისგან დამოუკიდებლად.

 

შვაიცერი უკვე გამოჯანმრთელებულ პაციენტებთან, მათ თანმხლებ პირებთან და სხვა სრულიად არაკვალიფიციურ და განუწყვეტლივ ცვალებად მუშახელთან ერთად თავად ასრულებდა ყველა სახის მძიმე ფიზიკურ სამუშაოებს, იმავდროულად კი არ სწყდებოდა სამედიცინო საქმეს. შეძენილი მიწის ტერიტორიაზე ჭების გათხრამ კი ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა სუფთა წყლის პრობლემა. სულ რაღაც ერთ წელიწადში, 1927 წლის ზაფხულისთვის, კარგად ორგანიზებული გეგმით და ურთულესი ფიზიკური შრომის ფასად შვაიცერმა შეძლო ახალი საავადმყოფოს აშენება, რომელსაც ორასი ავადმყოფის სტაციონირება და მათი თანმხლები პირების დაბინავება შეეძლო. როცა მშენებლობა დასრულდა, შვაიცერი სევდიანად ხუმრობდა: „ჭეშმარიტებაც ორგანიზებას მოითხოვს“.

 

...

იმავე წლის ივლისში იგი ევროპაში დაბრუნდა და სამი წლის განმავლობაში დაუღალავად მუშაობდა თავის ეთიკურ და კულტურფილოსოფიურ იდეებზე, იმავდროულად კი შვედეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში და სხვა ქვეყნებში სამეცნიერო მოხსენებებით გამოდიოდა და საორღანო მუსიკის კონცერტებს მართავდა, ლამბარენეში დატოვებულ ექიმებთან და დამხმარე პერსონალთან კი მუდმივი სატელეგრაფო კავშირი ჰქონდა. ევროპაში მისი დაუღალავი შრომის შედეგი მალე აისახა ლამბარენეს საავადმყოფოზე. მხოლოდ შვეიცარიაში „ზანგების დოქტორმა“, როგორც მას უწოდებდნენ, თავისი საავადმყოფოსთვის ოთხი გამოცდილი ექიმის მოძიება შეძლო. ასევე, კვლავ დღის წესრიგში დადგა საავადმყოფოს გაფართოება და შვაიცერი ამ საქმესაც ევროპიდან ხელმძღვანელობდა.

 

სწორედ ამ წლებში წერდა სევდით და, იმავდროულად, ოპტიმიზმით აღსავსე შვაიცერი: „ჩემს ცხოვრებაში ხშირად იმდენ საზრუნავთან, საჭიროებასთან და სიმწარესთან შეჭიდება მიხდებოდა, რომ ძლიერი ნერვების გარეშე მათი სიმძიმე უბრალოდ გამსრესდა. მე მამძიმებს დაღლილობისა და იმ პასუხისმგებლობის ტვირთი, რომლებიც უკვე მრავალი წელია, რაც მხრებზე მაწევს. პირადად მე ბევრს არაფერს ვღებულობ ცხოვრებისგან, ხშირად ის დროც კი არ მრჩება, ცოლ-შვილისთვის რომლის დათმობასაც ვისურვებდი. ჩემი ხვედრი ბედნიერია იმით, რომ სათნოების სამსახურში ყოფნა მომიწია; რომ ჩემი საქმიანობა წარმატებულია; რომ ადამიანებისგან ბევრი სიყვარული და სიკეთე ვიწვნიე; რომ საიმედო დამხმარე პერსონალი მყავს, რომლებმაც ჩემი საქმე თავიანთ საქმედ აქციეს; რომ მე ვფლობ ჯანმრთელობას, რომელიც დაძაბულად მუშაობის შესაძლებლობას მაძლევს“.

 

1929 წელს, როცა მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ალბერტ შვაიცერი მასთან ერთად ისევ გაემგზავრა ლამბარენეში, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესებამ ელენე აიძულა, სამი თვის მერე აფრიკა დაეტოვებინა.

 

30-იან წლებში ლამბარენეს საავადმყოფო უკვე უზრუნველყოფილი იყო ყველა აუცილებელი ინვენტარით, საოპერაციოთი, მედიკამენტებით, იზოლატორებით, პროდუქტის მუდმივად განახლებადი მარაგით, „დიდი დოქტორი“ კი (ესეც შვაიცერის კიდევ ერთი მეტსახელი იყო) უკვე მშვიდად განაგრძობდა ახალი კორპუსების მშენებლობას.

 

1931 წელს შვაიცერმა გამოსცა თავისი უაღრესად მოკრძალებული ავტობიოგრაფია, რომელშიც დიდი ადგილი ეთმობოდა მისი მრწამსის, ცხოვრებაზე ფილოსოფიური შეხედულებების და ლამბარენესთან დაკავშირებული საკითხების შესახებ თხრობას. წიგნმა საბოლოოდ გამოკვეთა შვაიცერის სულიერ ცხოვრებაში თეოლოგიური თემების მიმართ მისი ინტერესის განელება და ზნეობრივი პრობლემების მიმართ ყურადღების გაძლიერება.

 

1939 წლამდე ალბერტ შვაიცერი პერიოდულად ბრუნდებოდა ევროპაში და განაგრძობდა სამეცნიერო მუშაობას და კონცერტებით გამოსვლას, მერე კი ისევ ლამბარენეში მიემგზავრებოდა. იმავდროულად, შეშფოთებული ადევნებდა თვალს ევროპაში და მთელ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ხედავდა, რომ ახალი ომი გარდაუვალი იყო. როგორც ყველა პროგრესული ადამიანი, ისიც მძიმედ განიცდიდა შექმნილ რეალობას, მაგრამ უაღრესად საინტერესოა მისი უზუსტესი ხედვის კუთხე და საკითხის დასმის სიღრმე, ანუ იმაზე ყურადღების გამახვილება, რაც ზედაპირზე არ იყო წარმოჩენილი და რაც ამზადებდა მეორე მსოფლიო ომის კატასტროფას: „თვითდარწმუნების პოზის მიღმა ღრმა სულიერი სასოწარკვეთა იმალება. თვალსაჩინო მატერიალური მიღწევების მიუხედავად ჩვენს წინაშეა დაზარალებული ადამიანი, ვინაიდან ის არ სარგებლობს თავისი სააზროვნო შესაძლებლობებით. მომდევნო თაობები ვერაფრით გაერკვევიან იმაში, თუ როგორ მოხდა, რომ თავისი მიღწევებით, ცოდნით და უნარებით სახელგანთქმული ადამიანური მოდგმა სულიერი თვალსაზრისით იმდენად დაეცა, რომ უარი თქვა აზროვნებაზე“. მისი კიდევ ერთი გონებამახვილური დაკვირვება კი, ალბათ, ჩვენთვისაც უაღრესად აქტუალურად ჟღერს: „დროის სული ადამიანს გონზე მოსვლის შესაძლებლობას უსპობს. დიდი ქალაქების ქუჩებში სინათლის რეკლამები ბრწყინავენ; და როგორც თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად საკმაოდ მდიდარი საზოგადოება ახდენს ზეწოლას ადამიანზე და აიძულებს მას ფეხსაცმლის ამა თუ იმ საცხის ან ბულიონის კუბურების ყიდვას, სწორედ ასე განუწყვეტლივ ახვევენ მას თავს გარკვეულ რწმენებს“.

 

1939 წელს ალბერტ შვაიცერი მეშვიდედ გაემგზავრა აფრიკაში, იქ თითქმის 10 წელი დარჩა და მხოლოდ 1948 წელს დაბრუნდა ევროპაში, რათა მალევე თავის საავადმყოფოს დაბრუნებოდა.

 

...

მაგრამ ევროპასთან ამ ხანგრძლივი განშორების დასრულებამდე რამდენიმე წლით ადრე ალბერტ შვაიცერის ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რომელმაც მის სულში ისეთი მისტიკური ძვრა გამოიწვია, როგორიც თავისი სიმბოლური მნიშვნელობით მხოლოდ მის ახალგაზრდობისდროინდელ მისტიკურ გამოცდილებას თუ გაუტოლებოდა. ომი ახალი დამთავრებული იყო და აფრიკაში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მეფობდა. მოსახლეობა შიმშილობდა, საავადმყოფო კი მედიკამენტების დეფიციტს განიცდიდა და სამედიცინო პერსონალი არნახული ძალისხმევის ფასად ცდილობდა ურთულეს პრობლემებთან გამკლავებას. საავადმყოფოში ერთი ორსული ქალი იწვა, რომელიც თითქმის კომის მდგომარეობაში იყო და ვერაფრით ახერხებდა მშობიარობას. ყველაზე უფრო პრიმიტიული საშუალებებით შეიარაღებული ექიმები იძულებული იყვნენ, ქირურგიული ჩარევა განეხორციელებინათ. ისინი მთელი ღამე უდიდესი ძალისხმევის ფასად მუშაობდნენ, მშობიარე ქალს უწყვეტად ადებდნენ გულის მუშაობის მასტიმულირებელ კომპრესებს და უკვე იმედგადაწურულები და სასოწარკვეთილები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. მაგრამ მოხდა სასწაული და დედა გადარჩა. გადარჩა მისი შვილიც. სამედიცინო პერსონალის ბედნიერება უსაზღვრო იყო და სწორედ მაშინ, როცა შვაიცერი თავის თანამშრომლებთან ერთად კიდევ ერთ გადარჩენილ სიცოცხლეს და სამყაროში კიდევ ერთ ახლადმოვლენილ სიცოცხლეს დღესასწაულობდა, ლამბარენეში მოვიდა უწყება, რომ სწორედ ამ დღეს, 1945 წლის 6 აგვისტოს, უფრო მეტიც, სწორედ იმ საათს, როცა ექიმები დედა-შვილის სიცოცხლის გადასარჩენად იბრძოდნენ, ამერიკელებმა იაპონიაში ჩამოაგდეს ატომური ბომბი, რომელმაც რამდენიმე წამში მთელი ქალაქი მიწის პირისგან აღგავა და ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა... იმავე დღეს მოხდა კიდევ ერთი დამთხვევა. როცა სასოწარკვეთილი და ხელებჩამოშვებული ექიმები ადგილს ვერ პოულობდნენ, ლამბარენეში მოულოდნელად ჩამოვიდა ალბერტ შვაიცერის ერთგული თანაშემწე მატილდა კოტმანი, რომელსაც ომმა ევროპაში მოუსწრო. ომის დამთავრებისთანავე მან დიდი წვალებით, მაგრამ მაინც მოახერხა, რომ ლამბარენემდე მიეღწია. მხოლოდ დიდი ხნის მერე და ისიც მხოლოდ მეგობართა ვიწრო წრეში გაიხსენა მატილდა კოტმანმა ეს დღე:

 

„როცა დოქტორთან პირისპირ აღმოვჩნდი, ჩვენ ჯერ დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს, მერე მან მკითხა:

- რა ჩამოიტანე?

- ჩემი თავი, მეტი არაფერი.

პასუხი მაშინვე არ გამიცია. მერე დათრგუნულმა ვკითხე:

- იქნებ, ეს ცოტაა?

დოქტორი მომეხვია. მე ხელებში ისევ ჩემი ხელჩანთა მქონდა ჩაბღუჯული.

- არა, ეს უკვე ბევრია, - მიპასუხა მან, - ძლიერ ბევრია.

ამის მერე მან წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება:

 

- როცა ერთადერთი ბომბით ასიათას ადამიანს კლავენ, ჩემი მოვალეობაა, მსოფლიოს დავუმტკიცო, თუ როგორი ძვირფასია ერთადერთი ადამიანური სიცოცხლე!“.

 

ამის მერეც ევროპაში მისი ყოველი ჩამოსვლა უკავშირდებოდა მედიკამენტებით და სამედიცინო პერსონალით საავადმზოფოს აღჭურვას და უამრავი საორგანიზაციო საკითხის მოგვარებას. ამ საქმეში მას მეუღლესთან ერთად ერთგულად ედგა მხარში მისი ერთადერთი ქალიშვილი რენა.

 

მეორე მსოფლიო ომის მერე შვაიცერის, როგორც მეცნიერის და პაციფისტის სახელი უკვე მთელ მსოფლიოში იყო ცნობილი. მის სახელს არქმევდნენ ქუჩებს, სკოლებს, უმაღლეს სასწავლებლებს, გემებსაც კი. ხანდაზმული ექიმს, რომელსაც თავისი მოღვაწეობისთვის მრავალი წოდება, პრემია და ჯილდო ჰქონდა მიღებული, 1953 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც გადაეცა. ამ დროს ის ლამბარენეში თავისი პაციენტებით იყო დაკავებული და მხოლოდ მომდევნო წელს შეძლო პრემიის პირადად მიღება და სამადლობელი სიტყვის წარმოთქმა. უფრო ადრე, 1950 წელს, მან აშშ-ში გოეთეს დაბადების 200 წლისთავის აღსანიშნავ ზეიმზე წარმოთქმული მოხსენებისთვის მიღებული ჰონორარით საფუძველი ჩაუყარა აფრიკაში კეთროვანთა სოფლის მშენებლობას, რომელიც საზეიმოდ გაიხსნა 1955 წელს, სწორედ იმ წელს, როცა მთელი მსოფლიო აღნიშნავდა ალბერტ შვაიცერის დაბადებიდან მე-80 წლისთავს. ამ დროისთვის ლამბარენეს საავადმყოფოს უკვე ერთდროულად ხუთასზე მეტი ავადმყოფის მიღება შეეძლო.

 

1957 წლის 23 აპრილს ოსლოს რადიომ გადასცა ალბერტ შვაიცერის მიერ დაწერილი „მიმართვა კაცობრიობას“, რომელშიც ის მსოფლიო სახელმწიფოთა მთავრობებს მიმართავდა, შეეწყვიტათ ბირთვული იარაღის გამოცდები. მიმართვაში უბრალოდ, ყველასთვის გასაგები ენით და საქმის ღრმა ცოდნით იყო აღწერილი რადიოაქტიური გამოსხივების ფიზიკური კანონზომიერებები და მათი შესაძლო შედეგები. კაცობრიობას კი შვაიცერი მოუწოდებდა, – ყველა ერს თავისი საკუთარი მთავრობისგან მოეთხოვა ბირთვული გამოცდების აკრძალვა...

 

1957 წელს გარდაიცვალა ელენე, რომელიც ლამბარენეს სასაფლაოზე დაკრძალეს. 1959 წელს ალბერტ შვაიცერი კიდევ ერთხელ, ამჯერად უკვე საბოლოოდ, გაემგზავრა ლამბარენეში, სადაც 1965 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა და ისიც ლამბარენეში, მეუღლის გვერდით დაკრძალეს.

 

ლამბარენეს საავადმყოფომ არსებობა გააგრძელა, კიდევ უფრო გაძლიერდა და, ყოველმხრივ მოდერნიზებული, ის დღესაც ერთგულად ემსახურება აფრიკის მოსახლეობას.

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ასურული, 1 აპრილი

ახალი წელი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group