GEO / ENG / RUS
 
 
     

გერმანელები საქართველოში

                                            

 


მღვდელი მაქსიმილიან კოლბე – გამოწვევა ნაცისტებისთვის

დავით თინიკაშვილი


1910 წელს 16 წლის რაიმონდ კოლბე ფრანცისკანელთა ორდენის წევრი გახდა. ამის შემდეგ იგი რომში აგრძელებს სწავლას. მას 1915 წელს დოქტორის ხარისხი მიანიჭეს ფილოსოფიაში პონტიფიკალურ გრიგორიანას უნივერსიტეტში, თეოლოგიის დოქტორის ხარისხი კი 1919 წელს წმ. ბონავენტურას პონტიფიკალურ უნივერსიტეტში მიიღო.

 

1918 წლის 28 აპრილს ხელი დაასხეს მღვდლად და სახელად მაქსიმილიანე დაარქვეს. სწავლის დასრულების შემდეგ იგი მშობლიურ პოლონეთში ბრუნდება. აქ მაქსიმილიანე კოლბე რამდენიმე წელს ეკლესიის ისტორიასაც ასწავლიდა სასულიერო სემინარიაში. იგი კრაკოვში ქრისტიანულ ჟურნალს აფუძნებს, რომლის ტირაჟმაც მალე 45000 ცალს მიაღწია. ჟურნალის გარშემო მცირე საძმო შემოიკრიბა, ძირითადად, ფრანცისკანელი მღვდლები და ერისკაცები.

 

1927 წელს ენერგიული მღვდელი ვარშავიდან 40 კილომეტრის მოშორებით მთელი ქალაქის მშენებლობას იწყებს, რომელსაც “ნეპოკალანოვს” არქმევს (რაც სიტყვასიტყვით “უბიწოს ქალაქს”, ანუ “მარიამის ქალაქს”, ნიშნავს). რამდენიმე წლის შემდეგ ამ ქალაქში უკვე არსებობდა საგამომცემლო ცენტრი: რედაქცია, ბიბლიოთეკა, ცინკოგრაფიის საამქრო ფოტოლაბორატორიითურთ და ლინოტიპური საამქრო, დიდი ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე, შენობები ბერების საცხოვრებელი ოთახებით, ცალკე ოთახები მორჩილთათვის, სამედიცინო პუნქტი, რამდენიმე სამჭედლო, აგრეთვე მანქანების სადგომი, რკინიგზის პატარა სადგური, რომელიც სახელმწიფო რკინიგზას უკავშირდებოდა. გათვალისწინებული იყო ადგილები აეროპორტისა და რადიოსადგურის მშენებლობისთვისაც.

 

ათიოდე წლის შემდეგ ნეპოკალანოვში უკვე ცხოვრობდა 762 ფრანცისკანელი სასულიერო პირი, რომელთაგან 13 მღვდელი იყო, 18 - დიაკონი, 527 - ბერი, 122 - ახალგაზრდა და 82 - მორჩილი. უნდა აღინიშნოს, რომ, როდესაც მღვდელი მაქსიმილიანე მღვდლად ხელდასხმული რომიდან პოლონეთში დაბრუნდა, იქ მხოლოდ ასიოდე ფრანცისკანელი ბერი მოღვაწეობდა.

 

ქალაქის ყველა ფრანცისკანელ მკვიდრს ევალებოდა მკაცრად დაეცვა უპოვარების აღთქმა, მაგრამ ევანგელიზაციის ეფექტური განხორციელებისთვის მათ განკარგულებაში საუკეთესო ტექნიკა უნდა ყოფილიყო. საძმოს წევრები ყველაფრისთვის მზად იყვნენ, იქნებოდა ეს სახანძრო ჯგუფის ორგანიზება, დირიჟორობის სწავლა, გრამფირფიტებზე მუსიკის ჩაწერა თუ კინემატოგრაფიული ხელოვნების დაუფლება.

 

თუმცა ნეპოკალანოვის ინდუსტრიის მთავარი დარგი მაინც საგამომცემლო საქმე იყო. საბოლოოდ მათ ათი დამოუკიდებელი ჟურნალის გამოცემა შეძლეს, რომელთა მკითხველების საერთო რაოდენობა ერთნახევარ მილიონს აღწევდა. ჟურნალები ითარგმნებოდა იტალიურად, ინგლისურად, ფრანგულად, ესპანურად და ლათინურად.

 

კოლბე აწონ-დაწონვისა და სხვადასხვა სახის გათვლების ბრწყინვალე უნარით იყო დაჯილდოვებული. მისი გონება განუწყვეტლივ მუშაობდა, აანალიზებდა, ანგარიშობდა, ადგენდა სხვადასხვა მასშტაბის ხარჯთაღრიცხვებს. ის თითქმის ყველაფერში ერკვეოდა: ნაირგვარი სიმძლავრის ძრავებში, ლინოტიპებში, რადიოაპარატურაში; იცოდა რა დაჯდებოდა უფრო იაფი ან უფრო ძვირი, იცოდა რა, სად და როდის უნდა ეყიდა.

 

იგი თავისი მისიის სამსახურში აყენებდა მეცნიერებისა და ტექნიკის უახლეს მიღწევებს, რომელთა შორისაც ზოგიერთი ტექნიკური მოწყობილობა უშუალოდ მისი გამოგონებული იყო. მისი აზრით, არ არსებობდა კავშირის საშუალება, რომელიც საკმარისად სწრაფი იქნებოდა. ხშირად ამბობდა, რომ თანამედროვე მისიონერის გადაადგილების საშუალება უკანასკნელი მოდელის თვითმფრინავი უნდა იყოს.

 

კოლბეს დაუძლეველი სურვილი იყო მაქსიმალურად გაეფართოებინა საკუთარი მოძრაობა. 1930 წელს იგი იაპონიაში ჩადის, თუმცა არავის იცნობდა იმ ქვეყანაში და იაპონური ერთი სიტყვაც არ იცოდა. მაგრამ ერთი თვის შემდეგ მან უკვე ჟურნალის პირველი ნომერი გამოსცა იაპონურ ენაზე ერთი მეთოდისტი მთარგმნელის დახმარებით (რომელმაც, სხვათა შორის, დიდი ხალისით მიიღო კათოლიკური სარწმუნოება, მღვდლის საოცარი ღვაწლის შემყურემ) და ერთი ძველი საბეჭდი მანქანის საშუალებით, რომელზე ბეჭდვაც უკვე ისე იყო გაძნელებული, რომ მამა მაქსიმილიანს არაერთხელ გაუსისხლიანდა ხელის თითები მუშაობის დროს.
დაუღალავი შრომის შედეგად მან 1931 წელს ნაგასაკთან ახლოს დაამთავრა პატარა ქალაქის მშენებლობა, რომელსაც “მარიამის ბაღი” უწოდა (იაპონურად “მუგენზაი ნო სონო”).

 

მას გამუდმებით ტანჯავდა თავის ტკივილი. ფილტვები თითქმის განადგურებული ჰქონდა მძიმე ფორმის ტუბერკულოზის გამო. როდესაც იაპონიაში იგი ერთმა ექიმმა გასინჯა, აღმოჩნდა, რომ მისი ფილტვების ოთხი მეხუთედი დაზიანებული იყო. ექიმმა უთხრა, ნამდვილი სასწაულია, ასეთი ფილტვების პატრონი დღემდე ცოცხალი რომ ხარ და ენერგიულადაც შრომობო. მაგრამ ყველაზე უცნაური ექიმისთვის ის იყო, რომ ფილტვების მდგომარეობა წლების განმავლობაში არ იცვლებოდა, _ არც უარესდებოდა და არც უმჯობესდებოდა.

 

მღვდელი მაქსიმილიანე კოლბე ღია ადამიანი იყო, რომელსაც შეეძლო სახარებისეული ურთიერთობა ჰქონოდა განსხვავებული რწმენისა და კულტურის ადამიანებთან. იგი, ბევრი “ხისტი” მისიონერისგან განსხვავებით, ადგილობრივ კულტურულ და რელიგიურ წეს-ჩვეულებებსა და რწმენა-წარმოდგენებს პატივს სცემდა, ცდილობდა მიეღო და გაეთავისებინა ყველაფერი, რაც მათში კარგი იყო. იგი სინტოიზმსა და ბუდიზმთან დიალოგს აწარმოებდა, როგორც ქრისტიანობის დამაჯერებელი და კომპეტენტური წარმომადგენელი (ის ხომ დოქტორის ხარისხს ფლობდა თეოლოგიასა და ფილოსოფიაში!). შედეგად მან ბევრი გულითადი მეგობარი შეიძინა ბუდისტ ბერებს შორის და მათში ქრისტიანული რწმენისადმი პატივისცემაც გააღვივა.

 

იაპონიის შემდეგ იგი ცოტა ხანს რუსეთშიც იმყოფება: ჯერ ციმბირში, შემდეგ მოსკოვში. მას აქაც უნდოდა თავისი ჟურნალის რუსულ ენაზე გამოცემა. რუსული ენის სწავლა დაიწყო და, როგორც გადმოგვცემენ, მარქსისტული ლიტერატურაც დაამუშავა. პაპი იოანე XXIII-ის მსგავსად, ისიც ცდილობდა რაღაც სასარგებლო ეპოვა იმგვარ იდეოლოგიურ მოძღვრებებშიც კი, რომლებიც მას, საბოლოო ჯამში, ბოროტებად მიაჩნდა.

 

საოცარია, მაგრამ ასეთ მასშტაბურ პროექტებს იგი თითქმის უსახსროდ ახორციელებდა. იგი მხოლოდ მოწყალების იმედად იყო, რომელსაც თავად სთხოვდა სხვებს და არცთუ უშედეგოდ. თვით მის მიერ შესრულებული საქმეები მიუთითებდა მის შესანიშნავ ორგანიზატორულ ნიჭსა და უზარმაზარ სულიერ ენერგიაზე, რომელიც ჭლექით დაავადებულ მის სხეულსაც გადაეცემოდა, როცა ფიზიკურად მუშაობდა მშენებლობაზე თუ სტამბაში.

 

კოლბე ხშირად ამბობდა, რომ უნდოდა მოეცვა მთელი მსოფლიო. აწყობდა გეგმებს ინდოეთსა და არაბულ ქვეყნებში ანალოგიური ქალაქების დასაარსებლად. რა იყო მისი მიზანი? რა და: “მთელი დედამიწა უნდა ჩაიძიროს ქრისტიანულ გამოცემებში (წიგნებში, ჟურნალებში, გაზეთებში), ყველა ენაზე და ყველა ქვეყანაში... მთელი ქვეყნიერება უნდა გაეხვიოს ქაღალდის ერთ დიდ ფურცელში, რომელზეც აღბეჭდილი იქნება სიცოცხლის სიტყვები, რათა სიცოცხლის სიხარული დაუბრუნდეს ამ ქვეყანას”.

 

ასეთი გახლდათ ადამიანი, რომელიც ნაციზმმა საკუთარ მსხვერპლად აქცია. მან შესანიშნავად იცოდა, რაც ელოდა. იგი პირველად თავის თანამოაზრეებთან ერთად დააპატიმრეს. მამა მაქსიმილიანე ამხნევებდა მეგობრებს, ახლა სხვა მისიის აღსასრულებლად მივდივართო, ეუბნებოდა მათ.

 

ომის დაწყების შემდეგ ქალაქ ნეპოკალანოვში წითელი ჯვრის ჰოსპიტალი განთავსდა, სადაც ლტოლვილები დასახლდნენ. მათ შორის რამდენიმე ათასი ებრაელიც იყო. ამის გამო ეს ქალაქი ნაცისტებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საეჭვო ქალაქად იქცა.

 

როდესაც მღვდელი პირველი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, მან, ლტოლვილების საჭიროებათა უკეთ დაკმაყოფილების მიზნით, მაშინვე ქალაქის რეორგანიზებას მიჰყო ხელი, მოაწყო სამედიცინო პუნქტები, აფთიაქი, ჰოსპიტალი, სასადილოები და ყველაფერი, რაც საჭიროდ ჩათვალა შექმნილ ვითარებაში.

 

სიტყვა განკაცდა


1940 წელს ნაცისტებმა საკონცენტრაციო ბანაკი მოაწყვეს სამხრეთ პოლონეთის ქალაქ ოსვენციმში, რომელსაც გერმანელები აუშვიცს  ეძახიან. მაქსიმილიან კოლბე, რაკი მან უარი განაცხადა გერმანიის მოქალაქეობის მიღებაზე (მისი მამა გერმანელი იყო, ტიპური გერმანული გვარია კოლბე), დაპატიმრეს 1941 წლის 17 თებერვალს, ბრალდებით, რომ იგი - მღვდელი, ჟურნალისტი, ენერგიული გამომცემელი - ნაცისტური იდეოლოგიისთვის საშიში ინტელექტუალი იყო.

 

კოლბეს ღრმად სწამდა, რომ მისი მსახურება ახლა ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში იყო საჭირო. მას სხვებზე მეტი ტანჯვის გადატანა მოუხდა, რადგან მღვდელი გახლდათ.

 

ბანაკში მისი ნომერი 16670 იყო. მას მძიმე სამუშაო დააკისრეს: ათრევინებდნენ ხრეშსა და ქვებს კრემატორიუმის კედლის ასაშენებლად, თანაც ეს ტვირთი სირბილით უნდა მიეტანა დანიშნულების ადგილას. ყოველ ათ ნაბიჯში მცველები იდგნენ ხელკეტებით ხელში, რომლებიც მუშაობის რიტმს აკვირდებოდნენ. წაფორხილების შემთხვევაში მას სასტიკად, გონების დაკარგვამდე სცემდნენ, და ეს არაერთხელ მომხდარა.

 

გარშემო მყოფნი ხედავდნენ, თუ როგორ სდიოდა მას სისხლი სხეულიდან სამუშაოს შესრულების დროს. როცა საველე ჰოსპიტალში მის დაწვენას განიზრახავდნენ, ყოველთვის რომელიმე სხვა პატიმარზე მიუთითებდა: “მე შემიძლია მოცდა. აი, მას უფრო სჭირდება გადაყვანა...”. სხვების გასამხნევებლად იგი ხშირად ამბობდა, რომ ამქვეყნად ყველაფერს, ტანჯვასაც კი, აქვს თავისი დასასრული, ხოლო გზა ღირსეული დიდებისკენ მხოლოდ მძიმე ჯვარზე გადის.

 

როდესაც ნაცისტებმა მას საშინლად დასახიჩრებული გვამების გადატანა დაავალეს კრემაციისთვის, გარშემო მყოფთ ესმოდათ როგორ ჩურჩულებდა იგი: “წმინდაო მარიამ, ილოცე ჩვენთვის!”.

 

ხშირად, როცა ბანაკში ადამიანთა ტანჯული შეძახილები ისმოდა, იგი მშვიდად და დამაჯერებლად იმეორებდა სიტყვებს, რომლებიც მხნეობას ჰმატებდა ყველას: “სიძულვილი მხოლოდ ანგრევს და ანადგურებს, სიყვარული კი აღაშენებს!"

 

პატიმრები მას ასე მიმართავდნენ: “ჩვენო ძვირფასო მამა!”.

 

გამოწვევა ნაცისტურ იდეოლოგიას


ერთ-ერთ დღეს მე-14 ბლოკიდან ერთი პატიმარი გაიქცა. ამ ფაქტის გამო სამი საათის განმავლობაში ყველა ბლოკის პატიმარები ფეხზე დააყენეს მწყობრში. მე-14 ბლოკის პატიმრები კი მთელი დღის მანძილზე, ივლისის მწველი მზის ქვეშ, უძრავად იდგნენ მოედანზე და მცველთა ფიზიკურ შეურაცხყოფას იტანდნენ.

 

ოსვენციმის ბანაკში არსებული წესის მიხედვით, თუ პატიმარი გაიქცეოდა, პასუხისმგებლობა ყველაზე ნაწილდებოდა: ყოველი მეათე პატიმარი სიკვდილის საკნებში უნდა გაეშვათ. ამრიგად, როდესაც ყველა ბლოკის პატიმარი დაბრუნდა სამუშაოდან, დაიწყო ყოველი მეათე ადამიანის შერჩევა, რომლებიც შიმშილით უნდა დახოცილიყვნენ ბუნკერებში, სადაც ჰაერი თითქმის არ იყო.

 

ერთმა მათგანმა, პოლონელმა სერჟანტმა, სასოწარკვეთილი ყვირილი დაიწყო, ცოლსა და შვილებს ახსენებდა. უცებ ყველამ დაინახა, თუ როგორ გამოვიდა რიგიდან მღვდელი მაქსიმილიანე და მცველს უთხრა, რომ ამ კაცის მაგივრად გაეშვათ ბუნკერში. მოხდა სასწაული: თხოვნა დააკმაყოფილეს.

 

ბევრს არ გაუგონია მისი სიტყვები, მაგრამ აღნიშნავენ ერთ დეტალს. მღვდელი გამოდის რიგიდან და პირდაპირ, გაბედული ნაბიჯით მიემართება თავისი სისასტიკით ცნობილ გერმანელ მცველთან (მას ფრიცში ერქვა), რომელიც გაკვირვებულია პატიმრის ასეთი გაბედულებით. მამა მაქსიმილიანე ცდილობდა შეეხსენებინა მისთვის, რომ ბოლოს და ბოლოს ყველანი ადამიანები, პიროვნებები ვართ (ნაცისტი მცველებისთვის კი პატიმრები მხოლოდ ნომრები იყვნენ). “რა უნდა ამ ბინძურ პოლონელს?” - დაიყვირა მცველმა. “მე მღვდელი ვარ... უკვე ასაკოვანი (იგი 47 წლის იყო) და მინდა ამ ადამიანის ნაცვლად გამიშვათ, რადგან მას ცოლი და შვილები ჰყავს”.

 

ყველაზე დაუჯერებელი ის იყო, რომ მისი შეთავაზება გათვალისწინეს. დაუჯერებელი იმიტომ, რომ სწორედ თანაგრძნობის ამგვარ გამოვლინებას ებრძოდნენ ნაცისტები ამ ბანაკებში. საკონცენტრაციო ბანაკებს უნდა დაემტკიცებინა, რომ ეთიკური წარმოდგენები ადამიანების ძმობისა და სოლიდარობის შესახებ მორალისტებისა და ფანატიკოსი მორწმუნეების მონაჩმახია, რომ არსებობს მხოლოდ ერთი ზნეობრივი ცნება - რასა, და, რომ დაბალი რასები “არასრულფასოვანნი” არიან.

 

ნაცისტური იდეოლოგიის თანახმად, ადამიანურობა - ეს იუდაურ-ქრისტიანული გამონაგონია. საკონცენტრაციო ბანაკი კი იმის მტკიცებულება უნდა ყოფილიყო, რომ ადამიანურობა, თანაგრძნობა და ჰუმანურობა მხოლოდ ადამიანის გარეგნული ნიღაბია, რომელიც ადვილად შეიძლება ჩამოიხსნას გარკვეულ პირობებში.

 

ამრიგად, საკონცენტრაციო ბანაკი რეალურად იყო ფილოსოფიური ჭიდილის სივრცეც. ის, რომ გერმანელმა მცველმა მიიღო ეს მსხვერპლი (მას, წესით, ორივე მათგანი უნდა გაეშვა სიკვდილის საკანში), რითიც თანაგრძნობას შესაბამისი ღირებულება და წონა მიეცა, ეს, უბრალოდ, დაუჯერებელი იყო. მაგრამ მაქსიმილიან კოლბეს ზნეობრივმა ძალამ გაიმარჯვა.

 

უძლურების ძალა


შერჩეული პატიმრები შიშვლები ჩაყარეს ბნელ საკნებში, რათა შიმშილით დახოცილიყვნენ - ამ დროიდან მათ არც საკვებს აძლევდნენ და არც წყალს. ბრუნო ვორგოვიცი, ბანაკის მამასახლისის თანაშემწე (თარჯიმანი), მათი უკანასკნელი დღეების თვითმხილველი იყო. იგი იხსენებს: პატიმრების აგონიის დროს მაქსიმილიან კოლბე ხმამაღლა კითხულობდა ლოცვას. ლოცვის ექო საკნის კედლებს არღვევდა. თუმცა მლოცველის ხმა დღითიდღე სუსტდებოდა და ბოლოს ჩურჩულად იქცა, მაგრამ ფიზიკური სისუსტით აღბეჭდილ ბგერებში მაინც იგრძნობოდა გაუტეხელი სულის ძახილი. ამ ლოცვას ყველა სასიკვდილოდ განწირული პატიმარი ისმენდა.

 

ფაშისტები ყოველ დილით მოდიოდნენ ბუნკერის შესამოწმებლად. როდესაც ისინი კამერის კარებს აღებდნენ, დატანჯული პატიმრები ტირილითა და გოდებით ითხოვდნენ პურსა და წყალს. მამა მაქსიმილიანე არაფერს თხოულობდა, არაფერზე ჩიოდა, საკნის სიღრმეში კედელს მიყუდებული იჯდა. ყველა პატიმარი, უკლებლივ ყველა, მის მიმართ აშკარა თუ ფარული პატივისცემით იყო განმსჭვალული.

 

ბუნკერის პატიმრები ნელ-ნელა ტოვებდნენ წუთისოფელს. ორი კვირის შემდეგ მღვდელთან ერთად მხოლოდ ოთხიღა დარჩა ცოცხალი. ნაცისტებმა გადაწყვიტეს მათთვის მომაკვდინებელი სითხე შეეყვანათ ვენაში, რადგან ადგილები სჭირდებოდათ საკნებში. კოლბემ ნებაყოფლობით და მშვიდად გაუშვირა მათ საკუთარი ხელი მომაკვდინებელი ინექციისთვის. გარდაცვალებიდან მეორე დღეს მისი გვამი კრემატორიუმში წაიღეს.

 

საოცარია, მაგრამ ამით ფრაცისკანელი მღვდლის მაქსიმილიან კოლბეს სანუკვარი ოცნება ასრულდა, რომელსაც იგი ერთ-ერთ თავის ნაწერში ასე გადმოსცემს: “ვისურვებდი, რომ საკუთარი სიცოცხლე მთლიანად მიმეძღვნა უბიწო მარიამისთვის და ამ ქვეყნიდან უკვალოდ გავმქრალიყავი, ზუსტად ისე, როგორც ქარი ფანტავს ფერფლს ქვეყნიერების ოთხივ კუთხეში”.

 

მოგვიანებით, ოსვენციმში ქადაგებისას, პაპი იოანე პავლე II მღვდელ მაქსიმილიან კოლბეზე იტყვის: “ეს ბანაკები აგებული იყო ადამიანებში რწმენის დასამსხვრევად, _ რწმენისა როგორც ღმერთის, ასევე ადამიანების მიმართ, - და ასევე იმისათვის, რომ ძირეულად მოეშალათ არა მხოლოდ ადამიანური სიყვარული, არამედ ადამიანობისა და თანაგრძნობის ყველა გამოვლინება. მაგრამ ამ ადამიანმა საკუთარი რწმენითა და სიყვარულით საბოლოოდ დაამარცხა ნაცისტების ეს მცდელობა”.

 

მართლაც, ამ მოღვაწის ცხოვრებამ თვალნათლივ დაგვანახა, რომ უზნეო ადამიანების მიერ ამქვეყნად მოწყობილ ჯოჯოხეთშიც შესაძლებელია ადამიანებისადმი სიყვარულის შენარჩუნება, მათ მიმართ სოლიდარობის გამოჩენა, თუკი ჭეშმარიტი რწმენით გაქვს გული აღსავსე.

 

ეკლესიამ აღიარა მაქსიმილიან კოლბეს სათნოებებისა და თავგადადებული მსახურების ჰეროიკული ხასიათი. 1971 წლის 17 ოქტომბერს მოხდა მისი ბეატიფიკაცია (პირველი ნაბიჯი კანონიზაციის რთულ და ხანგრძლივ გზაზე): პაპმა პავლე VI-მ მართალთა რიცხვს მიაკუთვნა იგი. თვითმხილველთა მოგონებებისა და მღვდლის ცხოვრებისეული გარემოებების გულმოდგინე კვლევის შემდეგ, 1982 წლის 10 ოქტომბერს, იმ სერჟანტის თანდასწრებით, რომლის სიცოცხლეც მამა მაქსიმილიანემ იხსნა ოსვენციმში, პაპმა იოანე პავლე II-მ იგი წმიდა მოწამედ, სირთულეებითა და კატაკლიზმებით აღსავსე თანამედროვე ეპოქის მფარველ წმინდანად გამოაცხადა.

 

ჟურნალი სოლიდარობა

ეთნოსები საქართველოში

რელიგიები საქართველოში

დამდეგი დღესასწაული

ებრაული, 31 მაისი

შავოუთი

ვებ გვერდი შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით     
 


Created By Intellcom Group